რას ამბობს ზურა ყიფშიძე პოლიტიკაზე, აქციებსა და შვილთან უთანხმოებაზე - კვირის პალიტრა

რას ამბობს ზურა ყიფშიძე პოლიტიკაზე, აქციებსა და შვილთან უთანხმოებაზე

ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიური განხილვის საგანია უკვე მეორედ ინიცირ­ებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". არ წყდება­ ცხარე კამათი სოციალურ ქსელებშიც. ზოგიერთ ოჯახში უფროსი და უმცროსი­ თაობის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციაზე დგანან და თავიანთ მოსაზრებებსაც სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. მსახიობი ნატალია ყიფშიძე ერთ-ერთი ის ახალგაზრდაა, ვისთვისაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მიუღებელია და მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერშიც ისაუბრა, რომ აქციებზე ის ქვეყნის მომავალს იცავს, რასაც მისი ბაბუა, ბევრისთვის საყვარელი მსახიობი ზურა ყიფშიძე გამოეხმაურა და ნატალიას მიერ "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარებში დაწერა: "ვაი, მე! სადა ბანაობ, შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე,­ რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ! გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები! შენ, ჩვენი თაობის მუსიკის მოყვარული, საოცარია, ასე ვინ დაგაბოლა? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა". ნატალიამ კი ბაბუს ასე უპასუხა: "მეც ნაღვლიანად ვარ, ბა.­­ მოგეწერა ან დაგერეკა, ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ, განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა, ნამდვილად".

მოგვიანებით, ნატალიას "კედელზე" ბაბუასთან ერთად გადაღებულ ვიდეოზე ასეთი მინაწერიც ვიხილეთ: "და მართლაც, "ბითლზზე" მეტად მიყვარხარ, ბა".

ზურა ყიფშიძე მისი თაობის (და არა მხოლოდ) ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია და მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ბაბუისა და შვილიშვილის ეს დიალოგი ზოგმა ნახევრად იუმორით მიიღო, ზოგმა კი ძალიან მწვავედ. განხილვის საგანი გახდა გიორგი ყიფშიძის ინტერვიუც, სადაც ის მამასთან უთანხმოებაზე საუბრობს,­ რომ თითქმის ერთი წელია არ ელაპარაკება.

გადავწყვიტეთ ბატონ ზურას გავსაუბრებოდით და პირადად მისგან მოგვესმინა, რას ფიქრობს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კომენტარებსა და ქვეყანაში არსებულ ახლანდელ ვითარებაზე:

- ამ სისულელეებს რომ ავყვეთ, ვერ გავჩერდებით, მე რომ ჩემს შვილიშვილს კომენტარი დავუწერე ნახევრად იუმორით, ისეთი ლანძღვა-გინება მივიღე, სასაცილოც კია. სირცხვილია, რა ამბავიც ააგორეს. ნატალიკო ჩემი ახალგაზრდობის მუსიკას უსმენს, "ბითლზის" ჩემი საყვარელი ბოლო ოთხი ფოტო სწორედ მას ვაჩუქე. არაჩვეულებრივი ურთიერთობა რომ გვაქვს, იმიტომაც მივმართე ასე იუმორით! რა ვიცოდი, თუ ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა, თორემ სულ არ დავწერდი არაფერს, ისე ვეტყოდი, ყურში... მწყინს, რომ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, ბოლომდე ვერ გაიგეს, რა და როგორ არის, იყენებენ მათ და ესაა საწყენი. ეს ბავშვები უჭკუოები და გაუნათლებლები რომ იყვნენ, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ასე არაა, პირიქით, აზროვნებენ, თავიანთი შეხედულებები, გემოვნება აქვთ და უცბად... რა არის ეს?!

- თქვენთვის მიუღებელია, რომ იმ აქციაზე დგანან?

- რასაკვირველია. ჯერ ერთი, უნდა გაერკვე ადამიანი, რა კანონია და რა ხდება. რაც არ ვიცი, მე იმაში ცხვირს არ ვყოფ.

ჩემი შვილიშვილები ჩემს ხელში გაიზა­რდნენ, ნიკუშა 23 წლისაა და ახლაც ჩემთანაა, ნატალია გადავიდა, თორემ ხშირად­ მოდის, თავის პატარა და-ძმას ეფერება, უვლის. მწყინს, რომ ალექსანდრე, ჩემი შუათანა შვილიშვილი, ცოტა დაგვეკარგა.გენიოსი ბიჭია. მე და ნატალიას აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს­, როგორიც ბაბუასა და შვილიშვილს უნდა ჰქონდეს.

- გიორგის მცირეწლოვანი შვილები - კოსმო და ლუნა თქვენს სახლში იზრდებიან, როგორია ამ ასაკში პატარებთან ურთიერთობა­, ალბათ, სულ სხვა განცდაა, ხომ?

- კი, უსაყვარლესები არიან, ოღონდ ჯანი მომცა, ბოლომდე ვერ ვქაჩავ, ვერ ვყვები მათ ტემპერამენტში. მათთან ურთიერთობა სიამოვნებაა. ვეთამაშები ხოლმე, მათი ასაკის შესაბამის წიგნებს ვუკითხავ, მაგრამ მაინც ინტერნეტში თუ ტელეფონში შეძრომა უნდათ. ცოტა რომ წამოიზრდებიან, მიხვდებიან, რომ წიგნის ფასი არაფერია. წიგნს სხვა სუნი აქვს, თვალი და ტვინი სხვაგვარად მუშაობს. მაგალითად მე, წიგნებს, სცენარებს ვერ ვკითხულობ ტელეფონით და ინტერნეტით, ქაღალდი მჭირდება აუცილებლად, წიგნი.

- გიორგი ამჟამად საქართველოში არ არის, ხომ?

- ბიშკეკშია სამკურნალოდ, მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს იღებენ იმ უბედურებაზე (დამოკიდებულებაზე), თან მონაწილეობს... სამწუხაროდ, ერთი წელია მასთან ურთიერთობა არა მაქვს.

- რა მოხდა თქვენ შორის?

- არაფერი, რაღაც გაუგებრობა მოხდა­ და ვერ მიხვდა ადამიანი, დედასა და მამასა პატივი ეციო... ამით იწყება ყველაფერი, ხომ? რაღაცას რომ აწყენინებ, მერე ბოდიშის მოხდაც უნდა შეგეძლოს... მერე დათმობაზე წავედი, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვიგრძენი, ამიტომ დღეს ასეა.

- კამათი ყველა მშობელსა და შვილს მოსვლია, თქვენს შემთხვევაში რა საკითხზე იყო?

- მისი ცხოვრების სტილზე, ცოლების ცვლაზე, მე ეს არასწორი მგონია და ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოეპყრა სიყვარულსაც, ბავშვების შექმნასაც და როცა ვერ გავუგეთ ერთმანეთს, დავეჯახეთ. ამასობაში კი ერთი წელი გავიდა.

- ერთმანეთს ხომ ხვდებით, ერთ სახლში ცხოვრობთ, ერთ თეატრში მუშაობთ, სპექტაკლებში, მაგალითად, "მეფე ლირში" ორივე მონაწილეობთ...

- ჰო, ესეც ნონსენსია, ერთ სახლში ვცხოვრობთ და ურთიერთობა არა გვაქვს, ეს მიეცი, ის გამოართვი, ეს უთხარი და ა.შ. პირდაპირი კონტაქტი არა გვაქვს. ეს როგორ ხდება, არ ვიცი, მაგრამ ხდება...

- გული გწყდებათ, რომ ასე მოხდა?

- რა თქმა უნდა, ძალიან. გამანახევრა ამ ამბავმა. გული მწყდება რომელია...

- იმედია, ისიც დათმობს და თქვენც...

- შეიძლება ჩემი შეცდომაცაა, მაგრამ ხომ ვამბობ, დათმობაზეც წავედი, კონტაქტშიც შევედი, როდემდე შეიძლება ასე ვიყოთ, ხომ? თუ ჰგონია, ამდენად მართალია, არ ვიცი... როგორც ამბობს, ცუდად ვიყავი და შენ ეს არ გაითვალისწინე, მეცი, რაღაცები მითხარი და მეც გითხარიო... ახლობელ ადამიანს, ადრე თუ გვიან, ყველაფერს ვაპატიებ, სხვანაირად არ შემიძლია. ეტყობა, ის სხვაგვარად ფიქრობს, არ ვიცი.

- თქვენი მეუღლე რას ამბობს?

- განიცდის, ისიც ცუდადაა. ჯიგიტი, ვაჟკაცი გოგო მყავს, მაგრამ ბრაზდება ამაზე. შვილია და უყვარს, ზედ დაჰფოფინებს. ბოლოს ყველაფერს მე მაბრალებენ; წავლენ, წამოვლენ, მე მომადგებიან ხოლმე. დაუნახაობა-დაუფასებლობას ვერ ვიტან, საშინელებაა, ბიძინა ივანიშვილისა არ იყოს, ვერ გავიგე, ამ კაცისგან რა უნდათ?!

- რას ფიქრობთ იმ ყველაფერზე, რაც ბოლო პერიოდში ხდება ჩვენს ქვეყანაში?

- ეს არის ერთ-ერთი სვლა იმისთვის, რომ ზოგიერთმა საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს, ძალაუფლება მოიპოვოს, მოასხდნენ, მოიპარონ, მერე შური იძიონ და ა.შ. ათას მაიმუნობას ვხედავ ამ ყველაფერში.­ აბა, როგორ შეიძლება "ნაცისტების" მობრუნება?! ეს ერთი წუთითაც კი როგორ უნდა გაიფიქრო?! მაშინ უნდა გავიქცეთ და, ალბათ, გზაში დაგვეწევიან და იქ გვესვრიან.

- მმართველი გუნდის აქციაზე წასვლას თუ აპირებთ?

- კი, ვაპირებ. მთავარია, წნევამ არ შემაწუხოს. ბევრი მანერვიულეს და დახტის ჩემი წნევა. ათასი რამეა სანერვიულო... ჩემი ძაღლი რამდენიმე თვის წინ მოგვიკვდა, მერე ახალი მოვიყვანეთ და ახლა მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, გადასხმებს ვუკეთებთ. "ის" იქ არის, ბიშკეკში, ამაზეც ვნერვიულობ, აქეთ მეუღლე ვერ მყავს კარგად და საერთოდ, ყველაფერზე ვნერვიულობ... თითქოს ერთი რამე არ ეყოფა ადამიანს, ბევრი რამ უნდა მოხდეს ერთდროულად... მისი სიდედრი გვეხმარება, ლიკა, გადასარევი ქალი, ახალგაზრდა, ენერგიული და ბავშვების მოვლაში ყველა ერთადაა ჩართული... ოღონდ მისი შვილის პოზიცია ვერ გავიგე, ანუ ბავშვების დედის... ორი ბავშვი ასე დატოვო, ამდენი ხნით, მოხვიდე, წახვიდე, ათასში ერთხელ ნახო... არ ვიცი... საერთოდ, რატომ დაიშალა ეს ყველაფერი, არ ვიცი. ბოლომდე არ მეუბნებიან, ალბათ, რაღაც მიზეზი არის... კარგი, აღარ გვინდა ამ თემებზე საუბარი...

- კეთილი. ბატონო ზურა, შემოქმედებაში რა სიახლეებია? ფილმზე ან ახალ სპექტაკლზე ხომ არ მუშაობთ? თქვენი "მეფე ლირი", რომლის რეჟისორი ზურა გეწაძეა, იმდენად პოპულარულია, რომ ბილეთები ძნელად იშოვება.

- დრო ისე მიქრის, სულ მეგონა, გუშინ­ იყო პრემიერა, არადა, ამდენი წელია, "მეფე ლირს" ვთამაშობთ. სოხუმის თეატრში "მარტორქები" დადგა ზურა გეწაძემ. დღესდღეობით, მსახიობები სხვადასხვა თეატრში არიან და თავმოყრა სჭირდება, ვინ როდისაა თავისუფალი, ვინ ჯანმრთელია. ამიტომ თვეში 2-3 სპექტაკლი ინიშნება და ეს ყველაზე ცუდია სპექტაკლისთვისაც და მსახიობებისთვისაც. მართალია, დიდი ენერგია გვეხარჯება, მაგრამ მირჩევნია კვირაში 1-2-ჯერაც კი ვითამაშო, ვიდრე თვეში ერთხელ, რადგან როცაა ამხელა შუალედია, თითქოს ყოველ ჯერზე პრემიერასავითაა, ისევ თავიდან იწყებ, თავიდან იხსენებ.

- თუ არის ისეთი როლი, რომლის თამაშის სურვილიც ამ ასაკში გაქვთ?

- არა, ასეთი რამ არ მახასიათებს. გათამამებული ვარ იმ მხრივ, რომ რეჟისორები რაშიც მხედავდნენ, იმ როლებს მაძლევდნენ.

- როლზე მუშაობა ახლა და ადრე, ახალგაზრდობის წლებში, როდის უფრო გიადვილდებოდათ და როდის იყო უფრო საინტერესო?

- ბევრი რამ შეიცვალა, ბევრ რამეს ფეხი ვერ ავუბი და თავი მეოცე საუკუნეში ჩარჩენილი მგონია. ადრე პასუხისმგებლობაც უფრო დიდი იყო და თვითონ საქმისადმი მიდგომაც სხვაგვარი, მაშინ არავინ დარბოდა სხვადასხვა თეატრში, სარეპერტუარო თეატრი იყო და დასი ჰყავდა. მახსოვს, სოფიკომ "ხანუმაში" კინტოური იცეკვა და მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობდა, სხვა თეატრში იცეკვაო. ახლა ეს დამკვიდრდა და მსახიობები სხვადასხვა თეატრში მუშაობენ. ჩემი აზრით, ამის გამო ბევრი რამ ფუჭდება. ზოგს უნდა სპექტაკლი ხაჭაპურივით უცებ გამოაცხოს. ასე არ ხდება, მიშა თუმანიშვილი 12 თვე მუშაობდა, სანამ პრემიერას გამოუშვებდა. ვნახოთ, შეიძლება ახალი სპექტაკლიც დავდგათ. ახალგაზრდები სულ იჩენენ ინიციატივას.

ასევე დაგაინტერესებთ - "ნახევრად სომეხი ვარ, რაზეც ხმამაღლა და სიამაყით ვსაუბრობ ბავშვობიდან" - რას წერს ნატალია ყიფშიძე ეროვნებით სომეხ ბაბუაზე?