„ხალხის დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, რატომ „ტენიან“ ყველა რეზოლუციაში სააკაშვილის გვარს“ - კვირის პალიტრა

„ხალხის დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, რატომ „ტენიან“ ყველა რეზოლუციაში სააკაშვილის გვარს“

"ხელისუფლებას სურს ძალის დემონსტრირება, რაც ნიშნავს, რომ საკუთარ ლეგიტიმაციაში ეჭვი ეპარება. მასობრივ შეკრებას აწყობენ იმისთვის, რათა საკუთარი თავიც დაარწმუნონ და ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებასაც უთხრან, რომ მაგრად დგანან", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი და კავკასიური სახლის თავმჯდომარე ლევან ლორთქიფანიძე "ქართული ოცნების" 29 აპრილის აქციას.

- ოპოზიციას სტრატეგია რომ ჰქონდეს, აუცილებლად ჩაუდგებოდა პროტესტს სათავეში. პრობლემა ის არის, ოპოზიცია არანაკლებ გაკოტრებულია, ვიდრე მმართველი ძალა. "ქართულ ოცნებას" სახელისუფლებო ბერკეტები მაინც აქვს, ოპოზიციას კი არც ეს აქვს და არც ავტორიტეტი. ოპოზიციურ ძალებს არც ის სტუდენტები სცემენ პატივს, პროტესტს რომ უდგანან სათავეში, და არც არასამთავრობო ორგანიზაციები.

- ე.ი. ძალაუფლება ქუჩაშია დაგდებული და არავის შეუძლია მისი აღება?

- ასეც შეიძლება ითქვას, თუმცა მთავარი ძალაუფლების ხელში აღება კი არა, გეოპოლიტიკური არჩევანია. საქართველოს უდიდეს ნაწილს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, არ სურთ ქვეყნის ხელისუფლებას მუდმივი კონფლიქტი ჰქონდეს ბრიუსელთან და მხოლოდ ვიქტორ ორბანს ემეგობრებოდეს. ჩვენ დასავლეთთან ინტეგრაცია გვინდა, თორემ ქუჩაში არც ძალაუფლების ასაღებადაა გამოსული ვინმე და არც სახელმწიფო გადატრიალებისთვის. ახალგაზრდები იცავენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ხელისუფლება კანონით არის ვალდებული, ყველაფერი გააკეთოს, რომ საქართველო დასავლური თანამეგობრობის ნაწილი გახდეს. სწორედ კონსტიტუციისა და კანონის დამცველი ახალგაზრდების დასაპირისპირებლად გამოჰყავს ახლა "ქართულ ოცნებას" სახელისუფლებო რესურსებით მობილიზებული ხალხი.

- ევროპელ პოლიტიკოსებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გამოუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, იძულებული იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს ინდივიდუალური სანქციები, ფინანსური დახმარების გადახედვა და სავიზო აკრძალვის გაფართოება. ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად "ქართული ოცნება"­ ამ კანონს მაინც გაიტანს?

- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ხალხი გამოვა ქუჩაში. "ოცნებისთვის" ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება, თუ მოუწევთ თქმა, ამ კანონს ორი მოსმენით ვიღებთ, მესამე მოსმენა კი არჩევნების შემდეგ იქნებაო. მათთვის ყველაზე კარგი ვარიანტია ხალხის დაღლა და საპროტესტო მუხტის შემცირება.

- პოლიტიკოსები და ექსპერტები დღემდე ვერ შეთანხმდნენ, რა შეიძლება ყოფილიყო კანონის შემობრუნების მიზანი.

- ჩემი აზრით, ამ კანონის შემობრუნებას რამდენიმე მიზანი აქვს. პირველი გახლავთ სამოქალაქო საზოგადოების შევი­წროება. ხალხმა უნდა იცოდეს,­ რომ სამოქალაქო საზოგადოება არ არის მხოლოდ­ ლომჯარია და გიგაური, ათასობით­ არასამთ­ავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს საქართველოში. ამ ქვეყანაში ხალხი არასამთავრობო ორგანიზაციებს­ არეგისტრირებს­ მხოლოდ იმიტომ, რომ ორგანიზებისა და რესუ­რსის გამოყენების სხვა შანსი არ არსებობს. მაგა­ლითად, ძიძებს, ფერმერებს, მხატვრებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს თუ მოუნდებათ თავიანთი ორგანიზაცია ჰქონდეთ, არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის გარდა სხვა შესაძლებლობა არ ექნებათ. ხელისუფლების მიზანია თავისუფალი ასოციაციები,­ რომლებიც ორგანიზაციულად და ჯგუფურად გამოხატავენ სხვადასხვა სოციალური ფენის ინტერესებს, შეავიწროონ, განაიარაღონ და მოღალატეებად გამოაცხადონ. რაც შეეხება მეორე მიზანს, "ქართულ ოცნებაზე" ძალიან დიდი ზეწოლაა რუსეთის მხრიდან და ისიც იძულებულია წავიდეს საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ...

სანუგეშო ის არის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერავინ წაგვართმევს, ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს. მთავარი ის არის, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე ვერ გადავალთ.

თუ "ქართული ოცნება" გააგრძელებს ურთიერთობის გართულებას დასავლელ ლიდერებთან და თავდასხმებს ევროპულ ინსტიტუციებზე, ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი, დიდი ალბათობით, გაიყინება.

- ევროპარლამენტარებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც წერია, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ "აგენტების კანონი" ძალაში იქნება და სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს. პრემიერმა ეს რეზოლუცია "ჩალის ფასის" ფარატინა ფურცლებად შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი რეზოლუცია ევროპარლამენტმა 2022 წელსაც მიიღო, მაგრამ ჩვენ მას შემდეგ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი.

- რა თქმა უნდა, ამ რეზოლუციებს მყისიერი შედეგი არა აქვს, მაგრამ ეს არის ევროპარლამენტის აზრი და საქართველოს შესახებ კლიმატს ქმნის. მყისიერი ზემოქმედების რა მოგახსენოთ, მაგრამ სახელს და ავტორიტეტს კი უფუჭებენ როგორც ქვეყანას, ასევე რეზოლუციაში მოხსენიებულ კონკრეტულ პირებს. შესაბამისად, რეზოლუცია ჩალის ფასის ფარატინა ქაღალდი კი არა, ყვითელი ბარათია. შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილს ყვითელი ბარათი აჩვენეს და არ არის გამორიცხული, მალე წითელი ბარათიც აჩვენონ და ის რაც დოკუმენტში წერია, ორ-სამ წელიწადში რეალობად იქცეს. სხვათა შორის, ამ რეზოლუციაში ჩემთვის ორი მიუღებელი დებულებაა: პირველი - ივანიშვილი ერთადერთ ოლიგარქად არის მოხსენიებული,­ არადა, საქართველოში ის ნამდვილად არ არის ერთადერთი და ყველაზე გავლენიანი ოლიგარქი, ქვეყანაში ოლიგარქების არმიაა კეზერაშვილის თაოსნობით. მეორე საშინელება, რაც რეზოლუციაში წერია, სააკაშვილს შეეხება.ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ნამდვილად ვერ იგებს, რატომ "ტენიან" ყველა რეზოლუციაში ამ კაცის გვარს, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს სულაც არ მიაჩნია უდანაშაულოდ. მას ბევრად მძიმე სასჯელი უნდა ჰქონდეს დადებული, არადა, მხოლოდ ექვსი წელი აქვს მისჯილი, ჯანმრთელია და მის გათავისუფლებას ითხოვენ ჰუმანიტარული მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარებმა უფრო სერიოზულად შეაფასონ საქართველოს პოლიტიკური გარემო.

- როგორც თქვენი საუბრიდან იკვეთება,­ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის ინტერესებს გამოხატავს და სახელმწიფოებრივად მოქმედებს, სად არის გამოსავალი?

- არ არსებობს ქვეყანაში პოლიტიკური პარტია, რომელიც სახელმწიფოებრივად­ მოქმედებს. შეიძლება ითქვას, ქვეყანა ჩიხშია. ეს იმის ბრალია, რომ ქართულ პოლიტიკაში გაიზარდა ფინანსური და მედიარესურსების როლი. თუ ფული და კარგად გამართული მედია არა გაქვს, პოლიტიკაში ვერაფერს გააკეთებ. ასეთი რესურსი კი ქვეყანაში თითო-ოროლა პირს თუ აქვს. 2024 წლის არჩევნებზე ვერც ერთმა პარტიამ ვერ უნდა მოახერხოს მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტება და უნდა ჩამოყალიბდეს კოალიციური მთავრობა. ეს პანაცეა არ არის, უცებ ვერ გააუმჯობესებს ამ ურთულეს ვითარებას, მაგრამ ერთი კაცის გუნება-განწყობაზე მაინც არ იქნება ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის ბედი დამოკიდებული.

ხათუნა ბახტურიძე