რას შეცვლის ფრონტზე ამერიკული 61 მილიარდი?! - კვირის პალიტრა

რას შეცვლის ფრონტზე ამერიკული 61 მილიარდი?!

აგრესორ რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში აშშ-ისგან ნახევარი წლით თითქმის "მიტოვებულ" უკრაინას, რომელსაც ფრონტზე უსერიოზულესი პრობლემები შეექმნა შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტის გამო, ახალი იმედი გამოუჩნდა.

დასრულდა ნახევარწლიანი პოლიტიკური თამაში აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში - კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ და ზედა პალატამ, სენატმა, ბოლოს და ბოლოს, დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 61 მლრდ დოლარამდე სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ეს კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს დასამტკიცებლად ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში წარუდგინა, მაგრამ ექსპრეზიდენტ ტრამპის მომხრე კონგრესმენებმა ყველაფერი გააკეთეს რამდენიმე თვით მის დასაბლოკად.

რად დაუჯდა ამერიკული სამხედრო დახმარების ნახევარი წლით შეჩერება რუსეთთან ისედაც უთანასწორო ომში მყოფ უკრაინას, სახეზეა - ფრონტის ხაზზე რამდენიმე დასახლებული პუნქტისა თუ მებრძოლების დაკარგვად და უკრაინული ქალაქების სისტემატურად დაუნდობელ დაბომბვად რუსული რაკეტებით, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

samx2-1714340246.jpg
"ჰაიმარსიდან" გასაშვები 300 კმ-მდე მფრენი ბალისტიკური რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების დაწყების გაბედვა, რაზეც პრეზიდენტი ბაიდენი ორი წელი ყოყმანობდა, საუკეთესო "საჩუქარი" იქნება რუსი ოკუპანტებისთვის და მათ შორის შეიძლება თავად რუსეთის ტერიტორიაზეც...

მაინც რას წარმოადგენს სამხედრო დახმარება, რომელიც ამერიკულმა მხარემ უკრაინას უნდა მიაწოდოს?

უკრაინისთვის 60,84 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტიდან 11,3 მლრდ დოლარი გამოიყოფა თავად ამერიკელი სამხედროების რეგიონში საქმიანობისთვის (მათ შორის უკრაინელი სამხედროების ევროპის ქვეყნების პოლიგონებზე მოსამზადებლად); 23,2 მლრდ - პენტაგონის არსენალში იმ შეიარაღების შესავსებად, რაც უკვე გაიგზავნა უკრაინის ფრონტზე; 13,8 მლრდ - უკრაინის არმიისთვის ახალი შეიარაღების შესაძენად... და 26 მლნ დოლარი უკრაინისთვის გაწეული დახმარების გასაკონტროლებლად.

როგორც ხედავთ, ერთი შეხედვით სოლიდური 60,84 მლრდ-იანი დახმარებიდან უდიდესი ნაწილი ისევ ამერიკულ ინტერესებს ხმარდება, მათ შორის მომსახურების სახით, მაგრამ, როგორც იტყვიან, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება და უკრაინელებიც დიდად მადლიერი არიან... იმიტომ, რომ უკრაინის დამცველების მდგომარეობა ფრონტის ხაზზე კრიტიკულს მიუახლოვდა და ამერიკული სამხედრო დახმარების კიდევ ერთი-ორი თვით გაჯანჯლებას შეიძლება ჩამოეშალა ფრონტის ხაზი უკრაინის მხრიდან. ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად მიაწვდის პენტაგონი საარტილერიო ჭურვებსა და საზენიტო რაკეტებს უკრაინის არმიას.

როგორც აღმოჩნდა, იმის შემყურე, რომ მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ტრამპის მომხრე კონგრესმენები, როგორ სპეციალურად წელავდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კანონპროექტის განხილვას, გაბრაზებულ პრეზიდენტ ბაიდენს ჯერ კიდევ 2024 წლის თებერვალში საიდუმლო ბრძანებით გადაუწყვეტია უკრაინისთვის 300 კმ-მდე მფრენი ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება, რასაც თავადვე ეწინააღმდეგებოდა ამ ომის ორი წლის განმავლობაში.

ეს ბალისტიკური რაკეტები უკრაინაში მარტში გაგზავნეს და ის შენიღბულად შევიდა იმ 300 მლნ-იან სამხედრო დახმარებაში, რომელიც ამერიკამ უკრაინას კონგრესის დაბლოკილი დახმარების გვერდის ავლით გამოუყო.

მეტიც, 17 აპრილის გამთენიისას უკრაინამ ძალზე წარმატებული საჰაერო შეტევა მიიტანა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულ ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე, სადაც დააზიანა/გაანადგურა რუსი ოკუპანტების С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ოთხი გამშვები დანადგარი და სამი რადიოლოკაციური სადგური. ამასთან, მწყობრიდან გამოვიდა თვით რუსეთის არმიისთვისაც ძალზე დეფიციტური Фундамент-М ტიპის საჰაერო სივრცის კონტროლისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების მართვის ცენტრიც.

ამასთან, გასულ კვირას პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კანონზე ხელის მოწერიდან ორიოდე საათში პენტაგონმა თავისი არსენალიდან მილიარდი დოლარის ღირებულების ჭურვებისა და რაკეტების უკრაინის არმიისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება გადაწყვიტა, რაც, ალბათ, დაწყებულიცაა, რადგან ამერიკელ გენერლებს წინდახედულად უკრაინის მეზობელ პოლონეთის ტერიტორიაზე უკვე ჰქონდათ მოგროვებული ეს საბრძოლო მასალები.

გარდა ამისა, აშშ-მა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, რომლის ღირებულება... 6 მლრდ დოლარს აღწევს, რაც რეკორდია იმ დახმარებებს შორის, რაც აქამდე ვაშინგტონს კიევისთვის გაუწევია.

ეს ერთი და ექვსი მილიარდიც იმ 61 მლრდ ღირებულების დახმარებიდანაა, ოღონდ თუკი ერთი მილიარდის სამხედრო დახმარებას უკრაინა უახლოეს დღეებსა და კვირებში მიიღებს უშუალოდ პენტაგონის არსენალიდან, ექვსი მილიარდის შეიარაღების საკმაო ხნით ლოდინი მოუწევს, რადგან აშშ-ის მთავრობა ამ თანხით ამერიკის მრეწველობას უკვეთს უკრაინისთვის სამხედრო პროდუქციას, რასაც, ბუნებრივია, არცთუ ცოტა ხანი დასჭირდება.

ამ ეტაპზე ყველაზე მწვავედ დგას ფრონტის ხაზის სტაბილიზირება, რადგან ტრამპისტი კონგრესმენების მიერ დახმარების გაგრძელების ექვსი თვის განმავლობაში დაბლოკვას უკვალოდ არ ჩაუვლია - ამით პუტინის საოკუპაციო ძალებმა ისარგებლეს და სცადეს ფრონტის ხაზი სხვადასხვა უბანზე გაერღვიათ. რუსმა ოკუპანტებმა ეს მეტ-ნაკლებად შეძლეს უკვე ოკუპირებული ბახმუტიდან დასავლეთით, ჩასივ-იარის მიმართულებაზე. ასევე ოკუპირებული ავდეევკიდან ჩრდილო-დასავლეთით, ოჩერეტინესკენ, რაც უკრაინის თავდაცვით პოზიციებს დიდ საფრთხეს უქმნის.

თუმცა კატასტროფაზე ლაპარაკი არც ღირს, თავად განსაზღვრეთ - ბახმუტი რუსმა ოკუპანტებმა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისის ბოლოსკენ დაიპყრეს. მას შემდეგ თითქმის მთელი წელი გავიდა და ძლივს მიუახლოვდნენ ჩასივ-იარს, რომელიც ბახმუტიდან მხოლოდ... 6 კმ-ით თუ არის დაშორებული.

ნახევარწლიანი დაგვიანებით, მაგრამ მაინც სულზე მოსწრებული ამერიკული სამხედრო დახმარება, რასაც ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების დახმარებებიც ემატება, რა თქმა უნდა, გააძლიერებს უკრაინის დამცველებს და აამაღლებს საბრძოლო სულისკვეთებას, მაგრამ იბადება რიტორიკული კითხვა - ამერიკული 61 მლრდ-იანი სამხედრო დახმარება უკრაინას მოაგებინებს თუ არა ომს აგრესორ რუსეთთან?

კარგად ჩანს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დამთავრებისგან ჯერ შორსაა და გადადის "ომი გამოფიტვამდე" კატეგორიის ახალ ეტაპზე, როდესაც გაიმარჯვებს ის მხარე, რომელსაც ცოცხალი ძალის, შეიარაღებისა და საბრძოლო საჭურვლის მეტი რესურსი აღმოაჩნდება.

აგრესორი რუსეთი არც ცოცხალი ძალის ნაკლებობას უჩივის, მრეწველობაც თითქმის გადაიყვანა სამხედრო რელსებზე და ამასთან, მეგობარი ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან შედარებით იაფად იღებს ჭურვებსა და რაკეტებს.

აქედან გამომდინარე, აშშ-ისა და უკრაინისთვის ევროპის სამხედრო დახმარება პოლიტიკურ, ფინანსურ და ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდება, რაც ძალზე არასტაბილურს ხდის ძალთა თანაფარდობას ფრონტის ხაზზე - როდესაც ერთი,152 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი რუსეთს 600 დოლარამდე უჯდება, ხოლო იმავე კლასის 155 მმ კალიბრიანი ჭურვი ამერიკელებსა და ევროპელებს 3-5 ათასი დოლარი, "ომი გამოფიტვამდე" ვის შეიძლება უფრო დაემუქროს?

თუკი პროტრამპისტმა კონგრესმენებმა შეძლეს ნახევარი წლით დაებლოკათ თვით აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნაზე, ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება რამდენიმე თვეში, თუკი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა ტრამპმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ 24 სთ-ში შეაჩერებს რუსეთ-უკრაინის ომს და იცით, როგორ? - პუტინს "დაუკანონებს" უკვე დაპყრობილ უკრაინულ მიწებს.

61 მლრდ-იანი სამხედრო დახმარებით უკრაინამ შემოდგომამდე უნდა მოასწროს ფრონტის ხაზის გამაგრება, რათა ახალი ტერიტორიები არ დაკარგოს, მით უმეტეს, მაის-ივნისში კრემლი ფართომასშტაბიანი შეტევებისთვის ემზადება სხვადასხვა მიმართულებაზე.

ასე რომ, ჯერ იმაზე ოცნება, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების განახლების შემდეგ უკრაინის არმია კონტრიერიშზე გადავა და გაათავისუფლებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ძალიან ნაადრევია - წელს უკრაინამ იქნებ როგორმე შეინარჩუნოს ის, რასაც ამჟამად აკონტროლებს.