"მეორე პუტინის" გიჟური აზრები და ბოდვითი იდეები - "იელოსტოუნის ვულკანი ამერიკას გაანადგურებს და..." - კვირის პალიტრა

"მეორე პუტინის" გიჟური აზრები და ბოდვითი იდეები - "იელოსტოუნის ვულკანი ამერიკას გაანადგურებს და..."

ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა The Atlantic-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „რას ფიქრობს „მეორე პუტინი“ დასავლეთზე? რუსეთის საიდუმლო სამსახურის მაღალჩინოსნის ბოდვითი აზრები მმართველი პარტიის სამოქმედო ხაზი ხდება, თავისი გლობალური შედეგებით“ (ავტორი - ლეონ არონი, პოლიტოლოგი, აშშ-ის კვლევითი ცენტრის - American Enterprise Institute-ის თანამშრომელი. დაიბადა 1954 წელს მოსკოვში, სწავლობდა ვ. ი. ლენინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1978 წელს საბჭოთა კავშირიდან გაიქცა, ამჟამად ცხოვრობს აშშ-ში).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში ვულკანი იფეთქებს, ამოიფრქვევა და ჩრდილოეთ ამერიკაში ყოველივე ცოცხალი განადგურდება, ციმბირი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილი გახდება. სწორედ ამიტომ ოცნებობს ანგლოსაქსური ელიტა რუსეთის ამ რეგიონის ხელში ჩაგდებას“, - ასეთი განცხადებით გამოვიდა გენერალი ნიკოლაი პატრუშევი - მეორე გავლენიანი ადამიანი მოსკოვში, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანია. იგი 1970-იან წლებში ვლადიმერ პუტინის კოლეგა იყო ლენინგრადის „კაგებეს“ ორგანოებში და დღემდე ითვლება პრეზიდენტის სანდო პირად და უახლოეს მრჩევლად.

ნიკოლაი პატრუშევი - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ექსდირექტორი, ამჟამად ქვეყნის ყველა საიდუმლო სამსახურის ფაქტობრივ ხელმძღვანელს წარმოადგენს და, როგორც ჩანს, კრემლის ყველა ჩინოვნიკს შორის მხოლოდ მას აქვს უფლება, ვლადიმერ პუტინთან ერთად განიხილოს სტრატეგიული საკითხები, მათ შორის - უკრაინასთან ომი, რუსეთის პოზიციები აშშ-სთან, ევროპასთან და ნატოსთან მიმართებით.

დღეს ვლადიმერ პუტინის მიმბაძველი მრავალი რუსი მაღალჩინოსანი ცდილობს, ერთმანეთს გადაასწრონ, რაც შეიძლება საშინელი კონსპიროლოგიური თეორიების შეთხზვაში, თუმცა ამ ბედუკუღმართი ადამიანების ბრბოშიც კი ნიკოლაი პატრუშევი, დასავლეთისა და აშშ-ისადმი თავისი მწარე სიძულვილით, განსაკუთრებით გამოირჩევა. მისი განცხადებები იმდენად ცრუ და გაზვიადებულია, რომ ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი საბჭოთა პროპაგანდისტებიც კი სირცხვილისაგან გაწითლდებოდნენ. ნიკოლაი პატრუშევის მაღალი პოსტი მიგვანიშნებს, რომ თუ ვლადიმერ პუტინს როგორღაც ხელისუფლებას ჩამოაშორებენ, მისი სავარაუდო მიმდევარ-მემკვიდრენი უფრო მეტად აგრესიულები და ექსპანსიონისტურები იქნებიან. ამერიკელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, თუ რაოდენ გავლენას ახდენს ქვეყნის ხელმძღვანელებზე მისი გიჟური აზრები და ბოდვითი იდეები, რომლებიც თავისი მტრული ხასიათით პუტინის განცხადებებსაც კი აღემატებიან და რომლებიც მმართველი პარტიის სამოქმედო ხაზი ხდება, ჟღერდება რუსული წამყვანი მასმედიის გრძელ ინტერვიუებში. ასეთი მასალების პროპაგანდით მიმდინარეობს მილიონობით რუსი მოქალაქის ზომბირება.

ნიკოლაი პატრუშევის თქმით, „დასავლეთი 500 წლის განმავლობაში იყო დაკავებული რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მავნებლობით და ცილისწამებით. მე-16 საუკუნეში „რუსოფობმა“ დასავლელმა ისტორიკოსებმა სპეციალურად ნეგატიურად წარმოაჩინეს რუსეთის მეფე ივანე მეოთხე და მისი მოღვაწეობა შეურაცხმყოფელად შეაფასეს“. არადა, სინამდვილეში ივანე მეოთხე, „მრისხანედ“ წოდებული, მართლაც უარყოფითი პიროვნება იყო - დესპოტი, შეუბრალებელი, მასობრივი მკვლელი და სადისტი. ნიკოლაი პატრუშევი კი რუსეთის მეფის „გათეთრებას“ ცდილობს და ამტკიცებს, რომ ივანე მეოთხე რუსეთის მოძულე ისტორიკოსთა მიერ შეთითხნილი ჭუჭყიანი ისტორიის მსხვერპლი გახდა, რომლებმაც იგი „ტირანად“ წარმოაჩინეს.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის აზრით, „რუსეთის ბლოკადა დასავლეთის მიერ მე-20 საუკუნეში კომუნიზმთან და ცივ ომთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ - ბლოკადა განაპირობა დასავლეთის სურვილმა - არ აღორძინებულიყო უძლიერესი საბჭოთა კავშირი, რომლის დაშლამ ქვეყანა მოსახერხებელ სამიზნედ გადააქცია დასავლეთისათვის, 1990-იან წლებში. ამერიკამ კარგად ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და რუსეთი აიძულა, უარი ეთქვა თავის სუვერენიტეტზე, ეროვნულ თვითშეგნებასა და საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე“. დასავლელთა შეთქმულების საბოლოო მიზანი იყო ქვეყნის დაშლა-დაქუცმაცება, რუსული ენის ლიკვიდაცია, რუსეთის გაქრობა მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკიდან და მოსკოვის სამთავროს საზღვრებში დაბრუნება, რომელიც შუა საუკუნეების მცირე სახელმწიფოს წარმოადგენდა.

ნიკოლაი პატრუშევს მიაჩნია, რომ აშშ თავის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში ახალ ვირუსებს შექმნის, საძულველი სახელმწიფოების მოსახლეობის მოსასპობად, ხოლო „კოვიდ-19“ კი, არ არის გამორიცხული, რომ პენტაგონში სპეციალურად „გამოზარდეს“ რამდენიმე ტრანსეროვნული ფარმაცევტული კომპანიიისა და „კლინტონ-როკფელერ-სოროს-ბაიდენის ფონდების“ დახმარებით.

ამჟამად ნიკოლაი პატრუშევის მთავარი აკვიატებული იდეა იმაში გამოიხატება, რომ „უკრაინასთან დაკავშირებული მთელი ეს ისტორია“, დიდი ალბათობით, ვაშინგტონის მიერ არის პროვოცირებული. მისი აზრით, 2014 წელს აშშ-მა მაიდნის რევოლუცია განახორციელა - სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგად უკრაინის პრორუსული პრეზიდენტი დაემხო, უკრაინელები კი რუსებისადმი სიძულვილით განიმსჭვალნენ. დღეს უკრაინა ამერიკული შეიარაღების საწვრთნელ პოლიგონს წარმოადგენს. ამერიკას სურს, უკრაინა გაძარცვოს და ამისათვის წინასწარ ამზადებს ადგილობრივ მოსახლეობას. „დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფოს შენარჩუნება აშშ-ის გეგმებში არ შედის“, - ამბობს ნიკოლაი პატრუშევი ინტერვიუებში, - „ნატოს ინსტრუქტორები უკრაინელებს სასიკვდილო ბრძოლებისათვის წვრთნიან. მათი დაღუპვა დასავლეთის მიერ პროვიცრებული უდიდესი დანაშაულია, ხოლო რუსეთის მიზანია, ბოლო მოუღოს დასავლეთის სისხლიან მცდელობებს, უკრაინის მოსახლეობის გაჟლეტვის მიზნით“.

„ეს არის მსოფლიოს ის სურათი, რომელსაც ნიკოლაი პატრუშევი ვლადიმერ პუტინს სთავაზობს. პრეზიდენტი მრჩეველი აყალიბებს „ათვლის წერტილს“ რუსეთის პრეზიდენტის შეხედულებებისათვის“, - ამბობს ცნობილი რუსი სოციოლოგი ნიკოლაი პეტროვი.

ის პროპაგანდა, რომელსაც აუდიტორია ისმენს და ითვისებს, ხშირად თვით პროპაგანდისტის წინააღმდეგ მოქმედებს. ერთი წლის წინ ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ დასავლური სპეცსამსახურები რუსეთის ტერიტორიაზე შესაგზავნად და დივერსიების მოსახდენად ტერორისტებს და დივერსანტებს ამზადებენო. ამ განცხადების გამო უმეტესად რუსი მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ. მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „კროკუს-სიტიში“ ისლამისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტამდე რამდენიმე კვირით ადრე, აშშ-ის დაზვერვამ, მოსკოვის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის მთავრობა მოსალოდნელ ტერორისტულ საფრთხეზე გააფრთხილა, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა ყურად არ იღო გაფრთხილება და ის მორიგ შანტაჟად და რუსეთის დასაშინებელ მუქარად ჩათვალა.

ნიკოლაი პატრუშევი თავის კოლეგებს პოლიტიკის შესახებ საკუთარ შეხედულებებს არა მარტო თავს ახვევს, არამედ თვითონაც ენთუზიაზმით მონაწილეობს მის რეალიზაციაში. იგი სულ უფრო ხშირად ერთვება პოლიტიკურ საქმეებში, გამოდის ვლადიმერ პუტინის პოზიციების მქადაგებლად საკვანძო მოკავშირეებთან გამართულ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში, ცვლის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ოფიციალური ღონისძიებებისა და უაზრო ხელშეკრულებების ხელმოწერის დროს.

როგორც რუსეთიდან აწ უკვე დეპორტირებულმა ჟურნალისტმა მაქსიმ გლინკინმა აღნიშნა, საგარეო პოლიტიკის არენაზე, სადაც კი ნიკოლაი პატრუშევი გამოჩნდება, იქ ომს უნდა ელოდო. მოვლენათა ეს ურთიერთკავშირი სულ უფრო მტკიცდება: უკრაინაში 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე რუსეთის წარუმატებელი კამპანიის შემდეგ ნიკოლაი პატრუშევი თეირანში გაემგზავრა ირანული დრონების შესასყიდად მოლაპარაკების გამართვის მიზნით, შემდეგ გაფრინდა ლათინურ ამერიკაში შეხვდა ვენესუელისა და ნიკარაგუის პრეზიდენტებს ნიკოლას მადუროს და დანიელ ორტეგას, ესაუბრა კუბის პრეზიდენტს მიგელ დიას-კანელს „ამერიკის მიერ დარეჟისორებული ფერადი რევოლუციების“ შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციების „დესტრუქციულ მოქმედებაზე“ და ბელარუსში კუბის სამხედრო ქვედანაყოფების გაგზავნაზე - „წრთვნების მიზნით“.

ყველაზე საშინელი ისაა, რომ ნიკოლაი პატრუშევს აქვს გარკვეული გავლენა რუსეთის ბირთვულ სტრატეგიაზე. 2009 წელს მან გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვული იარაღის დანიშნულებას არამარტო „ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებში გამოყენება წარმოადგენს“. მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლის სამხედრო დოქტრინაში კონკრეტულად იყო ჩაწერილი ბირთვული იარაღით სარგებლობის შეზღუდვები, ნიკოლაი პატრუშევმა მაინც თქვა, რომ ატომური ბომბები შეიძლება გამოყენებული იქნეს ჩვეულებრივი რეგიონულ და ლოკალური კონფლიქტების დროსაც. იგი ასევე თვლის, რომ „კრიტიკულ სიტუაციებში“ „არ შეიძლება“ პრევენციული დარტყმების გამორიცხვა „მოწინააღმდეგის ტერიტორიზე“. ინტერვიუს შემდეგ ოთხი თვეც არ გასულა და ვლადიმერ პუტინმა სამხედრო დოქტრინის რევიზია მოახდინა - ნაწილობრივ ისე, როგორც ამას ნიკოლაი პატრუშევი ამბობდა, ანუ ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად აუცილებელი არაა კონფლიქტი ფართომასშტაბიანი იყოს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის ბირთვული შანტაჟი გვაფიქრებინებს, რომ ნიკოლაი პატრუშევი თავისი იდეების დაკანონებას მიაღწევს.

რუსეთის განზრახვების გარკვევის მცდელობების დროს ვაშინგტონი ასევე შეეცადა ნიკოლაი პატრუშევის უკეთ გაცნობასაც. პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა 2021 წლის 25 იანვარს პირველად ისაუბრა ტელეფონით ნიკოლაი პატრუშევთან - ჯო ბაიდენის ინაუგურაციიდან ხუთი დღის შემდეგ. მოგვიანებით ორივემ კიდევ ხუთჯერ ისაუბრეს ტელეფონით და ერთმანეთს რეიკიავიკშიც შეხვდნენ, იმავე წლის მაისში. ერთობლივ კომუნიკეში ნათქვამი იყო, რომ მათ „ქვეყნებს შორის ნდობის განმტკიცებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს“, მაგრამ მათი შეხვედრა-მოლაპარაკებიდან 13 თვის შემდეგ რუსეთმა თავისი არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანა.

ნიკოლაი პატრუშევი ერთ-ერთი ის ჩინოვნიკია, რომელმაც კარგად იცის ვლადიმერ პუტინის გეგმები და მათ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. იგი აშკარად „ტკბება“ იმით, რომ თავისი ამერიკელი კოლეგა დეზინფორმაციის ქსელში გაახვია. იგი ხარობს სიტუაციით, რადგან დარწმუნებულია - დრო კრემლის მხარეზეა, „დასავლეთს კი თანდათან სული ამოსდის“. ნიკოლაი პატრუშევის აზრით, ევროპულ ცივილიზაციას მომავალი არ აქვს, ევროპული პოლიტიკა „ღრმა ზნეობრივი და ინტელექტუალური დაცემის სტადიაში იმყოფება“.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მისი დასასრულიც ახლოვდება - რაზედაც მიანიშნებს არა მარტო „იელოუსტონის ეროვნული პარკის ქვეშ მდუღარე ლავა“, არამედ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაც: აშშ „სხვადასხვა ნაჭრებისაგან შეკერილ საბანს ჰგავს, რომელიც შეიძლება ნაკერებზე გასკდეს“. უფრო მეტიც: როგორც რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა სამთავრობო გამოცემის - „როსიისკაია გაზეტასადმი“ მიცემულ ინტერვიუში, აშშ-ის სამხრეთი ნაწილი მექსიკის მხარეს დრეიფობს (რომლის ტერიტორია ვაშინგტონმა 1848 წელს მიიტაცა): „უეჭველია, რომ სამხრეთი მეზობელი თავის უფლებას განაცხადებს მიტაცებულ მიწებზე, ხოლო ამერიკელი პასიური პოლიტიკოსები ქვეყნის საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად არაფერს არ გააკეთებენ“.

ამ და ბევრი სხვა მიზეზების გამო ნიკოლაი პატრუშევის მსოფლმხედველობა ამერიკის მოქალაქეთა უმრავლესობისათვის ძალიან უცხო და მიუღებელია, თუმცა მისი ავტორიტეტი იმაზეც მიანიშნებს, რომ მხოლოდ ვლადიმერ პუტინი არ არის ის ძალა, რომელიც ხელს უშლის რუსული პოლიტიკის შებრუნებას უფრო ლიბერალური მიმართულებისაკენ.

მთლიანობაში, რუსეთის ისტორიის ქანქარა პერიოდულად რყევას განიცდიდა ხოლმე სასტიკი და აგრესიული რეჟიმებიდან უფრო რბილი, ნაკლებად რეპრესიული ავტოკრატიებისაკენ, რომლებიც დასავლეთთან კონფრონტაციისთვის არ იყო გამიზნული. მაგრამ ეს ტენდენცია რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეიძლება აღარ გაგრძელდეს და შეწყდეს. ვლადიმერ პუტინის მმართველობის მეოთხედსაუკუნოვანი პერიოდის შემდეგ რუსეთის საიდუმლო სამსახურებმა - ანუ მისი რეჟიმის ფუნდამენტმა - სხვა ინსტიტუტების ფუნქციები შეითვისა და გავლენა ხელში ჩაიგდო. ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც ივლისში 73 წლის ხდება, ვლადიმერ პუტინზე ერთი წლით უფროსია. თუ პატრუშევი პუტინზე მეტხანს იცოცხლებს, იგი, ალბათ, თავის აგენტებს გაააქტიურებს, რათა პოლიტიკურ გარდამავალ პროცესებს უხელმძღვანელოს. სრულიად შესაძლებელია, რომ მას პირველი ადგილის დასაკავებლად შანსი გაუჩნდეს. როგორც თვითონ ნიკოლაი პატრუშევს უყვარს ხოლმე თქმა - „დრო მის მხარესაა“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო