"ნუ აიძულებთ ამ ხალხს, რომ გაგიყვანონ - "შესანიშნავი" შვიდეული:სხდომათა დარბაზიდან ანა წითლიძეც გააძევეს - კვირის პალიტრა

"ნუ აიძულებთ ამ ხალხს, რომ გაგიყვანონ - "შესანიშნავი" შვიდეული:სხდომათა დარბაზიდან ანა წითლიძეც გააძევეს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძესაც დაატოვებინა.

ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ კანონის რუსულობასთან დაკავშირებით არგუმენტების თქმის საშუალებას არ აძლევდნენ და არ აცდიდნენ.

„რეგლამენტის დარღვევის გამო დატოვეთ სხდომათა დარბაზი. არაერთხელ მოგიწოდეთ, აგრძელებდით მიკროფონის გარეშე. თქვენს თავს ეცით პატივი, ნუ აიძულებთ ამ ხალხს [მანდატურებს], რომ გაგიყვანონ. აბრძანდით და გადით, გთხოვთ!“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ წითლიძე მე-7 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა. მანამდე კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზი დაატოვებინა დეპუტატებს: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი და ქეთევან თურაზაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"