ცუდი ამბები უკრაინის ფრონტიდან: ზელენსკის ჯარები უკან იხევენ - როდის გეგმავს პუტინი გენერალურ შეტევაზე გადასვლას?! - კვირის პალიტრა

ცუდი ამბები უკრაინის ფრონტიდან: ზელენსკის ჯარები უკან იხევენ - როდის გეგმავს პუტინი გენერალურ შეტევაზე გადასვლას?!

უკრაინის დამცველებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით უწევთ დასახლებული პუნქტების დატოვება აღმოსავლეთ, დონეცკის მიმართულების ფრონტის ხაზზე...

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მანამდე დაპყრობილი ავდეევკიდან მოახერხეს გაჭრა ჩრდილო-დასავლეთით, ოჩერეტინოსკენ და ასევე - ადრე დაკავებული ბახმუტიდან დასავლეთით, ჩასივ იარისკენ...

სახეზე არის აღმოსავლეთ ფრონტის რამდენიმე ადგილას მისი გარღვევის დიდი მცდელობა, რისი საბოლოო მიზანია კონსტანტინოვკაზე, კრამატორსკსა და სლოვიანსკზე გასვლა, მათ შორის - სოლედარ-ზარეჩიეს „მარყუჟიდანაც“, რომელიც ლუგანსკის ოლქიდან „მოიწევს“ შეტევაზე...

უკრაინელების თავდაცვითი პოზიციების ოპერატიული მდგომარეობა აღმოსავლეთ ფრონტზე ძალზე მყიფე შეიქმნა, რაც უდავოდ განაპირობა ნახევარწლიანმა „ჭურვების შიმშილმა“, რომელიც თავის მხრივ გამოწვეული იყო ამერიკელი პროტრამპისტი კონგრესმენების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 61 მლრდ-დოლარიანი სამხედრო დახმარების გადაცემის ექვსი თვით სპეციალურად დაბლოკვით, რითაც ბუნებრივია, ისარგებლეს პუტინის საოკუპაციო ძალებმა...

1-g-1714381770.png
აღმოსავლეთ ფრონტის ხაზის დასტაბილურება, დღეს უკრაინის დამცველების უპირველესი საბრძოლო ამოცანაა...

გასული კვირიდან განბლოკილი ამერიკული სამხედრო დახმარება კი დაიძრა უკრაინისკენ, მაგრამ ამას დრო სჭირდება და ამასთან - საბრძოლო ინიციატივას დიდი ხანია, მყარად ფლობენ რუსი ოკუპანტები...

აღსანიშნავია, რომ უკრაინის გენშტაბმა ვერ მოახერხა ისეთი გამძლე თავდაცვითი ზღუდის შექმნა აღმოსავლეთ ფრონტზე, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ერთი წლის წინ ააგეს სამხრეთ ფრონტზე და წარმატებით მოიგერიეს 2023 წლის ივნისიდან დაწყებული, უკრაინელების მთავარი კონტრიერიშები...

ეს შეიძლება გამოწვეული იყო საბრძოლო მასალების დიდი დეფიციტითაც (მაგალითად, საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების სიმცირით), მაგრამ თავისი შეცდომა უნდა აღიაროს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც, რომლებიც კარგად ხედავდნენ, რომ ბახმუტსა და ავდეევკას ვერ შეინარჩუნებდნენ და იმის მაგივრად, ზურგში თავდაცვის მეორე და მესამე ხაზების დროულ აგებაზე ეზრუნათ და ორგანიზებულად დაეხიათ უკან, დიდი სიჯიუტით, მიწასთან გასწორებული ბახმუტისა და ავდეევკის ნანგრევების დასაცავად მაინც აკლავდნენ უკრაინელი მებრძოლების ახალ-ახალ ნაკადებს...

2-g-1714381902.png
დაპყრობილი ბახმუტიდან ჩასივ იარისკენ რუსი ოკუპანტების შეტევის მიმართულებები, აღნიშნული წითელი ისრებით...

აღმოსავლეთ ფრონტზე დასტაბილურება შესაძლებელია, როდესაც ამერიკული და ევროპული საარტილერიო ჭურვებისა და საზენიტო რაკეტების მარაგი შეევსებათ უკრაინელ მებრძოლებს, მაგრამ დარჩება მეორე, არანაკლები პრობლემის გადაჭრის საკითხი, რომელშიც დასავლეთი ნამდვილად ვერ დაეხმარება კიევს, რადგან ეს თავად უკრაინის გადასაწყვეტია - საყოველთაო მობილიზაციის (რომლის კანონი ახლახან მიიღო რადამ და რომელიც მაისის შუა რიცხვებიდან უნდა ამოქმედდეს) სწრაფად და გამიზნულად ჩატარება, რათა თვეობით როტაციის გარეშე ფრონტის ხაზზე მებრძოლმა დანაყოფებმა ცოცხალი ძალის შევსება მიიღონ.

პარალელურ რეჟიმში აგრესორი რუსეთიც ახორციელებს მობილიზაციას და მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში გენერალური შეტევის დასაწყებად ემზადება, რომლის ძირითადი საბრძოლო მიზანი ისევ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ბოლო ორი დიდი ქალაქის - კრამატორსკისა და სლოვიანსკის დაპყრობა გახდება, თუმცა პარალელურ რეჟიმში რუსი ოკუპანტები აუცილებლად გადავლენ შეტევაზე ფრონტის ზაპოროჟიესა და კრემენოეს უბნებზეც, რათა მეტი პრობლემები შეუქმნან უკრაინის დამცველებს.

გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, გაიხსნას ჩრდილოეთის ფრონტიც, როდესაც აგრესორი რუსეთი უშუალოდ ბელგოროდის ოლქიდან შეტევას მიიტანს ხარკოვზე - უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე, რომლის დაპყრობა კრემლის მთავარ მიზნებში რჩება...

3-g-1714381863.png
დაპყრობილი ავდეევკიდან ოჩერეტინოსკენ რუსული მოიერიშე დანაყოფების გაჭრის მიმართულებები...

რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული კამიკაზე-დრონების მოხშირებული შედეგიანი საჰაერო თავდასხმები, რა თქმა უნდა, პრობლემებს უქმნის კრემლს (პირველ რიგში კი, საინფორმაციო ფრონტზე - ასე ნაქებ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემას არ შეუძლია სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა), მაგრამ ის ნაკლებ გავლენას ახდენს უშუალოდ ფრონტის ხაზზე მიმდინარე ბრძოლებზე.

თუკი 300 კმ-ზე მფრენი ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით (რომელთა უკრაინისთვის გადაცემა დაიწყო თეთრმა სახლმა) უკრაინელები მოახერხებენ ზუსტი საჰაერო დარტყმების განხორციელებას, რუსულ სამხედრო აეროდრომებზე, სარკინიგზო კვანძებზე, შტაბებზე,საბრძოლო საჭურვლის საწყობებზე, ეს აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევით შესაძლებლობებზე, უშუალოდ ფრონტის ხაზზე, რითაც ძალიან დაეხმარება თავდაცვით ზღუდეებზე სანგრებში მებრძოლ უკრაინის დამცველებს აღმოსავლეთ (და არა მარტო) ფრონტის ხაზის დასტაბილურებისთვის...