"მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიხმო" - იუსტიციის მინისტრი - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიხმო" - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი, რაც დადასტურდა თავად სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 მაისს, როდესაც მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა მკურნალობის მიზნით, პოლონეთში გადაყვანაზე.

ამის შესახებ ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის მსჯავრდებულ სააკაშვილის წერილი სტრასბურგის სასამართლოდან მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. 18 აპრილით დათარიღებულ წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროს ეთხოვა კომენტარის გაკეთება 10 მაისამდე ასეთის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ დღეს გავაგზავნეთ შესაბამისი პასუხი, რომელშიც აღნიშნავთ, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი, რაც დადასტურდა თავად სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 მაისს, როდესაც მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა მკურნალობის მიზნით პოლონეთში, კერძოდ, ვარშავის კლინიკაში გადაყვანაზე. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ, გვაცნობონ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საქმის ამორიცხვის ფაქტი“,-განაცხადა რატი ბრეგაძემ.

"ინტერპრესნიუსი"