აჩრდილი, რომელიც პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს ანუ რისი ეშინია გერმანიას?! - კვირის პალიტრა

აჩრდილი, რომელიც პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს ანუ რისი ეშინია გერმანიას?!

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მეორე მსოფლიო ომის ისტორიული გამოცდილება რუსული აქტივების კონფისკაციისა და მათი უკრაინისათვის გადაცემის ნებას არ იძლევა: რატომ არის გერმანია წინააღმდეგი“ (ავტორი - ბოიან პანჩევსკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იმ დროს, როცა აშშ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების (300 მილიარდი დოლარი, რომელიც უკრაინის ომის დაწყებიდან გაყინულია) კონფისკაციის წინადადებით გამოდის - მოსკოვის მიმართ რეპარაციის სახით, გერმანია კატეგორიულად ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ინიციატივას. ბერლინი შიშობს, რომ გაყინული ფასეულობების კონფისკაციამ შეიძლება პრეცედენტი შექმნას და სასამართლოებში ახალი სარჩელების წარდგენის საფუძველი გახდეს, მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის.

აშშ და დიდი ბრიტანეთი აცხადებენ, რომ რუსეთის აქტივების კონფიკაციას უდიდესი პოზიტიური მნიშვნელობა ექნება უკრაინის გამარჯვებისათვის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ევროპის ერთიანი მხარდაჭერის გარეშე ვაშინგტონისა და ლონდონის ჩანაფიქრი ფაქტიურად ვერ განხორციელდება.

როგორც ცნობილია, რუსეთის აქტივები თავისი მოცულობით რამდენჯერმე აღემატება იმ თანხას (61 მილიარდ დოლარს), რომელიც ამას წინათ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის დაამტკიცა. თეთრი სახლის აზრით, რუსული აქტივების კონფისკაცია და მათი უკრაინისათვის გადაცემა სასარგებლო იქნება ქვეყნის დასუსტებული შეიარაღებული ძალების განმტკიცებისა და ეკონომიკის აღდგენისათვის.

რუსეთის კუთვნილი ფულის ორი მესამედი ევროპის კლირინგულ ცენტრებში არის გათავსებული. გერმანია მხარს უჭერს მხოლოდ აღნიშნული თანხიდან მიღებული პროცენტული შემოსავლების გამოყენებას, უკრაინისათვის იარაღის შეძენის მიზნით. ბერლინის მსგავსად, პარიზი, რომი და ევროპის ცენტრალური ბანკიც ყოყმანობენ მხარი დაუჭირონ აშშ-ის ინიციატივას - ისინი შიშობენ, რომ რუსული რეზერვების კონფისკაცია ძირს გამოუთხრის საერთაშორისო ნდობას ევროს მიმართ

„დიდ შვიდეულშიც“ (G7) თვალსაზრისი იმაზე, საჭიროა თუ არა რუსული აქტივების კონფისკაცია, ერთნაირი არ არის. წინააღმდეგია, მაგალითად, იაპონია. რატომ? იმიტომ, რომ მას რეპარაციულ პრეტენზიებს უყენებენ სამხრეთ კორეა და სხვა მეზობლები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში იაპონიას მიერ იყვნენ დაპყრობილი.

რუსული ფულის კონფისკაციის საკითხის მიმართ ბერლინის მკვეთრ ნეგატიურ პოზიციას თავისი მიზეზები აქვს - იმიტომ, რომ რეპარაციების გადახდა გერმანიისათვის ძალიან მწვავე საკითხს წარმოადგენს. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ათეულობით წელია გასული, ეს პრობლემა კი გერმანიის მეზობლებს დღემდე არ ასვენებთ - ისინი პერმანენტულად მოითხოვენ ბერლინისაგან ფაშისტური რეიხის მიერ გაჩაღებული ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

საერთოდ, გერმანიამ ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებს და მათ შორის საბჭოთა კავშირს, ფული უკვე გადაუხადა. ბერლინმა 1952 წლიდან 90 მილიარდი დოლარი გადაურიცხა ჰოლოკოსტის მსხვერპლი ებრაელების ოჯახებს და მათ, ვინც ცოცხალი გადაურჩა „სიკვდილის ბანაკებს“. მაგრამ ბოლო დროს ისევ ისმის მოწოდებები, რომ გერმანიამ მიყენებული ზიანის ანაზღაურება კიდევ უნდა გააგრძელოსო. მაგალითად, პოლონეთი, რომელიც ნაცისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიპყრო, 2022 წლიდან ბერლინისაგან 1,3 ტრილიონი დოლარის გადახდას ითხოვს, ხოლო საბერძნეთი 2019 წლიდან - 300 მილიარდ დოლარზე მეტს. დაახლოებით იმდენივეს მოითხოვს იტალიაც.

გერმანიის მტკიცებით, რეპარაციების გადახდის საკითხი უკვე მოგვარებულია 1990 წლის აშშ-სსრკ-გერმანიის ხელშეკრულებით ორი გერმანიის (გფრ-გდრ) გაერთიანების შესახებ, თუმცა პოლონეთი, საბერძნეთი და იტალია აცხადებენ, რომ რადგანაც მათ ხელშეკრულებისათვის ხელი არ მოუწერიათ, ამიტომ რეპარაციების საკითხი ღიად რჩება.

2004 წელს, როცა პოლონეთი ევროკავშირის წევრი გახდა, ბერლინმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს თავისი მოქალაქეების სარჩელს პოლონეთის წინააღმდეგ, რომლებიც ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ 1945 წელს პოლონეთისადმი მიერთებული ტერიტორიაზე მცხოვრები გერმანელების გაძევებისა და მათი ქონების ექსპროპრიაციისათვის. თავის მხრივ, პოლონეთმაც უარი თქვა თავის მოთხოვნებზე რეპარაციების გადახდის საკითხში. მაგრამ ეს პრობლემა დროდადრო მაინც აქტუალური ხდება და გაღიზიანებას იწვევს.

ბოლო წლებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა იტალიის სასამართლოებმა მოქალაქეები გერმანიის ოკუპაციის მსხვერპლად ჩათვალეს და მათთვის კომპენსაციის გადახდა დაადგინეს. საქმე იმაშია, რომ 1943 წელს გერმანიის ვერმახტმა, ბენიტო მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ, ჩრდილოეთისა და ცენტრალური იტალიის ოკუპირება განახორციელა და ბევრი იტალიელი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. სასამართლოების გადაწყვეტილებით, იტალიის ტერიტორიაზე არსებული გერმანიის ქონება კონფისკაცია უნდა მოხდეს და ფული იტალიელებს გადაეცეთ.

თავის მხრივ გერმანიამაც სარჩელი შეიტანა იტალიის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, იტალიის მთავრობამ უარი განაცხადა საქმეების შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევას არ დაუშვებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული აქტივების კონფისკაცია „21-ე საუკუნის მეკობრეობის“ გამოვლენა იქნება. კრემლმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებლად მიიღებს საპასუხო ზომებს რუსეთის ტერიტორიაზე და რუსულ ბანკებში არსებული დასავლეთის აქტივების მიმართ.

ანდრეას რედერი, მაინცის ი. გუტენბერგის სახელობის უნივერსიტეტის თანამედროვე ისტორიის პროფესორი თვლის, რომ იტალიისა და პოლონეთის პრეტენზიები გერმანიის მიმართ საფუძვლიანია, თუმცა ასევე საფუძვლიანია გერმანიის უარიც. პრობლემა მხარეებმა ურთიერთმოლაპარაკებით უნდა მოაგვარონ.

რუსული აქტივების მიმართ „დიდი შვიდეულის“ (G7) ჩარჩოებში, როგორც ჩანს, რთული კომპრომისის კონტურები იკვეთება. შეერთებულმა შტატებმა ჯგუფის წევრებს შესთავაზა, რომ კონფისკაცია შეეხოს გაყინული აქტივებისაგან მიღებულ მოგებას 10 წლის განმავლობაში, რომელიც შეიძლება უკრაინას მოხმარდეს.

დღეისათვის აშშ-ის ტერიტორიაზე 6 მილიარდამდე დოლარის რუსული აქტივებია განთავსებული. ამას წინათ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას ნებას აძლევს რუსული აქტივების კონფისკაცია მხოლოდ ამერიკული იურისდიქციის ჩარჩოებში განახორციელოს.

როგორც ამერიკელი იურისტები აცხადებენ, საერთაშორისო სამართლის დებულებების მიხედვით, ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ კონტრზომები გამოიყენონ იმ სახელმწიფოს მიმართ, რომლებიც საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევენ - თანაც ისეთი კონტრზომების მიღება, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ამასთან, იმავე იურისტებსა და პოლიტიკოსებს შორის უთანხმოებაა იმაზე, აქვს თუ არა ასეთი უფლება სხვა ქვეყნებს, უკრაინის გარდა, რომელიც რუსეთის აგრესიის პირდაპირ ობიექტს (მსხვერპლს) წარმოადგენს.

თავდაპირველად აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ რუსეთის აქტივების კონფისკაციის ნეგატიური შედეგები შეიძლება ამერიკას და მის მოკავშირეებს (მაგალითად, ისრაელს) ბუმერანგივით უკან დაუბრუნდესო. ამიტომაც ისინი უპირატესობას აძლევენ იმას, რომ კონფისკაციის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ უკრაინის სპონსორებს, რომლებიც თვითონაც ზარალდებიან უკრაინის ომით (ანუ კიევს იარაღს და ფულს აძლევენ).

ბარტ შევჩიკი, ამერიკელი იურისტი, რომელიც ადრე საერთაშორისო სასმართლოში მუშაობდა, აცხადებს, რომ გერმანიის შიშები ზიანის ანაზღაურების საკითხში პრეცედენტის შექმნაზე უსაფუძვლოა. „ლოგიკა მიგვანიშნებს, რომ კონტრზომები (ამ შემთხვევაში - კონფისკაცია) გამოყენებული უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის დღევანდელი დამრღვევების მიმართ და არა მათ წინააღმდეგ, რომლებმაც 80 წლის წინ რაღაც ჩაიდინეს“, - განაცხადა მან.

მაგრამ როგორც გერმანელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელიც თვითონ არის იურისტი და რომელიც ოდესღაც საკუთარ იურიდიულ კომპანიას ხელმძღვანელობდა, რისკის გაწევა არ სურს. მისი ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, თუ გერმანია რუსული აქტივების კონფისკაციაზე დათანხმდება, მაშინ სხვა სახელმწიფოებს [ძირითადად „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს] საბაბი მიეცემათ ევროპულ დედაქალაქებს პრეტენზიები წაუყენონ მონობისა და კოლონიალიზმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით

წყარო