გეოპოლიტიკური "მიწისძვრა" საქართველოში: დიდი ბრძოლა პატარა ქვეყნისთვის?! - "შეიძლება არჩევნებზე ლაპარაკიც აღარც იყოს, ისე მძიმედ განვითარდეს მოვლენები" - კვირის პალიტრა

გეოპოლიტიკური "მიწისძვრა" საქართველოში: დიდი ბრძოლა პატარა ქვეყნისთვის?! - "შეიძლება არჩევნებზე ლაპარაკიც აღარც იყოს, ისე მძიმედ განვითარდეს მოვლენები"

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ გიორგი გობრონიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 29 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა.

- თუნდაც დავუშვათ, რომ საქართველომ დაიწყო გეოპოლიტიკური ვექტორის შეტრიალება რუსეთისკენ, უცნაურია და ყოვლად გაუგებარი, რა განაპირობებს ჩვენი ხელისუფლების ამგვარ სიხისტეს. რა გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლექსიკა დასავლეთის შესახებ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, იმაზე ხისტი და მკაცრია, ვიდრე აქვთ ირანის ისლამურ რეჟიმს, ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთს ან რუსეთს, ან ოთხივეს ერთად. წარმოგიდგენიათ, ჩვენი ხელისუფლების წევრები ლაპარაკობენ ისე, როგორც კიმ ჩენ ინიც კი არ ლაპარაკობს. ეს ჩემთვის დიდი გამოცანაა. ფაქტობრივად, შეუძლებელია ამის რაციონალური შეფასება. ეს არ ზის არც დიპლომატიის ჩარჩოებში, არც პარტნიორობისა და არც კონკურენციის... მეტიც, ეს ყველაფერი გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილების ჩარჩოშიც კი არ ჯდება. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ ამას თვითონ ახსნიან, გვეტყვიან, რამ განაპირობა მათი იმგვარი ქცევა, რომ თითქოს ჩვენ ვიყოთ დასავლეთთან დაპირისპირებული დიდი სახელმწიფო, ბირთვული იარაღით, საავიამზიდო ფლოტით და კოსმოსური პროგრამით. არათუ არა ვართ ასეთი სახელმწიფო, ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული დასავლეთზე, ჩვენი სუვერენიტეტის გარანტია სწორედ აშშ-ისა და ევროპის მხარდაჭერაა. რატომ უარყო საქართველოს მმართველმა ელიტამ ყველანაირი დიპლომატიური ეთიკა და ეტიკეტი, რატომ გადავიდა ამგვარ დაპირისპირებაზე და რატომ საუბრობენ ასეთი შეურაცხმყოფელი ლექსიკით? ამის ახსნა მე არა მაქვს. იქნებ რამე ისეთი იციან, რაც ჩვენ არ გვესმის ან იქნებ რაიმე ისეთის იმედი აქვთ, რაც ჩვენ არ ვიცით.

ამ ვითარებაში მე საიმედოს ვერაფერს ვხედავ. არ მესმის, რატომ უნდა აკეთებდნენ ამ ყველაფერს, თუნდაც მაშინ, თუ მართლაც რუსეთის ორბიტაზე ბრუნდებიან. ჩვენ მივიღეთ ძალიან საგანგაშო სიგნალები როგორც ევროპარლამენტისგან, ისე აშშ-ის სენატისგან. სამარცხვინოა თქმა, რომ თურმე ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს და მაკულატურაა. მშვენივრად იციან, რომ ასე არ არის და თუ კვლავაც ასე გააგრძელებს საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას, დიდი საფრთხეა, რომ მართლაც შეგვიჩერონ ვიზალიბერალიზაცია და ზურგიც შეგვაქციონ.

კიდევ ვიმეორებ, ამ რეზოლუციის გარდა, იყო ამერიკელი სენატორების არაორაზროვანი გაფრთხილებაც. ეს ყველაფერი საჭიროებს ძალიან სერიოზულ დაფიქრებასა და გაანალიზებას, თუ რას უქადის ამგვარი კონფრონტაცია საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს.

ვიმეორებ, მაშინაც კი, თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლება საქართველოს აბრუნებს რუსეთის ორბიტაზე, მას, როგორც სახელმწიფოს, აქვს საერთაშორისო ვალდებულებები თავის პარტნიორებთან და უნდა შეასრულოს. ან საქმე გვაქვს გაუგებარ ეიფორიასთან, ან შიდა და გარე პოლიტიკას შორის წაშლილ ზღვართან, ან სრულ არაკომპეტენტურობასთან, ან საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დივერსიასთან. რაციონალური საზომითა და თეორიული ჭრილით საქართველოს ხელისუფლების ამ მოქმედებების ახსნა შეუძლებელია. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ განმარტავენ, საიდან და რის საფუძველზე გადაწყვიტეს საერთაშორისო პარტნიორებთან მსგავსი ტონით საუბარი. ვიმეორებ, ამგვარად დასავლეთთან რუსეთის ფედერაციაც კი არ ლაპარაკობს, რომელიც, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია დასავლურ კოალიციასთან.

- დამეთანხმებით, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე ამერიკელი სენატორების მიმართვა კობახიძისადმი, ძალიან სახიფათო გზავნილების შემცველია. თუ ხელისუფლებამ კვლავაც ამგვარად გააგრძელა დასავლეთთან ურთიერთობა, რა ელის ჩვენს სახელმწიფოს?

- სამწუხაროდ, ამან შეიძლება მიგვიყვანოს ქვეყნისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრულ იზოლაციამდე, როდესაც მმართველი ჯგუფი სრულიად მიუღებელი იქნება დასავლეთისთვის და ამასთანავე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიუღებლად იქცეს რუსეთისთვისაც. საქმე ის არის, რომ ღმერთმა დაიფაროს და, თუ დასავლეთმა მართლაც ზურგი შეგვაქცია, კრემლმა შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებაში კიდევ უფრო ყურმოჭრილი მონების მოყვანა მოინდომოს. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ამ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი პუტინის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა პეშკოვმა, კრემლის პროპაგანდისტმა დუგინმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა... მეტიც, დუმის დეპუტატები საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, აქციებზე არ გახვიდეთო, რაც ნიშნავს, რომ ამ მხარდაჭერით კიდევ უფრო აღვივებენ ეჭვს, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი შეიძლება იდგეს. შესაბამისად, ძირს უთხრიან "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. კრემლში მშვენივრად იციან, რა რეაქციას იწვევს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში დუგინის, პესკოვის თუ ლავროვის მხარდაჭერა.

ფაქტია, მთელი ამ პროცესით კანონპროექტის ხელახლა ინიცირებით მმართ­ველმა ძალამ უპირველესად საკუთარ თავს მიაყენა დიდი ზიანი. ვერ გამოვრიცხავთ, რომ მალე ისეთი ვითარება შეიქმნას საქართველოში, რაც 2003 წელს იყო, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მიუღებელი გახდა დასავლეთისთვისაც და რუსეთისთვისაც. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკურ არასტაბილურობას, საზოგადოების პოლარიზაციასა და დემორალიზაციას. უნდა გვესმოდეს, როდესაც ვსაუბრობთ რუსულ საფრთხესა და რისკებზე, ჩვენ არ ვლაპარაკობთ რიგით პრობლემებზე, ეს არის რისკები, რაც უკავშირდება ჩვენს სახელმწიფოებრიობას. დემორალიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების შემდგომი ნაბიჯი იქნება ქვეყნის პირდაპირი ან ირიბი ანექსია. შეიძლება პირდაპირ საქართველოს დამოუკიდებლობა არ წაართვან, მაგრამ იქნება უკიდურესი ფორმალიზებული რუსული მმართველობის ქვეშ.

რისი იმედი ჰქონდა მმართველ პოლიტიკურ ძალას, როდესაც აბსოლუტურად არაფრისგან, ხელოვნურად შექმნა ეს პოლიტიკური კრიზისი. მოდი, გადავხედოთ ვითარებას ქვეყანაში ამ კრიზისამდე. საქართველოს ჰქონდა ძალიან კარგი დიპლომატიური წარმატება როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩვენ შევძელით გაგვეჭრა შესაძლებლობების ახალი ფანჯარა ჩინეთისკენ, ასევე შევძელით მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და მეტიც, უფრო წინ შეიძლებოდა წავსულიყავით ამ გზაზე და გაგვეხსნა გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები წელსვე. ამასთანავე, ბოლო წლებში ეკონომიკამ ცოტა წინ წაიწია და განწყობა საზოგადოებაში პოზიტიური იყო - ცოტა გაზვიადებულად თუ ვიტყვით, ჩვენს საზოგადოებას ერთადერთი პრობლემა ის ჰქონდა, როგორ წასულიყო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ და აი, მოწმენდილ ცაზე, ფაქტობრივად, არაფრისგან შექმნეს პოლიტიკური კრიზისი, თან არჩევნების წინ, რამაც ქვეყანაში შექმნა იმგვარი ტურბულენტობისა და რისკების საფრთხე, რომ შეიძლება არჩევნებზე ლაპარაკიც აღარც იყოს, ისე მძიმედ განვითარდეს მოვლენები.

წაიკითხე ვრცლად: „პოლიტიკური კრიზისია, ძალიან საგანგაშო სიგნალები მივიღეთ...“