"კარგი რუსი" ანუ მამა გრიგორის ამბოხება - რას ჰყვება რუსი მღვდელი, რომელმაც რუსეთის უკრაინაზე გამარჯვებასთან დაკავშირებით ლოცვაზე უარი განაცხადა - კვირის პალიტრა

"კარგი რუსი" ანუ მამა გრიგორის ამბოხება - რას ჰყვება რუსი მღვდელი, რომელმაც რუსეთის უკრაინაზე გამარჯვებასთან დაკავშირებით ლოცვაზე უარი განაცხადა

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვოს საპატრიარქო იმ სასულიერო პირებს სჯის, რომლებიც წირვის მსვლელობისას „წმინდა რუსეთის გამარჯვების“ ლოცვის წაკითხვაზე უარს ამბობენ. ეს ლოცვა კი მას შემდეგ გახდა ლიტურგიის განუყოფელი ნაწილი, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. ერთ-ერთი სასულიერო პირი რუსეთის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა. BBC დაუკავშირდა ამ ისტორიის მთავარ გმირს, რომელმაც ღიად ისაუბრა, რატომ არის ომის წინააღმდეგი და რატომ არ დაემორჩლა ამ კანონს.

აპრილის დასაწყისში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც რუსეთის ეკლესიის დისციპლინარული კომისიის წევრები ლანძღავდნენ მღვდელს, რომელმაც უარი განაცხადა „Святой Руси“-ს გამარჯვებაზე ლოცვები აღევლინა. პატრიარქმა კირილმა 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის ეკლესიის მრევლს მოსთხოვა, რომ ეს ლოცვა წაეკითხათ. ლოცვის კითხვისას ისინი უფალს მიმართავენ, გაიმარჯვონ იმათზე, ვინც „თავს დაესხმება წმინდა რუსეთს“. მთელი ტექსტი ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსეთის საპატრიარქო ოფიციალურად უჭერს მხარს უკრაინაზე თავდასხმას.

მღვდელმსახურები, რომლებიც უარს იტყვიან ამ ლოცვის აღვლენაზე, ისჯებიან. მაგალითად, დეკანოზ ალექსეი უმინსკის, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოვიდა, მსახურება აუკრძალეს. რუსული მედიის ინფორმაციით, დეკანოზი ალექსეი უმინსკი მოსკოვის ტაძრის წინამძღვრობიდან გადააყენეს.

"არ შემიძლია ამ სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერა. ვლოცულობ მშვიდობისთვის, ვლოცულობ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაშავდეს", - აღნიშნა სასულიერო პირმა, რის გამოც ის თანამდებობიდან გადააყენეს.

საეკლესიო დისციპლინარული კომისიის სხდომის პირველი აუდიოჩანაწერი, რომელიც 2023 წლის ბოლოს გაიმართა, პროექტ Мир всем-ის საშუალებით გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, ამ პროექტის ფარგლეში იმ მღვდელმსახურებს ეხმარებიან, რომლებიც ომის წინააღმდეგნი არიან. როგორც ჩანაწერით ირკვევა, მღვდელმსახურს, რომელიც კანონს არ დაემორჩილა, გრიგორი ჰქვია. BBC-ს კორესპონდენტი ესაუბრა სასულიერო პირს, თუმცა უსაფრთხოების მოსაზრებების გამო, მის ნამდვილ სახელს არ ასახელებს.

„გამარჯვების ვედრება გულისხმობს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ერთი ეკლესიის წევრები, მოკლავენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, იმავე ეკლესიის წევრებს მანამდე, სანამ ისინი წინააღმდეგობის გაწევას არ შეწყვეტენ, რაც თავისთავად არის გამარჯვება“, - აღნიშნავდა მამა გრიგორი შეკრებაზე. „ლოცვაში ამ მიმდინარე ომზე სიტყვაც არ წერია“ - პასუხობდნენ მას კომისიის წევრები.

განხილვის შემდეგ, მამა გრიგორს აუკრძალეს მსახურება, სხვა ტაძარში გადაიყვანეს და ჩამოაქვეითეს.

„ისეთი ამბები ხდება, როგორ არ უნდა ილოცო?“

როგორც BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ, მამა გრიგორი ერთ-ერთი დიდი ქალაქის ტაძარში წლების განმავლობაში მსახურობდა. როცა ომი დაიწყო, მამა გრიგორმა მაშინვე გადაწყვიტა, რომ არ დამალავდა საკუთარ აზრს და დააფიქსირებდა რომ ომის წინააღმდეგია.

„ლიტურგიის დასაწყისში ჩვენ უამრავი ლოცვა გვაქვს მათ შორის ჩვენს ქვეყანაზე და მთავრობაზე, სადაც მე ჩავამატე სიტყვა: „და მათ ნატანჯ უკრაინაზე“ , - აღნიშნავს გამოცემასთან სასულიერო პირი. მრევლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ამის შესახებ ტაძრის წინამძღვარს შესჩივლა, რომელიც ამბის გასარკვევად მამა გრიგორთან მივიდა.

„მე ვეუბნები: ისეთი ამბები ხდება, როგორ არ უნდა ვილოცო? მაგრამ მან მკაცრად მომთხოვა, არაფერი ჩამემატებინა. კარგი მესმის - ამის გამო პასუხს მოსთხოვენ“ , - აღნიშნავს მღვდელი.

თუმცა როცა რუსეთის პატრიარქმა 2022 წელს მოითხოვა „წმინდა რუსეთის შესახებ“ ყველას ელოცა, მამა გრიგორი ამბობს: "ეს ჩემთვის, როგორც ახლა ამბობენ, წითელი ხაზი იყო“. ის მივიდა ტაძრის წინამძღვართან და განუცხადა, რომ ამ ლოცვას არ აღავლენდა.

„ვუთხარი, რომ მზად ვარ წავიდე, რადგან ეს ჩემს სინდისს ეწინააღმდეგება. მან ჩაიცინა, დაფიქრდა და კონკრეტული არაფერი უთქვამს. გავაგრძელე მსახურება, უბრალოდ ამ ლოცვას არ ვკითხულობდი. დაახლოებით წელიწადნახევარი გაგრძელდა ასე. შეიძლება ითქვას, ხელს მაფარებდა, რის გამოც მადლიერი ვარ“, - აღნიშნავს მღვდელი.

როგორ მივიდა ეს ამბავი კომისიამდე, სასულიერო პირმა ზუსტად არ იცის. კითხვაზე, რატომ არის მისთვის პრინციპული, რომ ეს ლოცვა არ წაიკითხოს, მღვდელი აღნიშნავს: „არაეთიკურად მიმაჩნია უფალს არასწორ საქმეში დახმარება სთხოვო“.

როგორც გამოცემასთან მღვდელმსახური ამბობს, ლოცვისას უფალს პირდაპირ მივმართავთ, რომ დაეხმაროს დაჭრილებს, განსაცდელში მყოფებს და ეს კარგია, მაგრამ „არ არის საჭირო უფლის წინაშე ვიცრუოთ, თითქოს ვინმე თავს დაესხა წმინდა რუსეთს. თუ წმინდა რუსეთში ჩვენ მოვიაზრებით, ეს სწორედ ჩვენ მივედით ტანკებით მათ ტერიტორიაზე“ , - აღნიშნავს ის.

მამა გრიგორი იხსენებს, რომ მათ ბავშობაში საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში წიგნები, ფილმები გადავსებული იყო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ისტორიებით და ახლა ყველაფერს ამ ფილმებს პრიზმაში განიხილება. "როცა ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, შემიძლია გავიგო, რომ გამარჯვებისთვის ვილოცოთ, მაგრამ როცა ჩვენ ვართ თავდამსხმელი, რა პრობლემაც არ უნდა იყოს, ამ პრობლემის ასე გადაჭრა არაქრისტიანული მგონია“ - აღნიშნავს მამა გრიგორი. წყარო