"ჩვენი ხელისუფლების ადგილზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ! სხვა თაობა მოვიდა, ჩვენივე აღზრდილი... და ახლა მათაც ვაცალოთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ხელისუფლების ადგილზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ! სხვა თაობა მოვიდა, ჩვენივე აღზრდილი... და ახლა მათაც ვაცალოთ"

"სხვა თაობა მოვიდა, ჩვენივე აღზრდილი... და ახლა მათაც ვაცალოთ. თავისი დრო და ადგილი აქვთ, თავისი მიზნები და მისწრაფებანი, თავისი აუცილებელი და აუცდენელი შეცდომები". ახალგაზრდების აქტიურობას ჩვენი საზოგადოების ნაწილი სიხარულით შეხვდა, თუმცა არის ხალხი, რომელსაც მათზე უარყოფითი შეხედულება აქვს. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ცნობილი მსახიობი და დირიჟორი ირაკლი ჩოლოყაშვილი.

- ისინი, ვინც ჩვენს ახალგაზრდებს "რადიკალებად" ნათლავს, ძირითადად, ხელისუფლების და "რუსული კანონის" მომხრეები არიან. აბა, მათი მოსაწონი საპროტესტო აქციაზე გამოსული ხალხი როგორ იქნება? გავიხსენოთ, რომ 1990-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის მონაწილეებსაც რადიკალებს ეძახდნენ და ახლა, ვინც "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეა, ყველას ასე ნათლავენ, რატომ გვიკვირს? ამ ადამიანების მოსაწონი მხოლოდ ეს ხელისუფლებაა, თუმცა, მათი ნარატივი, საბედნიეროდ, არ მუშაობს.

- ძალიან მწვავედ მიიღო ხელისუფლებამ ცნობილი ხელოვანებისა და სპორტსმენების პოზიციაც, რომლებმაც "რუსული კანონის" ხელახლა შემოტანა გააპროტესტეს. რატომ?

- ესეც გასაგებია: თქვენც გეხსომებათ და მკითხველსაც, რომ მათი სამიზნე დასაწყისშივე ცნობილები იყვნენ. ვიდრე "ქართული ოცნება" შეიქმნებოდა და ჩამოყალიბდებოდა, "ქართუ ფონდი", რატომღაც, სწორედ პოპულარულ ადამიანებს აფინანსებდა და ეხმარებოდა. ამ პროფესიის ხალხს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში დიდი როლი აკისრია. წარმატებულ სპორტსმენებსა და ხელოვანებს ფართო მასებთან აქვთ შეხება, ვინაიდან ისინი საყოველთაოდ ცნობილები არიან. ივანიშვილის ფონდი ამ ხალხს პროფესიული ნიშნით ირჩევდა და მათ ეხმარებოდა, ვინც უფრო პოპულარული იყო. მე და ჩემმა მეგობრებმა ეს თავიდანვე გავაცნობიერეთ და ივანიშვილის დახმარებაზე უარი ვთქვით. ეს როდის მოხდა? - როგორც კი ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა და პარტიას აფუძნებდა, ჩვენც მაშინვე დავუსვით წერტილი "ქართუსგან" თანხის მიღებას. ახლა მსახიობებს ვეღარ აკონტროლებენ, რადგან თითქმის ყველა მიხვდა, რომ "ქართული ოცნება" რუსული პროექტია. რასაკვირველია, ხელისუფლება უკმაყოფილოა, რომ მსახიობებს, მომღერლებს თუ სპორტსმენებს განსხვავებული პოზიცია აქვთ.

- 26 მარტის მატჩში გამარჯვების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში საოცარი გარემო იყო, შემოიტანეს ეს კანონი და ქართველებს შორის ჩხუბი და დავიდარაბა განახლდა. ვის აძლევდა ხელს ამ მივიწყებული კანონპროექტის "გაცოცხლება"?

- ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომელიც ყველანაირად ცდილობს, თავის ორბიტაზე დაგვაბრუნოს. ცხადია, ჩვენი წარმატება ევროპულ ასპარეზზე რუსეთს არ უხარია. შემთხვევითი კი არ არის, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ანალოგიური კანონი მიიღო. ზუსტად ერთ კვირაში, ჩვენმა ხელისუფლებამაც ეს კანონი შემოიტანა. ეს არის საგანგებო დავალება ივანიშვილისთვის, რომელიც რუსეთმა გასცა და მან პირნათლად შეასრულა. სწორედ ამიტომ, ე.წ. აგენტების შესახებ კანონს მხოლოდ სახელწოდება შეუცვალეს და მეორედ შემოიტანეს, მიუხედავად იმისა, რომ შარშან ამგვარ საქციელს დიდი ამბები მოჰყვა. რატომ გარისკეს? - იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" დამოუკიდებელი არ არის, ის კრემლის გაგრძელებაა საქართველოში. ყველაფერი მზესავით ნათელია: დავალება მიიღეს და შეასრულეს, რადგან პუტინს მორჩილი საქართველო სჭირდება და არა ძლიერი, წელგამართული. აქედან გამომდინარე, კრემლი ისეთ დავალებებს გასცემს, რომელიც მისთვის მისაღებია. საწყენია, რომ ამ ბრძოლასა და ჭიდილში ჩვენმა ქვეყანამ 12 წელი დაკარგა.

- თუმცა, 12 წლის წინ "ქართული ოცნება" კოალიცია იყო და ყველა ოპოზიციურ ძალას აერთიანებდა, ბევრმა ამიტომაც მისცა ხმა.

- შეგახსენებთ, რომ თითქმის ყველა ხელისუფლება საქართველოში კოალიციით მოვიდა, "მრგვალი მაგიდით" დაწყებული, "ქართულ ოცნებამდე", რომელიც თავის დროზე მართლაც იყო კოალიციური ძალა, თუმცა, ამ "კოალიციაში" მისი სატელიტი პარტიები იყვნენ და მათ არსებობას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

- საქართველოში საკმაოდ პოპულარულია მოსაზრება, რომ ჯობია, არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ და ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შევცვალოთ, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- მე ერთ შეკითხვას დაგისვამთ: ყველა ხომ ვერ მოითმენს იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს თავს ხდება? როცა უსამართლობას ხედავ, ადვილად ვერ გაჩუმდები. სწორედ ამიტომაა, რომ ხალხი აპროტესტებს. ისიც ფაქტია, რომ დასაკარგი ბევრი გვაქვს - უპირველესად კი, ევროპულ მომავალს ვკარგავთ. შეიძლება არჩევნებამდე ვერც მივიდეთ, თუ ეს კანონი ძალაში შევა. რუსეთშიც ასე მოხდა: თავიდან მიიღეს მსგავსი კანონი, რომელიც ძალიან "დავარცხნილი" და ზომიერი იყო, მაგრამ მერე შესწორებები შეჰქონდათ. დიდია ალბათობა, რომ აქაც იგივე განმეორდეს - შეიძლება კანონი ყოველ კვირაში გაამკაცრონ და მერე დროშის გადმოფენის ან პროტესტის გამოხატვის გამოც კი უდანაშაულო ხალხი ციხეში ჩასვან. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამგვარი კანონი ფრანგებსაც აქვთ და ამერიკელებსაც, რომ ეს რუსული კანონი არ არის, მაგრამ ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა კარგად იცის, რაშია საქმე. კიდევ ერთ შეკითხვას დავსვამ: ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან რომელიმე ამბობს, რომ ეს კანონი ევროპულია? პარადოქსია, რომ ჩვენ ვაცხადებთ, ევროპაში მივდივართო, ევროპელები გვეუბნებიან, ამ კანონს თუ მიიღებთ, ჩვენს ოჯახში ვერ მიგიღებთო, მაგრამ მაინც ვიღებთ. ხომ ვხედავთ, რომ ერთადერთი, ვინც ამ კანონს იწონებს, რუსეთი და კრემლის პროპაგანდისტები არიან?

- კი მაგრამ, ამ ყველაფერს ჩვენი ხელისუფლებაც ხომ ხედავს?

- "ქართული ოცნების" მესვეურები კარგ დღეში არ არიან, რადგან ივანიშვილი ერთადერთია, ვისაც შეუძლია თავისი მომავალიც დაიცვას, ფინანსებიც და გვერდზე გაიწიოს, მაგრამ რომც გაიწიოს, გარანტიას ვინ მისცემს, რომ სანქციები არ დაეკისრება? საკითხავია, მისი გუნდის წევრები ამ ქვეყანაში ცხოვრებას როგორ აპირებენ მოღალატის სახელით და იარლიყით? - ამიტომ, მათ ადგილზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებდი - ეს ხალხი ივანიშვილის ტყვეობაშია, ხოლო ივანიშვილი - პუტინის ტყვეობაში. ეს ჯაჭვი როდის გაწყდება, ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.

- საინტერესოა, რომელ ეპოქას გაგონებთ დღევანდელი საქართველო?

- ისევ ჩვენს ისტორიას ბოლო 30 წლის განმავლობაში, რადგან სულ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ. ეროვნული მოძრაობის მიერ მოტანილი დამოუკიდებლობა ვერ შევირგეთ, რადგან თავისუფლების დაცვას მუდმივი ბრძოლა სჭირდება, ჩვენ კი დავმშვიდდით, გვეგონა, საწადელს მივაღწიეთ და სამშვიდობოს გავედით. სამწუხაროა, მაგრამ ასე არ არის. ამ 30-32 წლის განმავლობაში თითქმის არაფერი შეცვლილა... ამ დღეებში ვიხსენებდი: პირველი პროკლამაცია ოპერის თეატრის წინ, საპარიკმახეროში გავაკარი. 1990 წლის არჩევნები მოდიოდა და იცით, რა ეწერა იმ პროკლამაციაზე? - "არც ერთი მანდატი კომუნისტებს!" იმის შემდეგ რამდენი წელი გავიდა და მთავარ როლში ისევ რუსეთი და კომუნისტების იდეური შთამომავლები არიან, დღესაც რუსეთს ვებრძვით და მისი ჰიბრიდული ომისგან თავს ვიცავთ. 2008 წელს საბოლოოდ რომ ვერ დაგვიპყრო, სპეცოპერაცია შემოაგდო სახელწოდებით "ქართული ოცნება". ახლა კანონმდებლობით ცდილობენ ის დააკანონონ, რაც მაშინ იარაღის ძალით ვერ შეძლეს. ვინ იფიქრებდა, რომ 2024 წელს, ისევ "ქართული ოცნების" შეცვლაზე დაგვჭირდებოდა ლაპარაკი? უმრავლესობა ფიქრობდა, რომ მაქსიმუმ 2 ვადაში ეს ამბავი დასრულდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით, გვჯობნიან. დიდი იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. კარგია, რომ აღარ დარჩა ადამიანი, რომელიც კითხვის ნიშანს სვამს - ეს ხელისუფლება რუსულია თუ არა... სიმართლე საბოლოოდ გამომჟღავნდა და საბედნიეროდ, ეს გაიგო ევროპამ, რომელიც ადრე უფრო ლოიალური იყო "ქართული ოცნების" მიმართ. იმედს ვიტოვებ, რომ ოქტომბრის არჩევნები ისეთი არ იქნება, როგორიც წინა არჩევნები იყო, საარჩევნო უბნებზე იარაღის ჟღარუნს მაინც აღარ გავიგონებთ! დარწმუნებული ვარ, ევროპა ამ უსამართლობაზე თვალს აღარ დახუჭავს და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

- რას ეტყოდით იმ ხალხს, ვინც ამტკიცებს - რუსეთი ხელიდან არ გაუშვებს საქართველოს და კავკასიას, რადგან ეს მის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგებაო?

- დავუშვათ, არ გაგვიშვებს, უნდა დავდუმდეთ და მონობაში ვიცხოვროთ? თუ ბავშვებს ისევ რუსული ენა ვასწავლოთ, რომ არ დაიჩაგრონ? ბალტიის ქვეყნები ხომ გავიდნენ? - გავიდნენ და ჩვენც უნდა გავარღვიოთ მოჯადოებული წრე, რომელშიც ვიმყოფებით. რუსეთის მომხრეებს მხოლოდ ერთი არგუმენტი აქვთ: მართლმადიდებელი ქვეყანაა და მასთან სიახლოვე გვერჩივნოსო... მართლმადიდებელი სახელმწიფო არ არის უკრაინა, სადაც რუსეთი ეკლესიებს ანგრევს და ამ ქვეყნის მიწასთან გასწორება უნდა? საქართველოში ეკლესიებს არ ანგრევდნენ და ძველისძველ ფრესკებს არ ღებავდნენ? სამწუხარო ის არის, რომ მეზობლებს არ ირჩევენ, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ, რუსეთმა ცხვირი უნდა წაიტეხოს და ვისზეც ცხვირს წაიტეხს, ეს უკრაინაა. ეჭვის შეტანა ყველაფერში შეიძლება, მაგრამ მთავარი შენი შინაგანი ხმაა. პატიმარი ციხეში რომ ზის და 15 წელი აქვს მისჯილი, ის მაინც ფიქრობს, რომ ხვალ თუ ზეგ გარეთ გამოვა. სხვაგვარად მას იქ ყოფნა გაუჭირდება. ადამიანი ფსიქოლოგიურად უნდა გაძლიერდეს, თორემ თუ ხელი ჩამოუშვი და იმედი დაკარგე, შეიძლება დაავადდე და დიდხანს ვეღარც იცოცხლო. ახლა ისტორიული მომენტია. იმედი მაქვს, რომ რუსეთის ამბავი სულ მალე გაირკვევა და ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც რუსეთი იმსახურებს, მაგრამ თუ ჩვენ ხელებდაკრეფილი ვისხდებით და დაველოდებით, არაფერი გამოგვივა. მაინცდამაინც იმ დღეს უნდა ველოდოთ, პუტინს გონება როდის გაუნათდება და ცოდვების მოსანანიებლად მონასტერში წავა? თუ არ ვიბრძოლებთ, ცხოვრებას რა ფასი აქვს? ან შვილებს რა უნდა ვუთხრათ, რა მაგალითი მივცეთ?!

- დაბოლოს, ბევრი მიიჩნევს, რომ ხელოვანებმა და სპორტსმენებმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ, რომ ისინი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიონ... ამაზე რას იტყვით?

- ამას იმეორებენ ყოველთვის, როდესაც ვიღაც ქუჩაში გამოვა და რაღაცას გააპროტესტებს. ვინ დააწესა, რომელი პროფესიის ხალხი უნდა გამოვიდეს აქციებზე? სინამდვილეში, ესეც რუსული ნარატივია. 1990-იან წლებშიც ამას ამბობდნენ: ყველამ თავისი საქმე აკეთოსო და ამასობაში, ხელისუფლებამ ქვეყანა გაყიდა! რა დროს სპექტაკლების თამაშია, როდესაც ხვალ შეიძლება უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყი მოგაკრან? ჯერ შენ იქნები აგენტი, მერე - შენი შვილი. ვიდრე შეგვიძლია და ვიდრე ჩვენს შვილებს ასპარეზს გადავულოცავთ, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ დავიღლებით? - მერე ისევ მომავალი თაობა შემოგვეშველება, მაგრამ იმედი მაქვს, ამ პრობლემებს ჩვენ მოვაგვარებთ, ჩვენი შვილები კი მარტო თავიანთ პროფესიაზე იფიქრებენ და სხვაზე არაფერზე. რა თქმა უნდა, მეც მირჩევნია სპექტაკლებში ან კინოში ვითამაშო, ან კონცერტებში მივიღო მონაწილეობა, სპეცრაზმთან ჭიდაობას და გაზის ყლაპვას მაყურებლის ოვაციები და ტაში სჯობს, მაგრამ კონფორმიზმი ამ სიტუაციაში დაუშვებელია - ის ჩვენს სამშობლოს კარგს არაფერს მოუტანს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"