"ოსმალეთის უძლეველი სულთანი გადაწყვეტს, თავისი ჰარამხანა ლამაზი ქალებით შეავსოს" - "ქართველი ქალები“, რომელმაც მსოფლიო სცენები დაიპყრო და 150 წლის მანძილზე დაკარგულად მიიჩნეოდა - კვირის პალიტრა

"ოსმალეთის უძლეველი სულთანი გადაწყვეტს, თავისი ჰარამხანა ლამაზი ქალებით შეავსოს" - "ქართველი ქალები“, რომელმაც მსოფლიო სცენები დაიპყრო და 150 წლის მანძილზე დაკარგულად მიიჩნეოდა

ქართველი ქალები სილამაზითა და მშვენიერებით არიან განთქმული, ამიტომაც ფაშა 32 სპილოსა და ამდენივე თავზე ხელაღებულ მეომართან ერთად საქართველოში, ქალაქ ჯეგანისკენ გაემართება... ნაწარმოებმა დიდი ტრიუმფით მოიარა ევროპის უდიდესი ქალაქები: ვენა, ბერლინი, ბუდაპეშტი, ბრიუსელი, ბრესლაუ, სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი, მადრიდი, ლონდონი და 1871 წელს, მისი ოკეანისგაღმა პრემიერა აშშ-ში, ნიუ-იორკის „გრანდ ოპერა ჰაუსშიც“ გაიმართა. ამერიკული და ევროპული პრესა შემდეგი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ნაწარმოებს: „ნამდვილი სენსაცია“, „ბრწყინვალე სცენარი“, „გამაოგნებელი სანახაობა“, „დაუვიწყარი მუსიკა“ და ა.შ... „ნაწარმოებში ხაზგასმულია ქართველი ქალების მომნუსხველი სილამაზე, მშვენიერება; მათი მებრძოლი სული, სიმამაცე და გამბედაობა, რომლებიც კაცებზე უკეთესად გაართმევენ თავს მტრისგან საკუთარი ქალაქის დაცვას...“ - ცნობილი მკვლევარი ლაშა გასვიანი უნიკალურ ცნობებს გვაწვდის.

- პირველი ჩემი აღმოჩენა-კვლევა იყო მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის, ჟაკ ოფენბახის მიერ დაწერილი ოპერა-ბუფა სახელწოდებით „ქართველი ქალები“ ("Lეს Géორგიენნეს"), რომელიც 150-ზე მეტი წლის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა. ლიბრეტოს ავტორი გახლდათ სახელგანთქმული ფრანგი მწერალი, დრამატურგი და სატირიკოსი, ასევე სახელოვანი ფრანგი მწერლის ჟორჟ კურტელინის მამა ჟიულ მუანო, რომელსაც დახმარება მისმა მეგობარმა, დიდმა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ (მამა) გაუწია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დიუმამ 1858-1859 წწ. კავკასიაში იმოგზაურა და ამ თემაზე წიგნიც დაწერა („კავკასია“). იგი გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა. მან ექვს კვირაზე მეტი დაჰყო თბილისში, კარგად შეისწავლა ჩვენი დედაქალაქის ყოფა-ცხოვრება, სოციალური მდგომარეობა, ადათ-წესები. მეტიც, თურმე იგი გოგირდის აბანოებს ყოველ მესამე დღეს სტუმრობდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფრანგი მწერალი უძველესი ქალაქის ამ საინტერესო კულტურამ ზედმიწევნით მოხიბლა და აღაფრთოვანა. ოპერა-ბუფას ერთ-ერთ მოქმედებაში არის ეპიზოდი, სადაც ომში მტრებთან შერკინებისას დაჭრილ-დახეიბრებულ ქმრებს თავიანთი ცოლები წყლით მკურნალობას დაუწყებენ და წარწერაც კი ფიგურირებს: „აქ ჩვენ წყლით ვმკურნალობთ“. ვფიქრობ ეს პასაჟი ნაწარმოებში სწორედ დიუმას გავლენით შევიდა. ნაწარმოების პრემიერა 1864 წლის 16 მარტს, პარიზის „თეატრე დე ბუფე პარიზიენში“ გაიმართა და მას არნახული წარმატება ხვდა წილად. იმ დროისთვის ცნობილი პერიოდული გამოცემა „რევიუ მუზიკალ დე პაღი“, 20 მარტით დათარიღებულ რეცენზიაში მკითხველს მონდომებით აუწყებს ამ წარმატებას და იმასაც აღნიშნავს, რომ ამ პრემიერას თვით დიუმაც ესწრებოდა.

- ქართველი ქალის სილამაზე არის ნახსენები?

- დიახ. ნაწარმოებში ხაზგასმულია ქართველი ქალების მომნუსხველი სილამაზე და მშვენიერება, მათი მებრძოლი სული, სიმამაცე და გამბედაობა, რომლებიც კაცებზე უკეთესად გაართმევენ თავს მტრისგან საკუთარი ქალაქის დაცვას. ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირია ქართველი ქალი „ფეროზა“. სხვათა შორის, ნაწარმოებს თავდაპირველად სწორედ ეს სახელი ერქვა, თუმცა მოგვიანებით, კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, კომპოზიტორმა მას სახელი გადაარქვა და „ქართველი ქალები“ უწოდა. არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალაც: საორკესტრო პარტიტურის თავფურცელი გვერდები, სადაც ნაწარმოების პირველი სახელწოდების ქვეშ ფრანგულად მცირე მინაწერია - „ქართველი ქალების“ თავდაპირველი სახელწოდება“. ოფენბახის შემოქმედების ფრანგმა სპეციალისტმა, ჟან ქრისტოფ კეკმა ჩემთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ ეს მინაწერი კომპოზიტორის ვაჟს, აუგუსტს ეკუთვნის, რომელმაც მამამისის შემოქმედების დახარისხება-მოწესრიგება განახორციელა.

- თბილისშიც წარმოადგინეს?

- დიახ, ეს მოხდა თბილისის საოპერო თეატრის 1877-1878 წლების სეზონზე. იმხანად თბილისის ოპერის შენობა ე.წ. ქარავან-სარაი, რომელიც ჯოვანი სკუდიერის არქიტექტურით აშენდა და სადაც დიუმაც იყო ნამყოფი (იგი დიდი აღფრთოვანებით წერს კიდეც თბილისის ამ ოპერის შენობის არნახულ სილამაზეზე), დამწვარი გახლდათ და ნაწარმოების პრემიერა, ალბერტ ზალცმანის მიერ დროებით დაპროექტებული, სახელდახელოდ მოწყობილი საზაფხულო თეატრის სცენაზე გაიმართა. თუმცა მანამდე ნაწარმოებმა ტრიუმფით მოიარა ევროპის უდიდესი ქალაქები და 1871 წელს, მისი ოკეანისგაღმა პრემიერა აშშ-ში, ნიუ-იორკის „გრანდ ოპერა ჰაუსშიც“ გაიმართა. ნიუ-იორკის თეატრმა „ცენტრალ პარკისგან“ სპილოც კი იქირავა, რომ მას წარმოდგენაში მიეღო მონაწილეობა. გაზეთი „ნიუ-იორკ ჰერალდი“ წერს, რომ გარეულ ცხოველს ემოციებისგან თვალები უბრწყინავდა, ხოლო ფეროზას როლს ასრულებდა იმხანად ცნობილი ფრანგი სოპრანო მარი ემე. სპილოს „იუსეფი“ ერქვა და ძალიან კარგად იყო გაწვრთნილი. როგორც პრესა აღნიშნავს, მას ზურგზე „პაგოდას“ მსგავსი რამ ჰქონდა დამაგრებული, რომელზეც ფეროზა მოხერხებულად ძვრებოდა.

„ქართველი ქალები“ არის სამმოქმედებიანი მუსიკალური კომედია (ე.წ. ბუფონადა) და მიეკუთვნება საოპერო ხელოვნების იმ მიმდინარეობას, რომელშიც კომიკურ-სატირული პასაჟები იკავებდა წამყვან პოზიციას. ბუფონადას ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირია ფაშა როდოდენდრონი. ოსმალეთის უძლეველი სულთანი გადაწყვეტს, თავისი ჰარამხანა ლამაზი ქალებით შეავსოს. ქართველი ქალები სილამაზითა და მშვენიერებით არიან განთქმული. ამიტომაც ფაშა 32 სპილოსა და ამდენივე თავზე ხელაღებულ მეომართან ერთად საქართველოში, ქალაქ ჯეგანისკენ გაემართება. ამ დროს ქართველებს რთველი აქვთ გაჩაღებული. სიმღერ-სიმღერით კრეფენ და ხოტბას ასხამენ ყურძნის ბარაქიან მოსავალს. როცა მოსალოდნელ საფრთხეზე შეიტყობენ, მტერთან საომრად 150 მამაკაცი გაეშურება, გზად კი შიში დაეუფლებათ. როდოდენდრონი ამბობს, ეს პატარა ქალაქი იმიტომ ამოვარჩიე, რომ ის საქვეყნოდ განთქმულია ყველაზე ლამაზი ქალებით, რომელთაც სულელი კაცები ჰყავთ და ამის გამო, მშვენიერი ქალების იოლად მოპოვების იმედი მაქვსო, მაგრამ ქალები ქალთა მთავრობას ჩამოაყალიბებენ და მთავარსარდლად ფეროზას აირჩევენ, აბჯარს ჩაიცვამენ და ხელში იარაღს მოიმარჯვებენ. მრავალი დრამატული პერიპეტიების შემდეგ, ქალების გონიერების წყალობით, მათი ქმრები მტერს საბოლოოდ დაამარცხებენ და საარაკო გამარჯვებას მოიპოვებენ. ასეთია ოპერა-ბუფას მოკლე შინაარსი. ნაწარმოები ფეროზას ოპტიმისტური სიმღერით მთავრდება, რომელიც მომავალ მტრებზეც გამარჯვების პათოსითაა განმსჭვალული.

გაზეთი „ნიუ-იორკ ჰერალდი“ წერს, რომ წარმოდგენაში ასევე მონაწილეობდა ცხენიც და კაკადუს ჯიშის თუთიყუშიც. ჩემი აზრით, რეჟისორი მსგავსი ხერხებით ცდილობდა სცენაზე აღმოსავლური ელფერის კოლორიტი ეჩვენებინა, რასაც, თუ რეცენზიებს დავეყრდნობით, წარმატებით მიაღწია...

დაბოლოს, მისი პრემიერა საქართველოშიც გაიმართა - ოფენბახის „ქართველი ქალების“ მუსიკა თბილისის საოპერო თეატრის 1877-1878 წლების სეზონზეც გაჟღერდა. იმდროინდელი თბილისი ევროპული ქალაქი იყო. დიუმა ამბობდა კიდეც, რომ თბილისი ევროპულ დიდ ქალაქებს მხოლოდ 2 კვირით ჩამორჩებაო.

- თბილისშიც იყო სპილო?

- არა მგონია, თბილისში მსგავსი ესთეტიკით წამოედგინათ ეს ნაწარმოები, ვინაიდან ვფიქრობ, ოპერის ძირითადი შენობის არარსებობის გამო, ნაწარმოების დადგმა, შედარებით შეზღუდულ პირობებში მოუწევდათ. ეს ჩემი ვარაუდია.

ამ ფაქტის თაობაზე ცნობას გვაწვდის ქართული საოპერო ხელოვნების დიდი მკვლევარი შალვა კაშმაძე, მაგრამ ძალიან მწირად, რომ თბილისში გაიმართა ოფენბახის „ქართველი ქალების“ ან „ქალთა ბუნტის“ პრემიერა. „ქართველი ქალების“ საორკესტრო პარტიტურასაც მივაგენი, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად შეიძლება დიდ სცენაზე მისი გაცოცხლება. პრემიერიდან, არც მეტი, არც ნაკლები, თითქმის 160 წელი გავიდა და ამდენი ხნის შემდეგ თბილისში კვლავ რომ დაედგათ ეს სპექტაკლი, ხომ ხვდებით, რამხელა რეზონანსი ექნებოდა? მხოლოდ სათაური - „ოფენბახის ქართველი ქალები საქართველოში დაბრუნდა“ საკმარისი იქნებოდა მსოფლიოს კლასიკური მუსიკის სამყაროს ყურადღების ეპიცენტრში აღმოსაჩენად.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"