მძიმე ღამე რუსთაველზე და რთული დღის მოლოდინი - სიარული ბეწვის ხიდზე - კვირის პალიტრა

მძიმე ღამე რუსთაველზე და რთული დღის მოლოდინი - სიარული ბეწვის ხიდზე

თბილისის ცენტრალურ გამზირზე მძიმე ღამე დასრულდა. სპეცრაზმისა და მომიტინგეების დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა - არიან დაკავებულები და დაშავებულები. სპეცრაზმი წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს იყენებდა. საბოლოოდ, სპეცრაზმმა ისევ პარლამენტისკენ გადაინაცვლა და დატოვა ტერიტორია.

დღეს პარლამენტი აგრძელებს მეორე მოსმენით იმ კანონპროექტის განხილვას, რასაც ვნებათაღელვა მოჰყვა. სავარაუდოდ, კვლავ იქნება აქცია. არ არის გამორიცხული, მდგომარეობა ისევ დაიძაბოს.

მოკლედ, ჩვენ ყველანი ბეწვის ხიდზე დავდივართ. ასეთი ტურბულენტობის პირობებში იზრდება საფრთხე იმისა, რომ მოვლენები კონტროლიდან გამოვიდეს. ეს დაუშვებელია და პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ დესტაბილიზაცია და ქაოსი ისე დააზარალებს ჩვენს სახელმწიფოს, რომ ყველაფერი უკან მოგვრჩება და გავახარებთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელის გულს(სხვათა შორის, 30 აპრილის მოვლენები რუსული მედიის მთავარი თემა იყო). როგორმე, არჩევნებამდე მშვიდობიანად უნდა მივაღწიოთ და ეს პროცესი ნორმალურად ჩავატაროთ.

საბოლოოდ, სახელმწიფოებრივი აზროვნების ნიმუში იქნებოდა კომპრომისის გამოძებნა. თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე, ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს.