"ვინ და რატომ უნდა დავიცვათ უფასოდ?" - არალეგალი ემიგრანტების დეპორტაცია, სამოქალაქო სამსახურების შემცირება, იუსტიციის სამინისტროს რეფორმა - რამდენად შორს წავა ტრამპი, თუ იგი გაიმარჯვებს? - კვირის პალიტრა

"ვინ და რატომ უნდა დავიცვათ უფასოდ?" - არალეგალი ემიგრანტების დეპორტაცია, სამოქალაქო სამსახურების შემცირება, იუსტიციის სამინისტროს რეფორმა - რამდენად შორს წავა ტრამპი, თუ იგი გაიმარჯვებს?

ამერიკული ჟურნალის -„ტაიმის“ (TIME) მაისის ნომრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს ინტერვიუ აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, სათაურით - „თუ იგი გაიმარჯვებს: რამდენად შორს წავა ტრამპი?“ (ავტორი - ერიკ კორტელესი). ინტერვიუ ჩაიწერა 12 აპრილს დონალდ ტრამპის კერძო რეზიდენციაში - მარა-ლაგოში, რომელიც ფლორიდის შტატში, კურორტ პალმ-ბიჩში მდებარეობს. ტექსტში მცირე ცვლილებები იქნა შეტანილი 27 აპრილს.

„ტაიმის“ ჟურნალისტთან 12-საათიან ვრცელ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ისაუბრა თავის სამოქმედო პროგრამაზე, მეორე ვადით პრეზიდენტობისათვის, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ში არალეგალურად მყოფი მილიონობით ადამიანის დეპორტაციას, სამოქალაქო სამსახურების შემცირებას, იუსტიციის სამინისტროს რეფორმას... ექსპრეზიდენტმა თავისი აზრი გამოთქვა იმ საკითხებზეც, რომლებიც ამერიკის საზოგადოებას აღელვებს - აბორტებზე, კრიმინოგენურ სიტუაციაზე, აგრეთვე, საგარეო ვაჭრობაზე, ისრაელზე, უკრაინაზე და მრავალ სხვა პრობლემაზე.

გთავაზობთ ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოხატულ ხედვას ზოგიერთი პრობლემური საკითხის მიმართ:

დონალდ ტრამპის თვალსაზრისით, ევროპა არასაკმარისად ეხმარება კიევს - იმის მიუხედავად, რომ უკრაინის საკითხი ევროპას უფრო მეტად ეხება, ვიდრე - ამერიკას. „ჩვენ უკრაინის დასახმარებლად მილიარდობით მეტ დოლარს ვხარჯავთ, ვიდრე - ევროპელები. ასე არ უნდა იყოს, ყველაფერი პირიქით უნდა ხდებოდეს, იმიტომ, რომ უკრაინის პრობლემა ევროპელებს უფრო მეტად ეხებათ, ვიდრე - ამერიკელებს. ჩვენ [უკრაინისაგან] უზარმაზარი [მანძილი და] ოკეანე გვაშორებს, ევროპელებს კი უკრაინა უშუალოდ ესაზღვრება“.

თუმცა, როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს ინტერვიუში, როცა იგი ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, არ გამორიცხავს უკრაინისადმი დახმარებას, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ევროპაც თავის გასაკეთებელს გააკეთებს და კიევს ფინანსურად დაეხმარება - უფრო მეტად, ვიდრე დღეს. „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს. ხომ ყველა ხედავს, რომ ჩვენ, ამერიკელები, მათზე უფრო მეტს ვიხდით, რაც ძალიან უსამართლოა. ჰოდა, მეც ვფიქრობ: თუ ევროპა, რომელსაც უკრაინის საკითხი ჩვენზე უფრო მეტად ეხება, ნაკლებად ეხმარება კიევს, ჩვენ რატომ უნდა მოვიკლოთ და მას მივცეთ?“

რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის თქმით, გამოდის, რომ ევროპა ამერიკას იყენებს - როგორც ნატოსთან მიმართებით, ასევე - უკრაინასთან დაკავშირებითაც. გამოდის, რომ აშშ-სა და ნატოს ურთიერთობა მხოლოდ ცალმხრივია - მთელი ალიანსი დამოკიდებულია მხოლოდ ამერიკაზე. „ჩვენ რომ გაგვიჭირდეს, დასახმარებლად ნატოს არც ერთი წევრი არ მოვა. მე მათ არ ვენდობი. ყველას კარგად ვიცნობ და ვთვლი, რომ თუ ჩვენ ვინმე თავს დაგვესხმება, ნატო არანაირად არ დაგვეხმარება“.

დონალდ ტრამპი, ზოგადად, მაინცდამაინც მწვავედ არ აკრიტიკებდა ვლადიმერ პუტინს და თავს არიდებდა კონფრონტაციას თავის რუს კოლეგასთან. გავიხსენოთ, რომ იგი კრემლის დიქტატორის მხარეს დადგა იმ დროსაც კი, როცა აშშ-ის დაზვერვამ პრეზიდენტს მოახსენა - რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ჩაერიაო. დღესაც კი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს თავისი მიზნების შესასრულებელ ფონად იყენებს. „როცა ვკითხე ექსპრეზიდენტს - რატომ არ მოუწოდებს თავის რუს კოლეგას „უოლ-სტრიტ ჯორნელის“ ჟურნალისტის - ევან გერშკოვიჩის ციხიდან გასათავისუფლებლად, დონალდ ტრამპმა მიპასუხა, რომ მას უამრავი საქმე აქვს, მაგრამ გერშკოვიჩზეც ფიქრობს. „ჩემი აზრით, მას პუტინი გაათავისუფლებს, თუმცა ვერ გეტყვით, როდის... ის კი ნამდვილად ვიცი, რომ სანამ ჯო ბაიდენი იქნება, ის ციხიდან ვერ გამოვა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, დღეს გერშკოვიჩი დიდი ხნის თავისუფალი იქნებოდა“.

აშშ-ის აზიელი მოკავშირეები, ისევე, როგორც ევროპელები, თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი იქნება, ისინიც ბედის ანაბარად დარჩებიან. ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის ამასწინანდელი განცხადებით, უკრაინის დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული სი ძინპინის შეჭრა კუნძულზე. „კომუნისტური ჩინეთის ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ შეჭრებისა და თავდასხმების განხორციელება მათთვის იოლი არ იქნება“, - ამბობს ინტერვიუში დონალდ ტრამპი, თუმცა მას არ დაუზუსტებია, დადგება თუ არა ვაშინგტონი ტაიბეის მხარეს, თუ პეკინის არმია ტაივანის სუვერენიტეტს უხეშად დაარღვევს და კონტინენტური ჩინეთის ჯარისკაცები კუნძულის ნაპირებზე გადასხდებიან.

დონალდ ტრამპმა საკმაოდ უცნაურად გამოხატა თავისი აზრი აზიაში განთავსებულ ამერიკის ჯარების პერსპექტივაზე: თუ სამხრეთი კორეა ფულს არ გადაიხდის მის ტერიტორიაზე აშშ-ის არმიის ყოფნისთვის, ჩრდილოკორეელი კომუნისტების აგრესიული რეჟიმის შეკავების მიზნით, მაშინ ამერიკა თავის ჯარს კორეიდან გამოიყვანს. „ჩვენი 40 ათასი ჯარისკაცი სამხრეთ კორეაში ძალიან სახიფათო პირობებში იმყოფება, კიმ ჩენ ინის რეჟიმის პირისპირ. იქ ჩვენი არმიის ყოფნა უაზრობაა. ვინ და რატომ უნდა დავიცვათ უფასოდ? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ სამხრეთი კორეა ძალიან მდიდარი ქვეყანაა“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო