პუტინმა გორის ტრაგედია ოდესაში გაიმეორა - სამხედრო დანაშაული და "ისკანდერი": საქართველოდან უკრაინამდე - კვირის პალიტრა

პუტინმა გორის ტრაგედია ოდესაში გაიმეორა - სამხედრო დანაშაული და "ისკანდერი": საქართველოდან უკრაინამდე

ომი რომ საშინელებაა, ამაში, სამწუხაროდ, დღევანდელი მსოფლიოს უფრო და უფრო მეტი მაცხოვრებელი რწმუნდება, მაგრამ ომსაც აქვს თავისი კანონები და ერთ-ერთი მათგანი კატეგორიულად გმობს კასეტური შეიარაღების გამოყენებას ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ...

ანუ ის, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში შემოჭრილმა რუსეთის არმიამ ჩაიდინა, სამხედრო დანაშაულის სახით - ქალაქ გორის თავზე ააფეთქა ჩრდილოეთ ოსეთიდან გამოშვებული „ისკანდერ-მ“-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტის კასეტური ქობინი...

და, აი, გადის 16 წელი და უკრაინის ოდესის თავზე მეორდება გორის ტრაგედია - რუსული ბალისტიკური „ისკანდერის“ კასეტური ქობინი ფეთქდება ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ზონის ზემოთ, რასაც კარგად აფიქსირებს ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერა...

2008 წლის 12 აგვისტოს ჩრდილო-კავკასიიდან გორის მიმართულებით „ისკანდერის“ გაშვება, ამ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის Искандер-М-ის საბრძოლო ნათლობად იქცა, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა მისი 9М723 ტიპის აერობალისტიკური რაკეტა 9Н722К5-ის ტიპის კასეტური ქობინით.

1-odesa-1714552683.png
რუსული "ისკანდერის“ სტარტის მომენტი...

რუსეთის ჩრდილო-ოსეთიდან გაშვებულმა „ისკანდერის“ ამ, 3,8-ტონიანმა აერობალისტიკურმა რაკეტამ გორამდე არსებული 120 კმ-მდე მანძილი, დაახლოებით, 60-80 წმ-ში დაფარა და გორის ცენტრის თავზე, ერთი კმ-ის ზემოთ, მისი კასეტური ქობინი გადაიხსნა, საიდანაც გაიფანტა 54 ცალი 7,4 კგ მასის მსხვრევადი ელემენტი, რომლებიც მოედანზე დაცემამდე 6-10 მ-ის სიმაღლეზე აფეთქდნენ და ამიტომაც დიდი ნგრევა გორის მოედანზე არ გამოიწვიეს, თუმცა თავისი ნამსხვრევებით უდანაშაულო ადამიანები მაინც შეიწირეს...

2-odesa-1714552958.jpg
იწვის ოდესის ერთ-ერთი ისტორიული სასახლე, რუსული „ისკანდერის“ კასეტური ელემენტების აფეთქების შედეგად...

თუკი გორის ცენტრალური მოედნის თავზე აფეთქებული რუსული „ისკანდერის“ კასეტურმა ქობინმა 8 ადამიანი იმსხვერპლა და 15 დაჭრა, ა.წ.-ის 29 აპრილს ოდესაში 4 ადამიანი შეიწირა და 32 დაჭრა...

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ქალაქები მესამე წელია, თითქმის ყოველდღე დაუნდობლად იბომბება რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან, კასეტურქობინიანი ბალისტიკური „ისკანდერებით“ ქალაქებზე შეტევის ბევრი ფაქტი აქამდე არ ფიქსირდებოდა (ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ათასობით გაშვებულ რუსულ კასეტურქობინიანი „ურაგანებისა“ და „სმერჩების“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაკეტებს), თუ არ ჩავთვლით 2023 წლის 19 აგვისტოს უკრაინის ჩერნიგოვის ცენტრალურ მოედანზე (რაც ძალზე წააგავდა გორის ცენტრალურ მოედანზე საჰაერო თავდასხმას) შეტევას, რასაც 7 გამვლელი შეეწირა და 144 დაიჭრა...

3-odesa-1714552917.png
გორის ცენტრის თავზე აფეთქებული რუსული „ისკანდერის“ რაკეტის გარსაცმი გადარჩა, რადგან რაკეტა კასეტური ქობინით იყო აღჭურვილი, მსხვრევად-ფუგასური ქობინის აფეთქების შედეგად კი ასეთი „ნივთმტკიცებები“ აღარ რჩება...

ჩერნიგოვზე თავდასხმაზე თავიდან მსხვრევად-ფუგასურქობინიანი რუსული „ისკანდერი“ იყო „ეჭვმიტანილი“, მაგრამ შემდგომ, დაზიანებების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ აქაც კასეტურქობინიანი „ისკანდერი“ გამოუყენებია კრემლს...

არის თუ არა მთელ მსოფლიოში აკრძალული კასეტური იარაღის გამოყენება?

სინამდვილეში ასე არ არის.

ერთგვარად სიმბოლური აღმ­ოჩნდა, რომ 2008 წლის 30 მაისს დუბლინში მიიღეს კონვენცია კასეტური საბრძოლო მასალების წარმოების, გამოყენებისა და გადაცემის აკრძალვის შესახებ, რომ­ელსაც ხელი 110-მა ქვეყანამ­ მოაწერა, ორიოდე თვეში კი აგვისტოს ომი დაიწყო, რომელშიც რუსეთმა ინტენსიურად გამოიყენა კასეტური იარაღი "ჰაერი-მიწა" და "მიწა-მიწა" კლასის საავიაციო ბომბებისა და რაკეტების საშუალებით.

4-odesa-1714552856.jpg
გასულ წელს უკრაინის ჩერნიგოვის დრამატული თეატრი რუსული „ისკანდერის“ მთავარი სამიზნე გახდა...

ისე, სიმართლე რომ ითქვას, აგვისტოს ომში ჩვენს ტერიტო­რიაზე შემოჭრილმა რუსმა სამხედროებმა საკუთარ თავზეც იწვნიეს კასეტური იარაღის მთელი "სიტკბო", როდესაც ქართველმა არტი­ლერისტებმა "ლარ-160"-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან რამდენჯერმე "კასეტური საჩუქრები" გაუგზავნეს,­ მაგრამ არც რუსებს და არც ქართველებს დუბლინის კონვენცია არ დაურღვევიათ, რადგან რუსეთი, ისევე, როგორც აშშ, ისრა­ელი თუ საქართველო, არ არის ამ კონვენციის ხელმომწერი, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: თუკი საბრძოლო­ მოქმედებების ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობა მიზანმიმართულად იბომბება, თუნდაც ჩვეულებრივი ფუგასური საავიაციო ბომბებით, ეს უკვე ომის დანაშაულია, კასეტური იარაღი კი დიდ ფართობზე აზიანებს, შესაბამისად, ის არ არის ზუსტი გამოყენების საბრძოლო საშუალება და დიდი მსხვერპლი სამოქალაქო პირებშიც შეიძლება გამოიწვიოს ანუ დასახლებულ პუნქტში კასეტური იარაღის გამოყენება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მებრძოლი მხარე დუბლინის კონვენციის ხელმომწერი, ომის დანაშაულად შეიძლება შეფასდეს...