შეცდომა, რომელიც ზელენსკისთვის შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს - საკმარისია თუ არა ამერიკული 61 მილიარდი პუტინის დასამარცხებლად?! - კვირის პალიტრა

შეცდომა, რომელიც ზელენსკისთვის შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს - საკმარისია თუ არა ამერიკული 61 მილიარდი პუტინის დასამარცხებლად?!

აშშ-ის გაზეთ „ჰილის“ (The Hill) ორი მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „აშშ-მა უკრაინა კვლავ დააფინანსა, მაგრამ კიევმა 2023 წელს დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს“ (ავტორი - ტომ მოსქაითისი, ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

რამდენიმეთვიანი დაგვიანების შემდეგ, უკრაინის არმიის გაუარესებული სტრატეგიული მდგომარეობის ფონზე, ამერიკული სამხედრო დახმარება უკვე კიევისაკენ მიემართება. ის უბედურება რომ გადაიტანოს, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა ჩავარდნილი, უკრაინის მთავრობამ აღნიშნული 61-მილიარდიანი დახმარება გონივრულად უნდა გამოიყენოს. სავარაუდოდ, აშშ-ის კონგრესის მიერ გამოყოფილი ფულით და იარაღით კიევი შეძლებს რუსების შეტევის შეჩერებას და, რიგ შემთხვევებში, ალბათ, უკუაგდებს კიდეც მათ, ცალკეული მიმართულებებით, მაგრამ დახმარება არასაკმარისი იქნება 2022 წლის შემდეგ დაკარგული ტერიტორიების უკან დასაბრუნებლად.

გასულ ზაფხულს უკრაინის არმიის სარდლობამ და თავდაცვის სამინისტრომ თავიანთი რესურსების დიდი ნაწილი „ქარს გაატანეს“ - უნაყოფოდ დახარჯეს უშედეგო კონტრშეტევაში. რუსეთის ჯარი, რომელმაც ვერ შეძლო 2022 წლის გაზაფხულზე ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება, წარმატებული და მოხერხებული აღმოჩნდა თავდაცვით ოპერაციებში: 2023 წლის ზაფხულში უკრაინელებმა ვერაფერი უქნეს „სუროვიკინის ხაზს“ - რუსების მიერ გამაგრებულ თავდაცვით-საფორტიფიკაციო კომპლექსს და დიდი ზარალი განიცადეს.

დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევის პირველივე კვირების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ტექნიკის 20% დაკარგეს. ერთ-ერთ მექანიზებულ ბრიგადას, რომელიც დასავლეთში გაწვრთნილი ჯარისკაცებით იყო დაკომპლექტებული და, ასევე, დასავლური შეიარაღებით იყო აღჭურვილი, რუსებმა მძიმე ტექნიკის 30% გაუნადგურეს - 99 „ბრედლიდან“ აფეთქებას მხოლოდ 71 გადაურჩა. ბუნებრივია, ესოდენ დიდი დანაკარგების გამო, უკრაინელებს შეტევის შეჩერება მოუხდათ და უმნიშვნელო ლოკალური „წარმატებით“ შემოიფარგლნენ: 2023 წლის შემოდგომის ბოლოს ნათელი გახდა, რომ უკრაინის ჯარებმა ათი ათასობით ჯარისკაცი და მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა შეწირეს 200-მდე კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორიის დაკავებას.

უკრაინის ჯარების სარდლობის მიერ დაშვებული შეცდომების ფონზე, რუსული თავდაცვითი ტაქტიკის უპირატესობა სულ უფრო მეტად გამოიხატა: იმის ნაცვლად, რომ კიევს ერთი ძირითადი - სამხრეთის მიმართულებით დაეჯგუფებინა თავისი ძალები, კიევმა ისინი ორად გაჰყო - მარიუპოლისა და ბახმუტისაკენ, რაც მცდარი აღმოჩნდა: შემცირდა წარმატების მოპოვების ალბათობა, რაც რეალურად დადასტურდა კიდეც. გარდა ამისა, უკრაინის არმიის წარუმატებლობით, ფაქტობრივად, დასავლეთის რეპუტაციაც შეილახა - ამერიკული (და ნაწილობრივ, ევროპული) პოლიტიკური წრეების თვალსაზრისებში გაძლიერდა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შემცირების ტენდენცია, რაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრების მიერ უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო პაკეტის დაბლოკვით გამოიხატა - რამდენიმე თვის განმავლობაში.

თუმცა დემოკრატებმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ძალისხმევითა და სხვადასხვა პოლიტიკური მანევრის მეშვეობით, მოახერხეს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის, მაიკ ჯონსონის დარწმუნება კიევისადმი დახმარების აუცილებლობაში, რომელმაც, საბოლოო ჯამში, კანონპროექტის წარმატებით მიღება უზრუნველყო. ამასთან, რესპუბლიკელებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ამგვარი პოლიტიკური მანევრი თეთრ სახლს აღარ გაუვა და რომ უკრაინისათვის ეს სამხედრო დახმარება უკანასკნელი იქნება.

სამხედრო დახმარების პაკეტში უმთავრესად გათვალისწინებულია ის იარაღი და საბრძოლო მასალები, რომლებიც ყველაზე უკეთ შეესაბამება თავდაცვითი ომის მოთხოვნებს, რომელსაც უკრაინა აწარმოებს და რაც კიევს ძალიან სჭირდება (საარტილერიო ჭურვები, ტანკები, რაკეტები - მათ შორის მოქმედების ATACMS-ები). აღსანიშნავია, რომ ტექნიკის ჩამონათვალში არ არიან ნაჩვენები „აბრამსები“ (Abrams-M1A1) - ტანკები, რომლებიც, პრაქტიკულად, გამოუსადეგარნი აღმოჩნდნენ რუსეთთან ომში.

დახმარების ამჟამინდელმა პაკეტმა უკრაინის არმიის მომარაგება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს, მაგრამ შემდგომი დაფინანსება დამოკიდებული იქნება 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. შესაბამისად, ეს გაურკვევლობა უკრაინისათვის დამატებითი სტიმული უნდა იყოს, რესურსების დაზოგვის საქმეში.

უკრაინის არმიას აკლია იარაღი და ცოცხალი ძალა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის კიევის ერთადერთი პრობლემა. ახლა, როცა რუსეთ-უკრაინის ომი, ფაქტობრივად, ერთმანეთის რესურსების გამოფიტვის ომად გადაიქცა, სასწორმა რუსეთისაკენ გადაიწონა, უპირატესობა კრემლს აქვს - ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობისა და სამხედრო მრეწველობის მოცულობის გათვალისწინებით.

უკრაინის არმიის სარდლობა ყველანაირად ცდილობს, ჯარის შეთხელებული რიგები როგორმე შეავსოს. მობილიზაციის შესახებ ახალმა კანონმა ამ მხრივ სიტუაცია მეტ-ნაკლებად გააუმჯობესა, მაგრამ ჯარში სამსახურისაგან თავის არიდება კვლავ დიდ პრობლემად რჩება, სისტემაში კორუფცია ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა შენარჩუნებული.

ყველა ეს ფაქტორი იმას მიანიშნებს, რომ უკრაინამ დღევანდელ სიტუაციაში მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს იმ ტერიტორიის შენარჩუნებას, რომელსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს და არ უნდა შეეცადოს იმის დაბრუნებას, რაც უკვე დაკარგული აქვს. უკრაინას დრო სჭირდება, რომ რუსული დაბომბვებით ძლიერ დაზიანებული კრიზისული (ენერგეტიკული) ინფრასტრუქტურა აღადგინოს და თავისი არმიის წვრთნა და აღჭურვა გააგრძელოს.

უკრაინას, სავარაუდოდ, შეუძლია რუსეთის არმიის მიერ მიღწეული ზოგიერთი წარმატება გარკვეულწილად გაანეიტრალოს, მაგრამ კიევმა საკუთარ თავს უფლება არ უნდა მისცეს, კიდევ ერთი ტოტალური კონტრშეტევა დაიწყოს. არ არის გამორიცხული შარშანდელი მასშტაბური დანაკარგების გამეორება, რაც უკრაინისათვის ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს - განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როცა ამერიკული დახმარების გაგრძელება გარანტირებული არ არის.

აშშ-ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების წინაშე ომის უახლოესი თვეების (წლების) განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი ამოცანა დგას:

პირველი - პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა უნდა შეწყვიტონ უკრაინის დარწმუნება იმაში, რომ კიევს მოსკოვზე გამარჯვება და ტერიტორიების მთლიანად დაბრუნება შეუძლია;

მეორე - დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რადგან ამის გარეშე უკვე დახარჯული ფული და შეწირული სიცოცხლე ფუჭი აღმოჩნდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო