დაუჯერებელი ამბავი ანუ რაზე გაბრაზდებიან უკრაინელები - ისრაელი "პეტრიოტებს" შეიარაღებიდან ხსნის, მაგრამ კიევს არ მისცემს - კვირის პალიტრა

დაუჯერებელი ამბავი ანუ რაზე გაბრაზდებიან უკრაინელები - ისრაელი "პეტრიოტებს" შეიარაღებიდან ხსნის, მაგრამ კიევს არ მისცემს

ომში მყოფი ქვეყანა, რომლის მიმართულებითაც ცოტა ხნის წინ ასობით რაკეტა და კამიკაძე-დრონი გაუშვეს, საკუთარი ნებით უარს იძახდეს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საჰაერო თავდაცვის საშუალებაზე, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ - რეალობაა...

ისრაელი სწრაფ ტემპში უკვე ა.წ.-ის ივნისის ბოლოსთვის აპირებს მთლიანად მოხსნას შეიარაღებიდან, არც მეტი და არც ნაკლები...„პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები!

პირველი MIM-104 Patriot PAC-2-ები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1990-1991 წლებში გამოჩნდნენ, როდესაც სადამ ჰუსეინის ერაყის არმიამ ქუვეითის ოკუპაცია განახორციელა და ამის შემდეგ დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურმა კოალიციამ „უდაბნოს ქარიშხლის“ ოპერაცია წამოიწყო - მაშინ სადამ ჰუსეინის ბრძანებით, ისრაელის მიმართულებით, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობდა „უდაბნოს ქარიშხლის“ ოპერაციაში, Scud-ის (საბჭოთა „ელბრუსის“ საექსპორტო ვარიანტები) ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, რომელთა ნაწილის მოსაგერიებლად სწორედ „პეტრიოტების“ საზენიტო რაკეტები იქნა გამოყენებული, ოღონდ ამერიკული არმიის განკარგულებაში არსებულის.

მას შემდეგ ისრაელის საჰაერო თავდაცვის 138-ე ბატალიონის შეიარაღებაში „პეტრიოტის“ ოთხი ბატარეა ირიცხება, თუმცა თავად ადგილობრივების აღიარებით, ამ „პეტრიოტებმა“ განვლილ 33 წელში მხოლოდ 19 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს და მათგან პირველი - 2014 წელს.

არ არის გამორიცხული, რომ ისრაელის გენშტაბის ასეთ მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა ისტორიაში პირველად, 13-14 აპრილს, ირანის მხრიდან ისრაელისკენ გაშვებული 320-მდე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე, კამიკაძე დრონების მოგერიებისას ამ „პეტრიოტების“ ბატარეების მოქმედების დაბალმა საბრძოლო ეფექტიანობამ...

საქმე ის არის, რომ ისრაელის განკარგულებაში არსებული ამერიკული „პეტრიოტების“ - MIM-104 Patriot PAC-2-ის ძველი მოდიფიკაციის კომპლექსები და საზენიტო რაკეტები განკუთვნილია მხოლოდ აეროდინამიკურ სამიზნეებთან - თვითმფრინავებთან, შვეულმფრენებთან, ფრთოსან რაკეტებთან და დრონებთან საბრძოლველად და მათ არ შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების მოგერიება.

ამასთან, ისრაელს აქვს იმის ფუფუნება, რომ „პეტრიოტის“ ეს მოძველებული კომპლექსები ჩაანაცვლოს ბევრად უფრო თანამედროვე და ძლიერი საზენიტო და ანტისარაკეტო სისტემებით, მათ შორის - David's Sling-ით, Arrow-2-ით და Arrow-3-ით (ინფორმაციისთვის - ძალზე გაპიარებული Iron Dome - „რკინის გუმბათი“ ახლო მოქმედების საზენიტო და ანტისარაკეტო საშუალებას წარმოადგენს, რომელიც ძირითადად განკუთვნილია 50-200 კმ ფრენის სიშორის არამართვადი, მათ შორის - „ჰამასის“ ნახევრად-კუსტარული რაკეტების მოსაგერიებლად და ის ნაკლებად გამოდგება ირანიდან სტარტააღებული საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად).

აქედან გამომდინარე, უკვე არცთუ ისე სენსაციურად მოჩანს ისრაელის გენერალიტეტის სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად „მოიშოროს“ თავიდან ამერიკული წარმოების ძველი მოდიფიკაციის „პეტრიოტები“, რომელთა საბრძოლო ექსპლუატაცია არც თუ მცირე თანხებთანაა დაკავშირებული.

და იმ დროს, როდესაც ომში მყოფი ისრაელი „პეტრიოტებს“ მოძველებულად თვლის და მათზე უარს ამბობს, მეორე, ასევე, უფრო დიდ ომში მყოფი ქვეყანა - უკრაინა ხელგაწვდილი მთელ მსოფლიოს ეხვეწება, რომ როგორმე „პეტრიოტების“ შვიდი ბატარეა მაინც შეუგროვონ, რათა მათი საშუალებით დაიცვას უკრაინული ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობა, რუსული რაკეტებისა და მართვადი ბომბების ყოველდღიური თავდასხმებისგან...

2-isr-1714638453.jpg
ისრაელის საჰაერო თავდაცვის საზენიტო საშუალებები - Iron Dome, MIM-104 Patriot PAC-2 და Arrow-3: თელ-ავივს აქვს არჩევანი, თუ რითი ჩაანაცვლოს შეიარაღებიდან მოხსნილი ამერიკული „პეტრიოტების“ ძველი მოდიფიკაციები...

ლოგიკურად მოჩანს, რომ ისრაელმა, რომელიც შეიარაღებიდან ხსნის „პეტრიოტების“ ოთხ ბატარეას („პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსში ანუ ერთ ბატარეაში შედის მართვის პუნქტი, ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორი, რადიოკავშირის საშუალებები (ანტენის ასაწევი ანძა), გენერატორი, რაკეტების გადამტანი-დამტენი მანქანები, ტექნიკური მომსახურების პუნქტი, რადიოტექნიკური და ტაქტიკური მასკირების საშუალებები და, რაც მთავარია, 6-8 სარაკეტო გამშვები დანადგარი), ისინი უკრაინას მიჰყიდოს და ფულიც იშოვოს, მით უმეტეს, რომ საზენიტო საშუალებები თავდაცვით შეიარაღებად ითვლება და ისრაელს ვერ მოსდებენ შარს, რომ შეტევითი დანიშნულების იარაღი მიჰყიდა ომში მყოფ უკრაინას (ისე, მგონი რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის მოძველებული საზენიტო რაკეტები „ხმელეთი-ხმელეთის“ კლასად გადააკეთა და უკრაინის ქალაქების დასაბომბად იყენებს).

მართალია, „პეტრიოტის“ ამ მოძველებული MIM-104 Patriot PAC-2-ის მოდიფიკაციით უკრაინა ვერ მოიგერიებს რუსი აგრესორების აერობალისტიკურ „ისკანდერებსა“ და „კინჟალებს“, მაგრამ სამაგიეროდ, 160 კმ-ის სიშორიდან დაემუქრება იმ რუსულ საფრონტო ბომბდამშენებს, რომლებიც ფრონტის ხაზამდე არმიფრენილი, 50-70 კმ-ის სიშორიდან აგდებენ პლანირებად საავიაციო ბომბებს და დიდი პრობლემები შეუქმნეს უკრაინელ მებრძოლებს უშუალოდ ფრონტის ხაზზე, თავდაცვით ზღუდეებზე არსებულ სანგრებსა და თვით ბუნკერებშიც...

მიუხედავად ზემოთქმულისა, სრული დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ისრაელი უკრაინას არ მიაწვდის თავის ჩამოწერილ „პეტრიოტებს“, პირველ რიგში, რუსეთის ფაქტორის გათვლით ანუ დაახლოებით იმიტომ, რის გამოც, აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოსთან...

უფრო მეტიც, ისრაელი, სავარუდოდ, ასევე დაბლოკავს ალტერნატიურ გზასაც - აშშ უკან გამოისყიდის ისრაელისგან ამ „პეტრიოტებს“თავისი არმიისთვის (მათი მოდერნიზების მიზნით), ხოლო უკრაინას სანაცვლოდ „პეტრიოტის“ სხვა კომპლექსებს მიაწვდის...

უბრალოდ ხანდახან არ ჯდება ლოგიკურ ახსნაში - როდესაც ისრაელს გაუჭირდა და ერთდროულად ოთხ-ხუთ ფრონტზე ბრძოლის საშიშროება დაემუქრა, ღაზას სექტორში დაწყებული შურისძიების სამხედრო ოპერაციის შემდეგ, მისმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სასწრაფო სამხედრო დახმარების თხოვნა დაიწყო, პირველ რიგში, აშშ-ისგან და მალევე მართლაც მიიღო (მათ შორის, უკრაინისთვის გამოყოფილი საარტილერიო ჭურვების ხარჯზეც) და როდესაც სხვა ქვეყანას, ასევე, სჭირდება სასწრაფო დახმარება, თავისი ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის აგრესორი ქვეყნის რაკეტებისგან თავდასაცავად, ისრაელი დუმს, თუმცა კარგად იცის, რომ ის, ვინც დღეს უკრაინას ბომბავს, ფარულად აიარაღებს იმ „ჰამასსა“ და „ჰესბოლას“, რომლებიც სარაკეტო დარტყმებს აყენებენ ისრაელის ქალაქებსაც...