ქართული პოლიტიკური ტრაგედია: რა ელის საქართველოს უახლოეს თვეებში?! - "ძალიან დიდი ხიფათის წინაშე ვდგავართ..." - კვირის პალიტრა

ქართული პოლიტიკური ტრაგედია: რა ელის საქართველოს უახლოეს თვეებში?! - "ძალიან დიდი ხიფათის წინაშე ვდგავართ..."

თაობები დაბერდნენ, ასევე თაობები გაიზარდნენ რუსთაველის გამზირზე - საპროტესტო აქციებში... მუდმივი დაპირისპირება, ქაოსი და მავანთა მხრიდან ძალაუფლებისთვის ბრძოლა ჩვენს პოლიტიკურ წყევლად და ტრაგედიად იქცა“ , - ამგვარად ეხმაურება ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

ვახტანგ ძაბირაძე:

- 30 წელზე მეტია, რაც ერთ წრეზე ვტრიალებთ, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე ერთპარტიულ მმართველობას ვერ დავაღწიეთ თავი. ერთპარტიულ მმართველობაზე უარესი ის არის, რომ ქვეყნის ყველა ლიდერი ავტორიტარია ან მიდრეკილია ავტორიტარიზმისკენ. ჩვენ ვერ შევძელით დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნა და განვითარება. ძალიან ცუდია, რომ მთელი ეროვნული ენერგია პროტესტსა და დაპირისპირებაში იხარჯება. საქართველოს სჭირდება მშვიდი გარემო და განვითარება. სიმშვიდე კი მანამდე არ იქნება, სანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტიციები არ განვითარდება.

- თქვენი შეფასებით, რამდენად სახიფათოა დღეს არსებული მოცემულობა?

- ძალიან დიდი ხიფათის წინაშე ვდგავართ და ეს უნდა გაითვალისწინოს, როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა. ძალიან ცუდად მენიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადება. მან თქვა, რომ დემონსტრაცია არ იყო მშვიდობიანი, მაგრამ ჩვენ თავი შევიკავეთო. ეს სასხვათაშორისო განცხადება ნამდვილად არ იყო - ამით მინისტრი საზოგადოებას მიანიშნებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დარბევაც იქნება.... დიახ, მან თქვა, რომ თავი შეიკავა, ე.ი. დადგება დრო და პოლიცია თავს აღარ შეიკავებს...

აქციები არ შეწყდება და არც უნდა შეწყდეს, ამაზე არ ვლაპარაკობ. ხელისუფლებასაც ტყუილად აქვს იმედი, რომ ამას გადააგორებს. ახლა მთავარია, აქციის ორგანიზატორებებმა სწორად წარმართონ პროცესი

- რას გულისხმობთ?

- იმის თქმა მინდა, რომ საბოლოო მიზანი მაინც ხელისუფლების შეცვლაა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არჩევნებზე და არა არჩევნებამდე. ძალიან ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს საპროტესტო აქციების როლი, ფუნქცია და საბოლოო მიზანი. ვთქვათ, წაიღო უკან „ქართულმა ოცნებამ“ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი", მერე რა? არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ისევ უკან შემოიტანს. ჩემი აზრით, ამ პროტესტის მიზანი უნდა იყოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ უნდა აიღოს მანდატების ისეთი რაოდენობა, რომ ახალი მთავრობის დაკომპლექტება შეძლოს. აი, ამისკენ უნდა წარიმართოს პროცესი, ოღონდ მშვიდობინად. უნდა გამოგიტყდეთ და გითხრათ, რომ არ მომეწონა ის რაც გუშინ ხდებოდა აქციაზე - პარლამენტის შენობის ირგვლივ. ეს „ქართული ოცნების“ შენობა არ არის, ეს არის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო და სრულიად მიუღებელია ამ შენობის დაზიანების მცდელობაც კი. შეიძლება ეს ახალგაზრდებს არ აქვთ შესაბამისად გააზრებული, მაგრამ აქციის ორგანიზატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ეს არ მოხდეს. გასაგებია, რომ ახალგაზრდები არ დაიღლებიან, მაგრამ ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ ხელისუფლებას აქციის დარბევის საბაბი არ მიეცეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქციები ზაფხულში ვერ გაგრძელდება, კომპლექსური მიდგომაა საჭირო...

- იმის გამო, რომ ზაფხულში აქციების პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელება გართულდება, შეიძლება ორგანიზატორებმა ახლავე დააყენონ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა? სხვათა შორის, შიგადაშიგ ისმის კიდეც ასეთი მოთხოვნები...

- დიახ, მაგრამ ასეთი მოთხოვნა ხელისუფლების წისქვილზე დაასხმას წყალს, მიზეზი მიეცემა იმისათვის, რომ ახალგაზრდების პროტესტი დესტრუქციულად გამოაცხადოს და აქცია დაშალოს, შემდეგ კი რეპრესიები დაიწყოს. ქვეყნისათვისაც არ არის კარგი ხელისუფლების ასეთი ფორმით შეცვლა. რევოლუციური გზითა და პროტესტის ტალღაზე მოსული ხელისუფლება ისევ ერთპარტიული ხდება. ჩვენი მიზანი კი არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხება კი არა, ერთპარტიულობის დასრულებაც უნდა იყოს. დღეს ჩვენ მხოლოდ ფორმალურად გვაქვს საპარლამენტო მმართველობა, სინამდვილეში ერთპარტიული მმართველობა გვაქვს - გაუგებარი საპარტიო თავმჯდომარის თაოსნობით. ძალიან კარგი და სწორია, რომ პროცესი პოლიტიკოსებს არ მიჰყავთ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, ორგანიზატორებმა პარლამენტის ფარნჯრების მსხვრევის ნაცვლად რაღაც სხვა შესთავაზონ საზოგადოებას, თუნდაც რაიმე სახის ღონისძიება, კონცერტი და ა.შ. ნახეთ, ერთკვირიანი დასვენება გამოაცხადა ხელისუფლებამ, ამ ფორმით საპროტესტო მუხტის გადაგორებას ცდილობენ. კარგი იქნება, თუ აქციის ორგანიზატორებიც შესაბამისად იმოქმედებენ, ისინიც შესვენებასს გამოაცხადებენ, ძალებისა და რესურსების მობილიზებაზე იზრუნებენ და კანონის მესამე მოსმენის დღეს ისევ შეიკრიბებიან პარლამენტის წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მუხტი მართლა შემცირდეს, ან რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდეს.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)