"ოცნებაში" აღარავინ დარჩა, ვინც ივანიშვილს ეტყვის, ამას ნუ აკეთებო..." - კვირის პალიტრა

"ოცნებაში" აღარავინ დარჩა, ვინც ივანიშვილს ეტყვის, ამას ნუ აკეთებო..."

"ქვეყანა მშვიდად მიიყვანონ არჩევნებამდე - ეს ყველაზე გონივრული გამოსავალია!"

"ნათქვამია, რომ ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად. სამწუხაროდ, ეს სიტყვები საქართველოში ხშირად მართლდება", - ამბობს პოლიტიკოსი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ვესაუბრეთ:

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"დღეს, როცა სიტუაცია ასე დაძაბულია და რუსთაველზე ყოველდღე აქციები იმართება, ჩვენი უახლესი წარსული მახსენდება... ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა მქონდა "ნაციონალებთან", რადგან ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთ წყაროდ, მათ ძალადობა აქციეს - ძალადობა ადამიანებზე, საზოგადოებაზე, ხელოვნების მუშაკებზე, ბიზნესზე და ა.შ. მე და ჩემი მეგობრები სააკაშვილის რეჟიმს წლების განმავლობაში ვებრძოდით. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გაძლიერდა, როცა მათი დანაშაულები გამომზეურდა და ნათელი გახდა, როცა პოლიციისა და სადამსჯელო რაზმების დახმარებით, ქუჩებში ადამიანების ხოცვა დაიწყეს. ბრძოლის გრძელი გზა გავიარე..."

"მართალია, ქვეყანაში იმ დონის ძალადობა არ არის, როგორიც ადრე იყო, მაგრამ ხელისუფლების და სასამართლოს მიტაცება, ადამიანების დაშინება სამსახურიდან გაშვებით, სოციალური დახმარების მოხსნით, მოსმენები, თვალთვალი, სუს-ის გააქტიურება - ამ ყველაფრით ისინი "ნაციონალებს" დაემსგავსნენ. იცით, რა არის საშიში? - თუ ეს პროცესი დროულად არ შეჩერდება, ხელისუფლების შესანარჩუნებლად ტექნოლოგიური მეთოდები აღარ ეყოფათ და "ოცნებაც" ძალადობრივ მეთოდებზე გადავა. ჩვენდა სამწუხაროდ, "ოცნებაში" აღარავინ დარჩა, ვინც ივანიშვილს ეტყვის, ამას ნუ აკეთებო..."

"თუ ყველაფერს გამიზნულად აკეთებენ, მაშინ ეს, პირდაპირი მნიშვნელობით დანაშაულია, მაგრამ თუ ასე სიბრიყვით იქცევიან, მაშინ არაპროფესიონალები ყოფილან. ამ კანონმა უკვე სერიოზული კონფლიქტი გამოიწვია და ხელისუფლება ხალხს დაუპირისპირა. მისი წყალობით, საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ამიტომ, მე მათ მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გაიწვიონ უკან კანონი - ამაში სასირცხვილო არაფერია. ხელისუფლების გაჯიუტება პირიქით, კიდევ უფრო მეტ კონფრონტაციას გამოიწვევს. ამის ბაბუები და შვილიშვილები დაუპირისპირეს ერთმანეთს - ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს?! ეს არის ქვეყნის ერთიანობაზე ზრუნვა? - ეს იაფფასიანი ინტრიგნობაა - ხელისუფლების შენარჩუნებისთვის თაობები ერთმანეთს უნდა დაუპირისპირო? ეს ძალიან საშიში პროცესია, რადგან ასეთი კონფლიქტები წარსულში დიდი უბედურებით დასრულდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 2 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე