უნიკალური მასალა „გარდამოხსნებთან“ დაკავშირებით. რომელია უძველესი „გარდამოხსნის“ ნაქარგობა? - კვირის პალიტრა

უნიკალური მასალა „გარდამოხსნებთან“ დაკავშირებით. რომელია უძველესი „გარდამოხსნის“ ნაქარგობა?

გარდამოხსნა ეწოდება გარკვეული სიუჟეტით მორთულ ქსოვილს - არდაგს, რომელსაც მართლამდიდებლურ ეკლესიაში წითელი პარასკევისა და დიდი შაბათის ღვთისმსახურების დროს იყენებენ. იგი სიმბოლურად გამოხატავს იმ ტილოს („არდაგს“, „არმენაკსა წმინდასა“), რომლითაც იოსებ არიმათიელმა ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტე „წაგრაგნა“ საფლავს დადების წინ. „ვითარცა ჩვეულება არს ურიათა დაფლვისა“

დღეს წარმოგიდგენთ უნიკალურ მასალას „გარდამოხსნასთან“ დაკავშირებით, საქართველოს რომელ მხარეში როგორ და რა მასალისგან ამზადებდნენ მას.

უპირველესად კი გეტყვით, რომ „გარდამოხსნის“ სამშობლო ბიზანტიაა, საიდანაც გავრცელდა სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში: სერბეთში, რუმინეთში, რუსეთში, მოლდოვა-ვლახერნასა და საქართველოში.

ტერმინი „გარდამოხსნა“, ნაქარგობის ამ ნიმუშის სახელად, პირველად იმერეთის მეფის ბაგრატ მესამის (1510-1565 წ. წ) მეფობის პერიოდში განახლებული ძეგლის წარწერაში გვხვდება. მანამდე მას „საფლავად დადებაი“ ეწოდებოდა.

ლიტურგიული დანიშნულების ნივთიერებისთვის საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ყალიბდებოდა იკონოგრაფიული პროგრამები, რომლებშიაც ასახული იყო ამ ნივთის ძირითადი აზრი და ფუნქცია. გარდამოხსნათა ძირითადი, ცენტრში მოთავსებული იკონოგრაფიული სიუჟეტი მკაცრად კანონიზირებულია. მასზე აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული ნაწამები, ჯვრიდან გარდამოხსნილი, არდაგზე ან სარეცელზე დასვენებული მაცხოვარი მწუხარე ახლობლებისა და ანგელოზების გარემოცვაში.

როდიდან დაიწყეს გარდამოხსნების მორთვა „ქრისტეს ტირილის“ სცენებით, ცნობილი არაა. სავარაუდოდ, ეს უნდა მომხდარიყო არაუადრეს მე-12 მე-13 საუკუნისა -აღნიშნავენ მკვლევარები. ქართულ გარდამოხსნებზე, განსხვავებით სხვა ქვეყნების გარდამოხსნებისაგან, ძირითადი კომპოზიციების გარდა, დამატებით გვხვდება „აღდგომისა“(ქვემოთ) და „ამაღლების“ (ზემოთ) სცენები.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული გარდამოხსნები, საერთო იდეითა და დანიშნულებით, ბიზანტიური სამყაროს გავლენას განიცდის, ისინი მაინც ქართული ხელოვნებისათვის დამახასიათებელი თავისებურებებით გამოირჩევიან, რაც უპირველეს ყოვლისა, მის იკონოგრაფიაში ჩანს.

ქართული გარდამოხსნებისთვის სრულიად უცხოა წმინდა სიმბოლური გამოსახულებების შეცვლა კომპოზიციით. როგორც ვუკოლ ბერიძე აღნიშნავს, იმ პიროვნებებს, რომლებიც გარდამოხსნებს უკვეთავდნენ, ნაკლებად აღელვებდათ „ციური“ ტრანსცენდენტური ელემენტები, მათთვის მხოლოდ კონკრეტულ-ისტორიული გამოსახულება იყო გასაგები და ანგელოზ-სერაბიმ-ქერუბიმებს, ადამიანთა ფიგურების რაოდენობა სჭარბობს. ეს ძირითადად გვიან ნიმუშებში მე-18 საუკუნეში გვხვდება.

ქართული გარდამოხსნების ადრეულ ნიმუშებში (15 საუკუნე) შემუშავებულია ქრისტეს ტირილის ისტორიული სცენა მონაწილეთა ისეთი შემადგენლობით, როგორც გიორგი მერვის გარდამოხსნაზეა. სხვა ქვეყნის გარდამოხსნებზე ამგვარი დატირება არ გვხვდება.

გვხვდება ისეთი კომპოზიციები, რომლებიც თავისი შემადგენლობითა და განლაგებით ჯვარცმის ტრადიციულ გამოსახულებებს უკავშირდება.

გარდამოხსნის ქართული ნაქარგობისთვის არ არის დამახასიათებელი ქტიტორთა გამოსახულებების განთავსება ნაქარგობაზე. გამონაკლისია ორი შემთხვევა მარიამისეული და ამილახვრისეული გარდამოხსნები მე-18 საუკუნეში.

მე-18 საუკუნიდან ქართული ტრადიციები ნელ-ნელა იკარგება და, ძირითადად, რუსული გავლენა ვლინდება.

გარდამოხსნა, რომელიც ერთიანი საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გიორგი მერვემ (1446-1466 წ. წ) სვეტიცხოვლის ტაძარს შესწირა, ქართულ გარდამოხსნათა შორის გამორჩეულია თავისი სრულყოფილი იკონოგრაფიული პროგრამით.

გარდამოხსნას გარს უვის ფართო მცენარეული ორნამენტი, რომელშიც წმინდანებია განმარტებითი წარწერებით, ხოლო ვიწრო ოქრომკედის ზოლებშემოვლებულ რომბებში ჯვრებია. ორნამენტით მორთულ დიდ სარეცელზე, გულხელდაკრეფილი ქრისტე ასვენია. სარეცელის თავსა და ბოლოში ღია ფერის სამოსით მოსილი ორი მთავარანგელოზია, რომლებსაც ხელთ უპყრიათ მრგვალი, ორნამენტებით შესრულებული სამწერობლები, შიგ ჩაწერილი ქერუბიმები, სარეცლის მიღმა მოტირალი დედანი არიან, ოდნავ დახრილი თავებით.

გარდამოხსნის ქვედა არეზე ქრისტეს აღდგომის სცენაა. მარცხნივ პეტრე მოციქულია, იქვე - ორნამენტული საფლავი ოთხი შეიარაღებული მცველით, ორი მენელსაცხებლე დედა სურებით ხელში და საფლავის ქვაზე მჯდომი ფრთიანი ანგელოზი. გარდამოხსნაზე გამოსახული ყველა პერსონაჟი თმახუჭუჭაა.

კომპოზიციის ზედა რეგისტრში ამაღლების სცენა რომბის ფორმის მანდორლაში ტახტზე მჯდომი ქრისტე მაკურთხებლის პოზაშია. მას ორი ფრთაგაშლილი ანგელოზი ამაღლებს. ამაღლების ორივე მხარეს ფრთოსანი დისკოებია. გარდამოხსნაზე ყველა ფიგურა შარავანდითაა. შარავანდი ღვთიური დიდების ჩაუქრობელი ნათელია, შუქი, რომელიც წმინდანებს შიგნით არის დაბადებული და რომელიც ერთიანია მის გარდაქმნილ შუქთან.

ტახტი, რომელზეც მაცხოვარია დაბრძანებული, სამყაროს სიმბოლოა.

gardamoxsna-1714671807.jpg

გარდამოხსნათა შორის საჩხერის გარდამოხსნა ყველაზე ადრეულია და ზომითაც ყველაზე დიდია. იგი, ასევე, გამორჩეული და უჩვეულოა მხატვრული გაფორმებითა და მასზე გამოსახულ პერსონაჟთა შემადგენლობით. სამფიგურიანი კომპოზიციით შექმნილია თავისებური ტრიპტიქი, რომლის „ფრთებიც“ ვერცხლის თმით გავლებული ზოლითაა გამოყოფილი. სამფიგურიან კომპოზიციაში იდეურ-აზრობრივი ცენტრია მაცხოვრის დიდი მონუმენტური ფიგურა, რომელიც ჯვრებით მორთულ არდაგზეა დასვენებული. მის ზემოთ სამი „მოლივლივე“ მწუხარე ანგელოზია გამოსახული...

შევეცდები დაწვრილებით თხრობით არ შეგაწუხოთ და ფოტოებით განახოთ უძველესი „გარდამოხსნები“

gardamoxsna-1-1714671858.jpg

მაგრამ, აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა ითქვას. ფიცარი, რომელზეც ქრისტეა დასვენებული, წმინდა რელიქვიად ითვლება. იგი მანუელ კომნენოსის მიერ იქნა გადმოსვენებული ეფესოს კონსტანტინეპოლში და ეკლესიაში დასვენებული. ეს ფიცარი, პანტოკრატორის ეკლესიაში ინახება, სადაც იმპერატორია დაკრძალული.

მე-12 საუკუნის შემდეგ, ფიცარი ხშირად გამოისახება გარდამოხსნების სცენებში. გარკვეული თეოლოგიური თემის ხაზგასმის მიზნით, კუთხეებში მახარობელთა სიმბოლური გამოსახულებებია (ამ შემთხვევაში, ისინი, როგორც აპოკალიფსური ცხოველები, „მეორედ მოსვლის“ მაუწყებლებად გვევლინებიან).

ქართულ გარდამოხსნათა შორის უბისის ეკლესიის გარდამოხსნის ფრესკის პირი, გამორჩეულია თავისი კომპოზიციით. სარეცელზე დასვენებულ ქრისტეს თავი მარცხნივ კი არა აქვს, არამედ - მარჯვნივ. სარეცელი დეკორირებულია სხვადასხვა ფერის ქსოვილებით. კომპოზიციის წინა პლანზე წელში მოხრილი ქალია, რომელიც ქრისტეს თავს უსწორებს. იქვე, მეორე პლანზე, დამწუხრებული, გატანჯული სახით, მუქი ყავისფერი სამოსით შემოსილი ღვთისმშობლის ფიგურაა, რომელიც თითქოს ცდილობს ხელით შეეხოს შვილს და ვერ ეკარება. მის გვერდით მწვანით მოსილი ქალის ფიგურა პირზე ხელი აქვს აფარებული, წუხილის ნიშნად...

კომპოზიციის ოთხივე მხარეს მოსდევს წარწერა, რომელთა კუთხეებში განთავსებულნი არიან მახარობლები: მარკოზი - ლომის სახით, ლუკა -ხარის, იოანე -არწივის და მათე -ანგელოზის სახით. მარცხენა კუთხეში შროშანის რტოა რამი ყვავილით იგი ამ შემთხვევაში ქრისტეს ამაღლების სიმბოლოა.

ფერები საკმაოდ კარგად არის შეხამებული, ხოლო წარწერაში მოხსენიებული პირები გედეონ აბაშიძე, მისი თანამეცხედრე გულქან ჭილაძის ასული, ესტატე აბაშიძე და მისი მეუღლე ნარიობი მე-16 საუკუნის პირები არიან, რაც ირკვევა ამავე უბისის ეკლესიისადმი შეწირული ნივთების წარწერებიდან.

gardamoxsna-2-1714671895.jpg

გივი ამილახვრისეული გარდამოხსნა გამეორებაა მარიამისეული გარდამოხსნისა. განსხვავება მიწარის ფერშია. წარწერაში მოხსენიებული არიან იოთამ ამილახვრის შვილი გივი ამილახვარი და მისი თანამეცხედრე, ვახტანგ მეხუთის ასული თამარი.

იმერეთის მმართველის გიორგი აბაშიძისა და მისი მეუღლის გულქან ლორთქიფანიძის გარდამოხსნა მე-18 საუკუნის უადრესი ნიმუშია. ეს არის პირველი გარდამოხსნა, რომელიც შავი ფერის ატლასზეა შესრულებული. ტრადიციულად, გარდამოხსნაზე შავ ფერს იშვიათად იყენებენ, სიმბოლიკიდან გამომდინარე, შავი როგორც მწუხარებისა და ჯოჯოხეთის სიმბოლო, ეხმიანება კომპოზიციაში წარმოდგენილ პერსონაჟთა სულიერ განწყობას.

gardamoxsna-3-1714671926.jpg

ეს გარდამოხსნა შესრულებულია რუსული ოდიკების ნახატის მიმსგავსებით. წარწერაში მოხსენიებული გრიგოლ აბაშიძე მე-18 საუკუნეში იმერეთის გამგებელი იყო. მისი სახელი ხშირად გვხვდება ხელნაწერებსა თუ სხვადასხვა საეკლესიო ნაკეთობებზე. უშულოდ იმერეთის ეს უძველესი გარდამოხსნა 1715 წლით თარიღდება.

კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, რათა არაერთი გარდამოხსნის უშუალო აღწერილობა ბევრს ამბობს ჩვენს ისტორიაზე, მაგრამ ნაწილი სხვა დროისთვის იყოს. უმძიმესი დღეა ქრისტეს ჯვარცმის დღე. დაე, აღდგომა სიხარულისა მოგვმადლოს უფალმა ყველას.