ვისი აგენტები "დასეირნობენ" საქართველოში?! - როგორ ემზადებიან მეგობრული და მტრული ქვეყნების სპეცსამსახურები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის - კვირის პალიტრა

ვისი აგენტები "დასეირნობენ" საქართველოში?! - როგორ ემზადებიან მეგობრული და მტრული ქვეყნების სპეცსამსახურები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის

29 აპრილს საქართველოში „პოლიტიკური ნისლი“, როგორც იქნა, გაიფანტა, თუმცა ამის შემდეგ შავი ღრუბლების ჯანღი ჩამოწვა ჰორიზონტზე. გამართლდა ვარაუდი, რომ „ხალხის ძალისა“ და ცალკეული „უშიშარი“ პარლამენტარების უკან, რომლებმაც ერთი წლის წინ ღია ომი გამოუცხადეს „დასავლეთს“, ბიძინა ივანიშვილი იდგა და ის იყო მათი შთაგონების წყარო და კოორდინატორი. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე არ გვანებივრებს საჯარო გამოსვლებით და საპროგრამო სიტყვებით. აქამდე ის ყოველთვის მოზომილად და ფრთხილად ამბობდა სათქმელს, პირველ რიგში, საგარეო-პოლიტიკური კურსის შესახებ.

29 აპრილამდე მის მიერ საჯაროდ არ დასმულა კითხვის ნიშნები საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული „დასავლური ორიენტაციის“ მიმართ; არ ყოფილა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების ღია კრიტიკა და მათი შეთქმულებებში დადანაშაულება. იმ დღეს კი მთავარმა ორატორმა გამბედაობაც დაუწუნა „თავის გუნდს“: „საზოგადოებაში ხშირად კითხულობენ, მაინც რატომ იბრძვიან უცხოეთიდან ასეთი გამალებით „ენჯეოების“ გამჭვირვალობის წინააღმდეგ? ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ შეკითხვას სწორი მიმართულებით პასუხობენ, თუმცა სრული სიმართლის თქმას ისინი მაინც ერიდებიან. სრული სიმართლე კი ისაა, რომ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო. მიზანია, საქართველო არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ - გარედან დანიშნული „ღამურების“ – ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და გიგლა ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს. ამის დაუშვებლობა არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლების იდეას შეწირული ქართველი მოღვაწეების წინაშე“. საინტერესოა, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციური „ქართული ოცნების“ გამარჯვება ქართველმა ხალხმა გადავწყვიტეთ თუ ახალი ხელისუფლება მაშინაც „გარედან დანიშნეს?“

29 აპრილს სამთავრობო მიტინგზე გამომსვლელთა მთელი ძალისხმევა და ორატორული ნიჭი შიდა და გარემტრების („უცხოური აგენტურის“) მხილებას, მათი „ფარული კავშირების“ გამოვლენასა და „ყველასგან დამოუკიდებელი“ საქართველოს პერსპექტივების ხატვა/მოქარგვას მიეძღვნა. იმ დღეს „მაღალი ტრიბუნიდან“ იმდენად ხშირად გაიგებდით სიტყვა „აგენტებს“, რომ თავი 1937 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) პლენუმზე გეგონებოდათ.

„ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აგენტები, აგენტები და კიდევ აგენტები: ეს სიტყვა იმდენად „მშობლიური“ გახდა დღევანდელი საქართველოსთვის, რომ ლამის ძველი ეროვნული ფავორიტები: ფეხბურთი და „მშობლიური რვა ნომერი“– გადაფარა. აგენტებზე მსჯელობს დიდი და პატარა, ხელისუფლება და ოპოზიცია, მოხუცი და ახალგაზრდა: ჩვენთვის ისედაც დამახასიათებელი ისტორიული ქიშპობა/სიჯიუტე და სხვისი მოსაზრების განქიქება (არჩილ მეორეს, რომ დავესესხო „უჩემოდ ვინ იმღერეთა“) ახალ „სიმაღლეებზე“ ავიდა. მარტის ბოლოს დანთებული ერთიანობის სულ პატარა ნაპერწკალი ისეთი სისწრაფით და მონდომებით ჩააქრეს, რომ არ დაეჭვდები: ფეხბურთიც პოლიტიკაა და თანაც - უზარმაზარი პოტენციალით. ზოგიერთს ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატება ისე „გაეხარდა“, როგორც მეეზოვეს შემოდგომის მოსვლა „უხარია“.

picture2-1714723516.jpg

ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები: სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი

ვისი აგენტები „დასეირნობენ“ საქართველოში? ეს საკითხი იმდენად მრავალწახნაგოვანი და რთულია, რომ ცოტა შორიდან უნდა დავიწყო. „აგენტების თემა“ მაშინ ხდება აქტუალური, როცა სხვადასხვა პარტიის ლიდერები არჩევნების წინ ერთმანეთს "კრემლის" და "ამერიკის" აგენტობას აბრალებენ.

იქნებ ზოგიერთები არიან კიდეც? იქნებიან და ეს გასაკვირი არც უნდა იყოს - ბევრი ქვეყანა ცდილობს, საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში, ისევე, როგორც ბიზნესელიტაში, მასმედიაში, სამეცნიერო წრეებში და ა. შ. საკუთარი დასაყრდენი ჰყავდეთ. ზოგადად, რაც უფრო დიდი სიჭრელეა პოლიტიკურ სპექტრში, სპეცსამსახურისთვის (უპირველესად, უცხო ქვეყნის) უფრო იოლია იქ შეღწევა და აგენტურული ქსელის შექმნა. სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკაა, იმუშაონ როგორც ოპონენტი, ისე - მეგობარი ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი.

საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში გასამართი საპარლამენტო არჩევნები უკვე გლობალური პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენების რანგში ავიდა. მიზეზები გასაგებია და მათ ჩამოთვლას არ შევუდგები. ისიც ცნობილია, რომ ამგვარი, საეტაპო მნიშვნელობის არჩევნებისთვის განსაკუთრებით ემზადებიან სპეცსამსახურები: მეგობრებიც და მტრებიც. ამჟამად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობენ, როგორც კეთილმოსურნე სპეცსამსახურები (ანუ მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურები), ასევე - არაკეთილმოსურნე სპეცსამსახურები (ანუ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსამსახურები). ორივე ჯგუფი აგროვებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ, რელიგიურ, ეკოლოგიურ და ა.შ. ინფორმაციას, აანალიზებს მას და საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აწვდის მოვლენათა შესაძლო განვითარების მიმდინარე და პერსპექტიულ პროგნოზს. გარდა ამისა, ეს სპეცსამსახურები ახორციელებენ ოპერატიულ-აგენტურულ ღონისძიებებსაც.

სპეცსამსახურების ამ ორ ჯგუფს შორის ის განსხვავებაა, რომ პირველნი, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მოქმედებენ, ხოლო მეორენი - საწინააღმდეგოდ. ჩვენს მეგობრებს აინტერესებთ, ჩვენთან შიდაპოლიტიკური პროცესი როგორ ვითარდება, როგორია რეალურ ძალთა განლაგება პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ა.შ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მათთვის პრიორიტეტული ინფორმაციის მიღებაა და არა არჩევნების შედეგებზე ფარული გავლენის მოხდენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ აიძულებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მშვიდობიან წასვლას. თუმცა ისიც ვთქვათ: „დასავლეთი“ დიდ შეცდომას უშვებდა და უშვებს, როდესაც არ აღიარა სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულები, მათ, ასევე, უნდა გაითვალისწინონ საქართველოს საზოგადოების განსაკუთრებით კრიტიკული დამოკიდებულება ლგბტ-ს საკითხისადმი.

ჩვენი ქვეყნის ბედია თუ უბედობა, რომ მრავალი საუკუნეების მანძილზე საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა სხვა ქვეყნების დედაქალაქებში წყდებოდა და წყდება. საუკუნეების მანძილზე ქართველი მეფეები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების “ქოლგის” ქვეშ ამაოდ ეძებდნენ ხსნას. მსოფლიო პოლიტიკის „საჭადრაკო დაფაზე“ ამჟამად სამი ძირითადი მოთამაშეა („დასავლეთი“, რუსეთი და ჩინეთი), ასევე აქტიურობენ საქართველოს ისტორიული „მტერ-მეგობრები“: ირანი და თურქეთი. ყველა ეს ქვეყანა საკუთარი გავლენის სფეროების გასაძლიერებლად ღიად და ფარულად მუშაობს. ამ ქვეყნების „ბექგრაუნდი“ კარგადაა ცნობილი: ძველიც და ახალიც. შეხედე, შეაფასე და ამოირჩიე !

picture1-1714723516.jpg

ირანისა და თურქეთის პრეზიდენტები: რაისი და ერდოღანი

საქართველოსა და ჩინეთს შორის ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკურსა და კულტურულ-ჰუმანიტარულს არ სცილდება და ეს ქვეყნები ერთმანეთს პირდაპირ საფრთხეს არ უქმნიან. მოსალოდნელია, რომ ჩინეთი უახლოეს წლებში კიდევ უფრო გააძლიერებს აქტიურობას სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი - საქართველოში. ჩინეთის ეროვნულ ინტერესების სფეროშია საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქუტურის საშუალებით (რკინიგზა და პორტები) ექსპორტ-იმპორტის გაზრდა შავი ზღვის მიმართულებით, ევროპისკენ. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების აქტუალური საკითხია სეპარატისტული რეგიონების აუღიარებლობის პოლიტიკაში ჩინეთის სტაბილური მხარდაჭერა. ძნელად მოსალოდნელია, რომ ჩინეთი ამ საკითხში მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ და შეცვალოს პოლიტიკა.

აქამდე ჩვენი მთავარი მტერ-მოწინააღმდეგე ოკუპანტი რუსეთი იყო, რომლის უმთავრესი მიზანი არის და იქნება საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. სიტუაციის მაქსიმალური დაძაბვა, მსოფლიოს ყურადღების გადატანა უკრაინის ომიდან "არასტაბილური" საქართველოსკენ. რუსეთის სპეცსამსახურები სამი ათეული წელია, ცდილობენ საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაციის არევას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთდაპირისპირების იმ დონემდე გამწვავებას, რომ ისინი ვერ შეთანხმდნენ და შესაძლებელი გახდეს "მართვადი ქაოსის" პროცესის დაწყება. მათ ხომ ამის დიდი გამოცდილება აქვთ!

უახლოესი წლების განმავლობაში რუსეთისგან არ უნდა მოველოდეთ საქართველოს მიმართ აშკარა თუ ფარული ძალისმიერი პოლიტიკის შეცვლას ან რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებებს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, იმიტომ, რომ რუსეთში ამჟამად არ ჩანან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში, უარს იტყოდა იმპერიულ პოლიტიკაზე. რუსეთის დიქტატორ პუტინს კი როგორ შეიძლება ენდო?

“ცივი ომის” პერიოდის დამთავრების და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც ძალზე დიდხანს, საქართველო, აშშ-ის და ევროპის წამყვანი ქვეყნების მხოლოდ პერიფერიული ყურადღების ობიექტად რჩებოდა. შემდეგ წლებში კი აშშ გახდა ჩვენი ქვეყნის უპირველესი სტრატეგიული პარტნიორი, რაც ბევრჯერ დაამტკიცა სიტყვითაც და საქმითაც. თუნდაც ის გავიხსენოთ, რომ სწორედ აშშ-ის პრინციპული პოზიციის შედეგი იყო რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანაზე 1999 წელს მიღწეული საბოლოო შეთანხმება. სამწუხაროდ, რუსეთის სპეცსამსახურებს ამომწურავი აგენტურული ინფორმაცია ჰქონდათ და აქვთ აშშ-საქართველოს სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გეგმებზე და ცდილობენ, მაქსიმალურად შეუშალონ ხელი საქართველო-აშშ-ის და საქართველო-ნატოს კავშირების გაღრმავებას.

გუშინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა: „ ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად“. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს სიმართლეა?

თუმცა აქ ერთი ფაქტორია აუცილებლად მხედველობაში მისაღები: აშშ-ის მხრიდან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობაზე გარანტიების მიღება, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება და მასთან დაახლოებული „პოლიტიკოს-ექსპერტები“ აშშ-ს სახელმწიფო გადატრიალების მზადებას აბრალებენ, არარეალური გახდება. აქ ერთი „კახური ანდაზა“ გამახსენდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო თავს შევიკავებ, ისე კი ზუსტად ასახავს ამ სიტუაციას.

თუ უცხოეთიდან შემოსული თანხები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო ფარული ღონისძიებების დაფინანსებას ხმარდება, ამის აღსაკვეთად არსებობს სუსი.

საქართველოს მთავარი სპეცსამსახურის 2023 წლის ანგარიშში აღნიშნულია: გასულ წელს გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებრივი განწყობები, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების შანსებიო. მთავარია, ვინ რა მიზნით გამოიყენებს ამ ინფორმაციას.

აქ კი მდგომარეობა საკმაოდ რთული ყოფილა: „2023 წელს, საინფორმაციო ომის ფარგლებში, სხვადასხვა ძალის მიერ წარმოებული კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეფერხება, სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანება, საქართველოს, როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის, იმიჯის დისკრედიტაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების გაზრდა, ასევე, საზოგადოებაში პოლარიზაციის დონის ამაღლება“, – აღნიშნულია სუს-ის 2023 წლის ანგარიშში. ყურადღებით წაიკითხეთ: „ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეფერხება, სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანებაო“ – ლოგიკურია, რომ ამას „დასავლეთი“ არ მოინდომებდა, მაშ ვინაა ის „უხილავი“ მტერი, რომელიც ამ ფარულ სპეცოპერაციებს ახორციელებს? სუსი ამას უკვე აღარ გვეუბნება. ამას ჩვენ თავად უნდა მივხვდეთ?

პ.ს. მინდა, აუცილებლად შევეხო ერთ მოსალოდნელ საფრთხეს, რომლის ნიშნები უკვე სახეზეა: აქციის მონაწილეებიც და სამართალდამცველებიც უნდა ერიდნონ პროვოკაციებს. სოციალურ ქსელებში უკვე გაჩნდა რადიკალური მოწოდებები პოლიციის თანამშრომლების მიმართ ანგარიშსწორების შესახებ, თბილისის ქუჩებში კი - წარწერები აჯანყების მოწოდებით. კარგად ვიცით, ვის ინტერესებშია მოვლენების რადიკალური გზით განვითარება.

დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველთა უდიდესი ნაწილი აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობრივი მოქმედებების წინააღმდეგია და თუ დღეს „ბარიკადების“ მეორე მხარეს აღმოჩნდნენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ნამდვილი პატრიოტები არ არიან.

ამავე დროს სამართალდამცველებს უნდა ახსოვდეთ, რომ კანონმდებლობის მიხედვით: დაუშვებელია წინასწარი შეცნობით მათ მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში, მათ უარი უნდა თქვან ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში. სამართალდამცველზე, რომელიც უარს ამბობს, შეასრულოს უკანონო ბრძანება ან განკარგულება, არ ვრცელდება არანაირი დისციპლინური ან სხვა სახის სანქცია.

(მეხუთე ნაწილის დასასრული)