"რუსეთი უკვე ჩინეთის ხელშია" - უკრაინის მთავარი დიპლომატის სკანდალური განცხადება და პასუხი კითხვაზე: არის თუ არა მშვიდობის დამყარების შანსი?! - კვირის პალიტრა

"რუსეთი უკვე ჩინეთის ხელშია" - უკრაინის მთავარი დიპლომატის სკანდალური განცხადება და პასუხი კითხვაზე: არის თუ არა მშვიდობის დამყარების შანსი?!

ამერიკული ჟურნალის - „ფორინ პოლისის“ (Foreign Policy) ვებ-გვერდზე, სათაურით - „როგორ გეგმავს კიევი ამერიკული დახმარების გამოყენებას: შეხვედრა უკრაინის მთავარ დიპლომატთან“ - გამოქვეყნებულია ინტერვიუ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან. ესაუბრება ჟურნალის მთავარი რედაქტორი რავი აგრავალი.

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის ზოგიერთ მომენტს:

„ვლადიმერ პუტინი ყველას მტერია“

დიმიტრი კულებამ დასავლეთს მოუწოდა, უფრო კატეგორიული მოთხოვნები წაუყენონ რუსეთს, რომ ომისშემდგომი მსოფლიო კრემლის აგრესიისაგან თავისუფალი იყოს.

„ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისა და პოლიტოლოგების გონებაში არსებული იდეები, რომ რუსეთთან ურთიერთობის ბოლომდე გაწყვეტა არ შეიძლება, რომ შესაძლებელია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება, რომ ხიდები ბოლომდე არ უნდა დავწვათ - ეს ყველაფერი არასწორია. კრემლთან მოლაპარაკება არ გამოვა, უბრალოდ, შეუძლებელია.

რუსეთი თავის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აფართოებს იმისათვის, რომ შემდეგ სხვა ქვეყნებსაც თავს დაესხას. პუტინის რუსეთი ყველას მტერია... იცოდეთ, რუსეთი უკრაინის შემდეგ სხვებსაც გაუსწორდება.

როცა თქვენ - დასავლეთი - საკუთარ სტრატეგიას ამუშავებთ, პრობლემებს უკრაინაში ნუ ეძებთ, პრობლემები რუსეთშია. ჰკითხეთ საკუთარ თავს: სწორად ვაკეთებთ, როცა ჩვენს მოკავშირეს არ ვეხმარებით?“.

„ამერიკული დახმარება რწმენას გვიმტკიცებს“

ინტერვიუში უკრაინული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ის დახმარება პოზიტიურად შეაფასა, თუმცა განაცხადა, რომ პაკეტში შესული არ არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Patriot-ები, რომლებიც რუსული რაკეტების წინააღმდეგ გამოიყენება. მინისტრის თქმით, სწორედ რუსეთის სარაკეტო და საავიაციო დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა ქვეყნის ენერგეტიკული სიმძლავრეების ნახევარზე მეტი.

„ამერიკის დახმარებამ უკრაინელი ჯარისკაცების საბრძოლო სული აამაღლა. გაძლიერდა და განმტკიცდა უკრაინის მოსახლეობის რწმენა. ამასთან, კარგი იქნებოდა, რომ დახმარების ამ პაკეტში შესულიყო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Patriot-ები, - ეს ძალიან დიდი იმპულსი იქნებოდა, რადგან უკრაინა სწორედ რუსული რაკეტების დარტყმებს განიცდის.

რუსული ბალისტიკური რაკეტები ამ ომის ნამდვილ უბედურებას წარმოადგენს. ძირითადად, ისინი გამოიყენება ჩვენი ენერგეტიკული სისტემის გასანადგურებლად. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი: რომელიმე ქვეყანას რომ ენერგოსისტემის ასეთი დაზიანება გადაეტანა, სიტუაცია იქ უარესი იქნებოდა, ვიდრე - უკრაინაში.

რატომ ხდება, რომ რუსული რაკეტები ჩვენს ენერგოსისტემას ურტყამენ და ჩვენს მოსახლეობას ელექტროენერგიას ართმევენ? იმიტომ, რომ ვიღაცამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები დროულად არ მოგვაწოდა, ვიღაც თვითმფრინავებს არ გვაძლევს და თავს არიდებს უკრაინის დახმარებას. ჩვენ ამ ყველაფერს ვუძლებთ - იმიტომ, რომ ბევრი რამ უკვე ვისწავლეთ და ვიცით, თუ რა არის დადებული ფსონად... ჩვენ მაინც ვმართავთ ჩვენს ქვეყანას, ვიგერიებთ რუსების შემოტევებს და მსოფლიოში მხარდამჭერებს ვეძებთ“.

„რუსეთი უნდა დამარცხდეს“

დიმიტრი კულებამ ინტერვიუში პასუხი გასცა კითხვას, შვეიცარიაში ივლისის თვეში დაგეგმილი მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციის („მშვიდობის გლობალური სამიტის“) შესახებაც, რომელშიც რუსეთი მიწვეული არ არის - თუმცა მოსკოვმა მასში მონაწილეობაზე უარი ჯერ კიდევ მარტში განაცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ წარმოდგენები, თითქოსდა, კონფლიქტი თვითონ მეომარმა მხარეებმა უნდა მოაგვარონო, მცდარია და ძველი სასწავლო სახელმძღვანელოებიდან მომდინარეობს. უკრაინას ამ მხრივ თავისი გამოცდილება აქვს, 2014 წლიდან.

„2014-2022 წლებში ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკების თითქმის 200-მდე რაუნდი ჩავატარეთ, სხვადასხვა ფორმატში, შუამავლების მონაწილეობით და მათ გარეშე, მრავალმხრივად და ორმხრივად... მაგრამ არაფერმა არ იმუშავა და ყველაფერი დასრულდა რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შემოჭრით. ამიტომაც უაზრობაა იმის მცდელობა, რომ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, თუ მას კეთილსინდისიერ მოქმედებას არ დააძალებ.

რუსეთი მოლაპარაკებაში მონაწილეობას რომ დათანხმდეს, ამისათვის მხოლოდ ორი მეთოდი არსებობს: პირველი - ჩვენი გამარჯვების მოპოვება ბრძოლის ველზე და მეორე - ჩვენი მოკავშირეების, საერთაშორისო ანტირუსული კოალიციის ძალისხმევა. სწორედ ამაში გამოიხატება შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტის მიზანი - გააერთიანოს ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მიმართ ერთნაირ პოზიციებსა და მიდგომებს იზიარებენ. ამის შემდეგ კი, შეიძლება რუსეთიც იქნეს მიწვეული მოლაპარაკებაზე (მეორე ეტაპზე), რადგან, საბოლოო ჯამში, მართლაც ომის ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს“.

„რუსეთი უკვე ჩინეთის ხელშია“

არ არის გამორიცხული, პეკინს ბერკეტები ჰქონდეს მოსკოვზე გავლენის მოსახდენად. „შეუძლია თუ არა ჩინეთს, ალაგმოს რუსეთის ამბიციები? - ამ კითხვას დიმიტრი კულება ასე პასუხობს:

„თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ. ჩინეთს აქვს რუსეთზე გავლენის ბერკეტები. ჩინეთს მეტის გაკეთება შეუძლია, რომ რუსეთმა თავისი ქცევა შეცვალოს. ჩვენ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, ფაქტობრივად იგივეს ვლაპარაკობთ. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ ჩინეთი შვეიცარიის კონფერენციაში მონაწილეობისათვის.

ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერი ფიქრობს, რომ თუ რუსეთს გავრიყავთ, თუ მას მსოფლიოსაგან იზოლაციაში მოვაქცევთ, მაშინ კრემლი მთლიანად ჩინეთის ხელში გადავა. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უკვე ჩინეთის ხელშია“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო