„ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე - ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო" - კვირის პალიტრა

„ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე - ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო"

„ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე საუბარზე აშშ-სთან. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ რაც ვერბალურად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უკვე სისრულეში მოდის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომ მასთან მიწვეული საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრაზე არ გამოცხადდა.

ჩიხლაძის თქმით, ამას რუსეთისკენ საგარეო კურსის ცვლა ჰქვია.

„დადასტურდა და „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე საუბარზე აშშ-სთან. პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს ამერიკელ პარტნიორებთან და პირველ პირებთან შეხვედრაზე - ეს დადასტურებულია. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ რაც ვერბალურად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უკვე სისრულეში მოდის. სრული სხვლა რუსეთისკენ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწო. საგარეო ურთიერთობების კურსის სრული შეცვლა, რასაც აქამდე ქმედებებით - ხანდახან შეფარვით, ხანდახან კი მკაფიოდ აკეთებდა, ისინი უკვე ამას დემონსტრაციულად აკეთებენ. ამას რუსეთისკენ საგარეო კურსის ცვლა ჰქვია“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“.

მოგვიანებით, ელჩის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება.

"ინტერპრესნიუსი"