პარლამენტთან, სერგო ჩიხლაძე და ბეჟან წაქაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

პარლამენტთან, სერგო ჩიხლაძე და ბეჟან წაქაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სერგო ჩიხლაძე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრემიერისთვის პირობის დათქმით, შეურაცხყოფა მოგვაყენა.

„ამერიკამ შეურაცხყოფა მოგვაყენა, გვეუბნება, რომ დაგელაპარაკები მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ რაღაცას გააკეთებთო. წინაპირობის გარეშე უნდა დაჯდეს და დაგველაპარაკოს. არჩევნებია 5 თვეში, მოემზადეთ კარგად და წადით არჩევნებზე. ხომ ამბობთ, რომ მაჟორიტარები ფეოდალები არიანო, ჩაბრძანდით და ერთი კაცი გამომიყვანეთ, ბეჟან წაქაძეზე რომ თქვას ფეოდალიაო, იქით ვეხმარები. ამიტომ დაწყნარდით, დამშვიდდით! მე ვარ ჩემი ქვეყნის მოყვარული და „რუსულ კანონს“ კი არა, ასე მიმაჩნია დღეს, რომ ეს არის კარგი. და თქვენ მგონიხართ ძალიან არასწორი“,- თქვა წაქაძემ.

საპასუხოდ, სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ აღნიშნულ კანონს არ მიაღებინებენ.

„ამერიკის შეერთებული შტატები ომის პარტიაა? ის გვეუბნება თუ რუსი არ იქნები, დაგელაპარაკებიო და თუ რუსი ხარ, არ დაგელაპარაკებიო. რუსი არ უნდა იყო! მე ვნერვიულობ?! სამი დღე ადამიანებს არბევთ, ბავშვებს სცემთ, საკუთარი „ვაგნერის“ ჯგუფები შექმენით. გუშინ ვინ დაარბია ბავშვები, ზონდერები რომ მიუგზავნეთ? გუშინწინ აქ ვიდექით, ვინ დაგვწამლა? „ქართულ ოცნებას“ არ გრცხვენიათ საერთოდ? უნდა გრცხვენოდეთ! საერთოდ როგორ ყოფთ თავს გარეთ?! თქვენ იყავით იმ 83 მოღალატე დეპუტატთან ერთად, ვინც „რუსულ კანონს“ იღებს. მე თქვენი პიროვნება არ მაინტერესებს და არც ის მაინტერესებს ბიზნესს თუ აკეთებთ, პოლიტიკურად არ ხართ ხალხის რჩეული. ამ კანონს არ მიგაღებინებთ!“ - განაცხადა ჩიხლაძემ.

IPN