"ორივემ ერთად ვიპოვეთ საქმიანობა, რაც ბედნიერებას გვანიჭებს" - წყვილი, რომელსაც საერთო საქმე და თიხის სიყვარული აკავშირებს - კვირის პალიტრა

"ორივემ ერთად ვიპოვეთ საქმიანობა, რაც ბედნიერებას გვანიჭებს" - წყვილი, რომელსაც საერთო საქმე და თიხის სიყვარული აკავშირებს

თავდაპირველად ჩემი ყურადღება წითელი თიხით დამზადებულმა, ხელით მოხატულმა სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის ყვავილების ქოთნებმა მიიქცია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია.

თეონა დვალიძე:

- პროფესიით მხატვარი-გრაფიკოსი ვარ. სკოლის პარალელურად სამხატვრო სკოლა-ათწლედში ვსწავლობდი, სადაც ფერწერის კურსი დავამთავრე, ხოლო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკა. ათწლედში ბევრ საინტერესო სფეროს შევეხე. გვასწავლიდნენ: ხატვას, ძერწვას, ქსოვას, კერვას და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა და დღემდე ჩემი საყვარელი საქმიანობაა, ყოველთვის მიზიდავდა ისეთი საქმე, რასაც სჭირდებოდა ხელის შეხება, ანუ ხელსაქმე. ამიტომ ყოველთვის ვეძებდი ისეთ რამეს, რომელიც ერთმანეთს შეერწყმებოდა, სადაც შევძლებდი ნამუშევრის ჩემი ხელით დამზადებას და თან დიზაინზე მუშაობას. კერამიკამ რომ დამაინტერესა, ალბათ ამაში დიდი როლი ჩემს ოჯახსაც მიუძღვის, რადგან დედაჩემს და ბებიას ძალიან უყვართ კერამიკული ნაკეთობები. აკადემიაში სწავლის პარალელურად, მუშაობა ჯერ ერთ-ერთ სახელოსნოში დავიწყე, მერე მეორეში და იმ პერიოდში ბევრი პრაქტიკული რამ შევისწავლე. ამასობაში სწავლა დავასრულე და სურვილი გამიჩნდა, ჩემი პირადი საქმე მქონოდა. თან, თიხამ თავი ისე შემაყვარა, გულს სხვა ვეღარაფერს ვუდებდი. ფაქტობრივად, ყველაზე ბუნებრივი მასალაა, რომელშიც რამდენიმე ელემენტია გაერთიანებული: მიწა, ცეცხლი, წყალი. დიზაინსა და ფორმაზეც შენ მუშაობ, საინტერესო პროცესია გამოწვაც და საღებავების შერჩევაც, რომელიც ნივთზე ყოველთვის სხვადასხვაგვარად ჯდება. ეს ექსპერიმენტები ძალიან მიმზიდველია და თიხამ თავი ამითაც შემაყვარა. კერამიკა იმდენად მრავალფეროვანია, დღესაც სწავლების პროცესში ვარ და ყოველდღე სიახლეებს ვაწყდები, აქედან გამომდინარე, ალბათ ბოლომდე ვერასდროს ამოვწურავ.

screenshot-2024-05-03-141601-1714731568.png

- პირველი საყვავილე ქოთანი როდის და როგორ დაამზადეთ?

- ჯერ კიდევ კერამიკის სახელოსნოში ვმუშაობდი, როცა ოჯახის ნაცნობმა საყვავილე ქოთნის დამზადება მთხოვა. ქოთანი ფრანგული ჯიშის ვარდის - ოჰარასთვის უნდოდა. მე და ჩემმა პარტნიორმა, რომელიც ახლა ჩემი მეუღლეა - ლუკა ჯანჯღავამ ის ნივთი ერთად დავამზადეთ. თიხის კარგად გაცნობისა და თერაპიული მხარის შესწავლის შემდეგ, მუშაობა ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში დავიწყე, სადაც დღემდე ვარ და რეაბილიტაციაში მყოფი ადამიანებისთვის, შრომითი თერაპიის კურსს ვატარებ. ამის პარალელურად, 2 წლის წინ, შინ პატარა სახელოსნო გავხსენი. ამაში ხელი შემიწყო და დამეხმარა "აწარმოე საქართველოში" გამარჯვებამ. მიუხედავად იმისა, რომ სანამ გავიმარჯვებდი, ჩემს პროდუქციას უკვე ჰქონდა რეალიზება, ეს დამატებითი მოტივაცია გამოდგა და თან პროგრამამ შესაძლებლობა მომცა საკუთარი ინვენტარი: ჩარხი, ღუმელი შემეძინა და საამისოდ ქირა აღარ მეხადა. ახლა მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ: როგორც საყვავილეებს, ისე ნებისმიერ ჭურჭელს, სერვირების დაფებს, სუვენირების ზარდახშებს, ლარნაკებს. ვცდილობ ისეთი კერამიკული პროდუქცია გავაკეთო, რომელიც პირველ რიგში, თავად მომეწონება. ამ ეტაპზე სანათებს ვამზადებ და ჯერჯერობით არ მაქვს გაყიდვაში გაშვებული. საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობთ და ნელ-ნელა ვცდილობთ, ნაბიჯები წინ გადავდგათ.

- თქვენი მეუღლეც მხატვარია?

- არა, მაგრამ ალბათ, ძალიან გამიმართლა, რომ თიხა მასაც შეუყვარდა. ჩვენ ორივემ ერთად ვიპოვეთ საქმიანობა, რაც ბედნიერებას გვანიჭებს. რაც უნდა სტრესული დღე მქონდეს და უამრავი პრობლემა შემხვდეს, თიხაზე მუშაობა დიდი განტვირთვაა და ყველაფერს მავიწყებს. სამომავლოდ გვინდა ჩვენი პატარა მაღაზია გვქონდეს, სადაც მომხმარებლებს წითელი თიხის ქოთნებსა და კერამიკულ პროდუქციას ერთად შევთავაზებთ.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"