როგორ გახდა ნეიროქირურგობაზე მეოცნებე გოგონა „ერისიონის“ მოცეკვავე - კვირის პალიტრა

როგორ გახდა ნეიროქირურგობაზე მეოცნებე გოგონა „ერისიონის“ მოცეკვავე

ბავშვობაში ოჯახში გადაწყვიტეს, დებს მუსიკალური განათლება მიეღოთ და საამისოდ მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ინტერესი არ ჰქონდა და მხოლოდ ცეკვა აინტერესებდა, დედისა და ბებიის სურვილს მაინც დაჰყვა, თუმცა მხოლოდ 4 წელი. 9 წლის ყოფილა, როცა ყველასგან მალულად, ბიძაშვილთან ერთად ცეკვის წრეზე სიარული დაუწყია. საიდუმლოს დამალვა მხოლოდ 1 თვე შეძლო, რადგან მერე ეს ამბავი „გასკდა“, თუმცა ამჯერად წინააღმდეგობა არავის გაუწევია და ცეკვაზე სიარული განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ ცეკვას დიდ დროს უთმობდა, სკოლაში კარგად სწავლასაც ახერხებდა და დიდი სურვილი ჰქონდა მომავალში სამედიცინო განათლება მიეღო. იცოდა, ის გზა, რომელსაც ეჭიდებოდა, მარტივი არ იქნებოდა, ამიტომ ნეიროქირურგობაზე მეოცნებე მოზარდმა მთელი დრო სწავლასა და მომზადებას დაუთმო. იმ დროს უკვე ცეკვამ მეორე პლანზე გადაინაცვლა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა... ანსამბლის „ერისიონი“ მსახიობ-მოცეკვავე და სოლისტი სოფო ხაჩიძე თავის განვლილ გზასა და დღევანდელობაზე გვესაუბრება.

- ჩემს ცხოვრებაში „ერისიონი“ რომ არ გამოჩენილიყო, აუცილებლად წავიდოდი სამედიცინო სფეროში, რადგან ვერც მაშინ და ვერც ახლა, სხვა ვერაფერს განვიხილავდი. უმაღლესში ჩასაბარებლად მომზადება რომ დავიწყე, ჩემმა ცეკვის მასწავლებელმა, ბატონმა ნოდარ ანდღულაძემ მითხრა, გასაგებია შენი არჩევანი და რომ ცეკვას სერიოზულად აღარ უდგები, მაგრამ იქნებ ამ ეტაპზე „ერისიონის“ სტუდიაში მაინც მიხვიდე, ვიცი, მომზადების პარალელურად ცეკვაზე სიარულს მაინც მოახერხებო. მივედი და 10 თვის განმავლობაში ბატონ ზაალ ჭუმბურიძის ჯგუფში ვცეკვავდი, თუმცა, მხოლოდ ჰობის დონეზე, რადგან უკვე არჩეული მქონდა მომავალი პროფესია. ზაალ ჭუმბურიძესთან 66 გოგონა ვცეკვავდით და ერთ დღესაც, მახსოვს, მაისის თვე იყო, დარბაზში შემოვიდნენ მაშინ ჩემთვის უცხო ადამიანები: ბატონი ჯემალ ჭკუასელი და ბატონი რეზო ჭოხონელიძე. გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი, ზალიკომ მე და ერთ გოგონას დაგვიძახა და გვითხრა, რომ მეორე დილას „ერისიონის“ რეპეტიციაზე ვიყავით დაბარებული. ვერ წარმოვიდგინე, რომ მე 66 გოგონას შორის გამომარჩიეს, ამიტომ ჩემს პედაგოგს ვუთხარი: კარგით რა, ზალიკო მასწ, ალბათ ამ გოგონებს შორის ყველაზე სუსტი მე ვიყავი, არ მჯერა, რასაც მეუბნებით-მეთქი. 20 წუთი მაინც მიხსნიდა, რომ არ მატყუებდა. „აგონიაში“ ვიყავი. შინ რომ წავედი, სიხარულით „ვფრენდი“ და შინ როგორ მივედი, არ მახსოვს. ვინაიდან არასრულწლოვანი, 16 წლის ვიყავი, მეორე დილას „ერისიონში“ მშობელთან ერთად გამოვცხადდი. დაგვხვდა ქალბატონი ეკა ჭკუასელი, რომელიც მაშინ გოგონების რეპეტიტორად მუშაობდა. მეც და ჩემს მეგობარ გოგონას გურული ფერხულის კოსტიუმი ჩაგვაცვეს. არ გვიცეკვია, მხოლოდ ვიზუალური მხარე შეამოწმეს და გვითხრეს, რომ მეორე დღიდან უკვე „ერისიონში“ ცეკვა შეგვეძლო. მაშინაც არ მჯეროდა, რაც ჩემს თავს ხდებოდა, მაგრამ როცა საბოლოოდ ყველაფერი გავიაზრე, რასაკვირველია, საქმეს სერიოზულად მივუდექი. ცხოვრებაში ყოველთვის და ყველაფერში ერთი შანსი გეძლევა, ჩემს შემთხვევაში შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბატონმა ჯემალმა ოქროს გასაღები გამომიწოდა და მეც შევეცადე, ეს შანსი მაქსიმალურად გამომეყენებინა. ცეკვას დიდი დრო და შრომა სჭირდება, დამჭირდა ინდივიდუალური მეცადინეობა, რომ ისეთი ვყოფილიყავი, როგორც აკადემიურ ანსამბლს შეეფერება. პროფესიული თვალსაზრისით არჩევანის წინაშე დავდექი, შეუძლებელი იყო ყოველდღიური დატვირთვის პარალელურად, სამედიცინოზე ჩაბარებაზე კვლავ მეფიქრა, აქედან გამომდინარე, 2-3 თვეში შეიცვალა ჩემი მიმართულება და თეატრალურ უნივერსიტეტში, ქორეოგრაფიულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე.

417573920-950019923146765-8872589253557182645-n-1714732150.jpg

- და რამდენი წელია, რაც „ერისიონის“ მოცეკვავე ხართ?

- 22 წელი ხდება, რაც „ერისიონში“ ვცეკვავ. მოგვიანებით კიდევ იყო ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ნახტომი ჩემს ცხოვრებაში. „ერისიონის“ მექართულე, არაჩვეულებრივ გოგონას ოჯახთან ერთად სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლამ მოუწია, შესაბამისად, ანსამბლს ამ ცეკვის ახალი შემსრულებელი დასჭირდა. გულწრფელად გითხრათ, ისევე, როგორც „ერისიონის“ წევრობაზე ვერასდროს ვიფიქრებდი, ვერც იმას წარმოვიდგენდი და არც არასდროს მქონია პრეტენზია სოლისტი ვყოფილიყავი. არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ ისიც მაკმაყოფილებდა და მაბედნიერებდა, რომ „ერისიონის“ წევრი ვიყავი. 2012 წელს, როცა მითხრეს, რომ ბატონი ჯემალი მიბარებდა, რა არ ვიფიქრე. მის კაბინეტში რომ შევედი, კატეგორიული ტონით მკითხა, - ანსამბლში რომ მოხვედი, თუ გახსოვს მაშინ ჩვენი მექართულე ვინ იყოო. ეკა ნონიკაშვილი-მეთქი, - ვუპასუხე. ხომ გახსოვს, როგორი ლამაზი იყო და ცეკვას როგორ შესანიშნავად ასრულებდა, შემდეგ კი ჩვენი ულამაზესი ნინო ვაშაკიძე ცეკვავდა. ახლა კი, ყურადღებით მომისმინე, ამჯერად ეს ტვირთი შენ უნდა ზიდო, შენი იმედი მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ შეძლებო. რასაკვირველია, ძალიან გამიკვირდა და ჩემი ასეთი რეაქციის გამო მისაყვედურა, რატომ გაქვს დაბალი თვითშეფასება, ამ ყველაფერს თავდაუზოგავი შრომა სჭირდება და ვიცი, თავს გაართმევ, რომ ჩვენი დედოფალი გახდეო... შოკში ვიყავი (იცინის).

- ცეკვის პედაგოგები ქართული ცეკვის შესრულებისას ხშირად ამბობენ, რომ მოცეკვავე დაღვრილი წყალივით უნდა მოძრაობდეს და სცენაზე ისე გადაადგილდებოდეს, რომ მისი ფეხის სვლა ვერავინ შენიშნოს... ასეთ შედეგს კი ძალიან დიდი შრომა სჭირდება...

- დიახ, ასეა. საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე და 3 წელი არ გავჩერებულვარ. თავდაუზოგავად, დღე და ღამეს ვასწორებდი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ვიცოდი, რომ ჩემი სხეული უნდა ყოფილიყო დაღვრილი წყალივით და ისე მემოძრავა, რომ ნაბიჯების გადადგმა არ დამტყობოდა. ამას კი დიდი შრომა და ვარჯიში სჭირდება. მაშინ არ იყო ისეთი ხელის საათები, როგორიც დღეს გვაქვს, თორემ დავინიშნავდი, რამდენ კილომეტრს გავდიოდი დღის განმავლობაში ქართულის დავლისას. სხეული რომ ხურდებოდა, ფეხზე სიმძიმე რომ მქონოდა, თავიდან 100-გრამიან გირებს ვიმაგრებდი და ისე ვცეკვავდი. მერე 200 და 300-გრამიანზე გადავინაცვლე. რა თქმა უნდა, სცენაზე გირები არ მიკეთია, მაგრამ კაბაც და მისი შიდა ქვედაბოლოც საკმაოდ მძიმეა, ამიტომ ამ ყველაფრის ტარებას შესაბამისი და ცალკე მომზადება დასჭირდა, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე შემესრულებინა და ისე, როგორც „ერისიონს“ შეეფერება. 2012 წლიდან დღემდე, ანსამბლის მექართულე ვარ და როგორც თავიდან, დღესაც იმავენაირად ვშრომობ, რომ ეს ცეკვა ისე შევასრულო, როგორც მას და ანსამბლს შეეფერება. როცა მწერენ, - კარგად ვცეკვავო, ეს ფაქტი უზომოდ მახარებს. ახლაც, თბილისში, 6 და 7 აპრილის გამართული კონცერტების შემდეგ, ბევრი მწერდა, ბავშვები გვეკითხებოდნენ, ჰოვერბორდზე ხომ არ დგასო? ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ასე იყოს. მინდა ჩემი კარიერა ისევე დავასრულო, როგორც საზოგადოებამ გამიცნო და დამიმახსოვრა.

- ორი შვილის დედა ხართ. როგორ გაატარეთ ორსულობის პერიოდი და ბავშვების გაჩენის შემდეგ, რამდენ ხანში დაუბრუნდით სცენას?

- ჩემი უფროსი შვილი - რეზი 16 წლის ხდება. ოთხი თვის ორსული ვიყავი, როცა დეკრეტში გავედი და მისი გაჩენიდან 4 თვეში სამსახურში გამოვედი. დღეს ეს ცოტა დაგვიანებულად მეჩვენება იმის ფონზე, რაც მეორე შვილის შემთხვევაში მოხდა. ნიკოლაზე ორსულად რომ ვიყავი, დეკრეტში მეშვიდე თვეში გავედი. გაჩენიდან ზუსტად მე-40 დღეს ანსამბლში დავბრუნდი, რეპეტიციაზე მივედი. ჩემს ჩვეულ წონაზე, მხოლოდ 2 კილოთი მეტი ვიყავი. ორივე ბავშვი საკეისრო კვეთით მყავს გაჩენილი.

5-copy-1714376419-1714732257.jpg

- საუბარში ახსენეთ, რომ ქართული ცეკვის შესრულებასთან დაკავშირებით, დადებით შეფასებებს გწერენ და კომპლიმენტებს იღებთ. შეგიძლიათ თუ არა მათ შორის თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი სიტყვები გამოარჩიოთ?

- მართლაც ბევრი ადამიანი მწერს და ასეთი ადამიანები ყოველთვის მაძლევენ იმის მოტივაციას, რომ მუდმივად საკუთარ თავზე ვიმუშაო, სულ ფორმაში და მობილიზებული ვიყო. ალბათ როგორც ანსამბლის ყველა მოცეკვავეს, მას პირველ რიგში ხელმძღვანელის აზრი აინტერესებს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბატონი ჯემალისა და რეზოს შეფასებები, ახლა უკვე ქალბატონი ეკასა და ბატონი ედიშერის. მათი თუნდაც ერთი მწირი ფრაზა თუ კომპლიმენტი, ჩემთვის ყოველთვის დიდი მოტივაცია იყო და არის. ერთხელ, მახსოვს, ფილარმონიის კონცერტის შემდეგ, სცენაზე ბატონი ფრიდონ სულაბერიძე და თენგიზ უთმელიძე ამოვიდნენ და შემაქეს. ბატონმა ფრიდონმა მითხრა, სცენაზე დასრიალებო და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი შეფასება გახდა. საერთოდ, ანსამბლში მოსულ გოგო-ბიჭებს სულ ვეუბნები, რადგან დიდი ხნის მოცეკვავე ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა ვივარჯიშო, პირიქით. ასევე, თუკი რამე პრობლემა და ტკივილია, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებას ახლავს, მაქსიმალურად ვცდილობ „გარეთ“ დავტოვო და გვერდით გადავდო. გოგო-ბიჭებისთვის მოტივაცია რომ გავხდე, ზუსტად ისევე უნდა ვიმუშაო, როგორც წარსულში. მინდა ახალგაზრდებს მაგალითი მივცე. მათ შორის არა მხოლოდ ცეკვის თვალსაზრისით, არამედ ვიზუალური კუთხითაც. ვცდილობ ყოველთვის ფორმაში ვიყო და „მეიქაფი“ ვატარო. ზოგს ეს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ ვფიქრობ, ყოველდღიურად აუცილებელია, ვალდებულიც ვარ, რადგან პირველ რიგში თავს ვცემ პატივს, ოჯახს და გარშემო მყოფებს. ამავდროულად პროფესია მაქვს ასეთი. არ მეპატიება ფიქრი: „დღეს მე მაკიაჟის წასმისა და ფორმაში ყოფნის ხასიათზე არ ვარ“, პირიქით, მუდმივად უნდა ვიყო „მოჭიმული“, მობილიზებული და სამსახურშიც ასე უნდა გამოვცხადდე. როცა აკადემიური ანსამბლის წევრი ხარ, დისციპლინასთან ერთად, ბევრი ვალდებულებაც გაქვს - თუნდაც ეს: სულ კარგად უნდა გამოიყურებოდე!..

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"