კრავთა დუმილი და ვირების მადლიერება თბილისის ქუჩებში - კვირის პალიტრა

კრავთა დუმილი და ვირების მადლიერება თბილისის ქუჩებში

ჩემი ბლოგის მკითხველები ალბათ მიხვდნენ, რომ ისეთ თემებზე ვწერ, რაც არ მომწონს და რისი გამოსწორებაც შესაძლებელია. ძალიან ხშირად მიწევს მთავრობის, ხელისუფლების წინააღმდეგ "გაბლოგერება" (ბოდიში ახალი სიტყვისთვის, მაგრამ სიტყვა "გალაშქრება" ზედმეტად ამბიციური მეჩვენა). ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩასაფრებული ვარ, უბრალოდ მათი "მიქარული" უფრო ჩანს და ყვირის ხოლმე. თუმცა დღევანდელ თემასთან მთავრობას ნაკლებად აქვს კავშირი და ისიც დადებითი მხრიდან (ასეთებიც ხდება). ეს უკვე ხალხს, თბილისელებს ეხება...

ალბათ, ფოტოები უკვე დაათვალიერეთ და ნახავდით, რა დღეში ჩააგდეს სტადიონი სათაურში ხსენებულმა უმადურმა ვირებმა (კახური ფოლკლორიდან).

ეს სტადიონი, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ერთ-ერთი არჩევნების წინ გააკეთა მერიამ. ხო "პაკაზუხაა" მაგრამ სასარგებლო ხომ არის? არ გქონდა და გაქვს, - ითამაშე, ივარჯიშე, გაერთე... არა, როგორ შეიძლება, კახურად კი - "ვირო, მადლი ...".

როგორც ხედავთ, სტადიონის გარშემო დიდი საცხოვრებელი კორპუსების ნაკლებობა არ იგრძნობა და ის, ვინც ამ ვანდალიზმს სჩადიოდა, ასობით და ათასობით ადამიანის თვალწინ აკეთებდა თავის ბოროტ საქმეს.

დარწმუნებული ვარ, ამ სტადიონის ასაოხრებლად ვინმე ქალაქის სხვა ნაწილიდან მოსულიყო. იქაურის გაკეთებული მგონია უეჭველად.

ვთქვათ, ის გარეწარია, მაგრამ ის ხალხი ვისი შვილებიც ფეხბურთს თამაშობდნენ ამ სტადიონზე, ვის შვილებსაც უნდა ეთამაშა... ზოგადად ხალხი სად იყო? რატომ არიან ცხვრებივით? დავიჯერო არავის დაუნახავს? თუ, დაინახეს და "დაიკიდეს", იმიტომ რომ საზოგადოებრივი (ანუ ყველასი და არავისი) ქონების დაცვა, თავის საქმედ არ მიაჩნიათ?

რამე რომ იყოს, გამოვლენ, შეერევიან თავისნაირების ფარას მთავრობის ან ოპოზიციის მიტინგზე და "ბეეე, ბეეეს" ძახილით გააყრუებენ იქაურობას. ისე კი სხედან სოროებში და იმზირებიან კრავის თვალებით.

კარგი, ესენი კრავები არიან... ახლა ვირებს მივუბრუნდეთ:

საერთოდ, როდესაც ვინმე იპარავს, ფულს "ტეხავს", რამეს ცუდად აკეთებს, უცხოებს ჩაგრავს და ნათესავ-მეგობრებს სხვებზე უკეთეს პირობებში აყენებს... ადვილი მისახვედრია, რომ ეს ყოველივე გამორჩენის მიზნით ხდება. უბრალო, ბანალური ადამიანური სიხარბის გრძნობის დასაკმაყოფილებლად... და ვინაიდან, ყველანი ხალხნი (ადამიანები) ვართ, ხშირად ასეთ ფაქტებს გაგებით, (დადებითად არა! - გაგებით) ვეკიდებით... ზოგი ამბობს კიდეც - ამ შემთხვევაში, ალბათ მეც ასე მოვიქცეოდიო...

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აი ამ სტადიონის ამაოხრებელმა რა გრძნობის დასაკმაყოფილებლად გააკეთა ყოველივე? დავიჯერო ხელოვნური საფარი ამოჭრა და "ზალაში" დააფინა ხალიჩის მაგიერ? ან იმის გამზრდელი რა ჭკუაზეა? ან საეთოდ როგორ და რისთვის ზრდიდა? და საერთოდ როგორ უნდა შეეგუო ან გაგებით მოეკიდო ასეთ ხალხს?

შეიძლება ვცდები, - კომენტარები გვაჩვენებს.

პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - "ვბუზღუნებ" იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.

ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.

ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge