ხალხის ვეტო - კვირის პალიტრა

ხალხის ვეტო

როგორ უნდა გამოვიდეთ საშიში პოლიტიკური ჩიხიდან?!

როდესაც ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, მას აკისრებს მთავარ ამოცანას - ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას. დიახ, მთავარს, რადგან პოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში რაიმე ეკონომიკური წინსვლაზე ან კეთილდღეობაზე საუბარი ზედმეტია. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა იყოს მთავარი მოწინააღმდეგე ნებისმიერი იმ ფაქტორისა, რომელიც ქვეყანაში არასტაბილურობას იწვევს.

რა კუთხითაც არ უნდა შეხედო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რა უცხოურ ანალოგებსაც არ უნდა დაუკავშირო და რა კეთილშობილურ მიზნებზეც არ უნდა ისაუბრო, ფაქტია - ის გრძელვადიანი პოლიტიკური კრიზისა და რყევების „აკუმულატორის“ ფუნქციას ასრულებს.

მმართველი გუნდის გათვლები, რომ პროტესტი „გამოიფიტება“ და ვნებათაღელვა ჩაცხრება, როგორც ვნახეთ, არ ამართლებს. სავარაუდოდ, წინ გველის კიდევ ბევრი მოვლენა, რომელიც მღელვარების გენერატორის ფუნქციას შეასრულებს - კანონპროექტის მესამე მოსმენა და საბოლოო დამტკიცება; პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო; ვეტოს დაძლევა უმრავლესობის მიერ; დასავლეთის სავარაუდოდ კონკრეტული ნაბიჯები(ბრიუსელში და ვაშინგტონში ელოდებიან, დამტკიცდება თუ არა საბოლოოდ კანონპროექტი). ამ ყველაფერს ემთხვევა ისიც, რომ შემოდგომით ოფიციალურად უნდა გვითხრან ბრიუსელიდან - ხსნიან თუ არა ჩვენთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების სივრცეს.

ასევე, სავარაუდოდ, ძალიან ოპტიმიტისტურია პროტესტის ორგანიზატორების იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს ხელისუფლება უკან დაიხევს. თუმცა მმართველი ძალა ბოლო დღეებში სამწუხაროდ, მანევრის სივრცეს აღარ იტოვებს და ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ კანონპროექტის უკან წაღებით თითქოსდა ყველაფერს წააგებს.

თუმცა სიტუაციის განმუხტვის მცირე შანსი მაინც არსებობს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით ჩამოდის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე. თუ დასკვნა ყველა მხარემ აღიარა, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ დაპირისპირება დაცხრეს ისე, რომ ეს რომელიმე მხარის გამარჯვება-დამარცხებად არ იყოს წარმოჩენილი.

თუ ეს შანსიც გაქრა, მაშინ ყველაზე მძიმე სცენარის საფრთხის წინაშე ვდგავართ - მოვლენები ასე მაშინ ვითარდება ხოლმე, როდესაც კომპრომისისთვის სივრცე აღარ არის და შუალედური გამოსავლის მოძებნა შეუძლებელია. ასეთ დროს, „იგებს“ ის, ვინც „მეორე მხარეს“ ფიზიკურად მოერევა. ეს არის სცენარი, როდესაც აგებს მთელი ქვეყანა და ვუახლოვდებით განგრძობადი(და ჩვენი ჩრდილოელი მტრისგან წახალისებული) დესტაბილიზაციისა და ქაოსის წითელ ზონას.

მდგომარეობას ამძიმებს კიდევ ერთი ფაქტორი - ადრე საქართველოში პოლიტიკური კრიზისისას(მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ), მედიატორად გვევლინებოდნენ დასავლური სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებსაც გავლენა ჰქონდათ ყველა მხარეზე და რთულად, მაგრამ მაინც ახერხებდნენ მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას და შეთანხმების „დაძალებას“. დღეს დასავლეთი მედიატორის როლს ვეღარ შეასრულებს - მმართველი პარტია მათ, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკურ ოპონენტებად აღიქვამს.

სამწუხაროდ, საქართველოშიც არ არის ინსტიტუტი ან პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მედიატორის როლს შეასრულებს. იდეაში ასეთად პრეზიდენტის ინსტიტუტი იყო გათვალისწინებული, მაგრამ სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ გუნდს შორის სუპერპოლარიზაციაა, მის ვეტოს კი საპარლამენტო უმრავლესობა იოლად დაძლევს.

ამ ჩიხიდან არის ერთადერთი გამოსავალი და ერთადერთი ვეტო, რომელსაც ვერავინ დაძლევს - ხალხის ვეტო. ეს გამოსავალი არის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. დიახ, ამომრჩეველს შეუძლია ვეტოს უფლება გამოიყენოს მისთვის სასურველი ყველა მიმართულებით და პოლიტიკურ რყევა-ჯანჯღარს, რაც ჩვენს გარშემო ხდება, მსხვილი წერტილი დაუსვას.

შესაბამისად, არჩევნებამდე მშვიდობიანად მიღწევა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება არის საქართველოს თითოეული მოქალაქის სტრატეგიული ამოცანა, რაზეც ქვეყნის ბედია დამოკიდებული. ეს ასევე უნდა გაითავისოს თითოეულმა პოლიტიკოსმა(მიუხედავად იმისა, ბარიკადების რომელ მხარესაა), თუ ქვეყანა ოდნავ მაინც უყვარს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული მომავალი კი არა, ყველაფერი უკან მოგვრჩება, რასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ.

გიორგი კვიტაშვილი