რუსები ბალტიისპირეთის ქვეყნებს შვიდ დღეში აიღებენ, ამაზე რეაგირებისთვის კი ნატოს ათი დღე დასჭირდება... - კვირის პალიტრა

რუსები ბალტიისპირეთის ქვეყნებს შვიდ დღეში აიღებენ, ამაზე რეაგირებისთვის კი ნატოს ათი დღე დასჭირდება...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს, რომლებიც „ნატოს ქოლგის“ ქვეშ თავს დაცულად გრძნობენ, ალბათ ძალიან არ გაახარებდათ ორიოდე დღის წინ გავრცელებული ასეთი ინფორმაცია: რუსები ბალტიისპირეთის ქვეყნებს შვიდ დღეში აიღებენ, ამაზე რეაგირებისთვის კი ნატოს ათი დღე დასჭირდება...

ეს რომ უბრალო ფეიკი იყოს, ყურადღების მისაქცევად არც ეღირებოდა, მაგრამ მას კონკრეტული ავტორი და კონკრეტული გამავრცელებელი ჰყავს და არცთუ ხელწამოსაკრავი...

ეს ფრაზა, მსოფლიო მასმედიის ავტორიტეტულ გამოცემასთან The Economist -თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააჟღერა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ, რომელიც უკრაინის მთავარი სამხედრო მზვერავის გენერალ ბუდანოვის ნდობით აღჭურვილი პირია...

რამდენად შეესაბამება უკრაინელი სამხედრო მზვერავების ეს მოსაზრება სიმართლეს?

ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, დაახლოებით ამასვე ჯერ „კვირის პალიტრაში“ და შემდეგ ამ ბლოგში წლების წინ ვწერდი, ოღონდ ნატოს რეაგირების ვადა არანაკლებ ორი კვირა მიმაჩნდა, რაც კიდევაც დამიდასტურა 2009 წელს რიგაში, ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ერთმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ არაოფიციალურ საუბარში, როდესაც დანანებით გამიმხილა-თქვენ, საქართველოს რა გიშავდათ, ბუნებამ კავკასიის ქედი მოგცათ რუსეთისგან თავდასაცავად და ვერ გამოიყენეთ, აბა ჩვენ რა ვთქვათ-დილას, რომ საზღვართან რუსული ტანკები დაიქოქება, საღამოს უკვე ბალტიის ზღვის სანაპიროზე გამორთავენ, ისე სწრაფად გადაგვივლიანო...

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ თითქოს გამოაფხიზლა ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ალიანსის უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვრისკენ ანუ ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ტერიტორიებზე კი დაიწყეს თანაალიანსელების საბრძოლო დანაყოფებისა და სამხედრო ტექნიკის გადასროლა, მაგრამ ესეც არასაკმარისია, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ რუსეთმა დაიწყო მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების აღდგენა ისე, რომ დასავლეთის სამხედრო ოლქიც არ გაუქმებია.

2-l-1714843125.jpg
ნატოში წევრობის მიუხედავად ბალტიისპირეთის ქვეყნებში არცთუ უსაფუძვლოდ შიშობენ, რომ რუსულ სატანკო არმადები მათ ქვეყნებზე „გადავლას“ მანამდე მოასწრებენ, სანამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამაზე რეაგირებას მოასწრებს...

ლენინგრადის სამხედრო ოლქში შევა სანქტ-პეტერბურგი, ლენინგრადის მხარე, კარელია, კომი, ნენთა ავტონომიური ოლქი, ასევე არხანგელსკის, ვოლოგოდსკის, კალინინგრადის, მურმანსკის, ნოვგოროდისა და ფსკოვის მხარეები ანუ რუსეთის ფედერაციის ის ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრება ნატოს წევრ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთს.

ამ მიმართულებაზე ლენინგრადის სამხედრო ოლქის ხელახლა აღდგენა, რომელიც 2010 წელს გაუქმდა და დასავლეთის სამხედრო ოლქში გაერთიანდა, იმას უნდა მოასწავლებდეს, რომ კრემლი, მიუხედვად უკრაინაში წარმოებული ფართომასშტაბიანი ომისა, მაინც იწყებს სამხედრო ძალების მობილიზირებას უშუალოდ ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან...

ამის დამაჩქარებელი მიზეზი კი შეიძლება ის გახდა, რომ ფინეთი და შვედეთი ასევე გაწევრიანდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რასაც მოსკოვი წინ ვეღარ აღუდგა-ისინი ხომ საქართველო და უკრაინა არ არიან, რომ რუსული სატანკო არმადებით შეიჭრე მათ ტერიტორიებზე და ნატოსკენ გახედვაც კი აუკრძალო „კალაშნიკოვის“ ლულების მოღერებით...

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანი წარმომადგენლის ეს განცხადება ნაწილობრივ შეიძლება აღქმული იყოს ოფიციალური კიევისგან ნატოს ხელმძღვანელობის ერთგვარი „დაშინების“ მცდელობითაც - უფრო მეტი და დროული სამხედრო დახმარება გაუწიეთ რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში მყოფ უკრაინას, რომ ბევრად მეტი სამხედრო რესურსები დავახარჯინოთ უკრაინის ფრონტზე პუტინის არმიას და კრემლს ნაკლები ძალა და სურვილი დარჩეს ალიანსის წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ გასალაშქრებადო...

მაგრამ ასევე არსად გამქრალა „სუვალკსკის დერეფნის“ ფაქტორი-პოლონეთსა და ლიეტუვას შორის არსებული ასიოდე კმ სიგრძის სასაზღვრო მონაკვეთი, რომელიც დანარჩენ ნატოს თავის ბალტიისპირელ წევრ ქვეყნებთან აკავშირებს.

„სუვალკსკის დერეფნის“ ერთ ბოლოში ბელარუსია, ხოლო მეორეში კი რუსეთის კალინინგრადის ოლქი, რომელთა შორის სახმელეთო გზის გაჭრა და შესაბამისად „სუვალკსკის დერეფნის“ ჩაკეტვა, კრემლის ბინადართა არცთუ ფარული ოცნება-გეგმაა საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან...