"ოჯახის წევრებს უჭირთ ამ როლში ჩემი ხილვა, განიცდიან, ნერვიულობენ. საზოგადოებაში ასეთ ქალებს "ისტერიჩკას" ეძახიან"" - კვირის პალიტრა

"ოჯახის წევრებს უჭირთ ამ როლში ჩემი ხილვა, განიცდიან, ნერვიულობენ. საზოგადოებაში ასეთ ქალებს "ისტერიჩკას" ეძახიან""

სერიალი "მსხვერპლი", რომელიც საზოგადოებრივი არხის ეთერში გადის, ბრიტანული ლიარ-ის ქართული ვერსიაა.

მოქმედება ქუთაისში ვითარდება. მასწავლებელი ლელა ქირურგ ანდროს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, რასაც თავად ანდრო უარყოფს. ამ დროს ჩნდება პიროვნება, რომელიც აცხადებს, რომ ლელას მხრიდან მსგავსი ბრალდების მსხვერპლი ადრე თავადაც იყო. მთავარ როლებს მსახიობები ვერო კალანდარიშვილი და პაატა ინაური ასრულებენ. ამჯერად ჩემი რესპონდენტი ლელას (პედაგოგი) როლის შემსრულებელი ვერო კალანდარიშვილი გახლავთ, რომელიც სერიალში წამოჭრილ პრობლემაზე, მთავარ სათქმელსა და საკუთარ პერსონაჟზე გვესაუბრება...

- ვერო, მე, როგორც მაყურებელმა მინდა გითხრათ, რომ თქვენი პერსონაჟი ძალიან დიდი შთაბეჭდილების მომხდენია. მსგავსი კომპლიმენტი სხვაც ბევრი გექნებათ მოსმენილი. რას ნიშნავს ეს მსახიობისთვის?

- ძალიან დიდი მადლობა, მიხარია ამ სიტყვების მოსმენა, ეს ყველა მსახიობისთვის მნიშვნელოვანია. უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც იცი, რომ მაყურებელი პროექტს, რომელზეც იმუშავე, იღებს და ინტერესდება.

- როგორ აღმოჩნდით ამ სერიალში?

- კასტინგი გავიარე, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ არ ამიყვანდნენ.

- ასე რატომ ფიქრობდით?

- წინა პროექტზე ("სტუმარი") ამ რეჟისორთან (ლაშა ცერიაშვილი) და შემოქმედებით გუნდთან ერთად ვიმუშავე და დარწმუნებული ვიყავი, რომ მე აღარ ამიყვანდნენ. როცა დამირეკეს და მითხრეს, როლზე დაგამტკიცეთო, ძალიან გამიხარდა, თან შემეშინდა. გადაღებებს 3 დღეში იწყებდნენ, გამოდიოდა, რომ 2 დღეში ქუთაისში უნდა წავსულიყავით და შემეშინდა, ამ ზღვა მასალას როგორ უნდა მოვერიო-მეთქი? მოგვიანებით გავიგე იმ მსახიობების ვინაობაც, რომლებიც ამ სერიალზე ჩემთან ერთად იმუშავებდნენ.

- როდესაც სცენარი წაიკითხეთ როგორი იყო პირველი ემოცია, თქვენი პერსონაჟის მიმართ, რა განცდა გაგიჩნდათ?

- სცენარი რომ წავიკითხე, ძალიან დიდი ინტერესი გამიჩნდა ჩემი პერსონაჟის მიმართ, მაგრამ ასევე - ბევრი შეკითხვაც.

- რა შეკითხვები?

- ლელა შეიძლება ყველანაირი ხასიათის ყოფილიყო. ბევრი ვიფიქრეთ, როგორი უნდა ყოფილიყო ეს პერსონაჟი, თანაც ქართულ რეალობას მორგებოდა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ უნდა ყოფილიყო ქალი, რომელსაც საზოგადოება ხშირად უგულებელყოფს, არ ვუჯერებთ, ზოგჯერ ცინიკურადაც ვუყურებთ. ზუსტად ასეთ ქალს არ დაუჯერებდნენ ამბავს, რომ მოძალადემ გააუპატიურა. საზოგადოებაში ემოციური და ექსპრესიული ქალები ხშირად კომედიური ჟანრის პერსონაჟებიც ხდებიან, "ისტერიჩკას" ეძახიან, რაც ძალიან არ მომწონს და მინდოდა, ასეთი ადამიანებისთვის მხარდაჭერა გამომეხატა.

- რა არის ამ სერიალის მთავარი სათქმელი?

- სერიალში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ჩვენ მაყურებელს ერთი კონკრეტული ადამიანის ამბავს ვუჩვენებთ და ამ ამბავში ძალიან ბევრ თემას ვეხებით. ეს თემები კი ნამდვილად სადისკუსიოა, სამსჯელოა, დასაფიქრებელია, მაყურებელმა დასკვნები თავად უნდა გამოიტანოს. ასეც მოხდა, სერიალის გასვლისთანავე ამ თემაზე ბევრმა დაიწყო ლაპარაკი, ბევრი განსხვავებული აზრიც მოვისმინეთ, ცხოვრებაშიც ხომ რეალურად ასეა. მგონი გამოგვივიდა ის, რაც ჩაფიქრებული გვქონდა.

- ვერო, როგორ გაითავისეთ ეს პერსონაჟი, თქვენი თვალით დანახული ლელა როგორია?

- რეჟისორ ლაშა ცერიაშვილს მივენდე. უკვე ვთქვი, ამ როლისთვის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო მქონდა. სანამ სერიალის გადაღებებს დავიწყებდით, ბუნებრივია, ბევრი ვისაუბრეთ, ჩამოვყალიბდით პერსონაჟზე, მთავარი ამბები გავიარეთ, მთლიანად ლაშას მივენდე.

- რა აქვს ლელას თქვენი?

- ჩემნაირად ჯიუტია. სიჯიუტეა ჩვენ შორის ყველაზე დიდი მსგავსება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს და სულ მინდა მასავით უშრეტი ენერგია მქონდეს. ლელა ჩემზე მეტად მებრძოლია.

- წინააღმდეგობებს არ უშინდება.

- კი, სულ ცდილობს, თავისი სიმართლე დაამტკიცოს, მაგრამ არის ხერხები, რომელსაც არ უნდა მიმართოს.

- რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ასე ხდება.

- რა თქმა უნდა, არსებობს გამოთქმა: "მიზანი ამართლებს საშუალებას". ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის მიზანი რამდენად ძვირფასია.

- გადასაღებ მოედანზე გატარებულ დღეებს როგორ გაიხსენებთ?

- სერიალის ძირითადი ნაწილი ქუთაისშია გადაღებული და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი შეყვარებული გავხდით ამ ქალაქზე. ქუთაისმა ამ სერიალს თავისებური აურაც შესძინა. სამწუხაროდ, ამ ქალაქში მხოლოდ გავლით 1 და 2 დღე თუ ვიყავი ნამყოფი. ქუთაისს კარგად არ ვიცნობდი, მოვიხიბლე მისი ტემპით, ადამიანებით, ყველა დახმარებაზე იყო ორიენტირებული; ერთი სიტყვის თქმა და უეცრად შენთან სამი ადამიანი ჩნდებოდა, რომ რამე გაეკეთებინათ. ეს დამოკიდებულება სამაგალითოა და გადამდები. ქუთაისის არქიტექტურა ულამაზესია. საბედნიეროდ, თბილისივით ახორხლილი და ჩაბეტონებული არ არის.

- პაატა ინაური არის მსახიობი, რომელიც ანდრო ერისთავის როლს ასრულებს, თქვენ ყველაზე ხშირად გიწევთ პარტნიორობა. როგორც ვიცი, აქამდე პროფესიული კვეთა არ გქონიათ, ამ სერიალში შედგა თქვენი ტანდემი. რას იტყვით პაატაზე, როგორც პარტნიორზე?

- მე და პაატა ბავშვობაში ერთ თეატრალურ სტუდიაში დავდიოდით. მას შემდეგ პროფესიული კავშირი არ მქონია, მაგრამ მის შემოქმედებას თვალს ვადევნებდი და ყოველთვის ძალიან დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. მას, როგორც მსახიობს, უდიდეს პატივს ვცემდი და ახლა, ასე ახლოს რომ გავიცანი, იგივე დამოკიდებულება მაქვს, როგორც ადამიანთან. გამიმართლა, პაატასთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა; იღბლიანი ვარ, რომ მისი პარტნიორობა მომიხდა და აქედან მილიონ კომპლიმენტს ვუგზავნი.

- მსახიობებს თამაში ხან უკვე კარგად ნაცნობ და შეთამაშებულ არტისტთან გიწევთ (ამ შემთხვევაში, შემიძლია სოფია სებისკვერაძე დავასახელო, თქვენ თეატრშიც ერთად თამაშობთ), ხან - სრულიად უცნობთან. მუშაობის პროცესში რა განსხვავებაა, შეგიძლიათ მითხრათ?

- ამაზე არასდროს მიფიქრია. როდესაც მსახიობები შეთამაშებულები ხართ, ეს უკვე დიდი პლუსია და დიდ სიმშვიდესაც გაძლევს, მეტად თავისუფალიც ხარ. მაგრამ ორივე შემთხვევაში მაინც ის არის მნიშვნელოვანი, თუ ვინ არის ადამიანი, რამდენად დიდი პროფესიონალია. პაატა ინაურთან პირველად ვითამაშე, მაგრამ მისი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომ მუშაობის პროცესი ძალზე სასიამოვნო და საინტერესო იყო. ერთმანეთს მარტივად ავეწყვეთ. ქუთაისშიც ხომ ერთად ვცხოვრობდით, სულ ვლაპარაკობდით. ჩვენ ეს სერიალი 1 თვეში გადავიღეთ. სხვათა შორის, ბრიტანელებმა 6 თვე იმუშავეს.

- რამდენად ნაცნობია თქვენთვის პრობლემა, რომელიც ამ სერიალშია წამოწეული?

- ეს პრობლემა საქართველოშიც მწვავედ დგას და ამაზე ძალიან ცოტა ლაპარაკობს. ვისაც არ უნდა თქმა და არც ამის ძალა შესწევს, არც უნდა ილაპარაკოს. მგონი არ არსებობს სამეგობრო წრე, ერთ ადამიანს მაინც რომ არ ჰქონოდეს მსგავსი გამოცდილება, როგორიც ჩემს პერსონაჟს აქვს. ეს ტაბუდადებული თემაა.

- არ ლაპარაკობენ იმიტომ, რომ ვერ გაუგებენ? იმიტომ, რომ დასცინებენ? საზოგადოებას კიდევ რა მანკიერება გვახასიათებს?

- ზუსტად საზოგადოების დამოკიდებულების გამო ვერ ლაპარაკობენ, ქალებს არ უნდათ თითით საჩვენებლები იყვნენ. ჩვენთან ხომ პასუხისმგებლობის გადატანა ქალზე ხდება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, აბა, მოკლე კაბა რატომ გეცვა? აბა, ალკოჰოლი რატომ მიიღე? უმეტეს შემთხვევაში, მსხვერპლის დადანაშაულება ხდება, სწორედ ეს არის საზოგადოების არასწორი მიდგომა. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს ამ მხრივ მოვლენები თითქოს სასიკეთოდ დაიძრა. 10 წლის წინ უფრო რთული მდგომარეობა იყო.

- სამწუხაროდ, ახლა, ამ წუთშიც არაერთი გოგოა ალბათ, ლელას მდგომარეობაში, მათთვის რა გაქვთ სათქმელი?

- პირველ რიგში, ეს არ არის თქვენი ბრალი, ეს არ არის თქვენი სირცხვილი. ეს შემთხვევა შენ, როგორც პიროვნებას, არ განგსაზღვრავს, შენ იგივე ადამიანი ხარ, ცხოვრება გრძელდება. მოძალადეა ის, ვისაც უნდა რცხვენოდეს. ვინმეს რომ გაექურდეთ, ხომ არ შეგრცხვებოდათ? ამ დროს საკუთარი თავის დადანაშაულება და დათრგუნვა დიდი შეცდომაა.

- თავად რა განცდა გაქვთ, როცა ლელას ეკრანზე უყურებთ?

- თვითკრიტიკული ვარ, რაღაც ეპიზოდები მომწონს, რაღაც - ნაკლებად და მომავლისთვის ვითვალისწინებ. თავად ეს გოგოც ძალიან ექსპრესიულია, ბევრნაირი ემოცია აქვს.

- როგორია მაყურებლის გამოხმაურება, რას გეუბნებიან, რას გწერენ? ან როგორია ოჯახის წევრების დამოკიდებულება?

- მიხარია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სერიალი საინტერესოა. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, აღმოჩნდა, რომ ძალიან უჭირთ ლელას როლში ჩემი ხილვა, განიცდიან, ნერვიულობენ, ამიტომ გადაწყვიტეს, ღამე აღარ უყურონ და მეორე დღეს ნახონ.

- ეცნობით კომენტარებს?

- არა, ვიცი, რომ ჯანსაღი ფსიქიკისთვის ეს სასურველი არ არის. კომენტარებში კარგიც ეწერება, ცუდიც. რჩევები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მყავს ადამიანები, ვისი შეფასებებითაც ვინტერესდები და მათგან პროფესიულ რჩევებსაც ხშირად ვიღებ.

- მადლობა ინტერვიუსთვის, კიდევ ბევრ საინტერესო როლს გისურვებთ!

- დიდი მადლობა!

გამოყენებულია Luka Oliri-ს და ნიკოლოზ ურუშაძის ფოტოები

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"