"4 წლის ვიყავი, სახლიდან რომ გავიპარე: ვიცოდი, ბიძაჩემს ცხენი დაბმული სადაც ჰყავდა. ავხსენი, სადგომთან დავაყენე და შევჯექი" - რამდენ ენაზე მღერის დიტო ქისიშვილი და რატომ აღარ ასრულებდა "თუშურს"? - კვირის პალიტრა

"4 წლის ვიყავი, სახლიდან რომ გავიპარე: ვიცოდი, ბიძაჩემს ცხენი დაბმული სადაც ჰყავდა. ავხსენი, სადგომთან დავაყენე და შევჯექი" - რამდენ ენაზე მღერის დიტო ქისიშვილი და რატომ აღარ ასრულებდა "თუშურს"?

"საზღვარგარეთიდან, მუსიკალური ფესტივალიდან რომ დავბრუნდებოდი, ტანსაცმელს გამოვიცვლიდი და აბსოლუტური მთიული ვხდებოდი: მთაში მივდიოდი, ვთიბავდი, 2 თვით "ცხვარში მივდიოდი". მწყემსის შესაბამისად ვცხოვრობდი..."

წლების წინ დიტო ქისიშვილის შესრულებული განსაკუთრებით პოპულარული სიმღერა - "თუშური" ამ ბოლო დროს ისევ პოპულარობის პიკშია. ამ სიმღერის შესრულებაზე დიტო წლების განმავლობაში უარს ამბობდა, თუმცა ახლა კვლავ სიამოვნებით ასრულებს, ამის მიზეზსა და სხვა საინტერესო თემებზეც თავად გვესაუბრება...

- დიტო, როგორ ხართ?

- არაჩვეულებრივად, პოზიტიურად, ამაყად...

- თქვენი განწყობა იმ ფაქტმაც ხომ არ განაპირობა, რომ თქვენი, როგორც თავად უწოდებთ ხოლმე, "მიძინებული" სიმღერა - "თუშური" კვლავ პოპულარული გახდა?

- საერთოდ, ისეთი ხასიათი მაქვს, რომ პოზიტიურ განწყობას ყოველთვის მაქსიმალურად ვინარჩუნებ, თუმცა - კი, ამ ამბავმაც დიდი როლი ითამაშა. ეს სიმღერა პირველად 2006 წელს შევასრულე. მას მერე, წლების განმავლობაში, სხვა ჟანრის სიმღერებსაც ვმღეროდი, თუმცა ყველგან "თუშურს" ითხოვდნენ - ყველას ძალიან მოსწონდა. იმდენჯერ მქონდა უკვე ნამღერი, რომ ერთი და იგივე გბეზრდება. ამიტომ თავადვე ვიყავი ინიციატორი, რომ ეს სიმღერა "ჩამეკეცა". ალბათ, 8-10 წელია აღარ შემისრულებია, თუმცა ინტერნეტში იყო, რადიოსივრცეში დღემდე "ტრიალებს", მაგრამ როცა ტელევიზიებიდან მირეკავდნენ და ამ სიმღერის შესრულებას მთხოვდნენ, ყოველთვის უარს ვამბობდი, რადგან ბევრი სხვა ახალი სიმღერა მქონდა. მაგალითად, ოსურ სიმღერებს ვასრულებ, ასევე - ქურთულს, აზერბაიჯანულს... ახლა კიდევ ერთ პროექტზე ვმუშაობ - სომხური სიმღერების ციკლი უნდა გამოვუშვა. მოკლედ, ვცდილობდი, ახალი სიმღერებისთვის მიმექცია ყურადღება, მაგრამ "ტიკტოკზე" ქეთამ რომ იხუმრა - ხევსურ ვაჟკაცს უნდა გავყვე ცოლად, აივანზე უნდა დავიძინო, იქნებ მომიტაცოსო და თავის ამ ხუმრობას ფონად ჩემი სიმღერის ბოლო ნაწილი ("აიმ მთაზედა ყორნები"...) "დაადო", ამან დიდი ამბავი გამოიწვია - ყველანაირი რეკორდი მოხსნა: ამერიკაში ქეთას გამგზავრებამდე, 96 მილიონი ინდივიდუალური "ნახვა" ჰქონდა, ხოლო ამ სიმღერაზე 4-მილიონ-ნახევარი ვიდეო იყო გადაღებული. კომენტარებზე აღარაფერს ვამბობ... თავად "ტიკტოკის" მომხმარებელი არ ვიყავი: გვერდი ჩემმა უფროსმა გოგონამ გამიკეთა, სადაც "კოვიდის" პერიოდში, ჩემი კლიპი - "თბილისი და თბილისელები" გამოვაქვეყნე. რადგან არ ვაქტიურობდი, ვიდეოს 10 "ნახვა" და 2 კომენტარი ჰქონდა (იცინის). გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვლადიკავკაზში ვიყავი, სადაც ოსური სიმღერები შევასრულე. იქ გადაღებული ვიდეოები გამომიგზავნეს და როცა თბილისში დავბრუნდი, ჩემმა გოგონამ მითხრა, - "ტიკტოკზე" შენი ვიდეო "დავდოთო". ღამის 12-ის ნახევარზე გამოვაქვეყნე, დილით კი დაახლოებით 400 ათასი "ნახვა" ჰქონდა, პლუს - 4000-მდე კომენტარი. საღამოს მეორე ოსური სიმღერის ვიდეოც გამოვაქვეყნე, მასაც ანალოგიური გამოხმაურება მოჰყვა... სავარაუდოდ, ქეთამ ეს ნახა, მერე კი თავისი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც ჩემი სიმღერა "დაადო"... "ნახვების" რაოდენობა დღემდე იზრდება - "თუშურს" უკვე 103 მილიონი "ნახვა" ჰქონია, კომენტარებიც ემატება...

- ანუ სხვა გზა არ დაგიტოვეს და ტელევიზიებში "თუშურს" კვლავ ასრულებთ, არა?

- როცა სიმღერას ამხელა გამოხმაურება აქვს, უარის თქმა არ შეიძლება. საერთოდ, მსმენელებისთვის თავის მობეზრება და ზედმეტი პოპულიზმი არ მიყვარს. როცა რაღაც დიდ ამბავში აღმოვჩნდები, მერე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ცოტა ხნით ხალხს თავი მივავიწყო. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში რამე კარგის გაკეთებას ვცდილობ, რაც ჩემი ხელახლა გამოჩენით მსმენელისა და მაყურებლისთვის საინტერესო იქნება.

- რამდენ ენას ფლობთ?

- რუსული, ქართული, ინგლისური სკოლიდან ვიცი, თუმცა ევროპაში ყოფნისას, 1-2 დღე მჭირდება, რომ ინგლისური და რუსული გავიხსენო, რადგან როცა ყოველდღიურად პრაქტიკაში არ იყენებ, გავიწყდება... თბილისის ისეთ უბანში გავიზარდე, სადაც ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოება ცხოვრობს: ქურთები, აზერბაიჯანელები, სომხები, აისორები, უკრაინელები და ა.შ. ქურთულად კარგად ვსაუბრობ, სომხური მესმის და ასე თუ ისე, ვლაპარაკობ, აზერბაიჯანული ენაც მესმის და მინიმალურ დონეზე, საუბარიც შემიძლია. ოსური ვიცი - "სუფთად" ვლაპარაკობ. ამიტომ, გარდა იმისა, რომ თუშურ სიმღერებს ვასრულებ, 2007 წლიდან, წელიწადში 2-ჯერ, 23 ნოემბერს და 6 მაისს (გიორგობის დღესასწაულებზე), პატრიარქთან ყოველთვის ვმღეროდი თუშურ სიმღერებს (უცხოელი სტუმარი ჰყავდა ხოლმე). ერთ-ერთ მისვლაზე, თუშურის შესრულება აღარ მომინდა და ოსურად ვიმღერე. პატრიარქმა ოსური კარგად იცის - ვლადიკავკაზშია გაზრდილი. დამლოცა, მომეფერა, დამასაჩუქრა... ოსურად ნამღერი ისე ესიამოვნა, რომ მივხვდი, რაღაც ახალი უნდა გამეკეთებინა. ავდექი და ოსური სიმღერის - "ჰონგა კაფთ" მელოდიაზე ქართული ტექსტი შევქმენი, რომელშიც ქალის და ვაჟის სიყვარულის ამბავია ასახული - შერიგების სიმღერაა: ქართული ტექსტის შემდეგ, ოსურად ვმღერი. ეს "აფეთქება" იყო, როგორც საქართველოში, ისე - ჩრდილოეთ კავკასიაში. ოსებს შორის ეს სიმღერა დღემდე ძალიან პოპულარულია.

- თქვენი პროფესიების (მსახიობობა, სიმღერა) გარდა, კიდევ რაიმე საქმით თუ ყოფილხართ დაკავებული?

- 14-15 წლამდე, მაისში სკოლაში სწავლას რომ ვამთავრებდი, ყოველთვის საზღვარგარეთ რომელიმე მუსიკალურ ფესტივალზე გამგზავრება მიწევდა. როგორც კი დავბრუნდებოდი, ტანსაცმელს გამოვიცვლიდი და აბსოლუტური მთიული ვხდებოდი: მთაში მივდიოდი, ვთიბავდი... შემდეგ მთელი 2 თვით "ცხვარში მივდიოდი". მწყემსის შესაბამისად ვცხოვრობდი... ბევრი ბიძა და საერთოდ, დიდი სანათესავო მყავს. ჩემს აღზრდაში ყველას თითო აგური აქვს დადებული.

- პანდემიის დროს, მოზარდობის დროინდელ საქმიანობას ხომ არ დაუბრუნდით?

- არა, რადგან ჩემი ხეობა, სადაც მთის ცხოვრებას ვეზიარე, დღესდღეობით ოკუპირებულია (იქ 3 სახლი მაქვს დაკეტილი). ასე რომ არ ყოფილიყო, სოფელში (ახალგორი) აუცილებლად წავიდოდი...

- როგორც ვიცი, მოტოციკლეტის მართვით ხართ გატაცებული...

- 4 წლის ვიყავი, სახლიდან რომ გავიპარე: ვიცოდი, ბიძაჩემს ცხენი დაბმული სადაც ჰყავდა. ავხსენი, სადგომთან დავაყენე (სადაც საქონელი წყალს სვამს და შემაღლებული ადგილია) და შევჯექი. თან, ცხენი ისეთ ადგილას იყო დაბმული, უკან რომ ბრუნდები, საცალფეხო ბილიკის გავლა გიწევს, რომლის მარჯვნივ 8-კილომეტრიანი ჭიუხია, ქვემოთ კი - მდინარე. ცხენს 1 ტლინკი რომ გაეკეთებინა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცხენი "ცოფიანი" იყო - ბიძაჩემის გარდა ვერავინ ჯდებოდა, მოგეხსენებათ, ძაღლზე ჭკვიანი ცხოველია. რაკი პატარა ვიყავი, ბილიკზე ფეხაკრეფით მიდიოდა, მისი ზურგიდან რომ არ გადმოვვარდნილიყავი. საოცრებას აკეთებდა, წონასწორობა რომ მაქსიმალურად შემენარჩუნებინა... უკან რომ ვბრუნდებოდი, მამაჩემმა ჯერ ცხენი დაინახა, ისეთი პატარა ვიყავი, ცხენზე არ ვჩანდი. ცოტათი რომ მივუახლოვდი და მეც შემამჩნია, შეშინებული ჩემკენ გამოიქცა, მაგრამ ბიძაჩემმა არ გამოუშვა, - გაჩერდი, რას აკეთებ? ცხენი არ დააფრთხო, თორემ ბავშვს გადააგდებსო. ბიძაჩემს ის ცხენი სტვენაზე ჰყავდა ნაჩვევი - რაღაცნაირად უსტვენდა და ცხენი მასთან მიდიოდა. ასე მივედი ბიძაჩემამდე... შემდეგ გადაწყვიტა, ჩემთვის ჯირითი ესწავლებინა. საკმაოდ მაგრად დამახელოვნა. სხვათა შორის, ახლა ყაბარდოელებმა მაგარი ცხენი მაჩუქეს - მაისის ბოლოს ჩამოვიყვან... ცხადია, ბავშვს ქალაქში ცხენი ვერ მეყოლებოდა. სამაგიეროდ, ველოსიპედების მთელი "პალიტრა" მქონდა, 8 წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა მარნეულში, 50-კუბიანი მოტოციკლეტი - "რიგა 4" („პედლები“ ჰქონდა) ნახა. მასში 100 დოლარი გადაიხადა და ჩამომიყვანა. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ერთი დავალება მქონდა - უბანს არ უნდა გავცდენოდი. "ვტაქსაობდი" კიდეც - 1 წრე ლარი ღირდა. წინ, საჭეზე ტაქსის ტრაფარეტი მქონდა დახატული. ბევრ ფულს ვშოულობდი. ამასობაში, ჩვენს უბანში მენაყინე - ჩერქეზა გამოივლიდა და ჩემ მიერ გამომუშავებული ფულით მთელი უბნის ბავშვებს ნაყინზე ვპატიჟებდი... დღეს ისეთი მოტოციკლეტი მყავს, რომელიც საქართველოში ერთადერთია: ნომერი პირველია სისწრაფით, დიზაინით... თან, უახლესი მოდელია.

- შეჯიბრებებშიც ხომ არ მონაწილეობთ?

- არა. შეჯიბრებები ძალზე ძვირად ღირებული სიამოვნებაა. მაგალითად, შეჯიბრებაში 3.000 ლარზე მეტს ხარჯავ, მოგების შემთხვევაში კი 4 ლიტრი ზეთით გასაჩუქრებენ, თუმცა ზაფხულში კარგი შეჯიბრება დაიწყება და მოგების შემთხვევაში, პრიზად ახალთახალი, საკმაოდ ძვირად ღირებული მოტოციკლეტებია გათვალისწინებული. ასე რომ, ნელ-ნელა ეს კულტურაც ყალიბდება. გარდა ამისა, მომხრე ვარ, რომ ქალაქში უზარმაზარი "ჯიპებით" არ ვმოძრაობდეთ. საცობების გამო ისედაც გასაჭირი გვადგას. პირადად მე, 9 წელია, მოტოციკლეტზე "გადავჯექი" - ავტომობილს მხოლოდ მაშინ ვიყენებ, როცა ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ მივდივარ.

- ცოტა რამ თქვენი ოჯახის შესახებაც გვითხარით...

- საკმაოდ დიდი ოჯახი მაქვს: მშობლები, და, სიძე, მეუღლე, შვილები... თავად მეუღლესა და შვილებთან ერთად ცალკე, ვაკეში ვცხოვრობ, მშობლები - დიდ დიღომში. ხშირად ვართ ერთად... სვანეთის უბანში, სადაც დავიბადე, ბევრნი ვცხოვრობდით. დღეს იქ ჩემი ბიძაშვილები არიან... ჩემი მეუღლე ყოფილი მოდელი - რუსკა შველიძე გახლავთ, ბავშვები - ნიცა და ელი ქისიშვილები. ორივე შვილი ტანვარჯიშზე დადის, ასევე - ცეკვაზე (ანსამბლ "ივერონში"). სხვათა შორის, ახლახან ნიცამ კონცერტზე "სამაია" იცეკვა. ასე არასოდეს მინერვიულია. ცეკვა კარგად რომ დასრულდა, ამოვისუნთქე - დიდი ბედნიერება მომანიჭა. კონცერტიდან ამაყი წამოვედი. ბავშვებთან განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა მაქვს. ყველაფერს ადვილად ითვისებენ: მათ ცურვა მე ვასწავლე, ასევე - თხილამურებზე დგომა, ციგურებით სრიალი, კლდიდან ზღვაში ხტომა... ორივე მაგრად ყვინთავს. ოჯახთან ერთად, ბუნების წიაღში გასვლა მიყვარს. გაშლილ პერიმეტრზე, ნიცას საჭესთან დავსვამ ხოლმე - ავტომობილს თამამად, კულტურულად მართავს. მოტოციკლეტზეც ვსვამ, თავისი ეკიპირება აქვს. უმცროსი გოგონაც მთხოვს, მოტოციკლეტზე რომ დავსვა, პატარა "შლემუნა" ვუყიდო (იღიმის). მისთვის ჩაფხუტი უკვე შერჩეული მაქვს... მოკლედ, შვილებთან ერთად მაგრად ვერთობი. ამაზე დიდი ფუფუნება და სიმდიდრე სამყაროში არ არსებობს!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"