"არასოდეს დავკარგოთ რწმენა, იმედი და სიყვარული!“ - კვირის პალიტრა

"არასოდეს დავკარგოთ რწმენა, იმედი და სიყვარული!“

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! საქართველო და სრულიად საქრისტიანო სიბნელეზე სინათლის, ბოროტებაზე სიკეთის, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. გაზეთი "კვირის პალიტრა" გილოცავთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! უკვე მრავალი წელია, ჩვენი გაზეთის მკითხველი ბრწყინვალე ორშაბათს, გაზეთის ახალ ნომერთან ერთად, სააღდგომო საჩუქარს იღებს: ხატსა და მაცხოვრის საფლავიდან გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლის სახით.

ტრადიცია წელსაც გრძელდება. ამჯერად მკითხველი ხატს "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო" მიიღებს საჩუქრად. წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, 12 მაისი, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგინდა და ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ეროვნულ დღესასწაულად - იმედის დღედ გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ამ უდიდესი მადლის განახლებაა შექმნა ხატისა "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო", რომელიც იქნება ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გამთლიანების საღვთო გვირგვინი.

ხატი 2020 წელს დაიწერა, დაბრძანებულია თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში. მისი მცირე ზომის ასლმა, რომელიც 2023 წელს პატრიარქის კურთხევით შეიქმნა, საქართველოს ყველა ეპარქია მოიარა, ახლა კი "კვირის პალიტრის" თითოეული მკითხველის ოჯახს აავსებს მისი მადლი. რაც შეეხება სანთლებს, ისინი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი. ხატებიცა და სანთლებიც სტამბა "კოლორში" დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ აკურთხა და "კვირის პალიტრის" მკითხველებსა და ყველა მართლმადიდებელს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი: - უკვე მრავალი წელია, რაც საფუძველი ჩაეყარა არაჩვეულებრივ ტრადიციას, რომელიც მართლმადიდებელთათვის მთავარ დღესასწაულს ქრისტეს აღდგომას უკავშირდება. "კვირის პალიტრამ" წელსაც გაახარა ქართველი მკითხველი და გაზეთის სააღდგომო ნომერს თან ექნება დართული სააღდგომო ცეცხლზე თავმომწვარი სანთელი და ხატი, რომელიც ახალია, რომელიც საქართველოს ეკლესიაში შეიქმნა და ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარშია 2020 წლიდან დაბრძანებული. ეს არის "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო". მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, არასოდეს დავკარგოთ რწმენა, იმედი და სიყვარული, რადგან სწორედ ამ მთავარმა ღირებულებებმა, მთავარმა სათნოებებმა შეაძლებინა ჩვენს ერს არაერთი განსაცდელის გადალახვა, კიდევ უფრო რთული პერიოდის გამოვლა. ახლაც უფლის მადლით ჩვენ შევძლებთ, თუ სწორება გვექნება სწორედ იმაზე, რაც არის მნიშვნელოვანი, ღვთისაგან მოცემული, რომ კვლავაც შევინარჩუნოთ ერთობა და კვლავაც სამშვიდობოს გავიდეთ როგორც ერი და გავიდეს სამშვიდობოს ჩვენი ქვეყანაც, როგორც სახელმწიფო. ამ დროს ძალიან გასახარია, როდესაც სწორედ ასეთი იმედისმომცემი ხატი შეირჩა წლევანდელი "კვირის პალიტრის" დასართავად, "ღვთის მშობლის წილხვედრი საქართველო", რადგან ყოვლადწმინდა ქალწულმა დედამ გვინდა არასოდეს მოაკლოს თავისი მფარველობა ჩვენს ერს, მთელ საქრისტიანოს, მსოფლიოს და ყველა განსაცდელმა გადაიაროს ისე, რომ უკან მხოლოდ ღვთის მადლიერებით მივიხედოთ და ყოველთვის შევინარჩუნოთ ერთობა, რადგან ყველა ვართ ისეთი ძვირფასი დედის შვილები, როგორიც არის ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი, ის არის ყოველი ადამიანის დედა, რადგან თავად უფალმა განაგო ასე. ჩვენც ასეთი დედის შვილებმა არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ურთიერთძმობა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანს.

ვულოცავ მთელ საქართველოს და ყველა მართლმადიდებელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღდგა!

"ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო"

ხატზე ხელაპყრობილი და მვედრებელი­ დედა ღვთისაა. ირგვლივ საქართველოს მფარველი წმინდანები არიან­. ხატის ქვედა ნაწილში გამოსახულია საქართ­ველოს მიმართ დედა ღვთისმშობლის შემწეობისა და მფარველობის ამსახველი ფაქტები.

მოციქულების წილისყრა: როდესაც­ წილისყრაში მოციქულებთან ერთად ღვთი­ს­­მშობელიც მონაწილეობდა, თუ რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგათ ქრისტეს მოძღვრება, ღვთისმშობელს ივერია ერგო წილად - მიწა, რომელიც მისი სანუკვარი ძის კვართის მცველი და მიმრქმელი იყო.

ანდრია პირველწოდებულის შემო­სვლა საქართველოში: წილხვედრობის­ დასტურად, ყოვლადწმინდა ღვთის­მ­შ­ო­ბელმა­ თავისი ხელთუქმნელი ხატი (აწყურის ხატად წოდებული) მოავლინა­ საქართველოში­ წმინდა ანდრიას მიერ მფარველად და შემწედ "უკუნისამდე ჟამთა".

მოციქულთასწორი წმინდა ნინოს შემოსვლა: როცა დედა ნინო ქართლში შემოვიდა, მას ღვთისმშობელი გამოეცხადა, თავად აკურთხა და გადასცა ვაზის ჯვარი­. ჯვარი ვაზისა დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

ცამეტი ასურელი მამის შემოსვლა: იოანე ზედაზნელს ღვთისმშობელი გამო­ეცხადა და მისცა კურთხევა, თორმეტი მოწაფის თანხლებით ივერიაში წასულიყო საქადაგებლად. მცხეთაში შემოსული იოანე და მისი მოწაფეები სვეტიცხოველში შევიდნენ, ქრისტეს კვართთან, და აქ ინება უფალმა სულიწმინდის გადმოსვლის მიმსგავსებული სასწაული. იოანე ისე თავისუფლად ამეტყველდა ქართულად, თითქოს მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდა.

დედა ღვთისას თანადგომა და მფარველობა იოანე და ექვთიმე ათონელების მიმართ: XI საუკუნეში ივერთა მონასტერში მოღვაწე მამა-შვილს ღვთისმშობელი შეეწია. ექვთიმე მძიმედ გახდა ავად, მომაკვდავი შვილისთვის ცრემლებით ევედრებოდა იოანე ღვთისმშობელს. უკან მობრუნებულს შვილი საღ-სალამათი, ქართულად მოსაუბრე დაუხვდა (ექვთიმეს ქართული დავიწყებული ჰქონდა) და უამბო, თუ როგორ გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა: "აღდეგ და ქართულად უბნობდე". ეს სასწაული იმისთვის მისცა, რომ ექვთიმეს ქართული ენა გაემდიდრებინა თავისი შრომებით.

წმინდა ილარიონ ქართველის მიმართ ღვთისმშობლის მეოხება: წმინდა ილარიონს - ულუმბოს მთაზე მცირე ეკლესიაში უბრალო მწირის სახით შეხიზნულს მამასახლისი უპირებდა ეკლესიიდან განტევებას, რადგან არ იცოდა ამ უცხო ენაზე მლოცველის ვინაობა. მამასახლისს ღამე ღვთისმშობელი გამოეცხადა და წყრომით ამცნო, ვინც არ შეიწყნარე­ბდა უფლის სიყვარულისთვის ჩამოსულებს, რომლებიც მშობლიურ ენაზე ადიდებდნენ უფალს, ისინი იქნებოდნენ მტრები თვით ღვთისმშობლისა.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის გამობრძანება გაბრიელ ბერის მიერ: ათონზე მოღვაწე მამებმა ზღვაზე ნათლის სვეტი შენიშნეს, რომელიც ცამდე აღწევდა, ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა, ტალღებზე აღმართული ხატის ამობრძანება ბევრჯერ სცადეს, მაგრამ ამაოდ. ლოცვად დამდგარ საძმოს ღვთისმშობელმა აუწყა, რომ მხოლოდ ქართველი ბერის, გაბრიელის ხელით ინებებდა ამობრძანებას. წმ. გაბრიელ ბერი შევიდა ზღვაში, მიიქვა ხატი გულზე და გამოაბრძანა. იმ ადგილზე კი, სადაც ხატი დააბრძანეს, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა.

ქართველთა სასწაულებრივად გადარჩენა: მონღოლთა ნიონის მკვლელობას ქართველთა ლაშქარს აბრალებდნენ და უეჭველი სიკვდილი ელოდა ყველას გამძვინვარებული მონღოლების ხელით. გრიგოლ სურამელმა ლაშქარს მოუწოდა, ღვთისმშობლისათვის ეთხოვათ დახმარება. ქართველებმა ღვთისმშობელს მუხლმოყრილებმა ვედრებით მიმართეს: "მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!" მოულოდნელად ბუჩქებიდან გადმოხტა კაცი, რომელმაც აღიარა, რომ მან მოკლა ჩაღატა-ნოინი და თქვა: ხშირ ლერწმიანში უმშვენიერესი დედოფალი წამომადგა, რომელმაც მიბრძანა, წავყოლოდი და სიმართლე მეთქვა. მან მომიყვანა თქვენთან. ასე იხსნა მასზე მლოცველი უდანაშაულო ქართველთა ლაშქარი ღვთისმშობელმა.