"ხელისუფლებას აქციის დარბევის საბაბი არ უნდა მიეცეს“ - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას აქციის დარბევის საბაბი არ უნდა მიეცეს“

"საფრთხე დიდია, ურთიერთდაპირისპირება შეიძლება ეროვნულ ტრაგედიად გვექცეს", - გვაფრთხილებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი აზრით, ხელისუფლება ახლა ძალიან ცუდ დღეშია: "მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი კი არა, ავანსცენაზე გამოსული მმართველი გუნდის ყველა ლიდერი ჩიხშია, გასაქცევიც კი არსად აქვთ, რუსეთში არავის არ უნდა, ამიტომ ბოლომდე იბრძოლებენ... არ გამოვრიცხავ, საქმეში გარე ძალებიც ჩაერთონ"...

- ყოველდღიურად იზრდება რისკი, პროცესები უმართავი გახდეს და ხელისუფლებამ ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ერთი მხრივ, კარგია, რომ აქციას პოლიტიკოსები არ მართავენ და ერთი ორგანიზატორი არა ჰყავს, თუმცა ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს. მთავარი პრობლემა ის არის, შეუძლებელი ხდება იმის გაკონტ­როლება, თუ რომელი ჯგუფი რას გადაწყვეტს. ჩემი აზრით, ორგანიზატორების ერთმა ჯგუფმა სწორი გადაწყვეტილება­ მიიღო, როდესაც აქციების 11 მაისიდან გაგრძელება დააანონსა. შეცდომაა მეორე ჯგუფის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აქციების უწყვეტ რეჟიმში გაგრძელება გადაწყდა. ხელისუფლებამ ერთი კვირა უქმედ სწორედ იმიტომ გამოაცხადა, რომ მომიტინგეები დაღლილიყვნენ და საპროტესტო მუხტი მინავლებულიყო. "ოცნება" ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა, ერთკვირიანი ტაიმაუტის შემდეგ პირველივე საპარლამენტო სხდომის გამართვა დიდი და მძლავრი აქციის თანხლებით თუ მოუწევდა. კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, როდესაც აქციას ბევრი ორგანიზატორი ჰყავს, ხელისუფლებისათვის იოლია ისეთი პირის მოძებნა, რომლის დახმარებითაც "ციხეს შიგნიდან გატეხავს". პაუზის აღება მნიშვნელოვანი იყო იმისთვისაც, რომ საზოგადოებას სრულად გაეაზრებინა, რა პროცესთან გვაქვს საქმე. რუსთაველზე გამოსულმა რამდენიმე ათასმა მოქალაქემ რომ იცის რისთვის იბრძვის, ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი საზოგადოებაც სწორად არის გათვითცნობიერებული. დროა საჭირო, რათა თბილისს რეგიონებიც აჰყვნენ.

- პროცესი რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს უმართავი?

- როდესაც ამხელა საზოგადოებრივ თავყრილობას ერთი კონკრეტული პირი ან ჯგუფი არ მართავს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება უმართავი გახდეს. კარგია, როდესაც გმირთა მოედანს ერთი საათით გადაკეტავ, მაგრამ ხუთი საათით ცენტრალური გზის ბლოკირებამ შეიძლება უკუშედეგი მოგვცეს. ნებისმიერ ქმედებას მიზანი უნდა ჰქონდეს, პარლამენტის შენობის ფანჯრების მინების ჩამსხვრევა სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. თუ ვინმე ემოციებს ვერ თოკავს, წავიდეს და სხვაგან დახარჯოს აგრესია. პარლამენტის შენობა "ქართული ოცნების" საკუთრება არ არის, ეს არის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო და მიუღებელია ამ შენობის დაზიანების ცდაც კი. ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ ხელისუფლებას აქციის დარბევის საბაბი არ მიეცეს.

- თქვენი კოლეგების ნაწილის აზრით, ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსზე ოდიოზური და მიუღებელია. ვინ უნდა მართოს პროცესი?

- ჩემს კოლეგებს ვეთანხმები, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი იმდენად ოდიოზურია, აქციის მონაწილეებს აღიზიანებს, თუმცა ამ ხალხს თავისი ელექტორატი ჰყავს. მთავარია, პროცესის პარტიულ მიტინგად გადაქცევა არავინ სცადოს. არ არის აუცილებელი, პოლიტიკოსები მიკროფონებთან დადგნენ, მათ შეუძლიათ ახალგაზრდებს სწორი მიმართულება მისცენ. სხვათა შორის, სწორი მესიჯები წამოვიდა პოლიტიკური ელიტიდან - ე.წ. რუსული კანონის გაწვევა საკმარისი მართლაც არ არის, ხელისუფლების შეცვლაა საჭირო. ვთქვათ, წაიღო უკან "ოცნებამ"“ეს კანონპროექტი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ხომ ისევ უკან შემოიტანს, მერე რას ვშვრებით?! ამიტომ საპროტესტო აქციების საბოლოო მიზანი ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არჩევნებზე და არა არჩევნებამდე. ამისთვის პოლიტიკოსებმა უნდა შეამზადონ ახალგაზრდები, რადიკალიზმისთვის ადგილი­ არ უნდა დარჩეს. თუ ოპოზიციონერი ლიდერები­ გულწრფელად­ მიესალმებიან პოლიტიკაში ახალგაზრდების­ შემოსვლას, აქტიურად უნდა ისაუბ­რონ\, რომ ახალი თაობა გამოვიდა ევროპული არჩევანის დასაცავად. ყველა ერთად უნდა შეეცადოს ქუჩაში ამ ახალგაზრდების მხარდაჭერაზე ააგოს საარჩევნო მარათონი, პროცესის მათთვის სასარგებლოდ გადაქაჩვაზე კი არ უნდა იფიქრონ. როგორც კი ამას შეეცდებიან, ხელისუფლება მაშინვე გამოიყენებს­ მათი დისკრედიტაციისთვის. ვფიქრობ, აქციების დაპაუზება ამ საარჩევნო მარათონის მოსამზადებლადაც კარგი იქნებოდა იმ პოლიციელებსა და სპეცრაზმელებზე ზემოქმედებისთვის, რომლებთანაც შეიძლება აქციის მონაწილეებს ხვალ-ზეგ დაპირისპირებამ მოუწიოთ. აქციის ორგანიზატორებს 11 მაისამდე რომ აეღოთ პაუზა,­ ამ პოლიციელებს და სპეცრაზმელებსაც ხომ დაასვენებდნენ. შესაბამისად, ყველასთან თუ არა, დიდ ნაწილთან ნამდვილად მოხერხდებოდა საერთო ენის გამონახვა.

მახსოვს, ეროვნული მოძრაობის წევრები მიტინგს ვატარებდით, მეგაფონი გამიფუჭდა და რომან გვენცაძემ (რომელიც მაშინ თბილისის პოლიციის უფროსის იყო) თავისი მათხოვა. ასეთი ფაქტები ხშირი იყო. 9 აპრილის შემდეგ როდიონოვი შს მინისტრ გორგოძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა, იმიტომ, რომ პოლიცია მომიტინგეების მხარეს იდგა. ასეთი ამბები ახლაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ კიდევ ერთი პრობლემაა - თუ ხელისუფლება რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, არ არის გამორიცხული, ჩვენთანაც ყაზახეთის მოვლენები განმეორდეს.

ხათუნა ბახტურიძე