გმირები!!! - კვირის პალიტრა

გმირები!!!

არსებობენ ადამიანები, რომლებშიც საკუთარი ქვეყნის გადარჩენის მისია მუდამ ფხიზლობს, მათ შორის ერთი რიგითი ქართველი ქალი, ბელა წიკლაური და მისი ოჯახის ოთხი წევრია. მისი 23-24 წლის შვილები: ზურაბ და თემურ ზალდასტანიშვილები და ტყუპი ძმა: 28 წლის ნუკრი და ვასიკო წიკლაურები ერთად წავიდნენ აფხაზეთის ომში და ერთადვე დაიღუპნენ. ქალბატონი ბელა ახლაც ამბობს, როდესაც­ სამშობლოს სჭირდება, კაცები ქალების კალთას კი არ უნდა ამოეფარონ, არამედ სამშობლოს დასაცავად უნდა წავიდნენო.

რა შეიძლება ქალისთვის იმაზე დიდი ტკივილი იყოს, რაც მან გადაიტანა? ალბათ, ეს კითხვა უამრავ ადამიანს დაებადება, ვინც კი ბელა წიკლაურის ამბავს გაიგებს.­ პასუხი ერთადერთია: ასეთი ტკივილის საპირწონე არაფერია, თუმცა, ალბათ, არც ისეთი კაშკაშა გვირგვინი არსებობს, როგორიც მსგავსი მისიის ქალებს ადგათ: არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამ გვირგვინის წინაშე თავის დახრა არ მოუნდეს, თუნდაც მტერიც იყოს.

როგორ იწერება მსგავსი ისტორიები, საიდან მოდიან ასეთი დედები და დები, ამაზე თავად ქალბატონ ბელას ვესაუბრე და, რა თქმა უნდა, წინაპრებიდან დავიწყე...

2e23ecba-8a69-4b14-a81c-2a8670a1ef1d-1714912481.png

- ქალბატონო ბელა, საინტერესოა, ვინ იყვნენ თქვენი წინაპრები, როგორ იზრდებოდა თქვენი ორი ძმა და ორი შვილი ისე, რომ ოთხივემ ერთხმად გადაწყვიტა ომში წასვლა.

- ჩვეულებრივი ხალხი იყო, მოხევე წიკლაურებიც და კახელი ზალდასტანიშვილებიც. როდესაც ქვეყანას დაცვა სჭირდებოდა, ორივე მხრიდან სახლში არავინ­ რჩებოდა, ყველა საომრად მიდიოდა. თუნდაც­ ერთი მოღალატე არც ზალდასტანიშვილებში ყოფილა და არც წიკლაურებში. ჩემს ქმარს ომში არ უბრძოლია, მაგრამ სამაჩაბლოში კონფლიქტი რომ დაიწყო, დღედაღამ იმას ამბობდა, ჩვენი ბიჭები რამხელა თავგანწირვით იბრძვიან, მეც რომ შემეძლოს, წავიდოდიო. მე კიდევ გულში რეჩხი რომ მქონდა, მივიდოდი და ჩუმად ვეტყოდი ხოლმე, ბიჭებთან ასე ნუ ლაპარაკობ, ორივე საომრად რომ წავიდეს, რა გვეშველება-მეთქი. ის გაჩუმდებოდა და არაფერს მეტყოდა. ჩვეულებრივ ყოფაში­ მუდამ სიკეთის კეთებაში იყვნენ. მეათე კლასში ერთმა ბავშვმა წამომაძახა, შენი უფროსი ძმები შენი ძმები არ არიან, დედაშენს არ გაუჩე­ნიაო, და ისეთ დღეში ჩავვარდი, ლამის მოვკვდი. დედაჩემს გერები­ 9-10 წლის დახვედრია და ისე გაუზრდია, ამის შესახებ მეც არაფერი ვიცოდი. მახსოვს, ჩემი ძმები მაშინ მეუბნებოდნენ, დედაჩვენი ჩვენი ნამ­დვილი დედა რომ არ იყოს, დედას ხომ არ დავუძახებდით, ნეტავ რა გატირებსო! ჩემი ტყუპი ნუკრი და ვასიკო დედას მაშინ გაუჩნდა, როდესაც შვილს უკვე აღარ ელოდა და თანაც უამრავი საზრუნავიც ჰქონდა. ამიტომ ტყუპი უფროს ძმებზე იყო მინდობილი - დედა სახარჯო ფულს რომ არ მისცემდა, იმასაც უფროს ძმებს სთხოვდნენ­. აი, ასეთი სიყვარული რომ ჰქონდათ, იმიტომაც წავიდნენ ერთად ომში ჩემი უმცროსი ძმები და შვილები. როცა გავიგე, რომ ოთხივე ომში მიდიოდა, განა ცუდად არ ვიყავი, განა მათთვის ტირილით არ მითხოვია, ერთად ნუ მიდიხართ, ასე სად გაგონილა, ასე რატომ მწირავთ-მეთქი, მაგრამ არ მისმენდნენ, სადაც სხვა, იქაც ჩვენ, ერთმანეთზე ვიზრუნებთო. მაშინ მეუღლეც გარდამეცვალა და ჩემს შვილებს ესეც შევტირე, თქვენი მამა მომიკვდა და თქვენც ნუ დამღუპავთ, ცოლ-შვილს მიხედეთ-მეთქი, და ასე მპასუხობდნენ, დედა, რას გვეუბნები?! სხვა დედებსაც ჰყავთ შვილები და სხვებსაც ეშინიათ შვილების სიკვდილის. მათი შვილები რომ წავიდნენ ომში, ჩვენ შინ რატომ უნდა დავრჩეთო! ჰოდა, წავიდნენ. სადაზვერვო-საინფორმაციო სამსახურის რიგებში იბრძოდნენ. ყველაფერი რომ დამთავრდა, მათმა უფროსმა ავთო იოსელიანმა მითხრა, იშვიათად მინახავს, მსგავსი ღირსეული და თან მორიდებული ბიჭებიო...

- როგორ დაიღუპნენ?

- 22 აგვისტოს, სოხუმის დაცემამდე 5 დღით ადრე, რაღაც მასალა უნდა გადაეტანათ ბაბუშერის აეროდრომიდან. აფრინდნენ თუ არა, რუსებმა ზღვიდან ესროლეს და თვითმფრინავს მაშინვე ცეცხლი გაუჩნდა. ყველანი დაიწვნენ იმ თვითმფრინავში ვინც იყო, მათ შორის იყვნენ ჩემი შვილები და ძმებიც.

- არ ვიცი, ამ ტკივილს რა ტკივილი შეედრება. თქვენ როგორ გაიგეთ ეს ამბავი?

- დიდხანს ვერაფერიც ვერ გავიგე. ერთადერთი ტელევიზია იყო მაშინ, რომელსაც გაფაციცებული მივჩერებოდი. დაღუპულ ბიჭებს ყოველთვის აცხადებდნენ, მაგრამ ჩემი ბიჭები დაღუპულებში არასოდეს გამოუცხადებიათ. ამბობდნენ, უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ წიკლაურები და ზალდასტანიშვილებიო. მერე გავიგე, უშიშროების განყოფილებას უთხოვია…ტელევიზიისთვის, არ გამოაცხადოთ, რომ დაღუპულები არიან, ოთხის ერთად სიკვდილს მათი დედა და დაც შეეწირება, ჯერ შევამზადებთ და მერე ვეტყვით სიმართლესო­. ძალიან დიდხანს ვიყავი იმ იმედით, რომ ბიჭები ტყვედ ჩავარდნილები იყვნენ, მით უფრო, რომ ჩემთვის სიმართლის თქმა დიდხანს ვერავინ შეძლო. ამიტომ მეც დიდხანს ვეძებდი. ვიღას არ ვეხვეწებოდი, მიშველეთ, გამოიხსენით-მეთქი. შევარდნაძეც ვნახე, ჩემები დამიბრუნე-მეთქი. ისიც შემპირდა.

- ალბათ, მანაც იცოდა, რომ ცოცხლები აღარ იყვნენ, მაგრამ ვერ თქვა.

- ცხადია. მერე ჩემი ბიჭების მეთაურს უთქვამს, ეს ქალი სანამ გაგიჟდება, ვიღაცამ უნდა ვუთხრათ სიმართლეო. მერე მოვიდა ერთი და მითხრა... წლების შემდეგ გავიგე, რომ იმ კაცს ახლობლებისთვის უთქვამს, ერთი ბოთლი კონიაკი სულმოუთქმელად დავლიე, ვიდრე ბელასთან მივიდოდიო. მანამდე კიდევ ერთი კაცი იყო მოსული. მითხრა, გაგრიდან ოჯახის გამოყვანაში ისეთი ბიჭები დამეხმარნენ, მთელი სიცოცხლე მათ ვალში ვიქნები. მერე ეს ბიჭები ტელევიზორში ვიცანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულებად აცხადებდნენ და იმიტომ მოვედი, მინდა გითხრათ, რომ გმირები გყავთ, მსგავსნი იშვიათად იბადებიანო. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ჩემი ბიჭები დახოცილები იყვნენ, მაგრამ იმდენად ცუდად ვიყავი, სულ არ მაინტერესებდა მისი ლაპარაკი. რომ გავიდა, ჩემი რძალი შემოვიდა, მაგიდას შეხედა და მითხრა, ამ კაცს ვაზის ქვეშ ფული დაუტოვებიაო. გადავირიე­, რა ფული, რის ფული-მეთქი! დრო რომ გავიდა, მერე მივხვდი, რომ იმ კაცმა ჩემი ბიჭების მსხვერპლი გაიაზრა და ამიტომ მოვიდა, ეცადა, ბიჭების ოჯახებს რაღაცნაირად ამოსდგომოდა გვერდში.

ჩემმა ბიჭებმა ძალიან პატარა შვილები­ და ახალგაზრდა მეუღლეები დატოვეს. ძალიან კარგები და ადამიანურები, ეგენი რომ არ მყავდნენ, ვერ ვიარსებებდი. ოთხივეს გოგონები დარჩათ, ახლა უკვე დაოჯახებული არიან. მყავს შვილთაშვილებიც...

- იმრავლეთ. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ გიჭირდათ...

- ყველას უჭირდა, მაგრამ ვისაც შვილის საფლავიც არ ჰქონდა, ყველაზე უფრო. ბევრს უკითხავს, ეს როგორ გადაიტანეო. რა გადატანა?! ამას გადატანა არ ჰქვია, არც ტკივილს ჰქვია ტკივილი, მას ამ სამყაროში სახელი არა აქვს, მაგრამ ერთ ფიქრს რომ ვიფიქრებდი, ეს რა გამიკეთეს ჩემმა შვილებმა, ასე როგორ გამწირეს, მე ხომ მათ გარდა შვილი არ მყავდა-მეთქი, მეორე წუთს იმას ვიფიქრებდი, მაშ, აბა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, როცა სამშობლოს სჭირდება, კაცი ქალის კალთას ხომ არ უნდა გამოეკეროს, სამშობლოსთვის უნდა იომოს-მეთქი. თავადაც ხომ მათ ვგავარ. მახსოვს, 9 აპრილს, ტანკების ხმა რომ მესმოდა, ფეხიც არ გამიდგამს ადგილიდან. ჩემი შვილი რაგბისტი იყო და ტანკების შესაგებებლად გაიქცა. კი ვუთხარი, დედა, ტანკს შიშველი ხელებით როგორ შეაჩერებ-მეთქი, მაგრამ ხელი არ ჩამიჭიდია, არ წახვიდე-მეთქი.

შვილების საფლავსაც თავად ვეძებდი. აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების დედებმა მთელი საქართველო მოიარეს დაკარგულების აღსარიცხად. ამის შემდეგ ოთხჯერ შევხვდით აფხაზებს­. უფრო სწორად, მხოლოდ აფხაზებს არა, იმ ხალხს შევხვდი აფხაზეთიდან, ვინც დაკარგულების გადმოსვენების კომისიაში იყო ჩართული. მათ შორის ყველა აფხაზი არ იყო. გვეუბნებოდნენ, ჯერ ჩვენი დაღუპული შვილების საფლავები გვაპოვნინეთ და მერე გაგატანთ-თქვენებსო. მაგრამ ამას აფხაზები არ ამბობდნენ, მათ იცოდნენ, რომ ეს საქმე ასე ადვილი არ იყო. სხვები გვევაჭრებოდნენ, სულ სხვა ეროვნების ხალხი, ყველამ ვიცით, ვინც არის ახლა აფხაზეთში დემოგრაფიული უმრავლესობა. თორემ აფხაზმა დედამ რომ მითხრა, მეც დავკარგე შვილი ომში, რა პასუხს მცემთო, მე ჩემი ბიჭების სურათი დავუდე, ომი ჩვენი ბრალი არ არის, მე ოთხი დავკარგე-მეთქი! ის ქალი ატირდა და ჩამეხუტა. სხვა ეროვნების ქალი კი მეუბნებოდა, რომ გამოუშვით ჩვენთან თქვენი ხულიგანი შვილები იარაღით, აბა, რა გეგონათ, ჩვენი მიწა-წყლისთვის დავხოცავდით, აბა, რა, ოთხი თაობაა აქ ვცხოვრობთო! ვუთხარი, მე ხულიგანი შვილები არ მყოლია, ისინი მართლაც თავის მიწა-წყალს იცავდნენ, შენი მიწა-წყალი კი იქ არის, საიდანაც ჩამოხვედი. ოთხი თაობა კი არა, ოთხასი წელი რომ ვიცხოვრო შენს სამშობლოში, მე ქართველი ვარ და საქართველოა ჩემი სამშობლო-მეთქი. ამის შემდეგ მიპასუხა, თუ ეგრეა, მაშინ არ გაგატანთ ჩვენს მტრებსო. ვუთხარი, თუ არ გამატანთ, აქ იყვნენ, ცოცხლები იცავდნენ აფხაზებს და მკვდრებიც დაიცავენ-მეთქი. აი, ამ სიტყვებით წამოვედი. მერე, 2014 წელს, "წითელმა ჯვარმა" ჩამომისვენა ჩემი შვილები და ძმები.

- მითხარით, რომ შვილიშვილები გყავთ, როგორი გოგონები არიან?

- მამებივით გმირული სულის. მეუბნე­ბიან, ბებო, შენ უნდა იდგე რუსთაველზე, შენ უნდა თქვა, რომ რუსი არ გინდაო. სიარული აღარ შემიძლია, თორემ როგორ არ დავდგები. როგორც ჩემს ქვეყანას, მეც ისევე გადამიარა რუსის ჩექმამ. რუსის მობრუნება ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას. მე არასოდეს მითქვამს, რომ ღმერთმა დამსაჯა ჩემი შვილებისა და ძმების ომში სიკვდილით. სამშობლოსთვის სიკვდილი სასჯელი არ არის, მხოლოდ მათი სიკვდილით მოსული ტკივილია უსახელო და უნაპირო, თორემ კაცები იმიტომ იბადებიან, როცა ომია, შინ ქალების კალთას კი არ ამოეფარონ, წავიდნენ და სამშობლო დაიცვან.