2050 წლისთვის ქართველები თავიანთ სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან(!) - კვირის პალიტრა

2050 წლისთვის ქართველები თავიანთ სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან(!)

საქართველოში შობადობის მაჩვენებელი კლებულობს და მას გარდაცვალების მაჩვენებელი აჭარბებს

"ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი, შავ თუალ-წარბ-თმოსანნი, თეთრყირმიზნი, იშვიათ შავგურემან და მოყვითან... მხნენი მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი, ცხენსა ზედა და მხედრობათა­ შინა კადნიერნი, მკვირცხლნი, ამაყნი, ლაღნი,­ სახელის მეძიებელნი ესრეთ, რამეთუ თვისა სახელთათვის არა რიდებენ ქუეყანასა და მეფესა თვისსა", - ამგვარი ეპითეტებით ახასიათებს ქართველებს ვახუშტი ბატონიშვილი და რა საწყენია უცხოელი დემოგრაფების დასკვნა, რომ ქართული ეთნოსი ძალიან სწრაფად მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.

გვესაუბრება თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, დემოგრაფი ანზორ სახვაძე:

- ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა დამშვიდების საშუა­ლებას­ არ გვაძლევს. დიდი ძალისხმევა გვმართებს, რომ საკუთარ ქვეყანაში უმცირე­სობაში არ აღმოვჩნდეთ, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა: გაეროს წარმომადგენლები­ ამგვარ პროგნოზებს 10 წელიწადში ერთხელ მაინც აკეთებენ, მაგრამ მათი პროგნოზი ყოველთვის არ მართლდება. ჩვენ ეს დასკვნა სერიოზულ გაფრთხილებად უნდა მივიღოთ: თუ მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს ვიღონებთ, შესაძლებელია სავალალო მდგომარეობამდე მივიდეთ.

- იყო დრო, როცა ნახევარი მილიონიც არ ვიყავით...

- გეთანხმებით - XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 400-600 ათასადმე კაცი ცხოვრობდა­ - ასეთია მეცნიერთა ვარაუდი. უფრო ზუსტი­ მონაცემები ხელთ არა გვაქვს.­ საყოველთაო აღწერა საქართველოში 1897 წლამდე­ არ ჩატარებულა და ამ აღწერის მიხედვით, მე-19 საუკუნის მიწურულს საქართველოში­ 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. რამ განაპირობა მატება?­ - შედარებით მშვიდობიანმა წლებმა. როგორც წესი, მოსახლეობის რაოდენობა ომებისა და ეპიდემიების შედეგად მცირდება და როცა ეს საფრთხე გადაივლის, ისევ მატულობს. არ შემიძლია არ ვახსენო ალექსანდრე ჭავჭავაძის წერილი რუსეთის იმპერატორისადმი, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისშია დაწერილი. ამ წერილში­ ჩვენი სასიქადულო პოეტი წერს, მე-5 საუკუნეში საქართველოს მოსახლეობა 16 მილიონს აღწევდაო. მართალია, არგუმენტები არ მოჰყავს, არც წყარო აქვს მითითებული, მაგრამ ასეთი ცნობა არსებობს. ამ წერილსაც ადვილად იპოვით "ქართული პროზის" ტომეულებში.

- ბატონო ანზორ, ალბათ, უფრო სარწმუნო, არგუმენტირებული ინფორმაციაც გექნებათ ძველი საქართველოს დემოგრაფიულ სურათზე.

- ივანე ჯავახიშვილის გათვლებით, მე-13 საუკუნეში საქართველოს მოსახლეობა საშუალოდ, 4,5-5 მილიონი იყო. მან ეს ციფრი ისტორიული დოკუმენტების მიხედვით დაადგინა, კერძოდ, იმ დროში ყოველ მეცხრე ოჯახს ბრძოლაში ერთი მეომარი გამოჰყავდა, ქართული ჯარის რაოდენობა­ კი 90 ათას კაცს შეადგენდა. ივანე­ ჯავახიშვილმა, ხუთსულიანი ოჯახების მიხედვით იანგარიშა და ასე მიიღო 4,5-5 მილიონი. თუმცა ამაში არ შედიოდა მდიდართა კლასი - დიდგვაროვნები და სამღვდელოება,­ რომლებიც გადასახადებს არ იხდიდნენ და ჯარშიც არ მიდიოდნენ, ასევე, ქვრივ-ობლები. თუ მათაც დავუმატებთ, იმდროინდელი მოსახლეობა, სავარაუდოდ, 8 მილიონი კაცი იქნებოდა. ამაზე უფრო ზუსტი წყარო ძველი საქართველოს დემოგრაფიაზე მე არ შემხვედ­რია, თუმცა ზოგი ვარაუდობს, რომ თამარის დროს საქართველოში 12 მილიონი კაცი ცხოვრობდა.

- რა მდგომარეობა გვაქვს ახლა?

- ყველაზე ცუდი ის არის, რომ შობა­დობა ბოლო ათწლეულებში ძალიან შემცირდა, რამაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას დაღი დაასვა. 1990-იანი წლებიდან საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა თანდათან მცირდებოდა, რაც გამოწვეული იყო მძიმე ეკონომიკური და სოციალური კატაკლიზმებით. იმხანად ბავშვების გაჩენაზე არავინ ფიქრობდა. ამიტომ, თუ 1989 წლის აღწერით საქართველოში 5 მილიონ 400 ათასი კაცი ცხოვრობდა, ათ წელიწადში ეს რიცხვი 1 მილიონით შემცირდა, ხოლო ახლანდელი, 2024 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3 მილიონ 694 600 კაცი ცხოვრობს.­ 1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში საშუალოდ 90-91 ათასი ბავშვი იბადებოდა, რომლებიც 25-27 წლის შემდეგ თვითონ შევიდნენ რეპროდუქციულ ასაკში. 2000-იან წლებში ეს რიცხვი ლამის განახევრდა: წელიწადში დაახლოებით 46 ათასი ბავშვი იბადებოდა - ამან გამოიწვია ის, რომ რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალთა რაოდენობა ორჯერ შემცირდა, რის გამოც ამ წლებში უფრო ცოტა ბავშვი გაჩნდება, რადგან სწორედ ეს, ორჯერ შემცირებული თაობა შედის რეპროდუქციულ ასაკში. ამიტომ შობადობის მაჩვენებლის ზრდას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ. სამწუხაროდ, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი კლებულობს და მას გარდაცვალების მაჩვენებელი აჭარბებს.

- შეიძლება ითქვას, ქართველი ერი მილევად რეჟიმშია?

- შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ სხვადასხვა ღონისძიებით შეიძლება ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა: სწორი დემოგრაფიული პოლიტიკა და დემოგრაფიული განვითარების მიზანი უნდა გვქონდეს. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა თქვას, როგორია ეს მიზანი: უახლოეს მომავალში, ჩვენი მოსახლეობა 7 მილიონი­ უნდა გახდეს, 8 თუ 10... ფაქტია, ახლა 3 მილიონ 600 ათასი ვართ, რაც სასურვე­ლი ნამდვილად არ არის. მარტო იმის ძახილი­, რომ ჩვენი მოსახლეობა მცირდება,­ საკმარისი არ არის. ქვეყნის დემოგრაფიული მიზანი ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს და არა სპეციალისტებმა. სპეციალისტებმა შეიძლება კონსულტაცია გაუწიონ და საჭირო ღონისძიებები დასახონ. გარდა ამისა, საქართველოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეთნოდემოგრაფიული მაჩვენებლები, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენი ქართველი ბავშვი იბადება და რამდენი - სხვა ეროვნებისა. უნდა ვიცოდეთ, როგორია საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა და როგორი იქნება ახლო, საშუალო ან გრძელვადიან პერიოდში. დღესდღეობით არ ვიცით და ეს იმით არის გამოწვეული, რომ არც პირადობის მოწმობაში და არც საპასპორტო მონაცემებში ჩვენი ეროვნება მითითებული აღარაა. ოციოდე წლის წინ ყველას "საქართველოს მოქალაქე" ჩაუწერეს. მოქალაქეობა და ეროვნება ერთი და იგივე არ არის, ამიტომ ძნელია ჩვენი მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის განსაზღვრა. თუ ეროვნების გრაფა არ აღდგება, ვერ დავადგენთ, რამდენი ქართველი ეროვნების ბავშვი ჩნდება და რამდენი - სხვა ეროვნებისა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოდან ბევრი რუსი, უკრაინელი, ბელარუსი და სხვა ეროვნების ადამიანი წავიდა, თავიანთ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ და საქართველო ორეროვანი სახელმწიფო გახდა - ჩვენს ქვეყანაში ქართველები და აზერბაიჯანელები ყველაზე დიდი რაოდენობით ცხოვრობენ. საქართველო ტრადიციულად მრავალეროვანი ქვეყანა იყო, დღეს კი ჩვენთან ორი ეროვნებაა დომინანტი.

- ცნობილია, რომ აზერბაიჯანელებს მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავთ და ამ ქვეყნის მოსახლეობამ უკვე 10 მილიონს მიაღწია...

- სწორედ ამიტომ უნდა ვიცოდეთ, წელიწადში რამდენი ქართველი აჩენს ბავშვს, რამდენი აზერბაიჯანელი, რამდენი ბერძენი ან სომეხი. მე არავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ სტატისტიკას ყურადღება არ მივაქციოთ და მერე გვიანი იყოს თითზე კბენანი.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ სახელმწიფო ახალგაზრდა ოჯახებს მატერიალურად უნდა დაეხმაროს?

- ქართველები, ჩვენი დემოგრაფიული მონაცემებით, თავისუფლად შეგვიძლია შევადაროთ ევროპელებს, მაგრამ ევროპაში ხომ არ არის მატერიალური სიდუხჭირე? მიუხედავად ამისა, შობადობა მაინც დაბალია. ასე რომ, ამ საკითხს მხოლოდ მატერიალური ფაქტორი არ განსაზღვრავს, გადამწყვეტი ბავშვის ყოლის სურვილია.

ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ გოგონების უმრავლესობას არ სურს ბევრი შვილი იყოლიოს. რომ ეკითხები, რამდენი შვილის გაჩენა გინდაო, უმრავლესობა ერთ ან ორ შვილს ასახელებს, რაც არ არის საკმარისი მარტივი კვლავწარმოებისთვის. ეს რას ნიშნავს? - იმას, რომ შვილების თაობა ნაკლები არ უნდა იყოს დედების თაობაზე. მოსახლეობამ რომ არ მოიკლოს, ერთმა ქალმა 2,1 ბავშვი უნდა გააჩინოს ანუ ათმა ქალმა არანაკლებ 21 ბავშვისა, თუ გვსურს მარტივი კვლავწარმოება შენარჩუნდეს, დედების თაობა გოგონების იმავე რაოდენობამ უნდა შეცვალოს - ეს მინიმალური მაჩვენებელი მაინც უნდა გვქონდეს.

- მახსენდება ერთი ძველი გამონათქვამი: "ერთი შვილი არაშვილი, ორი შვილი - ვითომ შვილი, სამი შვილი - მართლა შვილიო". გამოდის, ჩვენი წინაპრები ამას გუმანით გრძნობდნენ?

- ხალხურ ეპოსში ეს სიტყვები სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება. დიახ, ჩვენმა წინაპრებმა ეს მარტივი ჭეშმარიტება კარგად იცოდნენ, მით უმეტეს, ბევრ შვილს აჩენდნენ, მაგრამ ყველას ვერ ზრდიდნენ. იმისათვის, რომ 2-3 შვილი ჰყოლოდათ, 8-9 უნდა გაეჩინათ. ეს მარტო საქართველოში როდი ხდებოდა. მაგალითად, ცნობილი შოტლანდიელი მეცნიერი ადამ სმიტი წერდა, შოტლანდიის მაღალ მთებში არცთუ იშვიათია, რომ ქალს 20 შვილი ჰყავს ნაშობი, მაგრამ ვერც ერთის გაზრდას ვერ ახერხებსო. დედოფლებიც კი 17-18 შვილს აჩენდნენ და ეპიდემიების თუ სხვა უბედურებათა გამო ვერ ზრდიდნენ. ამიტომ მრავალშვილიანობა იმ დროში ჩვეულებრივი და სასურველი მოვლენა იყო.

- აუცილებლად უნდა შევეხოთ ჩვენი ერისთვის კიდევ ერთ მტკივნეულ პრობლემას - ემიგრაციას. საქართველოდან, ძირითადად, ფერტილური ასაკის ქალები მიდიან და მათ ნაცვლად უცხოელები შემოდიან. ეს რას გვიქადის?

- მიგრაციული პროცესები ჩვენთან მართლაც გააქტიურებულია: 1990-იანი წლებიდან მოსახლეობის ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდა და ეს დღესაც გრძელდება. საქართველოს მოსახლეობას ეს არ ახასიათებდა - ჩვენთან ნებაყოფლობითი ემიგრაცია თითქმის არ იყო. ამის მიზეზი მარტივია: ასეთ ნაყოფიერ მიწებსა და კლიმატს სხვაგან ვერსად ნახავთ, მაგრამ ქართული ანდაზა ამბობს, გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა და ხალხი უცხოეთში წავიდა­. ბევრმა ამ გზით ოჯახი შიმშილს გადაარჩინა, მაგრამ დღეს ემიგრაციაში მიდიან განათლების მისაღებად, ბინის შესაძენად და დოვლათის დასაგროვებლადაც. ამიტომ ამ შემთხვევაშიც მინდა ოპტიმიზმი შევინარჩუნო და ირლანდიის მაგალითი მოვიშველიო: თავის დროზე ამერიკაში ირლანდიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი გადასახლდა, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტი ამუშავდა და ამ ქვეყანამ 10-15 წელიწადში აღიდგინა მოსახლეობის ძველი რაოდენობა. ამიტომ დღეს მთავარია, შევქმნათ განწყობა, რათა ოჯახების ნახევარზე მეტმა საშუალოდ 3-4 შვილი გააჩინოს. ბავშვები ისე უნდა აღვზარდოთ, რომ თითოეულ ოჯახს 3-4 შვილის გაჩენა მოუნდეს. ამას მატერიალური დახმარება ვერ უშველის: თუ ქალს ერთზე მეტი შვილის გაჩენა არ სურს, თვითმფრინავიც რომ აჩუქო, მაინც არ გააჩენს. დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას: ოჯახს, სკოლასა და მთელ განათლების სისტემას. დემოგრაფია განსაკუთრებით მძიმე პრობლემაა ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერებისთვის და ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე