„პატრიარქზე ე.წ. ზეწოლის სურვილის მქონეთ გავაფრთხილებდი - ცეცხლია, დაიწვებით!“ - რას ამბობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ლაშა ჟვანია - კვირის პალიტრა

„პატრიარქზე ე.წ. ზეწოლის სურვილის მქონეთ გავაფრთხილებდი - ცეცხლია, დაიწვებით!“ - რას ამბობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ლაშა ჟვანია

ჩვენს ტკბილ პატრიარქს თავის დიდ სამწყსოში რამდენიმე ადამიანი ჰყავს გამორჩეულად ახლოს. მათ შორისაა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ბატონი ლაშა ჟვანია­. ადამიანი, რომელიც 40 წელზე მეტია, უწმინდესს გვერდიდან არ მოშორებია; ადამიანი, რომელიც არაერთი მოვლენის მომსწრე და უშუალო მონაწილე გამხდარა. ყველა ნაბიჯი, რომელიც კი გადაუდგამს, მის უწმინდესობასთან შეთანხმებით ხდებოდა. დღესაც, როცა ძალიან სჭირდება თავისი სულიერი მამის თუნდაც პატარა დარიგება, შეუძლია რამდენიმე საათი იფრინოს, ჩამოვიდეს და შემდეგ ისევ უკან გაბრუნდეს, თავის მეორე სამშობლოში, ისრაელში.

- ბატონო ლაშა, თქვენ ორჯერ იყავით­ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩი. რა მოგცათ ამ წლებმა და რას გამოყოფდით თქვენი იქ მსახურებისას ყველაზე მეტად?

- ალბათ, უფრო სწორი კითხვა იქნებოდა, ჩემი ორჯერ ელჩობით მე რა მივეცი ისრაელ-საქართველოს ურთიერთობას. პროცესის მოყოლა ხუთწლიანი ქრონომეტრაჟი და, ალბათ, უინტერესოც იქნება. შედეგები რომ ჩამოვთვალოთ, ესაა საქართველოს სრული ბრენდირება - ისრაელის საზოგადოების წარმოდგენის შეცვლა, მათთვის უცნობი საქართველოს სწორად გაცნობა. პირველივე დღეებიდან შევეჭიდე წარმოუდგენელ ამოცანას, შემეცვალა ებრაულ ენაში არსებული საქართველოს რუსულენ­ოვანი დასახელება "გრუზია" გეორგიათი. ამ გაბედულ ნაბიჯს ენათმეცნიერების, ეტიმოლოგების, საზოგადოების გავლენიანი ნაწილის, პოლიტიკოსების, მედიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა სჭირდებოდა. ახლა თუ ვინმე მკითხავს, რატომ დავისახე ეს მიზნად, ხუმრობით ვპასუხობ, რომ "სხვა საქმე არ მქონდა". არადა, ეს იყო უმნიშვნელოვანესი საფუძველი იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში ისრაელის საზოგადოებაში გამოვიწვიეთ. საჭირო იყო ჩვენი დღევანდელობის ჩვენივე წარსულთან კავშირის აღდგენა. ეს ყველაფერი ადამიანის ფიზიოლოგიასავითაა, ერთი პატარა ნერვი თუ გადაჭერი, ცოცხალი სხეული უმოქმედო ხდება. ასეა სახელმწიფოშიც და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაშიც. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში, ოკუპაციის პირობებში, იერუსალიმისადმი ჩვენი ერის დამოკიდებულებისა და ბრწყინვალე ისტორიული ფაქტების შესახებ ხსოვნაც და ცოდნაც დავკარგეთ, მივივიწყეთ და ბმა შეწყდა. ისრაელის ახალგაზრდობა ახლადდამოუკიდებლობა მიღებულ სახელმწიფოს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, "რუსეთის ნაწილს" "გრუზიას" გაეცნო, ხოლო ქართველთა ათასექვსასწლოვანი ისტორიის ბრწყინვალე ფურცლები მხოლოდ სამეცნიერო წიგნების ფურცლებსა და მეცნიერთა ვიწრო ჯგუფების მეხსიერებას შემორჩა. ამიტომ საქართველოს ხელახალი წარმოჩენისთვის ცვლილებები მოიცავდა ბიზნესისა და ინვესტიციების, კულტურისა და სპორტის, განათლების, მეცნიერების, ტურიზმისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებას. ერთი მაგალითი მოვიყვანოთ - ჩემი ელჩობის დასაწყისში თბილისი-ისრაელის მიმართულებით კვირაში ერთი ავიარეისი იყო და ისიც ნახევრად ცარიელი. ცვლილებების პირველი ეტაპი დავასრულე კვირაში შვიდი რეისით, ხოლო მეორეზე, ისრაელში ომის დაწყებამდე, ისტორიულად ყველაზე მაღალ მაჩვენებელს - კვირაში 42 რეისს მივაღწიეთ. ახლაც, ომის დროს, ისრაელიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით კვირაში 21 რეისი გვაქვს, ხოლო ბათუმის - 14 რეისი. ხალხის მიმოსვლა თავად მეტყველებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის გააქტიურებაზე. რა თქმა უნდა, ამაში ჩემი დამსახურება მცირეა, ვინაიდან მშენებელს მასალა თუ არ მიეცი, მხოლოდ იდეებით ვერაფერს გააკეთებს. საქართველოში არსებული განვითარების ტემპიც და ხარისხიც სწორედ ის მასალაა, რაც ამ პროცესს ხელს უწყობს.

4aabe514-c868-4ce8-b889-caee496ec0d2-1714913607.jpg

- ბოლო თვეებს თუ გავიხსენებთ, ყველაზე რთულ სიტუაციაში გიწევდათ იქ ყოფნა ელჩის რანგში. დღეს როგორი ვითარებაა?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ელჩის რანგშიც კი აღარ ვიყავი, ვინაიდან ჩემი დიპლომატიური როტაციის ვადა ქვეყნის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ 1-ლი ოქტომბრიდან შეწყვიტა. შემდგომ გადაიფიქრეს, შემომთავაზეს დარჩენა და მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება. ბრძანება 5 ოქტომბერს გამოიცა, ხოლო უმძიმესი მასშტაბური ტერორისტული შეტევა ისრაელზე 7 ოქტომბერს გამთენიისას დაიწყო. იმხანად ისრაელში დარჩენით, ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებსაც გაუმართლათ და არანაკლებ მთავრობასაც.

- მახსოვს, იმ დღეეში ხშირად აფრთხილებდით ჩვენს მოსახლეობას, რომ საჭიროების შემთხვევაში მოემართათ თქვენთვის. დღეს ამ მხრივ როგორი მდგომარეობაა?

- ყველაზე მთავარი ის იყო, ვარწმუნებდი, რომ ის საშინელი პერიოდი ჩაივლიდა და ისრაელი აუცილებლად დაუბრუნდებოდა ჩვეულებრივი ცხოვრების კალაპოტს. რაც შეეხება კრიზისისა და საგანგებო ვითარების მართვას, ვფიქრობ, ეფექტურად გამოგვივიდა და ამაში მარტო არ ვიყავით. ეს იყო ისრაელის მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის ჩვენთან ოპერატიული კომუნიკაციის, ისრაელში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების საგანგებო ვითარების მართვაში პასუხისმგებლობიანი ჩართვა და ჩვენთან ეფექტური თანამშრომლობა. ვითარება არ არის მარტივი, მაგრამ, ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილში უკვე სიმშვიდე და სტაბილური ვითარებაა.

- რამდენად რთულია დიპლომატიური სამსახური?

- ყოველწამიერად პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს. დაბრკოლების გადალახვა არ უნდა აღიქვა მიზნად, შეცდომას მკვდარი არ უშვებს. შეცდომის გაანალიზება, აღიარება და გამოსწორება უნდა შეგეძლოს. ეს მხოლოდ დიპლომატიურ სამსახურზე არ ითქმის, ამის უნარი პასუხისმგებლიან პიროვნებას შესწევს. თანამშრომლებთან ურთიერთობაში არაფერს ვაქცევ ისეთ ყურადღებას, როგორც უპასუხისმგებლობას. ყველა შეცდომის გამოსწორება შეიძლება, უპასუხისმგებლობით დაშვებულის კი ყველაზე მტკივნეულია.

- მინდა გაიხსენოთ ის პერიოდი, როცა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან იყავით ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად.

- მე მისი მხოლოდ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ვიყავი, 20 წლის წინ მქონდა დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, მემუშავა­ მის მოადგილედ საგარეო საქმეთა მინისტრობისას.­ პირველადაც და მეორედაც ისრაელში ჩემი ელჩად გაგზავნა მისი ინიციატივა იყო და შეთანხმდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. მასთან მუშაობა ყოველთვის­ ურთულესი იყო, მაგრამ სასიამოვნო. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან და არა­სო­­­დეს დავიღლები მადლიერების გამოხატვით­.

- იმ პროცესებს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, როგორ შეაფასებდით?

- მე დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი ვარ. ჩემი უფლებამოსილების ჩარჩოებს მიღმაა ამ კითხვაზე პასუხების გაცემა. ერთი ზუსტად ვიცი - ერთმანეთის მოსმენას, ცივილიზებულ ოპონირებასა და კონსენსუსის ძებნას ალტერნატივა არა აქვს.

- ამ პროცესებს როგორ უყურებს დღეს ჩვენი მეგობარი ისრაელი და როგორი შეფასებები აქვს დიპლომატიურ კორპუსს?

- ისრაელი ჩვენსავით დემოკრატიული სახელმწიფოა, საზოგადოება მუდმივად პოლიტიკურ დუღილშია. ისრაელს საქართველო მყარ პარტნიორად მიაჩნია და მისი სტაბილური განვითარება და გაძლიერება მის ინტერესშია. ისევე როგორც საქართველოს ინტერესია მისი ბუნებრივი მოკავშირე ისრაელის სახელმწიფოს სიძლიერე და სიმშვიდე. ჩემი მრავალწლიანი დიპლომატიური სამსახურის პერიოდში ერთმანეთისთვის დიდაქტიკურად ჭკუა არასოდეს გვისწავლებია. ამას ვურჩევდი მეგობარი ქვეყნების სხვა დიპლომატებსაც.

- არაერთხელ მომისმენია თქვენგან, ისრაელი ჩემი მეორე სამშობლოაო.

- ჩვენ გვყავდა იერუსალიმში მცხოვრები დავით ცისკარიშვილი, რომელიც 80-იან წლებში საპატრიარქოს მდივანი, უწმიდესის ერთ-ერთი უახლოესი პირი და ჩემი მეგობარი იყო. დავითი 2012 წელს გარდაიცვალა. მისი ანდერძითა და უწმინდესის კურთხევით მისი ბაბუების აშენებულ თბილისის წმინდა ბარბარეს ტაძრის ეზოში დავკრძალეთ. ერთხელ დავითს ისრაელში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთის ჟურნალისტმა ჰკითხა, რა არის შენთვის ისრაელიო. მან უპასუხა: "ისრაელი იერუსალიმია. ყველა დანარჩენი კი გარეუბანიო". ისრაელი და იერუსალიმი ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც უსაქართველოობა არ მტანჯავს. უკვე დიდი ხანია, თბილისსა და ისრაელში დაფრენისას გული ერთნაირად მიძგერს და დატოვებისას თვალები მინაღვლიანდება. ორივე საოცრად თბილი და ახლობელია. საქართველოში იერუსალიმზე ვფიქრობ, იერუსალიმში - საქართველოზე. მე ისრაელშიც მყავს ისეთი მეგობრები, რომლებთან ყოფნისას სიჩუმის ჩამოვარდნა უხერხულობას არ მგვრის. ეს ნაღდი მეგობრობაა და ისინი მხოლოდ ქართველები ან ებრაელები არ არიან. მე არაბი მეგობრებიც მყავს.

- შეუძლებელია წმინდა მიწაზე ვისაუბროთ და ჯვრის მონასტერი არ ვახსენოთ...

- ძალიან დიდ და ამოუწურავ თემას­ შეეხეთ. ჩვენი ბედუკუღმართობის თუ უნიათობისა და გულგრილობის გამო ჯვრის მონასტერი და მის შესახებ ცოდნაც დაკარგული­ გვაქვს. ჩვენი საზოგად­ოების მხოლოდ მცირე ნაწილისთვისაა ცნობილი ჯვრის აღმშენებლის სახელი და ცხოვრება.­ ასევე ცოტამ თუ იცის მასში მოღვაწე თავდა­დებული წინაპრების შესახებ. ჩვენ საკუთარ ისტორიას მივაყარეთ მტვერი და ამით სხვებს ზემოდან მიწის მიყრა გავუადვილეთ. არადა, მის გარშემო მიწა, კელიები, ტაძრის მთავარი მოზაიკაც კი ქართველთა სისხლითაა გაპოხილი. ხშირად მოზაიკაზე დავაბიჯებთ და სადღაც შავი ლაქა სიძველისგან გაჩენილი გვგონია. სისხლის გუბეების ლაქებია, ლოცვისას ან მონასტრის დაცვისას დახოცილი და დიდი ხნის უპატრონობით იქ დატოვებული ქართველების სხეულიდან გადმოდენილი. ჩვენი ისტორიის აღდგენა და კიდევ სხვა სურვილების ასრულება თავდადებას მოითხოვს. ბევრს არა, მცირედს. როცა ლუკა იერუსალიმელის ხსენების დღეს ქართველი ჯვრის მონასტრის მაგივრად საექსკურსიოდ სხვა მხარეს გაემართება, აღარ უნდა გაუკვირდეს, რომ მავანი მე-700 წლისთავზე მის აღდგენილ ხატს გადაგიმალავს, ფრესკას ჩამოჭრის და გაყიდის. როცა ჯვრის მონასტრის სამი ქართველი მამის ხსენების დღეს წირვაა და ათიათასობით ქართველიდან მხოლოდ რამდენიმე დაესწრება და წირვის შემდეგ მათი ხატის წინ პარაკლისს მხოლოდ შვიდი ქართველი შეასრულებს, აღარ უნდა დავსვათ კითხვა, სად წავიდა მათი უძვირფასესი, სულ ახლახან დიდი ძალისხმევით აღდგენილი და არანაკლები ძალისხმევით მონასტერში შეტანილი ხატი, ხოლო როცა ტაძრის დღესასწაულია და საკუთარი ისტორიის მიმართ თუნდაც ერთი უპასუხისმგებლო ქართველი სხვებს მოუწოდებს წირვაზე არ წავიდნენ, ვინაიდან სხვანაირად შეიძლება იყოს აღქმული, არ უნდა გაგვიკვირდეს, ჯვრის მონასტრის კარი თუ დაიკეტება. ჩვენ ასეთ საკითხებს მარტივად ვეგუებით, სირაქლემებივით ვიქცევით და კვლავ მტვერს ვაყრით თავდადებების დიდ ისტორიას, რაც ჩვენი ერის უნიკალურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.

ერთ ისტორიულ ფაქტს შეგახსენებთ - 1987 წლის ოქტომბერში იერუსალიმში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხი ოფიციალურად დააყენა იერუსალიმის პატრიარქ დიოდოროს I-სა და იერუსალიმის ეკლესიის სინოდის წევრებთან შეხვედრის დროს. ოფიციალური წერილები გაეგზავნათ ისრაელის პრემიერ-მინისტრ იცხაკ შამირს და საგარეო საქმეთა მინისტრ შიმონ პერესს. უწმინდესმა და უნეტარესმა თბილისში დაბრუნებისთანავე წერილობით მიმართა საქართველოს მთავრობასა და კომპარტიას, ასევე საბჭოთა კავშირის იმჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძეს. იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს აღუთქვა, რომ საკითხს სინოდზე განიხილავდნენ და პასუხს დაუბრუნებდნენ. პასუხის მიღებამდე ჩვენს ვალდებულებად მიმაჩნია ქართველთა წმინდა მიწის ისტორია ჯერ ქართველებს­ შევახსენოთ და ამის პარალელურად კი მსოფლიოს. რაც მთავარია, ხშირად მივაკითხოთ ჩვენი წინაპრების აშენებულ კულტურულ მემკვიდრეობას.

- ყველამ კარგად იცის თქვენი დამოკიდებულება მისი უწმინდესობის მიმართ. თქვენ პატრიარქის შვილობილადაც გიცნობენ. გაიხსენეთ მასთან პირველი შეხვედრა.

- პირველი შეხვედრა 1980 წლის იანვარში შედგა. ის ახალარჩეული პატრიარქი იყო, მე - ახალმონათლული ბავშვი. სიონის ეზოში იყო, როცა ნათლიებმა მიმიყვანეს, დამლოცა და გულში ჩამიკრა. მას შემდეგ, განსაკუთრებით 1987 წლის შემდეგ, ხშირად ვხვდებოდი. ახლა რომ ვფიქრობ, ცოტა გათამამებული ბავშვივით ვიყავი. რამდენიმე კვირის წინ უმნიშვნელო ყოფით საკითხზე პასუხის გაუცემლობის გამო რამდენჯერმე შევუტრიალე კითხვა და იქვე მდგომ მონაზონს უთხრა, სასმისი მომაწოდეო. მაშინ ვკითხე, სასმისს იმიტომ მთავაზობთ, რომ გავჩუმდე-მეთქი? ბავშვობიდან ცელქი იყავიო, მიპასუხა. სანამ ის გვყავს, თავი სულ პატარა ბავშვი მგონია. ქვეყნიერების შემოქმედს ყოველდღიურად ვთხოვ, ეს ბავშვობა არასოდეს დამისრულოს.

- ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს ჩვენს პატრიარქზე ზეწოლა. ამაზე რას გვეტყვით?

- წრფელი გულის ადამიანები თბებიან მასთან ურთიერთობით, სიხარულით ივსებიან, იმედი ემატებათ და მათი ცხოვრება კეთილად ეწყობა. არ ვიცი, თუ ზეწოლა სწორი სიტყვაა. 40 წელია მის გარშემო ვითარებას ვადევნებ თვალს, ზოგის უშუალო მონაწილეც ვყოფილვარ და ჯერ ე.წ. ზემწოლი არ შემიმჩნევია. სურვილის მქონეთ მათივე სიკეთისთვის გავაფრთხილებდი - ცეცხლია, დაიწვებით. თუმცა ასეთი ძალიან ცოტაა და თქვენს გაზეთს არ/ან ვერ კითხულობენ.

- ბოლო პერიოდში თუ გქონიათ მასთან ურთიერთობა? როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- კარგადაა და უკეთ იქნება კიდევ დიდხანს. დიდი მარხვის ნაწილი მცხეთის ჯვრის მონასტერში გაატარა. ამ მარხვაში,­ სხვა საკითხებთან ერთად, მუშაობდა და შეასრულა კიდეც იერუსალიმში მოღვაწ­ეობით და მოწამეობით გაბრწყინებული­ ქართველი წმინდანების - პროხორე გიორგი ქართველის, ლუკა იერუსალიმელისა­ და ნიკოლოზ დვალის პარაკლისები და დაუჯდომლები. შეამოწმა­ მათი ცხოვრების და ქართველთა ისტორიის­ შესახებ გაკეთებული­ შესავალი. მომზადდა და განიხილა მისი წინასიტყვაობა ამ წიგნისთვის. ამავე პერიოდში დასრულდა მისი კურთხევით დაწყებული ქართული სახარების შემკობა იერუსალიმის მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავისთვის შესაწირად. ამ ისტორიულ საქმეში წვლილი­ ისრაელში მცხოვრებმა ქართველებმა და საქართველოში მცხოვრებმა ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფმა შეიტანეს. ბოლო ქართული სახარება მაცხოვრის საფლავს მეჩვიდმეტე საუკუნეში მიეძღვნა. ბოლო პერიოდში ფიზიკური სისუსტის გამო ვერ ახერხებს ყოველკვირეულად წირვის ჩატარებას და ამ მოვალეობას ერთ-ერთ ან რამდენიმე მღვდელმთავარს აკისრებს ხოლმე. დავითის ერთ-ერთ ფსალმუნში ასეთი სიტყვებია: "განახლდეს ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი". ძველი აღთქმიდან ცნობილია, რომ ეგვიპტეში ორ მილიონზე მეტი ებრაელი ცხოვრობდა და ღმერთმა ამ ორ მილიონში 80 წლის ენაბრგვილი მოსე შეარჩია, ხოლო იმის დასტურად, რომ მხოლოდ მოსე იყო ის, ვისაც სამშვიდობოზე უნდა გაეყვანა ებრაელი ხალხი, უამრავ სასწაულთან ერთად, ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მოგვითხრობს. უდაბნოში ამალეკების ძლიერი არმიის ისრაელიტებზე შეტევის დროს ებრაელები მაშინ მარცხდებოდნენ, როცა ღვთის წინაშე მლოცველი მოსე ასაკისა და დაქანცულობის გამო ხელებს ჩამოსწევდა. მაშინ მიხვდნენ ებრაელები და შეეყუდნენ მოსეს ხელებს აჰარონი და ორი და მოსეს აწეული ხელების გამო ღმერთმა ისრაელიტებს გაანადგურებინა მტერი. დღეს ჩვენ მოსეს ასაკს ჯერ კიდევ არმიღწეული (მოსე 120 წლის აღესრულა) წმინდა ღვთივგამო­რჩეული სულიერი მწყემსი გვყავს. მას ჩვენგან არაფერი უნდა - სურს მხოლოდ ერთმანეთს მოვუსმინოთ და დავუთმოთ, ეს ახარებს.

- პირად საუბარში თუ გამოუხატავს თავისი დამოკიდებულება უწმინდესს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

- ბოლოს ფონდის საპატრიარქო სხდომისთვის ასეთი დარიგება ჩამაწერინა: "ყოველი საქმე მცირედით უნდა დავიწყოთ და შემდეგ გავზარდოთ. ჩვენ ხშირად ვეჭიდებით დიდს და მერე ვეცემით ჩვენც და საქმეც ფუჭდება".

რუსუდან შაიშმელაშვილი