თუ მეუღლე სიცოცხლის მოსპობით გემუქრებათ... - კვირის პალიტრა

თუ მეუღლე სიცოცხლის მოსპობით გემუქრებათ...

გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა­ როსტიაშვილი­ უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს:

ვაპირებ ვუჩივლო პირს, რომელიც არ მიბრუნებს კუთვნილ თანხას. შემიძლია თუ არა წინასწარ დავაწერინო ადვოკატს საჩივარი და სანამ სასამართლოში შევიტან, მანამდე გაუგზავნოს მას ადვოკატმა. იქნებ ამან მაინც შეაშინოს და გადაიხადოს თანხა, რას მირჩევთ?

- პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ სესხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს იმ დღიდან, როდესაც ვალდებულება უნდა შესრულებულიყო. რაც შეეხება საჩივრის მოვალისათვის გაგზავნას, ამას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება, ვინაიდან საქართველოს საპროცესო კოდექსის თანახმად, ჯერ სასამართლოში უნდა შეიტანოთ სარჩელი და შემდგომ წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში გაუგზავნოთ მოპასუხეს.

კომპანია "ჯივიპი" ძალიან ხშირად გვითიშავს წყალს და როცა ირთვება, მაშინაც ცუდი წნევით გვაწვდის. ბევრჯერ დავრეკეთ, მაგრამ არ არის საშველი. მარეგულირებელსაც მივმართეთ შარშან საჩივრით, მაგრამ უშედეგოდ, ვერც მან გადაწყვიტა ეს პრობლემა.

- კომპანია ვალდებულია თითოეულ აბონენტს მიაწოდოს წყალი იმ პირობით, რა პირობითაც ყველა აბონენტს ემსახურება სტანდარტულად. შესაბამისად, თუ სათანადო წნევით არ მოგეწოდებათ წყალი, პირველ რიგში განცხადება /საჩივრით მიმართეთ მას, რათა მოხდეს გადამოწმება და დადგინდეს პრობლემის რეალური მიზეზი, ხოლო თუ არ ექნება ტექნიკური რეაგირება, შემდეგ კვლავ მარეგულირებელს უნდა მიმართოთ და მიუთითოთ, რომ "ჯივიპი" არ ასრულებს მის ვალდებულებას და არ ახდენს რეაგირებას.

სოფელში, ჩემს კერძო სახლში, მინდა კამერების დაყენება ისე, რომ მთელ ჩემს ეზოს და სახლს ვხედავდე. არის მჭიდრო დასახლება, არ მინდა მეზობლებთან პრობლემები, გთხოვთ მითხრათ, კანონით როგორ რეგულირდება ეს საკითხი?

- პერსონალურ მონაცემთა კანონის თანახმად, შეგიძლიათ თქვენი საკუთრების პერიმეტრზე და არა გარე მიმართულებით დააყენოთ შიდა კონტროლისთვის, ასევე შესასვლელის კონტროლისთვის კამერა, ხოლო თუ გარე პერიმეტრის, გზის, ტროტუარის და ა.შ დანახვაც გსურთ, ამ შემთხვევაში უნდა გაუკეთოთ აღნიშვნა სპეციალური სტიკერით, რომ მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი.

ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გადახდილი მაქვს გირაოს თანხა. სასამართლო პროცესები დაიწყება მოგვიანებით, რადგან ჯერ ნაფიცი მსაჯულები უნდა შეარჩიონ. მაინტერესებს, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ გირაოს თანხა უკან ბრუნდება, თუ ეს ფული დაკარგულია? ოჯახმა ბანკის ვალი აიღო, გირაო რომ დაეფარა და ამიტომ ძალიან ვნერვიულობ.

- გირაო გახლავთ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული ღონისძიება. აუცილებელია არ დაარღვიოთ გირაოს პირობები. თანხა დაგიბრუნდებათ მაშინ, როდესაც საქმის სასამართლოში განხილვა დასრულდება. მოსამართლე განაჩენის გამოტანის დროს ამ საკითხზეც იმსჯელებს.

მე და ჩემს მეგობარს გვაქვს ავტოსერვისი, მომხმარებელს გავუწიეთ მომსახურება. მანქანის გაყვანის დღეს არ გადაგვიხადა თანხა და ისე წაიყვანა მანქანა, გამოვიძახეთ პატრული, მაგრამ ვერ დაგვეხმარნენ. სამართლებრივად როგორ უნდა გადავახდევინოთ ჩვენი კუთვნილი თანხა? როგორ დავამტკიცო ზარალის ოდენობა და ვის მივმართო? სასამართლოშიც მომიწევს ბაჟის გადახდა? თანხის ამოღება მერე პრობლემა ხომ არ იქნება?

- თქვენ უნდა მიმართოთ სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით, რა თქმა უნდა, თქვენ მიერ გაწეული ხარჯები უნდა დასტურდებოდეს. წარადგინეთ გაწეული ხარჯების ინვოისი, ასევე იმ პირისა და მანქანის პირადი მონაცემები, ვისაც მოემსახურეთ. სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ღირებულება გახლავთ დავის საგნის 3%, თუკი სასამართლო თქვენს სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და დაგიკმაყოფილებთ სარჩელს, შეგიძლიათ გადაწყვეტილებითა და სააღსრულებო ფურცლით მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოთ თანხის იძულებით ამოღება, აღნიშნულის აღსრულება კი დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა მოპასუხეს რაიმე სახის ქონება ან ერიცხება თუ არა ხელფასი ბარათზე.

16 წლამდე ვიყავი საქართველოს მოქალაქე. შემდეგ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო აღარ მაქვს საქართველოს მოქალაქეობა. ორჯერ შევიტანე მოქალაქეობაზე განაცხადი და ორივეჯერ უარი მომივიდა. შემდეგ მომცეს მუდმივი ბინადრობის მოწმობა. ბოლო 6 წელზე მეტია საქართველო არ დამიტოვებია. რომელი ქვეყნის მოქალაქეც ვარ, იმ ქვეყანაში ვარ ნასამართლევი და ძებნაში ქვეყნის მასშტაბით. აქ არანაირი დანაშაული არა მაქვს ჩადენილი, მაგრამ მოქალაქეობას არ მაძლევენ. რამე შანსი მაქვს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე?

- იმისათვის, რომ აღნიშნულ კითხვას სწორი სამართლებრივი შეფასება მივცეთ, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა საფუძვლითა და შინაარსით შეიტანეთ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი და ასევე რა საფუძვლით გეთქვათ უარი მოქალაქეობაზე.

როცა ავტოფარეხები განთავსებულია ამხანაგობის საერთო საკუთრების მიწაზე, შეუძლია თუ არა გაყიდოს ის მფლობელმა?

- ავტოფარეხი არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრება, წითელ ხაზებში შემავალი, რაც ნიშნავს, რომ ეს არის საერთო ქონება. უნდა შედგეს ამხანაგობის კრების ოქმი და უნდა გადმოგეცეთ ინდივიდუალურ საკუთრებაში, რის შემდეგაც შეძლებთ გაყიდვას.

პირმა შეიძინა ნივთი და ჩარიცხა ანგარიშზე თანხა, ნივთი გარკვეული მიზეზების გამო ვერ მიეწოდა მას დანიშნულ დროს და თანხის დაბრუნება რომ შეფერხდა, მან პოლიციაში დაწერა საჩივარი. გამოვცხადდი პოლიციაში, შევადგინეთ შესაბამისი ოქმი და მივუთითე, რომ თანხა აუნაზღაურდება. რამდენიმე დღეში პოლიციელი მირეკავს და მეუბნება, რომ ბრალის დადგენილება გამოტანილია და დამინიშნავს ადვოკატს. რაშია საჭირო ადვოკატი? ვაპირებ მითითებულ დროს თანხა ჩავურიცხო, გადასახდელი თანხა 500 ლარიც არ არის და ამის გამო შეიძლება პასუხისგებაში მიმცენ?

- აღნიშნული საკითხის დეტალური განხილვისთვის საჭიროა ფაქტობრივი გარემოებების მეტი დეტალური ცოდნა. თუმცა რაც მოცემულია აღწერაში, შეიძლება ითქვას, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ბრალის წაყენების მიზნით გამოძიება ითხოვს იმ პირისგან ადვოკატის აყვანას იმისათვის, რათა წაუყენოს ბრალი. სხვა საკითხია, თუ რა საფუძვლით დაიწყო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მოცემულ ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ გამოძიებამ, სავარაუდოდ, დაინახა ის განზრახვა, რომ ნასყიდობის ნივთის გადაცემას გამყიდველი თავიდანვე არ აპირებდა და ნასყიდობის კერძო სამართლებრივი ურთიერთობა თავიდანვე ტყუილი იყო.

ვცხოვრობ ქირით, ქირას მიხდის გამგეობა, ვარ სოციალურად დაუცველი. ბინის მეპატრონე მთხოვს ბინის დაცლას და არ ვაპირებ გასვლას, რადგან ამ ფასში ნორმალური ბინა ვერ ვნახე. შეუძლია თუ არა ბინის მფლობელს ჩემ გარეშე გააუქმოს ხელშეკრულება? თავის დროზე ეს ხელშეკრულება ნოტარიუსთან გაფორმდა და ის იხდის საშემოსავლოს!

- ასეთ დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ხელშეკრულების პირობები, თუ რაზე ხართ შეთანხმებულები და ის საფუძვლები, რითიც მხარეს შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა და ცალმხრივად გასვლა ხელშეკრულებიდან.

რამდენიმე წლის წინ აშენებულ, თუმცა დღემდე ჩაუბარებელ კორპუსში ვაპირებ ბინის ყიდვას. რეესტრში ჩვეულებრივად ამოდის საკადასტრო კოდი და შესახლებული კორპუსია. ყველანაირი კომუნიკაცია შეყვანილია, მაგრამ დღემდე მშენებარეს სტატუსი აქვს და ვერ აბარებენ. თვითონ კომპანიას უფიქსირდება ვალები და ეს ხომ არ შემიქმნის მომავალში პრობლემას? ეს არის ძველი ვალები და მე იმ ვალებთან შეხება არა მაქვს.

- პირველ რიგში აუცილებელია დადგინდეს, თუ რატომ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული ამ დრომდე შენობა, ვინაიდან შეიძლება ბევრი პრობლემის მატარებელი აღმოჩნდეს. ასევე ბინის ყიდვისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზე, რომ კომპანიის რაიმე ვალდებულება არ გამოჰყვეს ბინას.

შვილთან მაქვს პრობლემები, ამიტომ ის წავიდა სახლიდან. ვარ ასაკოვანი მოხუცი და ვცხოვრობ მარტო. შვილი არ მანახებს შვილიშვილს. არადა, ბავშვი ჩემი გაზრდილია. მივმართე სასამართლოს და მოვითხოვე ნახვის დღეების დაწესება, მაგრამ ამის აღსრულება არ ხდება. ვერ მეხმარება სოციალური სამსახური, ჩემი შვილი მეუბნება, რომ ბავშვს არ უნდა ჩემთან წამოსვლა. ის არის უკვე 13 წლის. ბავშვი დედის გარეშე კარგად მელაპარაკება და როცა დედასთან ერთად არის, მეუბნება, რომ ვერ მოვა ჩემთან. ასეთ დროს რა გზები არსებობს, რომ ბავშვმა მომინახულოს?

- სასამართლო გადაწყვეტილებით და სააღსრულებო ფურცლით მიმართეთ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს, თქვენი ან ბავშვის საცხოვრებელი ადგილსამყოფლის მიხედვით. განცხადებაში მიუთითეთ, რომ დედა ახდენს ბავშვზე ზემოქმედებას, იძულებას და ბავშვი დედის შიშის ფაქტორის გამო თავს იკავებს თქვენთან ურთიერთობისგან, მოითხოვეთ ასევე საქმეში ფსიქოლოგის ჩართვა.

ვცხოვრობ კერძო სახლში. ამ სახლში წილი აქვს მუნიციპალიტეტს, რომელიც ბინის მეპატრონემ საჩუქრად გადასცა 1963 წელს. 1988 წლამდე ამ ბინაში ცხოვრობდა ვინმე კეზეროვი, გარდაცვალებამდე. შემდეგ მე საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტში შევიტანე განცხადება ამ ბინის ჩემთვის გადმოცემის შესახებ, მაგრამ პასუხი ასეთი მივიღე: "ვინაიდან ეს ბინა 13.04.88 წლის გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ფონდიდან ჩამოწერილია და დამხმარე სათავსად გადაეცა N 27 საბინაო-საექსპლოატაციო უბანს, თქვენს თხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ". ჩვენი ეზოს 6 მცხოვრები ბინებს ვერ ვიკანონებთ, ამიტომ ვითხოვთ ეს ჩამოწერილი ბინა როგორც საცხოვრებლად უვარგისი, გადმოგვეცეს ეზოს საერთო სათავსად, რათა შევძლოთ ბინების დაკანონება. გვირჩიეთ ვის მივმართოთ?

- თქვენს შემთხვევაში უნდა მიმართოთ გამგეობას. მათგან რა პასუხსაც მიიღებთ, იმის შესაბამისად უნდა მოიქცეთ.

ყოფილი მეუღლე დამემუქრა სიცოცხლის მოსპობით, არ გამაჩნია ამის მტკიცებულება, რადგან სიტყვიერი მუქარა იყო, მაგრამ მეშინია, არ აასრულოს. როგორ მოვიქცე?

- უნდა მიმართოთ 112-ს შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ან მიბრძანდეთ თქვენს საცხოვრებელთან ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებაში და უამბოთ მომხდარი. თუკი ისინი ჩათვლიან, რომ მუქარა და შიში რეალურია, გამოწერენ შემაკავებელ ორდერს.

თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს,

tea.khurtsilava@gmail.com. ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები.