ნიკო ნაკაშიძე: ბუნებრივი სიკვდილი თუ მკვლელობა?! - კვირის პალიტრა

ნიკო ნაკაშიძე: ბუნებრივი სიკვდილი თუ მკვლელობა?!

მიუნხენი, 1959 წელი.

უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერის სტეპან ბანდერას სიკვდილი მსოფლიო მასშტაბის სენსაციად იქცა. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ეს იყო მკვლელობა და ამის უკან სუკ-ი იდგა. ამიტომ ბანდერას დასაფლავება გრანდიოზულ მოვლენად გადაიქცა. სამგლოვიარო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ქართული, ბულგარული, რუმინული, ხორვატიული ემიგრაციების წარმომადგენლებმა. ახალგათხრილ საფლავთან სიტყვა წარმოთქვა ქართული ემიგრაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკო ნაკაშიძემ:

- ბანდერა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ქართველი ხალხის მეგობარი იყო. მას კარგად ესმოდა, რომ რუსეთის იმპერიის დამარცხება მხოლოდ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, შუა აზიის, აღმოსავლეთ ევროპის ხალხების ერთიან ფრონტს შეუძლია! - თქვა ნაკაშიძემ.

ქართველი ემიგრანტის ეს გამოსვლა გააშუქა მაშინდელი მსოფლიოს წამყვანმა პრესამ.

537233-570225603010495-661855834-n-1714914454.jpg
ნიკო ნაკაშიძე

ქართველი არისტოკრატი და მხურვალე პატრიოტი

ნიკო ნაკაშიძე 1899 წელს არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. გიმნაზიაში გაქანებული რუსიფიკაცია მიმდინარეობდა. ნაკაშიძე აქტიურად ჩაება მის წინააღმდეგ ბრძოლაში. გიმნაზიის მოსწავლეთაგან ჩამოაყალიბა ლიტერატურული წრე, სადაც განიხილავდნენ ილიას, აკაკის, ვაჟასა და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებებს.

- ეს წრე გიმნაზიის მოსწავლეთა შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, - წერდა ქართული ემიგრაციის მეორე თვალსაჩინო წარმომადგენელი აკაკი რამიშვილი.

ნახევრად ლეგალური ლიტერატურული­ წრის ჩამოყალიბება ნაკაშიძის, როგორც ეროვნული მოღვაწის პირველი ნაბიჯი იყო. მას შემდეგ, რაც გაიცნო სპირიდონ კედიასა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სხვა ლიდერები, ედპ-ის მხარდამჭერი ახალგაზრდობის ჯგუფი შექმნა.

0260653d-c412-4902-8870-95dcc46665ec-1714914454.jpeg.jpg
1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულების III მუხლის პირველი აბზაცები

ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე

1917 წლის თებერვალში ცარიზმის დამხობის შემდეგ სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა და ნიკო ნაკაშიძეც აქტიურად ჩაება მიტინგებსა თუ გამოსვლებში, რომლებმაც მაშინდელი ქუთაისი მოიცვა. ქართველების დიდი ნაწილი სოციალ-დემოკრატებს ემხრობოდა, რასაც ნაკაშიძე არ ეთანხმებოდა. ის ედპ-ის მხურვალე მხარდამჭერი გახლდათ.

- ცარიზმის დამხობა შანსია ჩვენთვის, რათა დაკარგული სახელმწიფოებრიობა დავიბრუნოთ! - აცხადებდა ნაკაშიძე.

1917 წლის ოქტომბერში რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. ხელისუფლებაში ექსტრემისტული ბოლშევიკური პარტია მოვიდა, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვა.

1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ნაკაშიძეც ქართულ ჯარში ჩაეწერა.

- ახლა პოლიტიკის დრო არ არის! ჩვენ ყველა ჩვენი უთანხმოება უნდა დავივიწყოთ და ერთად შევქმნათ დამოუკიდებელი საქართველო! - განაცხადა მიტინგზე ნაკაშიძემ.

ეს მისი, როგორც პოლიტიკოსის, უკანასკნელი საჯარო გამოსვლა იყო.

ნაკაშიძე მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მაშინდელ ომში. მან განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სომხეთთან ბრძოლაში. მისი სამხედრო კარიერაც სწრაფად წავიდა აღმავალი გზით. ნაკაშიძემ საკმაოდ ახალგაზრდამ მიიღო კაპიტნის წოდება. საქართველოზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ (1920 წ.) მონაწილეობდა წითელ ხიდთან გამართულ ბრძოლებში. როგორც ცნობილია, ქართულმა არმიამ იმ ჯერზე რუსების უკუქცევა შეძლო. შექმნილი საერთაშორისო მდგომარეობიდან გამომდინარე, ლენინი დათანხმდა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას. მალე ხელი მოეწერა ზავს რუსეთ-საქართველოს შორის, თუმცა ნაკაშიძე მიიჩნევდა, რომ ზავი მხოლოდ ბაქოდან წითელი არმიის გაძევების შემდეგ უნდა დადებულიყო.

"ნაკაშიძე ამბობდა, რომ რუსეთს სჭირდება ბაქოს ნავთი, მაგრამ მის საზღვარგარეთ გასატანად საქართველო სჭირდება. ამიტომ ზავს აზრი არა აქვს მანამ, სანამ ბაქოში წითლები არიან. ლენინი ბავშვებივით მოგვატყუებს და ზავს თავზე გადაგვახევს", - წერს აკაკი რამიშვილი.

კაპიტანი ნაკაშიძე ამას მეგობრების წრეში ამბობდა. მას, როგორც დისციპლინირებულ სამხედროს, მთავრობის ხმამაღლა გაკრიტიკება არ უცდია. ნაკაშიძეს მიაჩნდა, რომ მენშევიკები მართლაც უნიათონი არიან, მაგრამ ისინი ქართველმა ხალხმა აირჩია და რაკი ასეა, არავის აქვს უფლება, სოციალ-დემოკრატები ძალის გამოყენებით დაამხოს. მოვლენები კი თავისი გზით ვითარდებოდა. ახლოვდებოდა 1921 წელი.

niko-nakasizis-saflavi-levilis-qartvelta-sasaflaoze-2-1714914454.jpg
ნიკო ნაკაშიძის საფლავი ლევილში

ანექსია

სამწუხაროდ, ნაკაშიძის ყველაზე ცუდი პროგნოზი გამართლდა. 1921 წელს რუსეთის წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა. ქართველი ხალხი სამშობლოს დასაცავად დაირაზმა. კაპიტანი ნაკაშიძეც ფრონტზე წავიდა. მხოლოდ მეომრების თავდადება საკმარისი არ აღმოჩნდა. ხელიდან გაშვებულ იქნა მომენტი, როცა შეიძლებოდა დასავლეთთან, უწინარეს ყოვლისა, დიდ ბრიტანეთთან, შეთანხმება. ეს მომენტი 1920 წლის გაზაფხულზე იდგა, როცა დაიწყო რუსეთ-პოლონეთის ომი, უკრაინასა და ბელორუსიაში კი აჯანყებები გაჩაღდა. პოლონელებმა უკრაინელ პატრიოტებთან ერთად დაიკავეს კიევი, ქართულმა არმიამ კი აზერბაიჯანელ პარტიზანებთან ერთად დაიკავა განჯა. იკვეთებოდა რეალური პერსპექტივა, რომ ბაქოდან რუსული წითელი არმია განედევნათ.

ფრონტი უკრაინაში, ბელორუსიაში, აჯანყებები ჩრდილოეთ კავკასიაში, შუა აზიაში, სომხეთში... თუ ამას საქართველოც დაემატებოდა, მთელი კავკასია აფეთქდებოდა; წითელ არმიას არა მხოლოდ ბაქოდან, არამედ სომხეთიდან, ჩეჩნეთიდან და დაღესტნიდანაც განდევნიდნენ. სამწუხაროდ, ლენინმა შექმნილ სიტუაციას უფრო სწრაფად აუღო ალღო, ვიდრე საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ. ლენინი დათანხმდა ეღიარებინა საქართველოს დამოუკიდებლობა და საზღვრები, ოღონდ ერთი პირობით: საქართველოს არმიას უნდა დაეტოვებინა აზერბაიჯანი, გაეყვანა ინგლისელთა ჯარები საქართველოდან. სანაცვლოდ ლენინი დათანხმდა ეცნო როგორც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ისე საზღვრები.

"ჟორდანია დათანხმდა, რაც უდიდესი შეცდომა იყო! შედეგად მოხდა გაუგონარი რამ: გამარჯვებულმა ქართულმა არმიამ უკან დაიხია!" - წერს გაბაშვილი.

1920 წელს დაშვებულმა შეცდომებმა უკვე ერთი წლის შემდეგ იჩინა თავი. წითელმა არმიამ პოლონელები მოიგერია, დაამარცხა უკრაინელი და ბელორუსი პარტიზანები, სომხეთის აჯანყება ჩაახშო. ამის შემდეგ რუსები საქართველოში შეიჭრნენ.

თბილისის დაცემის შემდეგ ნაკაშიძე ქუთაისში დაბრუნდა და პარიტეტული კომიტეტის (დამკომი) წევრი გახდა. 1923 წელს ის დააპატიმრეს და ჯერ მეტეხის ციხეში დაამწყვდიეს, შემდეგ კი საქართველოდან გაასახლეს.

ეროვნულ-დემოკრატიული იდეალების ერთგული

საქართველოდან გასახლებული ნაკაშიძე გერმანიაში დამკვიდრდა. იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თავად ასწავლიდა იელის უნივერსიტეტში.

1933 წელს ნაცისტები გერმანიის ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ. ქვეყანაში ჰიტლერული დიქტატურა დამყარდა.

"ნაკაშიძე ამბობდა, რომ მსოფლიოში ორი რეალურ ძალაა: ნაციზმი და სტალინიზმი! ამ ორ მიმდინარეობას შორის ის განსხვავებას ვერ ხედავდა", - წერს აკაკი რამიშვილი.

ნაკაშიძისათვის მიუღებელი იყო როგორც რუსული ბოლშევიზმის ყველაზე­ შეურიგებელი სახე, სტალინიზმი, ისე ჰიტლერული ნაციზმი. ის კვლავაც ეროვნულ-დემოკრატიული იდეალების ერთგული დარჩა, იდეალებისა, რომელთაც საქართველოში ილია ჭავჭავაძე ავრცელებდა. ნაკაშიძე დაუახლოვდა უკრაინელ ნაციონალისტებს, კერძოდ, სტეპან ბანდერას ფრთას, რომელიც როგორც ჰიტლერიზმის, ისე სტალინიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა. ბევრი ცნობილი ქართველი ემიგრანტი მის ამ ნაბიჯს ცივად შეხვდა. მაგალითად, გენერალი შალვა მაღლაკელიძე წერდა, რომ ბანდერელთა მოძრაობა განწირულია, რადგანაც მას გამარჯვების არავითარი შანსი არ გააჩნია.

"ერთად-ერთი, რაც ბანდერელებს შეუძლიათ, ისაა, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მეტი სისხლი დაიღვაროს! ისმის კითხვა, რატომ უნდა დავუკავშირდეთ ამ ხალხს? გვინდა, რომ ჩვენთანაც საშინელი სასაკლაო დატრიალდეს?" - წერდა მაღლაკელიძე.

ნაკაშიძე კი თავისი გზით სიარულს განაგრძობდა. ის მიესალმა ქართველი ლეგიონერების ნაწილის გადაწყვეტილებას, რომ უპა-ს (უკრაინის აჯანყებულთა არმია) შეერთებოდნენ, ომის შემდეგ კი აქტიურად მონაწილეობდა ხალხთა ანტიბოლშევიკური ბლოკის (აბნ) საქმიანობაში. აბნ-ს საფუძველი ჩაეყარა 1943 წლის შემოდგომაზე ჟიტომირის ტყეებში. სწორედ მაშინ გაიმართა დაპყრობილ ხალხთა პირველი კონფერენცია. ომის შემდეგ აბნ-ს შეუერთდნენ ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, შუააზიელი, აგრეთვე ხორვატი, სლოვენი, ბულგარელი, ჩეხი, სლოვაკი, რუმინელი, პოლონელი პატრიოტები. ნაკაშიძე წლების განმავლობაში იყო ამ ბლოკის გენერალური მდივანი.

ბანდერასთან ნაკაშიძეს ახლო მეგობრობა აკავშირებდა. ქართველი თავადი გაოცებული იყო, რომ ბანდერა კარგად იცნობდა როგორც საქართველოს ისტორიას, ისე პოეზიას, ხალხურ შემოქმედებას, ლიტერატურას, ღრმად იცნობდა რუსთაველის, გალაკტიონ ტაბიძის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას. ერთხელ ნაკაშიძემ უთხრა ბანდერას:

- სამწუხაროდ, არ შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინულ კულტურას ისევე კარგად ვიცნობ, როგორც თქვენ ქართულს! დამეხმარებით, რომ უკრაინულ კულტურასაც ისე ვიცნობდე, როგორც თქვენ ქართულს?

- კი ბატონო!

მან ნაკაშიძეს მისცა ვლადიმერ ვინიჩენკოსა და მიკოლა ხვილევოის ნაწარმოებები. ნაკაშიძე გაოცებული იყო:

- ხვილევოი და ვინიჩენკო მსოფლიო მასშტაბის ხელოვანები ყოფილან!

როცა ბანდერა მოკლეს, ნაკაშიძე ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც დასავლეთის ხელისუფლებებისგან ამ მკვლელობის გამოძიებას მოითხოვდა. როგორც ცნობილია, მკვლელობა შემთხვევით გაიხსნა. ბანდერას მკვლელი, სუკ-ის ოფიცერი ბოგდან სტაშინსკი, დაარწმუნა მისმა გერმანელმა მეუღლე ინგე პოლმა, რომ საზღვარზე გადასულიყო და დასავლეთ გერმანიის ხელისუფლებას ჩაჰბარებოდა. შემდეგ გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც მთელი მსოფლიოს გასაგონად ითქვა:

- ბანდერას სიკვდილში ბრალი ედება საბჭოთა მთავრობასა და საბჭოთა სუკ-ს!

ხალხთა ანტიბოლშევიკურმა ბლოკმა თავისი წვლილი შეიტანა ასეთი ვერდიქტის გამოტანაში. მათ შორის, ვინც მის გამოტანას შეუწყო ხელი, იყო ნიკო ნაკაშიძეც.

უცნაური სიკვდილი

ნაკაშიძე 1966 წელს მიუნხენში ფრიად უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. დადგენილია, რომ მანამდე მას შეხვედრა ჰქონდა საქართველოდან ჩასულ თანამემამულეებთან, შეხვედრის შემდეგ კი უეცრად თავი შეუძლოდ იგრძნო და გარდაიცვალა. უკრაინელი ნაციონალისტთა ორგანიზაციის (ოუნ) უშიშროების სამსახურის შეფი ივან კაშუბა ამტკიცებდა:

- ნაკაშიძე სუკ-მა მოკლა!

ხალხთა ანტიბოლშევიკურმა ბლოკმა ოფიციალურად მიმართა გერმანიის ხელისუ­ფლებას, რათა ნაკაშიძის სიკვდილი­ გამოეძიებინათ. სამწუხაროდ, ნაკაშიძის სიკვდილის გარემოებები ვერ გაირკვა.

ეპილოგი

ნიკო ნაკაშიძე პარიზში, ლევილის ქართ­ველთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ნიკო ნაკაშიძე იმ ქართველთა რიცხვს განეკუთვნება, ვისაც კარგად ესმოდა ქართულ-უკრაინული ერთიანი ფრონტის შექმნის აუცილებლობა. ეს თემა აქტუალურია დღეს, ამიტომ ნაკაშიძეზე უნდა წერდნენ რომანებს, დგამდნენ პიესებს, იღებდნენ ფილმებს. თბილისში აუცილებლად უნდა იყოს ნიკო ნაკაშიძის სახელობის ქუჩა, ის ხომ საქართველოსთვის იბრძოდა...ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი,

საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი