ჩემი ბაკუნა - რას ჰყვება იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი ბაბუზე - კვირის პალიტრა

ჩემი ბაკუნა - რას ჰყვება იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი ბაბუზე

ნუკრი გაბუნია ყველასათვის საყვარელი­ და გამორჩეული მსახიობის, ქართული კინოს კომიკოსის - იპოლიტე ხვიჩიას ნაბოლარა შვილიშვილია. მოგეხსენებათ, იპოლიტემ და მისმა მეუღლემ - ლუბა ქარქაშაძემ ერთმანეთი ქუთაისის თეატრში­ გაიცნეს, იმ დროისათვის ლუბას ჰყავდა მეუღლე და ერთადერთი ქალიშვილი, ნუნუ, თუმცა დიდ სიყვარულს ამან ხელი ვერ შეუშალა და წყვილმა ბედნიერი ოჯახი შექმნა, ნუნუს კი ხუთი შვილი შეეძინა და ჩემი რესპონდენტი სწორედ მისი მოსახელეა. ნუკრი გაბუნია უსაყვარლეს ბაბუს იხსენებს, თუ როგორი მზრუნველი, მოსიყვარულე, მეოჯახე და კეთილი ადამიანი იყო, როგორ გამოხატავდა ხალხი მისდამი სიყვარულს და რამდენად საინტერესო იყო იმ თაობის მსახიობების ლამაზი და დიდი ოჯახის წევრობა და მათი ურთიერთობები:

- ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ასეთი ფუფუნება მხვდა წილად - ბაბუ ასე ახლოს მყოლოდა და ყოველდღიურად­, ყოველწუთიერად გვქონოდა ძალიან თბილი და უშუალო ურთიერთობა. ის ძალიან მოსიყვარულე და სიცოცხლისმოყვარე, აქტიური­ ადამიანი იყო - ისეთი ჩქარი ნაბიჯით დადიოდა, ვერ ვეწეოდით, გარბოდა და ჩვენ უკან მივდევდით. ამის გამო მას ბაკუნას ვეძახდით. ბაბუ რომ გარდაიცვალა, 19 წლის ვიყავი, შესაბამისად, ის საოცარი­ ბავშვობა კარგად მახსოვს. ბაბუს ძალიან ვუყვარდი, ყველგან თან დავყავდი და სულ კალთაში ვეჯექი ხოლმე. ფილმის გადაღებებზე მთელი ოჯახი მივდიოდით - ბებო, დედა და ხუთივე ბავშვი... დიდი მხიარულება­ იყო ხოლმე.

ბევრი კომიკოსია, რომლებზეც ამბობენ, ოჯახში მძიმე ხასიათი აქვთო, ბაბუ კი საოცრად კომფორტული ადამიანი იყო. ხუთივე შვილიშვილს გვქონდა განცდა, რომ მისთვის ნომერი პირველი და გამორჩეული ვიყავით - სულ მეგონა, რომ ყველაზე მეტად მე ვუყვარდი, სხვებსაც ანალოგიურად. ოჯახში სიტყვები "სიძე", "რძალი" არ არსებობდა, ყველა მისი შვილი იყო. დედა­ჩემს უამრავი შვილობილი ჰყავდა, ბებოს კი საათები ჰქონდა განსაზღვრული, ვისაც რა უჭირდა, შეეძლო მოსულიყო და ყველას ეხმარებოდა. ბაბუც ყველას უსიტყვოდ ეხმარებოდა და მერე ეტყოდა ხოლმე, იცოდე, არ შემარცხვინოო.

მოგეხსენებათ, ლუბა ბებიაც მსახიობი იყო, მაგრამ დედაჩემს ტყუპი რომ შეეძინა,­ მანანა და ავთო, სცენას თავი დაანება და მას ეხმარებოდა. მერე მხოლოდ ეპიზოდურ როლებში იყო ფილმებში, ისიც იმიტომ, რომ ბაბუს უნდოდა, თორემ თვითონ­ მთლი­ანად ოჯახზე იყო გადართული. "პირველ მერცხალში" ქალი რომ მიდის ძაღლით, სწორედ ლუბა ბებიაა, ბაბუა რომ ეუბნება, აბრძანდით, ქალბატონო, ტროტუარზე თქვენს ძაღლთან ერთადო. სხვათა­ შორის, ბაბუ გიჟდებოდა ცხოველებზე, ფრინველებზე, ბუნებაზე, შინ ყოველთვის გვყავდა ძაღლი და კატა. ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს - რა ვიცი, ბაბუ, მერე იქნება მე ვიყო ჭიანჭველაო, ხუმრობდა.

- როგორი იყო ლუბასა და იპოლიტეს ურთიერთობა?

- ბოლოს ორივეს ერთი და იგივე დაავადება ჰქონდა - ინსულტი, ერთს მარჯვენა მხარეს, მეორეს - მარცხენა. ბაბუ ეხუმრებოდა, სულ ვიცოდი, რომ ძალიან გიყვარდი, მაგრამ ასე თუ გიყვარდი, არ მეგონაო. მაშინ ხომ მობილურები არ იყო და იპოლიტე სადმე ქალაქგარეთ თუ იყო წასული, ყოველდღე რეკავდა, ბებო კი სახლში­ იჯდა ზუსტად იმ საათზე, როცა მის ზარს ელოდებოდა. ყველაფერს გამოჰკითხავდა, როგორ ხარ, ბაკუნა, მანდ ძალიან ცივა? ფეხზე თბილად ჩაცმა არ დაგავიწყდეს, ის თუ შეჭამე, ეს თუ გააკეთეო...

ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, დიდ პატივს სცემდნენ. სხვათა შორის, კამათობდნენ კიდეც, როცა რაიმე საკითხზე არ ეთანხმებოდნენ - საჭმელზე, ტელევიზორში რამეს რომ დაინახავდნენ, მაგრამ მათი აწეული ხმა არ გამიგონია. რამის გარჩევა რომ მიდიოდა, აბა, რომელიმეს ბებოს მხარე დაგვეჭირა, ბაბუ მაშინვე გაიბუტებოდა, ხელჯოხს სახეს ჩამოადებდა და დიდი მწვანე თვალები დაუნაღვლიანდებოდა. ისე, სულ უციმციმებდა და ყველას უღიმოდა. რამე თუ აწუხებდა, მხოლოდ თვალებზე შეამჩნევდი, მაგრამ არაფერს იტყოდა, არ იმჩნევდა.

საბურთალოზე მეექვსე სართულზე ვცხოვრობდით და სახლში დაბრუნებული ბაბუ პირველ სართულზე რომ ჩაახველებდა­ (მას ხომ ასთმა ჰქონდა), ბებია უკვე ხვდებოდა, რომ ის იყო, გავარდებოდა სამზარეულოში, საჭმელს უცებ შემოდგამდა ქურაზე გასაცხელებლად და სანამ ამოვიდოდა, თითქმის მზად ჰქონდა. ლუბას ხაჭაპურები ცნობილი­ იყო, მაგრამ სხვებს უფრო მოსწონდათ, ვიდრე ბაბუს, მას ლობიო და კიევური კატლეტი უფრო უყვარდა. სადმე­ რომ მიდიოდა, ბებია ლობიოს ჩუმად­ უხარშავდა ხოლმე სასტუმროში, განა სხვაგან ვერ შეუკვეთდა, მაგრამ მაინცდამაინც ლუბას გაკეთებული უნდოდა. სადაც დავდიოდით, ის პატარა ქოთანიც თან დაგვქონდა, ერთხელ ნომრის აივანზე ქურა დადგა ლობიოს მოსახარშად...

ბაბუს რომ დაენახა, ქუჩაში ვიღაც ჩხუბობდა, შუაში ჩახტებოდა და გააშველებდა; ცურვა არ იცოდა და წყალში გადახტებოდა ვიღაცის გადასარჩენად, მაგრამ რაც შეეხება მიწისძვრას, პანიკური შიში ჰქონდა. ერთხელ მაჰაჩყალაში იყვნენ, იქ თურმე ხშირად იყო მიწისძვრა და ნომერში მასთან ყოველთვის ვიღაც რჩებოდა, რომ მარტო არ ყოფილიყო. ფოსტა იქვე ახლოს ყოფილა და დილის 5 საათიც რომ ყოფილიყო, ჩაირბენდა თურმე, ლუბა, კიდევ შეგვაქანა­ და ასე მე ვერაფერს გადავიღებ, მეუბნებიან, ზოგიერთი კადრი არ მოგვწონსო, და როგორ უნდა მოეწონოთ, როგორც კი მიწისძვრაზე გავიფიქრებ, მაშინვე სახლში მინდა გამოქცევაო. ეს აქედან ამშვიდებდა, ბაკუნა, არაფერი მოგივაო.

a0b71181-029f-47c4-83e6-e6db75ef6dcc-1714915349.jpg

- პირველად როდის გააცნობიერეთ, რომ ბაბუა ძალიან პოპულარული ადამიანი იყო?

- მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი თეა ბაბუს ფიგურულ სრიალზე დავყავდით საბურთალოს ყინულის მოედანზე და სადაც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენს წასაყვანად აუცილებლად შინ მოვიდოდა. მაგალითად, "მხიარული რომანის" გადასაღები მოედნიდან იმ ჩექმებითვე მოდიოდა ხოლმე, ქუჩაში ხალხი დასდევდა და უკან რომ მოვიხედავდით, მოგვყვებოდნენ. ხან ავტობუსის მძღოლი აწვალებდა, გააჩერებდა, დავაპირებდით ასვლას, დაძრავდა და ასე რამდენჯერმე გაეხუმრებოდა ხოლმე, მერე დიდი სიყვარულით გამოსძახებდა, ამობრძანდით, ბატონო იპოლიტეო. ერთხელ სახლში მოსულმა დედას ვკითხე, ამ ბაბუაჩემს მთელი­ ქუჩა მოსდევს და რა უნდათ, რატომ დასდევენ-მეთქი? ძალიან უყვართ და იმიტომ, ეფერებიანო. არ მინდა ეფერებოდნენ და ნუ დასდევენ-მეთქი, ვიეჭვიანე.

- როცა იპოლიტეს ეკრანზე ხედავდით, რა რეაქცია გქონდათ?

- მაგალითად, ფილმი "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" პირველად კინოდარბაზში ვნახე, ჩვენებაზე, და ბაბუს თავში აგური რომ ხვდება, თურმე ამაზე ისე ცუდად გავხდი, ვღრიალებდი. ის მომენტი გამახსენდა, როცა ბაბუ საავადმყოფოში იწვა ცუდად ყოფნისას... პატარა ვიყავი და ემოციურად აღვიქვი. თვითონ არ უყურებდა­ თავის ფილმებს.­ როცა როლს ამზად­ებდა, დადიოდა თავისი ტექსტებით და საკუთარ თავთან მუშაობდა, მაგრამ ამ გავლა-გამოვლაში თან ოჯახის ამბებში იყო ჩართული. როცა ბაბუ გარდაიცვალა, იმ პერიოდში ვეღარ ვუყურებდი მის ფილმებს,­ ხმაც რომ მესმოდა, ცუდად მოქმედებდა.

- თქვენ რომელ ფილმებში ხართ მასთან ერთად?

- "ფეოლაში". მახსოვს, ბაბუმ აივანზე­ რომ დამაყენა, სკამი დამიდგა და გამაფ­რთხილა, ხელი კარგად მოჰკიდე, რომ არ ჩამოვარდე, თორემ ნიკაპს ჩამოარტყამ და კბილები გაგიფუჭდებაო. ამოდიოდა და ბუშტებსაც თვითონ მიქაფებდა. სახელი­ ზურაბი რომ უნდა დამეძახა, მე ჩემი ძმის სახელს - ბესიკოს ვამბობდი და ბაბუმ უთხრა, შეეშვით, როგორც თვითონ უნდა, ისე დაუძახოსო. სხვათა შორის, თმას სულ ბაბუ მჭრიდა და მანდაც მისი შეჭრილია ის "ჩოლკები". შეჭრას რომ დაიწყებდა, აჰყვებოდა, აჰყვებოდა ზემოთ, ვითომ ათანაბრებდა, და ბოლოს მქონდა ირიბად შეჭრილი მოკლე, გაფშეკილი თმა.

სხვათა შორის, "ფეოლა" იტალიურად ითარგმნა, გაახმოვანეს და 9 მაისს შედგება­ ნეაპოლის კინოთეატრში მისი პრემიერა. იტალიელებმა გაახმოვანეს შესაბამისი ხმის ტემბრითა და ემოციური საუბრით.

"მეზობლებს" რომ იღებდნენ, დოდო აბაშიძე და ბაბუა მონაწილეობდნენ. მაგ ფილმშიც მეხუთე შვილი ვარ. ბავშვები იქვე ვთამაშობდით და ჩემები თბილისისკენ რომ დაიძრნენ, ბებომ ბაბუს დაუძახა, იცოდე, ბავშვი არ დაგრჩესო. "ვაზ-21" ჰყავდათ მაშინ, დოდოს - "მერსედესი". ამასობაში, ესენიც წამოვიდნენ იქიდან და შუა გზაში ბაბუს უყვირია, არიქა, დოდო, დავიღუპეთ, სოკო დამრჩაო! დოდოს უთქვამს, სოკოს მეტი რა არის, გზაში ვიყიდოთო. არა, ბიჭო, ნუკრი დამრჩაო! სულ მუხლზე­ რომ ვეჯექი, ჩემს მუხლზე ამოსული სოკოაო, ასე მეძახდა. მობრუნდნენ­ და სადაც დამტოვეს, ისევ იქ ვთამაშობდი ბავშვებთან...

- ბაბუს მეგობარი მსახიობებიდან ვინ დაგამახსოვრდათ გამორჩეულად?

- კარლო საკანდელიძეზე ჭკუა მეკეტებ­ოდა. ბაბუს მეგობრები ხშირად მოდიოდნენ და მეც სულ მათთან მინდოდა ყოფნა,­ არ ვაცდიდი საუბარს, მინდოდა ჩემთან ეთამაშათ. როგორც მეხუთე ბავშვი, ყველაზე პატარა და ყველასგან განებივრებული, ალბათ, ცოტა ეგოისტი ვიყავი.

დოდო აბაშიძე დიდი ადამიანი იყო და ამავე დროს, პატარა ბავშვი, ისე მეთამაშებოდა, როგორც თანატოლი, შეეძლო იატაკზე ეკოტრიალა, კისერზე შემოვესვი.

ზურა ქაფიანიძე, ბუმბერაზი მსახიობი და პიროვნება, მთლიანად გული იყო. ბაბუს რომ დაურეკავდნენ ხოლმე, ბატონო­ იპოლიტე, მანქანას გამოგიგზავნით და მობრძანდითო, ეტყოდა, არა, ჩემი მძღოლი­ მომიყვანსო, და ეს მძღოლი დედაჩემი იყო, მე კი სათადარიგო საბურავივით სულ მანქანაში ვიჯექი. ერთხელ დიღომში, ძველ კინოსტუდიაში ვიყავით და ზურამ რომ დაინახა ბაბუა მანქანაში იჯდა, გააღო კარი და პატარა ბავშვივით აიტაცა ხელში, იპოლიტე ყვიროდა, რა გინდა, ბიჭო, მაინცდამაინც აქ უნდა დამაგდო და აქ უნდა მომკლაო? იპოლიტე, შენ შემოგევლეო, ასე ხელში ატატებულს შემოატარა იქაურობა.

კარლო საკანდელიძესა და ბაბუს სამაგალითო ურთიერთობა ჰქონდათ, სულ რაღაცას ჩურჩულებდნენ და განიხილავდნენ. ბაბუ რომ გარდაიცვალა, ძალიან ცუდი ამინდი იყო - ქარიანი და ძლივს გამოასვენეს. ხალხი იმას ტიროდა, დიდი გზა როგორ ვერ გავატარეთ ფეხითო, პირდაპირ მანქანაში შეასვენეს, თორემ ქარმა ლამის ხელიდან წაართვა მიცვალებული. შინ რომ მოვბრუნდით, ვერ გავარკვიეთ, კარლო­ სად იყო. გამთენიისას კარზე კაკუნია და დგანან­ ავთო, ჩემი ძმა და კარლო - არ შეგეშინდეს,­ ლუბა, სასაფლაოზე ვიყავი, იპოს ისე ეშინოდა სასაფლაოზე პირველი ღამის, მარტო არ დავტოვეო.

იმ თაობის მსახიობებს სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, თურმე მართლაც სულ სხვა დრო იყო. ძველ მსახიობებს თუ სადმე შევხვდები, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა ისეთი მისვლა-მოსვლა, როგორიც ბებია-ბაბუს დროს იყო, აღარაა. მარიკა სამანიშვილს 60 წლის იუბილეზე ქუთაისში ვარსკვლავი გაუხსნეს და ჩვენც ჩავედით. მერე სუფრასთან ბაია დვალიშვილთან მივედი და ვეუბნები, ჩვენ ნათესა­ვები ვართ-მეთქი. ვაიმე, რომ ვერ გიხსენებთო. რას ამბობთ, დედათქვენი და ბაბუაჩემი სულ ცოლ-ქმარი იყვნენ და კი გამოვდივართ ნათესავები-მეთქი. მოკვდა სიცილით.

- ამ ყველაფრის გავლენით თქვენც სამსა­ხიობოზე ჩააბარეთ, თუმცა...

- დიახ, მე რომ თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებდი, არავინ იცოდა, რომ იპოლიტეს და ლუბას შვილიშვილი ვიყავი, მაგრამ ჩემს დას, მანანას, როგორც ჩანს, ვიღაცისთვის უთქვამს, ხელი წაუკარიო. მიშა თუმანიშვილს აჰყავდა მაშინ ჯგუფი და სამივე ტურში მშვენივრად გავე­დი. კარგა ხნის მერე მანანას ის ნაცნო­ბი შეხვედრია, აი, ხომ ხედავ, როგორ წავუკარი ხელიო, და თურმე სხვისი სახელი უთქვამს, ვიღაც ბიჭი ყოფილა, გვარად ხვიჩია, და ის ვეგონე, მიშასთან არა, მაგრამ სხვა ჯგუფში დაუსვამს... საბოლოოდ თეატრალური ინტიტუტი ვერ დავამთავრე, რადგან გავთხოვდი. მერე ოთარ კობერიძეს უნდოდა­ ფილმში გადავეღე, მაგრამ ოჯახური­ პირობების გამო ვერ შევძელი - მყავს მეუღლე და 3 შვილი, ახლა უკვე მათაც შვილები ჰყავთ. სამედიცინო ტექნიკუმის დიპლომი მაქვს, ბებიაქალის განხრით. ერთხანს ქალთა კონსულტაციაშიც ვიმუშავე, მერე კი ოჯახში გამოვიყენე, რაც ვიცოდი.

- თქვენს და-ძმებზე გვიამბეთ, ავთოს და მანანას კი იცნობდა საზოგადოება...

- დიახ, ავთო და მანანა ტყუპი იყვნენ, მანანა რეჟისორი იყო, ავთო კი მხატვარი, მისი გაკეთებულია "ვაჟა და მუზა". ავთო ხომ ომში იყო და მანანა სულ მას დაეძებდა,­ დადიოდა კამერით და იღებდა, უნიკალური კადრები ჰქონდა. უნდოდა ეს ყველაფერი გაეციფრულებინა, მაგრამ ვერ მოახერხა­ - მძიმე სენი შეეყარა­ და გარდაიცვალა. ერთ წელიწადში კი მისი ვაჟიც­ გარდაიცვალა. ჩემი დისშვილი­ ბერად უნდა აღკვეცილიყო, უკვე კაბაც შეკერილი ჰქონდათ მისთვის, მაგრამ როცა მაკას ის დიაგნოზი დაუდასტურდა, დროებით გადადო - დედას ასეთ მდგომა­რეობაში ვერ მივატოვებო... მაკას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ბერად აღიკვეცა და მამა ნიკოლოზი გახდა. მაგრამ ჰეპატიტის რთული ფორმა ჰქონდა და... დავრჩით მე და ჩემი ძმა ბესო, რომელიც ჩემთან ცხოვრობს.

დედა, მამა, ბებია-ბაბუები, ორი და, ერთი ძმა, დისშვილი - ყველა ნაადრევად გარდამეცვალა და ეს იმხელა ტრაგედიაა, ის წარსული რომ არ გვაძლევდეს ძალას, ალბათ, ვერ გადავიტანდით.

- როგორი რეაქცია აქვთ, როცა იგებენ, რომ იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი ხართ?

- მე არ ვამბობ ხოლმე, მაგრამ ჩემმა დაქალებმა იციან თქმა, იცით, ეს იპოლიტეს შვილიშვილიაო, და ძალიან ვწითლდები. მანამდე უფრო ლაღი ვარ და მერე სულ იმას ვაკონტროლებ, რაიმე არ შემეშალოს, ისეთი რამ არ გავაკეთო, თქვან, იპოლიტეს როგორ ეკადრება ასეთი შვილიშვილიო.

- რას გიყვებოდათ იპოლიტე მის ბავშვობაზე, ოჯახზე?

- იპო სასწაულად ცელქი ბავშვი ყოფილა. ერთ სახალისო ამბავს გიამბობთ მის დედაზე. როცა პისტი "პირველად გარდაი­ცვალა", მაშინ ბალზამი სად იყო, პირდა­პირ ესვენა და რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც "იმერულ ესკიზებშია" ნანა მჭედლი­ძესთან, პისტიმ შეიფშვნიტა თვალები, წამოჯდა, მიიხედ-მოიხედა და ხომ წარმოგიდგენიათ, იქ რა ამბავი ატყდებოდა. ამის მერე კბილიც კი ამოუვიდა და ბაბუა ეხუმრებოდა, დედა, ახლა შენ კიჭები­ ამოგდის და მეორე ცხოვრება დაგეწყოო. რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა პისტი ბებია. ძალიან პატარა, ჩია ქალი იყო, ღობეზე თხა ჰყავდა დაბმული, მისი მოხსნა უნდოდა და გაექცა, მან კი თოკს ხელი არ გაუშვა, წაიქცა და თხამ ათრია... მერე ერთი თვე ჰყავდათ სახლში დასვენებული, ელოდებოდნენ, კიდევ როდის წამოდგებოდა. ბოლოს, ექიმმა რომ დაადასტურა, ნამდვილად გარდაცვლილიაო, დაკრძალეს.

იპოლიტეს დედა ძალიან უყვარდა, მას რომ წამალი დასჭირდებოდა, ბაბუაჩემს თვალები უწყლიანდებოდა - დედას რომ რამე დაემართოს, ვერ გადავიტანო... ბაბუს ძმისშვილები, ნანუკა და ბელა მახსოვს.­ პისტის სულ ჰქონდა ჯიბეებში სასუსნავები და გვაჭმევდა ხოლმე.

ერთ ამბავსაც გავიხსენებ... ჩვენთან კარი სულ ღია იყო და ერთხელ უცხო ბიჭებმა შემოაღეს. ერთი ტირის. რა მოხდაო, ბაბუმ ჰკითხა. ბატონო იპოლიტე, ახლა ტაქსისტმა გვითხრა, საწყალი იპოლიტე მომკვდარა, აქ ცხოვრობდაო, და გადავირიეთ, სამძიმარზე ამოვედითო. არა უშავს, დიდხანს ვიცოცხლებ, კვირაში ორჯერ მკლავენ, არ ინერვიულოთო, და ბაბუმ სუფრასთან მოიპატიჟა, დასხდნენ და დილამდე ქეიფობდნენ...

ბაბუს გარდაცვალება ძალიან განვიცადე. ფილტვების ანთება დაემართა ზამთარში. მეზობელმა სადღაც გაყოლა სთხოვა.­ ბაბუ ფეხსაცმელს ვერ იცვამდა, მოჭიდავეებს მოჰქონდათ მისთვის სპეციალური ფეხსაცმელი­ - "ბარცოვკები", ისინი ეცვა და ფეხი გაუცივდა. სახლში დაბრუნებულს მაღალი სიცხე ჰქონდა, ქოშინი, ხველა დაეწყო. ჩვენ გვეგონა, ასთმის შეტევა ჰქონდა. 31 იანვარი იყო. სასწრაფოს ექიმებმა ფილტვებზე მოუსმინეს, რაღაც გაუკეთეს­ ვენაში, თითქოს ჩაწყნარდა, მაგრამ ანთება რომ იყო, ვერ მიხვდნენ, არც უთქვამთ გადავიყვანოთო. მთელი ოჯახი იქ ვიყავით, ბესოს გარდა, მაშინ საბერძნეთში იყო. ბაბუ ორი ჯოხით დადიოდა ხოლმე­ და რომ დაიწყობდა გვერდზე, ერთზე ერთი შვილთაშვილი იჯდა - ლაშა, მეორეზე - ბაჩი. ასე ისხდნენ იმ მომენტშიც - ბაბუ, თქვენ რომ აქ სხედხართ, ნემსის აღარ მეშინიაო. ექიმები კარგა ხანს იყვნენ, ვსაუბრობდით, ვიცინოდით, სპაზმი­ მოეხსნა და წავიდნენ. გავიდნენ თუ არა, 15 წუთში­ ისევ ცუდად გახდა, დავრეკეთ და იგივე ბრიგადა მოვიდა. საავადმყოფოში­ გადაგიყვანთო, უთხრეს. უკვე ისე ცუდად იყო, ვეღარ ლაპარაკობდა. მაკამ მითხრა, ბავშვები გამოიყვანე ოთახიდანო, მაგრამ ბაბუმ არ გამომატანა, აქ იყვნენო, და ანეკდოტის მოყოლა დაიწყო, შუამდე მივიდა, მაგრამ გაგრძელება ვეღარ შეძლო და მაკას გახედა, ბაბუ, შენ დაამთავრეო. მაკას თან ცრემლი მოსდიოდა, თან ჰყვებოდა... ექიმები ნემსს უკეთებდნენ და უკვე წამალიც აღარ წავიდა ვენაში. ერთმანეთს რომ გადახედეს, ბავშვები გამოვიყვანე... მაისური რომ გავხადეთ, ზურგი მთლიანად გალურჯებული ჰქონდა, ფილტვები შეეკუმშა და ფაქტობრივად, დაიხრჩო. საშინელი მომენტი იყო. მახსოვს, ცრემლი ჩამოუგორდა... ის დღეები კოშმარულად მახსოვს, უდიდესი გულისტკივილი იყო. არ ვიცი, როგორ გადავიტანეთ. იმ ხალხმა გადაგვატანინა, რომელიც გვერდში გვედგა და მოდიოდნენ.

მახსოვს, ბაბუს პანაშვიდია და, შემო­რბის 3-4 ზორბა კაცი. ბებიაჩემს გაუკვირდა, ნეტავ ამ კაცებთან იპოს რა საქმე­ ჰქონდაო? თურმე შევარდნაძის დაცვა იყო. მაშინ უკვე "სემიონოვკაზე", სევასტოპოლის­ ქუჩაზე ვცხოვრობდით, ვერის სასაფლაოსთან.­ დაიარეს სახლი, მიიხედ-მოიხედეს, ჭერში იყურებიან - უი, ჭერი რა დღეშია, წყალი როგორაა ჩამოსულიო, ბატონი ედუარდი უნდა მოვიდეს და უცებ ან შევათეთროთ, ან რამე ვქნათო. ბებომ უთხრა, როგორიც მივიღეთ, ისეთ სახლში გარდაიცვალა, რემონტიც ვერ გავაკეთეთ, თქვენ გგონიათ, ფული სადმე გვქონდა ჩაკუჭულიო? რა გათეთრება, რის გათეთრება? იპო მაგას ვეღარ დაინახავს, გაათეთრებთ თუ რას იზამთ და ბატონი ედუარდი თუ უნდა შეწუხდეს, საერთოდ ნუ მოვა, არ შეწუხდესო. არ მოვიდა. შეიძლება ასევე გადასცეს და ეწყინა კიდეც, არ ვიცი. არადა, დედა, მისი მეუღლე ნანული და მედიკო მეზვრიშვილი მეგობრობდნენ, კურსელები იყვნენ. იმხელა თავზარი დაგვეცა ბაბუს გარდაცვალებით, ვის ჰქონდა ამის განწყობა?

- იპოლიტე ხვიჩიას სახელობის სახლ-მუზეუმი თუ არსებობს ან თუ არის გეგმაში მისი გაკეთება?

- არა, მუზემის გახსნის თაობაზე არავის მოუმართავს და მე ვერავის შევაწუხებ. მიმაჩნია, რომ არქივი ნამდვილად უნდა არსებობდეს, სადაც ერთიანად იქნება თავმოყრილი ყველაფერი. მარიკა სამანიშვილს აქვს ბევრი რამ და ის ინახავს. კონტუათში, ბაბუს ძმისშვილია, მას ჰყავს შვილი საშა და სახელმწიფოს იმ სახლის გაკეთება უნდოდა მუზეუმად. ჩვენებმა უთხრეს, მეორე სართულს მთლიანად დაგითმობთ და იქ გააკეთეთ, ქვემოთ კი ვიცხოვრებთო და უარი მიიღეს. იქ მხოლოდ იპოლიტესი კი არა, საშა ბაბუას, მათი დების მუზეუმიც უნდა ყოფილიყო. სახლი მთლიანად უნდა გაკეთდესო. მაშინ პატარა სახლი მაინც ჩაგვიდგით ეზოში, რომ ჩვენ იქ ვიცხოვროთ და ამას ყურადღება მივაქციოთო, ესეც არ ქნეს. მოკლედ, არ გამოვიდა. ეს რომელიღაც წინა მთავრობის დროს იყო... ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, რომ გაკეთდეს. დიდი მადლობა თქვენ, რომ ბაბუ გახსენდებათ ხოლმე და ინტერესდებით.