„არასდროს ენდო რუსეთს!“ - კვირის პალიტრა

„არასდროს ენდო რუსეთს!“

თსუ-ს პროფესორი, ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი­ თეიმურაზ პაპასქირი შეგვახსენებს ბოლო 100 წლის განმავლობაში საქართველოს ისტორიაში რამდენიმე გარდამტეხ მომენტს, როცა საქართველოს შესაძლებლობების ფანჯარა ეხსნებოდა, რათა დასავლეთის ნაწილი გამხდარიყო, თუმცა სხვადასხვა ფაქტორის გამო ყოველ ჯერზე ისტორიული შანსი დავკარგეთ. რა იქნება დღეს, როცა კიდევ ერთხელ მოგვეცა საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის შესაძლებლობა, ვივლით წინ ევროპისკენ თუ ხელისუფლება ძველ შეცდომებს გაიმეორებს და რუსეთის ხახაში ჩაგვაგდებს.

პირველი შანსი

iunkrebi-w-h-1-1714920321.jpg

- საქართველოსთვის შესაძლებლობის პირველი ფანჯარა 1918-1921 წლებში­ გაიხსნა. მაშინ ყველაფერი კარგად დაიწყო­ - საუბარია დამოუკიდებლობის მიღებაზე­, დამოუკიდებლობის გარანტი კი ჩვენთვის აღმოჩნდა გერმანიის იმპერია, რომელმაც დაამარცხა რუსეთი და აქედან გამომდინარე,­ ჩვენ ავტომატურად აღმოვჩნდით გერმანიის ბანაკში. 1920 წელი იყო მომენტი, როცა შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურა და ამის მიზეზი გახდა რუსეთის მიერ აზერბაიჯანის დაპყრობა. იმ დროს, სანამ კავკასია რუსეთისგან თავისუფალი იყო, ინგლისს ჯარები ჰყავდა ჩაყენებული ბათუმში და მისი ინტერესის საგანი ბაქოს ნავთობი იყო. მას შემდეგ, რაც სსრკ-მ დაიპყრო აზერბაიჯანი, ინგლისისთვის მთავარი დამაინტერესებელი ფაქტორი­ გაქრა (ბათუმის პორტს ბაქოს ნავთობის გარეშე ინგლისისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა). აზერბაიჯანის დაპყრობის შემდეგ რუსეთმა საქართველოში შემოჭრა სცადა, მაგრამ მაშინ დავამარცხეთ და შეიქნა ბაქოზე გალაშქრებისა და რუსეთის იქიდან გაძევების შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობაში დაიწყო დავა ორ ფრთას შორის. ერთს ხელმძღვანელობდნენ­ ნოე ჟორდანია და ევგენი გეგეჭკორი, მეორეს - ნოე რამიშვილი და აკაკი ჩხენკელი. ნოე რამიშვილის ჯგუფი მიზანშეწონილად მიიჩნევდა რუსების გაყრას ბაქოდან, ჟორდანიას ჯგუფი კი ფორმალურ მიზეზს გამოეკიდა - აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჩვენთვის დახმარება არ უთხოვიაო (საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებობდა ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ). ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, როგორც ჩანს, აზერბაიჯანელებმა ვერც მოასწრეს თხოვნა - რუსეთმა 21 აპრილს დაიწყო ოპერაცია და 28 აპრილისთვის, ფაქტობრივად, მთელი აზერბაიჯანი დაპყრობილი ჰქონდა.

გაიმარჯვა ჟორდანიას ფრთამ, რაშიც არც ისე მცირე როლი ითამაშა რუსეთის ხელისუფლების მიერ სამშვიდობო შეთანხმების შემოთავაზებამ - როდესაც ქართ­ულმა ნაწილებმა დაამარცხეს რუსეთის ნაწილები, საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებამ სასწრაფოდ ითხოვა საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმება და 1920 წლის 7 მაისს გაფორმდა კიდეც.

ერთი შეხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში გერმანიასთან კავშირის გამო საქართველოთი დაინტერესება დიდი არ იყო და თითქოს რუსული საფრთხე იხსნებოდა, რადგან ეს უკანასკნელი ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობის პირობას დებდა. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ცუდად მოიქცა - პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბევრჯერ სცადა როგორმე დაეინტერესებინა ევროპა საქართველოთი, იყო ისეთი ვარიანტიც, რომ იტალიასთან ფორმდებოდა ხელშეკრულება, რომლითაც იტალია საქართველოზე 5 წლით აიღებდა მანდატს და 3 წლის შემდეგ საქართველოს მისცემდა დამოუკიდებლობას, რის შემდეგაც იტალიური ნაწილები უნდა ჩამდგარიყვნენ საქართველოში, მაგრამ იტალიის ხელისუფლების შეცვლის გამო ეს ვარიანტი გამოირიცხა. იმხანად არც ერთა ლიგაში მიგვიღეს და საქართველოს ხელისუფლებას ეშინოდა რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩენის და როდესაც რუსეთმა შემოგვთავაზა, ვცნობ თქვენს დამოუკიდებლობასო, ხელისუფლებამ 1920 წლის 7 მაისს ხელშეკრულება გააფორმა. მაგრამ ვერ გათვალეს, რომ ინგლისი, რომელიც კავკასიაში რუსეთის ერთადერთ საპირწონეს წარმოადგენდა, როგორც კი რუსეთმა აზერბაიჯანი დაიპყრო, ჩვენ კი რუსეთთან ხელშეკრულება გავაფორმეთ, ინგლისი გავიდა რეგიონიდან.

1920 წლისთვის რუსეთს სამოქალაქო ომი ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული, პარალელურად, ეომებოდა პოლონეთსა და ესტონეთს. საქართველოს ხელისუფლებას რომ იმ დროს ბაქოსკენ გაელაშქრა, გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა, არც ინგლისი გავიდოდა რეგიონიდან. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა ხელშეკრულება დაარღვია და საქართველოც დაიპყრო.

მეორე შანსი

gamsaxurdia-zviad-saqartvelos-prezidenti-10-1714920321.jpg

- მეორე შესაძლებლობის ფანჯარა გაგვეხსნა 1991 წელს. 9 აპრილმა დიდწილად განაპირობა სსრკ-ში ძირეული ცვლილებები, რამაც შესაძლებელი გახადა მისი დაშლის დაჩქარება. ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა თავისი შეცდომები მიტინგის სასტიკად დაშლის დროს, რომელიც, ფაქტობრივად, ანგარიშსწორება იყო. ასე რომ, 9 აპრილმა გახსნა მეორე ფანჯარა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება 1991 წლის სექტემბერში. მანამდე, 21 აგვისტოს, სსრკ-ში მოხდა პუტჩი, რომელიც ჩაიშალა და სსრკ-ის არსებობა­ დღეებს ითვლიდა. სამი კვირით ადრე ჯორჯ ბუშმა კიევში ყოფნისას უკრაინელებს მოუწოდა, არ ეფიქრათ დამოუკიდე­ბლობაზე. სხვათა შორის, ამ სიტყვების ავტორი კონდოლიზა რაისი იყო. ჯორჯ ბუში, რომელიც ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე უკრაინელებს მოუწოდებდა, არ ეფიქრათ დამოუკიდებლობაზე და საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეუბნებოდა, დინების წინააღმდეგ ნუ მიცურავო, მივიდა დასკვნამდე, რომ სსრკ-ის დაშლა გარდაუვალი იყო. ბუშის ვიზიტის დროს სსრკ-სთან გაფორმდა სრულმასშტაბიანი შეთანხმება ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ. ამერიკელები ჯერ კიდევ შიშობდნენ, რომ სსრკ-ის დაშლა უმართავ პროცესებს გამოიწვევდა და ერჩივნათ დემოკრატიის გზაზე დამდგარ სსრკ-სთან ჰქონოდათ საქმე. პუტჩის შემდეგ ამერიკაში მიხვდნენ, რომ სსრკ-ს ვერაფერი გადაარჩენდა. 24 აგვისტოს უკრაინამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რაც, ფაქტობრივად, სსრკ-ის დაშლას ნიშნავდა. შეიცვალა აშშ-ის დამოკიდებულებაც და თუ აგვისტოში ჯორჯ ბუში აკრიტიკებდა გამსახურდიას და მისგან პასუხად მიიღო, დინების მიმართულებით მკვდარი თევზები მიცურავენო, აშშ-ის დელეგაცია ჩამოდის საქართველოში.­ ორი სცენარი გათამაშდა: 1.ლიტვა-ლატვია-ესტონეთი და საქართველო ოთხივე ერთად ეცნოთ დამოუ­კიდებლად და 2.ჯერ ეცნოთ ლიტვა-ლატვია-ესტონეთი და 1 თვის შემდეგ საქართველო და უკრაინა. უპირატესობა პირველ ვარიანტს მიენიჭა, ვინაიდან ამერიკელების აზრით, თუ ბალტიის სამ რესპუბლიკას საქართველოსაც მიაყოლებდნენ, სსრკ-ის დაშლა შესაძლოა შეჩერებულიყო. სამწუხაროდ, ამერიკელებს ეს გადაწყვეტილება­ (პირველი სცენარის) გამსახურდიასთვის არ უცნობებიათ და როდესაც ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სექტემბერშივე დატოვეს საბჭოთა კავშირი, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც სრული ინფორმაცია არ ჰქონდა, ბუში მეტად უდიერად მოიხსენია. ეს იყო დიდი შეცდომა, რომელიც ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდა. არადა, მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა თავიდან აგვაცილებდა ყველა უბედურებას, რაც 90-იან წლებში დაგვატყდა თავს.

ამის შემდეგ ამერიკელებმა თვითდინებაზე მიუშვეს პროცესი, დეკემბერში სსრკ დაიშალა და საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ ამის შემდეგ ცნეს სხვა რესპუბლიკებთან, მაგ. თურქმენეთთან ერთად, რომელსაც სსრკ-დან გასვლისთვის არაფერი გაუკეთებია.

მესამე შანსი

- ყველას გვახსოვს მაპ-ის მიღების მომენტი, რაშიც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა შეგვიშალა ხელი. მოგეხსენებათ, მერკელი დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის მთავარი მხარდამჭერი იყო. მოკლედ, მივედით 2007 წლის 7 ნოემბრამდე, რომელმაც საერთაშორისო არენაზე გაგვიფუჭა მდგომარეობა. 7 ნოემბერს ხალხის დიდი მასა გამოვიდა ქუჩაში (დიდი ალბათობით, ორგანიზატორების ნაწილი რუსეთის დაკვეთით მოქმედებდა), მაგრამ ხალხი რუსეთის გამო ხომ არ გამოსულა? აქციაზე ყველას თავისი პრობლემა ჰქონდა, ზოგს ავტოფარეხი დაუნგრიეს, ზოგი სამსახურის გარეშე დატოვეს და სხვა. მთავრობამ ამ აქციის დარბევითა და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრით უდიდესი შეცდომა დაუშვა. სააკაშვილმა გადადგომით და ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით, ასე თუ ისე, მოახერხა ვითარების განმუხტვა, ამან პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა კრიზისი, მაგრამ საგარეო პოლიტიკურ არენაზე ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდა. 7 ნოემბრის დარბევამ განაპირობა სააკაშვილის პერსონისადმი დამოკიდებულების შეცვლა ევროპისა თუ აშშ-ის ისთებლიშმენტში. მაპ-ის მიღება საქართველოს დაიცავდა რუსეთის აგრესიისგან, შეიძლება არც მოეცათ, მაგრამ ჩვენი ბრალი მაინც არ იქნებოდა. ამ სიტუაციაში მერკელს დამატებითი კოზირი მიეცა და თქვა, ესენი დემოკრატიის პრინციპებს არ აკმაყოფილებენო. ბედის ირონიაა, გფრ-ის კანცლერი სხვა ქვეყანაზე ამბობდეს, რომ დემოკრატიულობის პრობლემა აქვს, ამიტომ ნატოში ვერ გაწევრდებაო (გფრ-ს ყველანაირი პრობლემა ჰქონდა, ამის მიუხედავად 1954-1955 წლებში ნატოს წევრი გახდა).

7-noemberi-1714920321.jpg

ეს შანსი არ უნდა გავუშვათ

- 2022 წლის თებერვლიდან, როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ყველასათვის ნათელი შეიქნა, რომ თურმე ყველაფერი, რასაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში რუსეთზე ამბობდნენ, მართალი ყოფილა: რომ ის არის აგრესორი, თავდამსხმელი ქვეყანა, უკვე აღარავინ ამბობდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ჩვენ ვიყავით დამნაშავე და ა.შ. შედეგად ჩვენი ევროკავშირში გაწევრების საკითხი დადგა. ევროკავშირი მართლაც ფიქრობს, რომ გაფართოვდეს კავკასიის მიმართულებით, ჩამოყალიბდა ფორმულაც - ლისაბონიდან-თბილისამდე. იმედია, ეს ფორმულა ცოტა ხანში, ალბათ, მოდერნიზებას განიცდის - ლისაბონიდან-ერევნამდე (ლისაბონიდან ბაქომდე თუ იქნა, საერთოდ იდეალური იქნება). ჩვენ საამისოდ არაფერი გაგვიკეთებია, ერთადერთი, რაც გვევალებოდა, განაცხადის შეტანა იყო და შემდგომ მხოლოდ და მხოლოდ ევროპული რეკომენდაციების გაზიარება. ჯერ ხომ ამ რეკომენდაციების გაზიარება იყო პრობლემა, მერე კი, შარშან, ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონი წამოაყენეს. ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ იმის ხარჯზე, რომ ხალხმა მართლაც თავი გადადო, შესაბამისად, კანონი გავაწვევინეთ, მაგრამ ხელისუფლებამ ეს კანონი ისევ უკან შემოგვიგდო... ეს კანონი რუსულია და მისი მიღების შემდეგ ვიცით, რაც მოხდა რუსეთში...

მორალი: არასდროს ენდო რუსეთს, არასდროს დაუპირისპირდე პარტნიორებს - აშშ-სა და დასავლურ სამყაროს, როცა შენი მთავარი მტერი რუსეთია და როცა გინდა დემოკრატიული სამყაროს წევრობა, მისთვის მიუღებელი ნაბიჯები არასდროს გადადგა. ანუ სამივე წინა მორალი ერთიანდება - წინა სამ შემთხვევაში თითო შეცდომა იქნა დაშვებული, აქ სამივე შეცდომას ერთად უშვებს ხელისუფლება.

ქვეყნის ბედი წყდება - ჩვენ რომ ეს შანსი კიდევ ერთხელ გავუშვათ ხელიდან, დიდი ხნით ჩავცვივდებით რუსეთის ხელში.