"აპოლიტიკური ვარო, დღეს ამის ძახილი კონფორმიზმია. ახლა ყველაფერი პოლიტიკაა, რადგან..."
უკვე რამდენიმე კვირაა არ ცხრება მღელვარება კანონზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". საზოგადოების ნაწილი პროტესტს აქციაზე გამოხატავს, ნაწილი სახელისუფლებო კონტრაქციას უერთდება და თვლის, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია უცხო ქვეყნების გავლენის გასაკონტროლებლად. ჩვენ საზოგადოებისათვის ცნობილ პირებს ვთხოვეთ ამ საკითხზე აზრის გამოთქმა:
"უსამშობლოს ეძახიან ადამიანებს, რომლებიც სწორედ ამ სამშობლოს იცავენ"
ნანკა კალატოზიშვილი, მსახიობი:
- როცა უკვე ხმის ამოღების უფლებას არ გაძლევენ და "არა რუსეთსაც" ვერ იძახი, ხომ უნდა დაფიქრდე, საით მიექანები და რა გელის? უსამშობლოს ეძახიან ადამიანებს, რომლებიც სწორედ ამ სამშობლოს იცავენ. აქციების დარბევა არაერთხელ გვინახავს. წინა დარბევებსაც ხშირად იხსენებენ და არ შეიძლება ის აპროტესტო და ეს სიამოვნებას გგვრიდეს, ან რეაქცია არ გქონდეს, რადგან დღესაც იგივე ხალხი გვარბევს.
- ერთ-ერთი აქციის დროს პრეტენზია ჰქონდათ სხვა მოქალაქეებსაც, როდესაც გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად ექცეოდა მანქანაში მსხდომთ, რამაც მათი პროტესტიც გამოიწვია...
- არ გამოვრიცხავ, რომ იქ შემოგზავნილიც ბევრი იყოს, გვინახავს ასეთები. მაგალითად, ჭიშკარს ანგრევდნენ, ზურა "გირჩი" ჯაფარიძე ეუბნებოდა, ნუ ანგრევთო და სპეციალურად აკეთებდნენ იმავეს. სასწრაფო დახმარების მედიკოსის ფორმაგადაცმული ვიღაც დადიოდა და ახალგაზრდებს მალულად ფოტოებს უღებდა. არავის ინდობენ და ყველაფერზე წამსვლელი არიან. რობოკოპს ხელჯოხიანი ბაბუა რომ გიდგას წინ და წიწაკის სპრეის შეასხამ, რაღაზეა საუბარი? ბავშვებს ყველას ვუხსნით, რომ აგრესია არ შეიძლება. ბარიკადები რომ ააშენეს და ნაგვის ურნები ააყირავეს, მერე დილის 5 საათზე დაიარეს და იქაურობას საკუთარი ხელით ასუფთავებდნენ. ვამაყობ მათით, ნაგავს არსად არ ტოვებენ. 29 აპრილის კონტრაქციის მერე ქალაქი რას ჰგავდა, კი გახსოვთ. ჩემთვის აქედან იწყება ზრუნვა იმ გარემოზე, რომელიც გიყვარს. ჩემთვის მტკივნეულია, რომ 29-ში ჩამოყვანილ ადამიანებს არც ერთი მთავრობის დროს არ ეღირსათ ნორმალური ცხოვრება, არჩევნებიდან არჩევნებამდე, გაჭირვების გამო, ფულის სანაცვლოდ დადიან. ზემოდან, სცენიდან, მილიონერები და მილიარდერები იმ ღარიბ ადამიანებს უხსნიდნენ, თუ როგორი კარგი ცხოვრებაა საქართველოში. როცა აქციაზე მიდიხარ და სახეს არ აჩენ, რაღაზეა საუბარი. აქციაზე იმიტომ მივდივარ, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, თამამად ვდგავარ. ამათ თვითონაც ხომ იციან, როგორ ჩამოიყვანეს უმეტესობა. სამწუხაროდ, ისინი მთავრობებისთვის მხოლოდ ციფრები, სტატისტიკა არიან და არა ადამიანები. ესაა მტკივნეული.
- მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქართველი საზოგადოება კვლავ ორად გაიხლიჩა და კიდევ უფრო უარესი - თაობებად დაიყო. ორივე მხარეს ქართველი, საქართველოს მოქალაქე დგას და ერთმანეთის მიმართ ასეთი აგრესიის გამოვლენა დიდი უბედურებაა. დილემა, რომლის წინაშეც ვდგავართ, სწორედ ორივე მხარის ლიდერებმა უნდა გადაჭრან.
- კი, ეგ ტრაგედიაა და ამაზე მუშაობენ, 12 წელია მეტი კი არაფერი გაუკეთებიათ, "ნაცებს" გვეძახიან, გვამუნათებენ და ამ დროს ხარება და მურუსიძე ჰყავთ გვერდით, პარლამენტში ნახევარი გაქოცებული "ნაცი" არ ზის? ბექა ოდიშარია მიშა სააკაშვილის სადღეგრძელოებს მაგიდაზე ასული სვამდა, კახა კალაძე 7 ნოემბრის მერე მიშას გვერდზე ედგა. ახლა მიტრიალდებიან და მე მეუბნებიან, ვიღაცის გვერდით ქუჩაში ნუ დგახარო? იმდენს ნუ დააშავებ, რომ აღარ მაინტერესებდეს ქუჩაში ვინ დგას, იმიტომ, რომ მე ვერავის გადაშენებას ვერ დაველოდები, ისედაც ბევრი რამაა გასაგები - "ნაცები" და "ქოცები" ერთმანეთს ასულდგმულებენ, ზიზღისა და ნგრევის მეტი არაფერი უკეთებიათ, ხალხი ერთმანეთს გადაკიდეს. "ნაცების" ამომრჩეველი "ქოც" პუტინისტს მეძახის, არაევროპელსა და კაცთმოძულეს, საშინლად მლანძღავს მეორე მხარეც. მე ჩემი ღირებულებები მაქვს და არ შეიძლება რომელიმე პარტიას მოვწონდე.
- რა იყო ის მთავარი ბიძგი, რამაც აქციაზე გაგიყვანათ?
- პირობა დადეს, რომ ამ კანონს არასდროს დაუბრუნდებოდნენ, და იმაზე ხომ უნდა დაფიქრდე, რატომ შემოაბრუნეს. ამის მიზეზი რუსეთია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რაც ამ კანონში წერია და როგორ იცვლებოდა მუხლების მიხედვით რუსეთში. მე ის უფრო მაინტერესებს, რაზე იხარჯება ჩემი ქვეყნის ბიუჯეტი, სადაც უცხოელი დონორები თანხებს რიცხავენ. სად წავიდა ის 600-ათასი დოლარი, რომელიც გელათის რესტავრაციისთვის იყო გამოყოფილი და დღეს თავზე მენგრევა; მუზეუმისთვის გამოყოფილი 2 მილიონი და ა.შ. სად მიდის ეს თანხები? სოფლებში გზაც კი უცხოური გრანტებითაა გარემონტებული, თორემ ამ ორგანიზაციებს ისედაც გამჭვირვალე შემოსავლები აქვთ და აქამდეც აკონტროლებდნენ, დამატებითი მექანიზმები შეიმუშაონ და არა ეს კანონი, რომლითაც სიტყვის თავისუფლება იზღუდება. თუ ამ კანონს იმისთვის ვიღებთ, რომ უცხო ქვეყნის გავლენა არ დომინანტობდეს ქვეყანაში, განსაკუთრებით, ლობისტურად, მაშინ დღევანდელი მოქმედი მტერი ჩაწერონ - რუსეთი და ყველა ის ქვეყანა, რომელიც ჩემი ქვეყნის მთლიანობას არ აღიარებს. ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთა, რომ რამენაირად დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით და როგორ შეიძლება ერთ სიბრტყეზე დავაყენო ის და რუსეთი? ჩაწერონ რუსეთიც და ხმას აღარ ამოვიღებ. რუსეთის მოქალაქეები აქ უპრობლემოდ ცხოვრობენ და ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ემიგრაციაში გარბიან. 29-ში აქციაზე მდგომ ხალხს მოეკითხა, რატომაა ფასები, გადასახადები ევროპაზე ძვირი?
- თქვენი აზრით, პროტესტი რა შედეგს მოიტანს? გამოსავალი რაშია?
- ვა-ბანკზე მიდიან და ესაა საშინელება. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ხალხმა ერთხელ მაინც უნდა ასწავლოს ჭკუა, რათა დადებული პირობა შეასრულებინოს. მერამდენედ დაარღვიეს პირობა? ღირსებით ევროპისკენო, რომ ამბობენ, როგორ მიდიხარ ღირსებით, როცა მთელი ევროპა გეუბნება, ამ კანონით ვერ შემოხვალო? მილიარდები აქვს დახარჯული შენი კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. ენას ვინც გვართმევდა, სწორედ რუსეთი იყო, სარწმუნოებასაც, ეკლესიები დაგვინგრიეს. რუსეთის უშიშროების მანქანები რომ დადიან ჩემს ქვეყანაში, ეს არის მშვიდობა?
აპოლიტიკური ვარო, დღეს ამის ძახილი კონფორმიზმია. ახლა ყველაფერი პოლიტიკაა, რადგან ყველაფერს პოლიტიკოსები განაგებენ და მომავალს გინგრევენ. 78-ე მუხლში გვიწერია ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა და ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ქვეყნის კურსი კი რადიკალურად იცვლება და სცენაზე ასულმა ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ დააანონსა, ყველაფერზე წამსვლელი ვარო. ამიტომაც ყველა მხრიდან უნდა ვკიოდეთ ამაზე, გაჩუმების დრო აღარაა. რუსეთზე მომუშავე ხალხს უნდა გამოვგლიჯოთ ეს ქვეყანა. საქართველომ ბევრი იბრძოლა და ის ყველაფერი წყალში არ უნდა ჩაიყაროს, თორემ იზოლაციაში მოვყვებით. ყველას უნდა დავანახოთ, რომ რუსეთის მომხრე არა ვართ. პოლიცია არ უნდა დაემორჩილოს ამ მოღალატეობრივ ბრძანებებს და ხალხი არ უნდა დაარბიოს. 9 აპრილის გმირები დღემდე ახსოვთ ამ ბავშვებს, 9 აპრილის მილიციაც გმირებად ახსოვთ, რადგან ისინი ხალხის გვერდით დადგნენ.
ზაზა პაპუაშვილი, მსახიობი:
- პირველი - რატომ გაგიჟდა ეს ხალხი იმაზე, რომ წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს? ესე იგი, არის რაღაც, რაც იმალება და არ სურთ გამოაშკარავდეს. მეორეც, ახალგაზრდობა სტატუსი არ არის, ხვალ ეგ ასაკი გაუვა და სხვა ასაკობრივ ჯგუფში გადავა; მესამე - ეგენი არ წარმოადგენენ სრულიად საქართველოს ახალგაზრდობის ფრთას; მეოთხე - არ არიან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის წარმომადგენლები, რომლებმაც შეიძლება ქვეყანაში ვითარება შეცვალონ.
ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თითო-ოროლას გამოკლებით, ყოველთვის გრანტიჭამიებს ეძახდნენ. ფარად რატომ ეფარებით იმათ? მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც იქ ვიდექი, როცა რუსეთის ტანკები ცხვირწინ დაგვიდიოდნენ და შეძლებისდაგვარად ვებრძოდით. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ამ თაობას იმ ნაცმკვლელი რეჟიმის წარმომადგენლები მოვაშორეთ, რათა თავისუფლად ესუნთქათ და ამის გაკეთება თავისუფალ ქვეყანაში თავხედობა და უმადურობაა. სააკაშვილის დროს მაქედან რამდენი იქნებოდა მკვდარი, დასახიჩრებული და სასაფლაოებზე გატაცებული, ვინ მოთვლიდა. ოჯახებიანად გაანადგურებდა ყველას. ეს იქნებოდა რეალობა.
არასდროს მიკადრია გამოვსულიყავი და ჩემი აზრი გამომეთქვა სრულიად რუსთაველის თეატრის, თეატრალების ან საქართველოს სახელით. ასე მთელი ქვეყნის სახელით საუბარი, ასეთი აგონია, რომ რაღაცას ცვლიან, რა არის ეს? პრაიდის, "ნაცების", მკვლელების, გამყალბებლებისა და უნიჭო პოლიტიკოსების გვერდით რომ დგანან ახალგაზრდები, მე როგორ უნდა ვირწმუნო მათი? მაშინ სახალხოდ დაგმეთ ესენიც. მაგ ჩამჟავებულმა პოლიტიკოსებმა გაუმწარეს ხალხს ცხოვრება და ზუსტად მაგხელა გოგო-ბიჭები და მათი მშობლები დახოცეს. თუ ამის გაგება არ უნდათ, იგივე "ნაცები" არიან, ოღონდ სხვა ასაკობრივი ჯგუფის. უნიჭო პოლიტიკოსების გვერდზე დგანან და იმავეს იმეორებენ - ეგ კინო უკვე მილიარდჯერ ვნახეთ. თქვენი ახალგაზრდობით გულს ვერ აგვიჩუყებთ, ყველა იყო ახალგაზრდა. დაარღვევთ კანონს, აგებთ პასუხს. სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ პასუხი მოგთხოვოს, ისევე, როგორც უნდა დაგიცვათ. ევროპის მორგება ცალმხრივად რომ გინდათ და ლოზუნგებით ლაპარაკობთ, აბა, შეადარეთ, როგორ იქცევა ჩვენი და იქაური პოლიცია. იმათთან შედარებით ჩვენები ფრთიანი ანგელოზები არიან. ეგ აქტივისტები პირდაპირ ეუბნებიან, გვეცემეთ და დაგვარბიეთო, ეს უნდათ. ვერაფერში ერკვევიან, სად რა ხდება, სახელმწიფომ რა ნაბიჯები უნდა გადადგას, დაზომბირებული არიან. ან როგორ ლაპარაკობს ზოგი, რა მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშაა, ან რა პლაკატები უჭირავთ ხელში, რა აწერია ზედ, პირიდან რა სიტყვები ამოსდით და ამ ხალხს უნდა დავუძახო მომავლის მშენებელი, ამ დამანგრევლებს?! ამათ რა წიგნი უნდა დაწერონ და რა უნდა შექმნან, თუ ასე წაიბილწნენ და ასე იოლად სამართავები აღმოჩნდნენ?! ჯობია, მე ხმამაღლა, მკაცრად, პატიოსნად ვუთხრა პირში, ვიდრე ვეთითლიბაზოთ და ფერებით უარესი გავუკეთოთ.
- 29 აპრილის აქციაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში რა აქცენტები დაიჭირეთ?
- ამათ ილია ჭავჭავაძის სურათი რომ უჭირავთ, პარალელურად კი სააკაშვილის, ეს გაორებები და აღრევები რომ არის, ჩვენ ვამბობთ, ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს, არც რუსეთის, არც ამერიკის, არც ევროპის გავლენა არ უნდა არსებობდეს არც ერთი კანონის მიღებისას. თურმე როგორ ვბედავთ, რომ ფოტიგასა და კუბილიუსს, ამერიკას ვეკამათებით! ჩვენ სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, ისინი კი პატრონის გამოსვლაზე.
- "ქართული ოცნების" ოპონენტების აზრით, 29 აპრილის აქციის მხარდამჭერები ფულით და სურსათით მოისყიდეს. თქვენ რას იტყვით?
- როგორ შეიძლება ამის თქმა და საერთოდ, ამ ორი აქციის შედარება?! როგორ აკადრებენ მოსახლეობას იმ სიტყვებს, რაც თქვეს. იმიტომ არიან სწორედ ბაბლი, რომ მათი ბაბლის იქით საქართველო საქართველოდ არ მიაჩნიათ. მადლობა ღმერთს, ეგენი ქვეყნის მოსახლეობისა და ახალგაზრდობის უმრავლესობას არ წარმოადგენენ. როგორ შეიძლება შენს თანამემამულეს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო? შენ რომ დაგიჭირონ მხარი, მაშინ ხომ საყვარლები იქნებიან? ესენი დატრენინგებული დემაგოგები არიან. ყველაფერში ჩანს, როგორი "თავისუფლებიც" არიან, რამხელა ზიზღი და აგრესია აქვთ, უღმერთოები! პირველი, რაც გააკეთეს, ილია ჭავჭავაძის ფრაზას დაარტყეს - "ენა, მამული, სარწმუნოება". მეტი რაღა უნდა იყოს? სიტყვა "ერთობა" გამოიგონეს, რასთან და ვისთან ერთობა? რატომ შეგიშალათ ხელი სარწმუნოებამ? ეს შეცდომის დაშვება კი არა, საკუთარი თავის გამჟღავნება იყო. ეს არის ჩემი წუხილი და გულისნადები და არ გამოვხატავ ცბიერი ფერებით - ო, რა თაობა მოდისო, აღტყინებული არიან, დროს ატარებენ, მაგრამ იდეა, სიმართლე არ არსებობს, ძალა არ არის, ენჯეოშნიკებმა შეუფუთეს კანონი, ქონი მოუსვეს და გადაუგდეს. ეს კანონი ბევრ რამეს ახდის ფარდას. თუ ცეკვა-თამაში გინდა, დისკოთეკაზე წადი, სპორტით დაკავდი, დახარჯე ენერგია, მაგრამ ქვეყნის საკრალურ თემებს როგორ ეხები? მტერი არ უნდა გავაცინოთ და ქვეყანას პრობლემა არ უნდა შევუქმნათ. ღმერთმა არ ქნას, მტერი მოგვადგეს, ესენიც ისე გაიქცევიან, როგორც "ნაცები" გაიქცნენ და მიატოვეს მეომრები. აი, ამ ხალხის გვერდზე დგახართ და ვის ემამლაყინწებით?!
"დღეს, როგორც არასდროს, ქართული სახელმწიფოებრიობის ბედი წყდება და თითოეული ჩვენგანი ისტორიის ნაწილი ვხდებით"
ქეთათო პოპიაშვილი, მუსიკოსი:
- ეს კანონი უკანონობის დაწესება და იმ ყველაფრის უგულებელყოფაა, რაც 30 წლის განმავლობაში ძლივძლივობით მოგვიტანია - დამოუკიდებლობა, სიტყვის თავისუფლება და ა.შ. ის, რომ ევროპაში უვიზოდ დავდივართ და ბევრი სიკეთე გვაქვს, ამ კანონით ხელის ერთი მოსმით ვამბობთ უარს და სულ სხვა ორბიტაზე გადავდივართ, ქვეყნის დასალიერში, იქ, საიდანაც თვითონ რუსები გარბიან და ლტოლვილებად არიან აქაც კი - როგორ უნდა გიჭირდეს ადამიანს, რომ იმ ქვეყანაში გაიქცე ლტოლვილად, რომელიც ოკუპირებული გაქვს და სადაც შენი ყოფნა არ უხარიათ. ვისაც ფული აქვს, ევროპასა და აშშ-ში მიდის, დანარჩენები ჩვენთან მოდიან, ჩვენ სად წავალთ, ეს უკვე აღარ ვიცი. ეს კანონი ყველაფერს წყალში ჩაგვიყრის, რისთვისაც გვიწვალია.
დღეს ისტორია იწერება. რაკი ქართველები ძალიან ცოტანი ვართ, ბევრი რამის ფუფუნება არა გვაქვს და დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ის 83 დეპუტატი, რომლებიც ამ კანონის მიღებას უჭერენ მხარს, ბოლო წუთს სწორ არჩევანს გააკეთებენ. შენს არჩევანზეა დამოკიდებული, ქვეყნის მოღალატე იქნები და შენი ოჯახი, შვილები, შთამომავლები მოღალატის სტატუსს ატარებენ თუ პირიქით, შეგიძლია გმირი იყო. ამ ყველაფრის შეჩერება "ქართული ოცნების" დეპუტატებს ხელეწიფებათ, ქართველები არიან, ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და არავინ და არაფერი ღირს იმ სირცხვილად, რომლითაც უნდა იარონ. მათ შორის არის ერთი ძალიან ჭკვიანი და კარგი ბიჭი - ნიკა სამხარაძე. ჩვენ ოთხი კლასი ერთად ვსწავლობდით. იმედია, ის ამ გამყიდველების სიაში არ ჩაეწერება, ნათელი გონების ადამიანი იყო და მგონი, საღი აზრი მასშიც გაიმარჯვებს.
ბევრს აღიზიანებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები, რადგან მათგან ბევრი წყენა ახსოვთ, მაგრამ ეს პირადი ზიზღი არ უნდა იყოს იმ კარგ მომავალზე უპირატესი. დღეს, როგორც არასდროს, ქართული სახელმწიფოებრიობის ბედი წყდება და თითოეული ჩვენგანი ისტორიის ნაწილი ვხდებით, თითოეული ჭანჭიკია მნიშვნელოვანი. ეს ახალგაზრდები ძალიან პოზიტიურები, ორგანიზებული არიან. ეს ის შემთხვევაა, თუ შეკვდომა იქნება საჭირო, უნდა შევაკვდეთ, სხვა შემთხვევაში, ცუდად შემოგვხედავენ და გვეტყვიან, ჩვენი მოპოვებული თავისუფლება დაკარგეთო. რუსეთშიც არანაკლები პროტესტი იყო ამ კანონის გამო და არავის ეგონოს, იქ ცხვრები იყვნენ და ადვილად მოახვია თავს მთავრობამ, 2012 წელს დიდი დემონსტრაციები და დაჭერები იყო. იქ მიიღეს და დღეს ამას ძალიან ნანობენ. არ უნდა გავიმეოროთ ეს ცუდი მაგალითი. ახლა ბევრია დამოკიდებული "ოცნების" მხარდამჭერებზე, ახლა იმის დრო არაა, ვინ მოგწონს და ვინ არა. იმ აქციებზე ზოგჯერ მეც მხვდებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომელთა პატივისცემა არა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო იდეა გავწირო. ქვეყნის თავისუფლება ყველაფერზე მეტია.
- ზოგი ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ამ სიტყვებით, რუსეთი, რუსული კანონი, წამოაგეს და წააქეზეს ახალგაზრდობა და ამან ააგორა საპროტესტო ტალღა.
- ეტყობა, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ჩვენს ახალგაზრდებზე. წაქეზებული და ფულზე გაყიდული ადამიანები სხვაა, იდეით აღსავსე კი სხვა. ხომ ხედავთ, როგორ იქცევიან ეს ახალგაზრდები - დილიდან თავის დაცვის საშუალებებს არიგებენ, რომ არ დაშავდნენ. ხაზგასმით მინდა ვთქვა კიდევ ერთი რამ - რაც ჩვენს პოლიციას კომუნისტების დროსაც არ გაუკეთებია, იმას დღევანდელი პოლიცია აკეთებს. მაშინ რუსები აწვალებდნენ ადამიანებს, დღეს - ეგენი. 7 ნოემბერსაც საშინელება ხდებოდა, სამწუხაროდ, ქართველების ხელით. დღეს ტელეფონებია, ყველაფერი ფიქსირდება. ამ ადამიანებსა და მათ შვილებს ამ ქვეყანაში ცხოვრება მოუწევთ და არ იქნება მარტივი. ყველა უნდა მოვეგოთ გონს და მივხვდეთ, რომ ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე ვდგავართ და ან უნდა გადავრჩეთ, ან ამ იდეას შევაკვდეთ. სხვა შემთხვევაში, დიდ სირცხვილში მოგვიწევს ცხოვრება.
- აქციებზე ხშირადაა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები. რა ემოცია გაქვთ, როცა გესმით?
- ირაკლი ყოველთვის დროს უსწრებდა და მისი ხელოვნება, მუსიკა კრიტიკულ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი და ჟანგბადივით აუცილებელია. როდესაც ეს ბავშვები თვითორგანიზებულ მიტინგებზე მის მუსიკას აჟღერებენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ სამაგალითო და დიდი სულისკვეთების მომტანია. სხვაობაა, როდესაც ახალგაზრდები იდეის გამო, არადაფინანსებულ მიტინგზე აჟღერებენ და სხვა, როცა რომელიმე კონკრეტულ პარტიას უნდა თავისთვის ქულების ჩაწერა. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, როცა იქ ირაკლის მუსიკა ისმის. ირაკლიმ თქვა: "თქვენ იზამთ ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ, რომ ვქნა, და ჩემგან დარჩენილ დაფლეთილ ათას ტომს, ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ ომს". ჩვენ უნდა მოვიგოთ, პირველ რიგში, ჩვენი თავებისთვის, გარუსება არ შეიძლება!
"ნეტავ ვინმე ნორმალური გამოჩნდებოდეს, გამიხარდება და გვერდში დავუდგები"
გეგე სულხანიშვილი, მსახიობი:
- ამ საკითხზე რომ ვისაუბრო, კომპეტენტური უნდა ვიყო და რომ გითხრათ, კანონი წაკითხული მაქვს-მეთქი, ასე არაა. მაგრამ იცით, რა მიკვირს? უმრავლესობა და უმცირესობა დასხდნენ და განიხილონ, შეადარონ, რატომაა კანონი რუსული. ერთი ამბობს რუსულიაო, მეორე ამბობს, არ არისო. დავიღალე! ცოტა ერთმაც დათმოს და მეორემაც. ან ეს რა მიტინგებია?.. ოცნებაშიც კი არ ჯდება "ნაციონალების" უკან დაბრუნება, არავითარი შანსი არა აქვთ. ასეთი მაიმუნობით, პროვოკაციით, ადამიანების ნერვებზე თამაშით ცდილობენ ფონს გავიდნენ. განა მე ეს მთავრობა მიმაჩნია უნაკლოდ, ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ წინა მთავრობას რომ შევადაროთ, გაცილებით მეტი დადებითი აქვს. ნეტავ ვინმე ნორმალური გამოჩნდებოდეს, გინდა ძველი თაობის და გინდაც ახალგაზრდა, ნორმალური ხალხი, გამიხარდება და გვერდში დავუდგები. მაგრამ ესენი გადავაგდო და "ნაციონალები" მოვიყვანო? ასეთი დეგენერატი როგორ უნდა ვიყო? არავინაა გამორჩეული და რატომ უნდა გავიდე ასეთ აქციაზე? ჩვენს შვილებს თუ "ნაციონალების" ამბები არ ახსოვთ, ჩვენ ავუხსნათ, რა საშინელებებიც ჩაიდინეს.
ახლანდელი და წინა მთავრობის პრემიერები რომ შევადაროთ, ახლანდელები ჯობია; ვანო მერაბიშვილი და ვახტანგ გომელაური რომ შევადაროთ, ესეც ჯობია. ყველაფერი შედარებითია, თუ ამათზე უკეთესები მოვლენ, იმასაც ვიტყვი. ახალგაზრდა ილიას ფრაზიდან სარწმუნოებას რომ ამოგიგდებს, აღარც მისი განათლება მინდა ოქსფორდსა და კემბრიჯში და არც არაფერი. ეს პატარა ერი სარწმუნოებამ მოიყვანა აქამდე, რამდენი ერი გაქრა და ესე იგი, ღმერთი გვიფარავს, ხო?
- თქვენ რას ფიქრობთ, როცა ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა რუსეთის ორბიტისკენ მიჰყავს?
- ბიძინა ივანიშვილი პირადად არასოდეს მინახავს, არც მისი დახმარება მიმიღია ოდესმე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე მასში ამ ქვეყნისა და ქართველის სიყვარულის მეტი ვერაფერი დავინახე. გავიგეთ, რომ ფული რუსეთში იშოვა, მაგრამ რასაც ამ ქვეყანას ახმარს, დაუნახაობა არ შეიძლება. მარტო ცუდს რომ ამბობ, ესე იგი, დაუნახავი ხარ და დაუნახავ კაცს გვერდში როგორ დავუდგე?