„სარაკეტო ორთაბრძოლების“ მოლოდინში - ამერიკული ATACMS-ები VS რუსული Искандер-М-ები - კვირის პალიტრა

„სარაკეტო ორთაბრძოლების“ მოლოდინში - ამერიკული ATACMS-ები VS რუსული Искандер-М-ები

ომში მყოფი ქვეყანა თავისი არმიის არსენალში ახალი სახის შეიარაღების გამოჩენისთანავე შეეცდება მის საბრძოლო გამოყენებას და რაც შეიძლება წარმატებით...

თავის დროზე ჩვენ გავაშუქეთ უკრაინის ფრონტზე ამერიკული "აბრამსებისა" და რუსული Т-90М-ების შესაძლო სატანკო დუელების პერსპექტივა. მართალია, აშშ-მა დიდი ყოყმანის შემდეგ მართლაც გადასცა უკრაინულ მხარეს "აბრამსის" ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკები, მაგრამ მხოლოდ 31 ერთეული, რაც ზღვაში წვეთიც კი არ იყო და შესაბამისად, მათი სატანკო ორთაბრძოლა რუსულ Т-90М-ებთან, სავარაუდოდ, ვერც შედგა.

ისე კი უკრაინამ გადაცემული 31 "აბრამსიდან" ხუთი დაკარგა, რუსებს კი 79 Т-90М, ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაციის სერიული წარმოების რუსული ტანკი აუფეთქეს.

ასევე ცალკე სტატია მივუძღვენით მოსალოდნელ "საჰაერო ორთაბრძოლას" ამერიკული წარმოების F-16-ებსა და შედარებით თანამედროვე რუსულ Су-35-ებს შორის, რაც შეიძლება მალე მართლაც შედგეს, თუკი ერთწლიანი გაჯანჯლების შემდეგ ამ წლის ივლისისთვის უკრაინის ცაში, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდებიან ნატოს წევრი ზოგიერთი ევროპული ქვეყნის კიევისთვის ნაჩუქარი F-16-ები.

ამ სტატიაში კი შევჩერდებით იმ "სარაკეტო ორთაბრძოლაზე", რაც შეიძლება, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებშიც დაიწყოს იქიდან გამომდინარე, რომ 9 მაისის დღესასწაულისთვის ორივე მებრძოლი მხარე შეეცდება ერთმანეთს ჩაუშხამოს ეს ისტორიული ზეიმი.

თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ აგრესორი რუსეთის განკარგულებაშია შეიარაღების ერთ-ერთი მძლავრი სახეობა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს უკრაინის სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს და რომელსაც უკრაინის დამცველებმა დღემდე ვერაფერი მოუხერხეს - ეს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Искандер-М-ის ტიპის მობილური სარაკეტო დანადგარებია.

2-marjvena-poto-1714921111.jpg
500 კმ-მდე მფრენი რუსული Искандер-М-ები...

რუსულმა "ისკანდერმა" საბრძოლო ნათლობა 2008 წლის აგვისტოს ომში მიიღო, როდესაც გორისა და ვაზიანის მიმართულებით ჩრდილოეთ ოსეთიდან ორი აერობალისტიკური რაკეტა გამოუშვეს, შემდეგ რუსების მიერ გადაცემული "ისკანდერები" სომხებმა გაუშვეს აზერბაიჯანის ისტორიულ ქალაქ შუშასკენ 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის დროს, ხოლო 2022 წლის თებერვლიდან ამ "ისკანდერებით" რუსეთი ინტენსიურად ბომბავს უკრაინას.

საქმე ის არის, რუსულ "ისკანდერს" თითქმის 500 კმ-ის სიშორიდან შეუძლია სარაკეტო შეტევა, რაც ძალზე ართულებს მის სასტარტო პოზიციაზე საპასუხო დარტყმას, რადგან ამ სიშორეზე მოქმედი ანალოგიური სარაკეტო სისტემები უკრაინას შეიარაღებაში არა აქვს.

მართალია, უკრაინელებმა შეძლეს საპასუხო შურისმაძიებელი საჰაერო დარტყმების მიყენება ბევრად შორს მდებარე იმ რუსული სამხედრო აეროდრომებისთვის, საიდანაც აფრენილი რუსული სტრატეგიული და შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი თვითმფრინავები ფრთოსან რაკეტებს უშვებდნენ უკრაინული ქალაქებისკენ, მაგრამ ერთია სტაციონარული რამდენიმეკილომეტრიანი აეროდრომისკენ კამიკაძე-დრონების გაშვება და მეორე იმ მობილური სარაკეტო დანადგარის მოძებნა-განადგურება, რომელიც რაკეტების გაშვებისთანავე ოპერატიულად იცვლის პოზიციას.

რუსულ "ისკანდერებზე" ჯავრის ამოყრა თეორიულად, რა თქმა უნდა, შეუძლიათ იმ უკრაინულ სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს, რომლებიც შეძლებდნენ "ისკანდერების" ბატარეის სასტარტო პოზიციასთან მიახლოებას და ფპვ-დრონებით ზუსტი დარტყმის მიყენებას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ომის 800-ზე მეტი დღე-ღამის განმავლობაში ეს არ მომხდარა, მიუთითებს, რომ რუსი სამხედროები კარგად იცავენ "ისკანდერის" სარაკეტო დანადგარებს დივერსანტებისგან. მაგრამ შეძლებს კი რუსეთის გენშტაბი "ისკანდერების" ასევე დაცვას, თუკი მათ მათივე კლასის ბალისტიკური რაკეტები დაემუქრებიან?

აქამდე უკრაინელების მაქსიმალური "სარაკეტო მუშტი" 120 კმ-მდე თუ სწვდებოდა საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი Точка-У-ების საშუალებით, შემდეგ ის 165 კმ-მდე გაიზარდა, მას შემდეგ, რაც გასული წლის შემოდგომაზე თეთრმა სახლმა "ჰაიმარსებიდან" გასაშვები MGM-140A ATACMS-ის ძველი მოდიფიკაციის ოცამდე ბალისტიკური რაკეტა გაიმეტა, ახლა კი ის 300 კმ-მდე გახდა - რამდენიმე კვირის წინ უკრაინაში ამერიკიდან ფარულად ჩაიტანეს არანაკლებ ასი ერთეული MGM-140B ATACMS-ის მოდერნიზებული ბალისტიკური რაკეტა და მომავალშიც სისტემატურად მიწოდება აღუთქვეს.

გამოდის, უკრაინას უკვე შეუძლია "სარაკეტო ორთაბრძოლა" გაუმართოს იმ "ისკანდერებს", რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უშვებენ აერობალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს უკრაინის ქალაქებისკენ? შეუძლია, თუმცა ორი დიდი პრობლემა მაინც რჩება: პირველი - წმინდა ტექნიკური, მეორე კი პოლიტიკური.

იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინელებისთვის გადაცემული მოდერნიზებული ATACMS-ების ფრენის მაქსიმალური სიშორე 300 კმ-ია, ხოლო რუსული Искандер-М-ების კი 500 კმ, უკრაინელები, წესით, ვერ უნდა მისწვდნენ ამ რუსული სარაკეტო დანადგარების სასტარტო პოზიციებს, თუმცა აქ არის ტაქტიკური გათვლაც - თუკი რუსეთის გენშტაბს სურს მათმა "ისკანდერებმა" უკრაინის ტერიტორიის შუაგულშიც შეაღწიონ, მაშინ იძულებული გახდებიან ეს დანადგარები უკრაინის საზღვარსა და ფრონტის ხაზთან 500კმ-ზე ბევრად ახლოს "მიაჩოჩონ".

მაგალითად, უკრაინის დედაქალაქ კიევამდე უმოკლესი მანძილი რუსეთის ბრიანსკის ოლქიდანაა და ის 200 კმ-ზე მეტს შეადგენს ანუ ჩერნიგოვის ჩრდილოეთით, უშუალოდ რუსეთის საზღვრის ახლოს სტარტაღებულ და 300 კმ-ზე მფრენ ამერიკულ ATACMS-ს თეორიულად შეუძლია მისწვდეს რუსული "ისკანდერის" საცეცხლე პოზიციას, თუკი დასავლეთის აეროკოსმოსური დაზვერვა ოპერატიულად აცნობებს უკრაინის მხარეს "ისკანდერების" სტარტის კოორდინატებს.

პრაქტიკულად კი ყოველივე ეს ბევრად ძნელია. ჯერ ერთი, ორივე მებრძოლი მხარე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ძალიან ერიდება უშუალოდ სახელმწიფო საზღვართან და მით უმეტეს, ფრონტის ხაზთან ასეთი მნიშვნელოვანი სარაკეტო დანადგარების ახლოს მიყვანას; და მეორე - მობილური სარაკეტო დანადგარები სარაკეტო ზალპებიდან ორიოდე წუთში მზად არიან გზა განაგრძონ, ეს დრო კი ძალიან მცირეა იმისთვის, რომ უზუსტესი საპასუხო სარაკეტო დარტყმების ორგანიზება და მიყენება მოესწროს.

ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ეძლევა სადაზვერვო და ბარაჟირებადი კამიკაძე-დრონების ოპერატორების შეთანხმებულ მოქმედებას - სადაზვერვო დრონის ოპერატორი აღმოაჩენს რაკეტის გამშვებ დანადგარს სტარტის მომენტში, შემდეგ შეუმჩნევლად "აედევნება" მას, გააცილებს და დააფიქსირებს ამ სარაკეტო დანადგარის ახალ პოზიციას, რომლის კოორდინატებს გადასცემს ბარაჟირებადი კამიკაძე-დრონის ოპერატორს ან ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო დანადგარის გათვლას, ხოლო თავისი სადაზვერვო დრონის ვიდეოკამერით გააკონტროლებს საჰაერო დარტყმის სიზუსტეს და მის შედეგებს.

ეს უკვე გამოუვიდათ რუს ოკუპანტებს, როდესაც სწორედ ამ სქემით შეძლეს ორი უკრაინული "ჰაიმარსის" სარაკეტო დანადგარის აღმოჩენა ტყის შარაგზაზე და მათზე ზუსტი სარაკეტო დარტყმის "გამოძახება", ახლა კი უკრაინული მხარის "სარაკეტო შურისძიების" დროც მოვიდა, მით უმეტეს, 300 კმ-ზე მფრენი მოდერნიზებული ATACMS-ების მართვადი აერობალისტიკური რაკეტები ამის საშუალებას იძლევა.

მეორე, პოლიტიკური მიზეზი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს უკრაინელებს, რომ 300 კმ-იანი ამერიკული აერობალისტიკური რაკეტებით ჭკუა ასწავლონ რუსულ "ისკანდერებს", თავად ამერიკელებშია - თეთრი სახლი კვლავ დაჟინებით იმეორებს, რომ ის წინააღმდეგია უკრაინამ ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს!

ეს თეთრი სახლის კატეგორიული გაფრთხილებაა უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, თუ ვაშინგტონი კრემლის წინაშე ყოველი შემთხვევისთვის თავს იზღვევს, მე გავაფრთხილე, მაგრამ არ დამიჯერესო, მალე გამოჩნდება, რადგან უკრაინის გენშტაბს ძალიან ბევრი ისეთი "მსუყე" სამიზნე დაუგროვდა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე (მათ შორის სამხედრო აეროდრომების, შტაბებისა და "ისკანდერების" ძირითადი და სათადარიგო საცეცხლე პოზიციების სახით), რომლებზეც უარს, ადრე თუ გვიან, ვეღარ იტყვის 300 კმ-ზე მფრენი ზუსტი რაკეტების მიღების შემდეგ.