რუსიფიკაციის კურსის ბოლო ფაზა
(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" ## 12-18)
46 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე საბჭოთა ეპოქისთვის უცხო და გრანდიოზული საპროტესტო გამოსვლა გაიმართა, რომელმაც ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას საქართველოს კონსტიტუციაში გამქრალიყო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ. ქართული ენა გადარჩა, სტატუსი შეუნარჩუნდა და მას შემდეგ ყოველი წლის 14 აპრილი დედაენის დღედ აღინიშნება. არა მარტო საქართველოში, კრემლმა საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო ენად ერთი ენის - რუსულის გამოცხადება გადაწყვიტა... "კონსტიტუციაში შევა ჩანაწერი, რომ პარტია იზრუნებს მშობლიური ენების განვითარებაზე, სახელმწიფო ენად კი რუსული გამოცხადდება", - ასეთი იყო კრემლის მესვეურთა შემოთავაზება. ქართული ენის სტატუსის გადასარჩენად დაწყებული მოძრაობის ავანგარდში უნივერსიტეტი იყო და 14 აპრილს, როცა საბჭოთა საქართველოს უმაღლეს საბჭოს კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინა, რომელშიც გამქრალი იყო მუხლი მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ, რუსთაველის პროსპექტზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი და დღევანდელი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახდა გამოეცხადებინა: "მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების შესახებ".
"ეს იყო რუსიფიკაციის კურსის ბოლო ფაზა... იდენტობის ამ ემოციურმა აფეთქებამ გამოიწვია სრულიად გაუთვალისწინებელი უკურეაქცია, რომელიც იმდენად სწრაფი აღმოჩნდა, რომ რეჟიმმა უკან დაიხია. იმ პროცესებში, რომელიც საქართველოში 1978 წლის აპრილში განვითარდა ქართული ენის დასაცავად და რამაც მას სტატუსი შეუნარჩუნა, კონკრეტულ პირებს უნდა ვუმადლოდეთ, ყველაზე მეტად კი აკაკი ბაქრაძეს, რომელმაც მიაქცია ყურადღება, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამ ნაწილში რაღაც განსხვავებული იყო. მან ატეხა განგაში, არ შეუშინდა, მათ შორის მუქარასაც კი", - გვეუბნება ისტორიკოსი და საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, რომელთანაც ვაგრძელებთ საუბარს იმპერიული სახელმწიფოს რუსიფიკაციის პოლიტიკაზე.
საბჭოური ამიერკავკასიის ფედერაცია
- 20-იანი წლებიდან საბჭოეთი ქმნიდა ეფექტს, თითქოს ზრუნავდა მცირე ერებისა და ხალხების განვითარებაზე. ასეთი ხაზი იყო დომინანტი მთელი საბჭოეთის მართვის გაიოლებისთვის. დასავლეთში მექანიკურად გამოაქვთ დასკვნა, რომ ამ მხრივ საქართველოც კომფორტშია, არადა, 20-30-იანი წლებისთვის საქართველოში საპირისპირო რეალობა იყო. ეს ძალიან კარგად აქვს დახასიათებული იმ პერიოდის ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს, ყოფილ სამხედრო და განათლების მინისტრს და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ძველ სოციალ-დემოკრატ გრიგოლ ლორთქიფანიძეს. ის უკვე დაპატიმრებულია და სხვა გადასახლებულ ამხანაგს სწერს წერილს (წერილი საბჭოთა ჩეკამ ამოიღო და ამიტომ აღმოჩნდა არქივში).
საბჭოთა რუსული ნაციონალური პოლიტიკა ორმაგი იყო იმ ხალხებისთვის, რომელთაც ოკუპაციის მომენტისთვის თავისი სახელმწიფო არ ჰქონდათ და ასე აღმოჩნდნენ საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში. იმ ერებს კი, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ სახელმწიფოებრიობა, სხვა ყაიდის ცივილიზაციას ქმნიდნენ, მათთვის ეს სისტემა გამანადგურებელი იყო - რეჟიმისთვის დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის პრაქტიკა და კულტურა ტოტალურად მიუღებელია. ამიტომ უნდა მოსპოს და ჩაანაცვლოს მისთვის მისაღები საბჭოური მოდელით. უპირველესად ეს იყო ისევ ცარიზმის დროინდელი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოდელის ნაწილობრივ აღდგენა: როდესაც საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო დამოუკიდებელი აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, 1922 წლის დასაწყისში სწრაფად გააერთიანა საბჭოური ამიერკავკასიის ფედერაციაში. ამას წინ უძღოდა მოსკოვიდან სტალინისა და სხვა საბჭოური რუსული ნაციონალური პოლიტიკის არქიტექტორების რკინიგზის სისტემის გაერთიანება. როგორ უნდა იყოს სამი განსხვავებული სახელმწიფოს რკინიგზის სისტემა ერთიანი, თუ არა ისევ ძველი იმპერიული სისტემით. მკაფიოდ ჩანდა ეკონომიკური ჩაგვრის ელემენტი. საქართველოს კომუნისტურ პარტიაში გაჩნდა უკმაყოფილება, რატომ უნდა ვიყოთ ცენტრიდან ისე მკაცრად მართული, ისიც კონკრეტული დაჯგუფების ხელითო (როგორიც იყო სტალინი, მისი ხელქვეითი ორჯონიკიძე და სხვები). საქართველოს ბოლშევიკური კომპარტიის წევრებს მიაჩნდათ, რომ თვითონ იყვნენ უფრო მეტად დამსახურებული და ავტორიტეტული ლიდერები და დაიწყო შიდაპარტიული დაპირისპირება, კომუნისტური პარტიის კომიტეტის უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა ფედერაციაში საქართველოს გაერთიანების პროექტს. უფრო მეტიც, ამ დროს სტალინს აქვს უფრო რადიკალური პროექტი, რის მიხედვითაც საბჭოეთი უნიტარული სახელმწიფო უნდა იყოს და ყოფილი დამოუკიდებელი ქვეყნები ან არარუსული ზონები მხოლოდ ავტონომიის სტატუსით. ხალხი ღიად გამოდის ავტონომიზაციის, რკინიგზის რუსიფიკაციის და სტალინის და ორჯონიკიძის დიქტატის წინააღმდეგ. 1922 წლის ოქტომბერში კომპარტიის ცეკა აცხადებს, რომ იხსნის პასუხისმგებლობას და გადადგება. ეს არის პირველი და ბოლო პრეცედენტი საბჭოეთის ისტორიაში, როცა მოკავშირე საბჭოთა რესპუბლიკის მთელი კომპარტიის ცეკა გადადგა.
ამიერკავკასიის ფედერაციაში შემავალ საბჭოთა რესპუბლიკებში გაბატონებულია რუსული ენა, საკუთარ ენას ფაქტობრივად, ქაღალდზე აქვს სტატუსი. გაძლიერებულია ბიუროკრატიის და ცენტრალური აპარატის რუსულენოვანი კადრებით შევსება. 20-იანი წლებისთვის ცენტრალურ აპარატში მომსახურე კადრების 10-11%-ია ქართველი, დანარჩენი სხვა მხარეებიდან მოყვანილია. 1922 წელს, როცა სსრკ ფუძნდება, საქართველო როგორც მოკავშირე რესპუბლიკა კი არაა წარმოდგენილი, არამედ ამიერკავკასიის ფედერაციის (საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი) სახით რუსეთთან, ბელორუსთან, უკრაინასა და ცენტრალური აზიის რამდენიმე პატარა რესპუბლიკასთან ერთად. ამ სამ სახელმწიფოს თეორიული შანსიც კი აღუკვეთეს, რომ სსრკ-დან გასვლის უფლება ჰქონოდათ (სხვა შემთხვევაში ამიერკავკასია მთლიანად უნდა გასულიყო სსრკ-ს შემადგენლობიდან).
არა ყოველგვარ ეროვნულს
- კულტურა-ხელოვნებაშიც ანალოგიური კურსია - ყველაფერი, რაშიც კი ელემენტარულად ფიგურირებს და ისმის ეროვნული, ქართული, ნაციონალური, პატრიოტული, გამოცხადებულია როგორც დანაშაული. ცენზურა, ტერორის აპარატი და მთელი სახელმწიფო პროპაგანდა ამას გააფთრებით ებრძვის. როდესაც რუსეთის იმპერიამ დაინახა, რომ მიდის ქართველი ერის იდენტობის ფორმირება, სადაც ამ ყველაფრის ორგანული ნაწილი ხდება მეგრულენოვანი და სვანურენოვანი მოსახლეობაც, გადაწყვიტა ეს პროცესი შეეფერხებინა და ერთხანს სახელმძღვანელოები და წირვა-ლოცვა სვანურად და მეგრულად ყოფილიყო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ანალოგიური ხდება 20-იანი წლების მეორე ნახევარსა და 30-იანების დასაწყისში - მეგრულ ენაზე გამოდის გაზეთები, კომუნისტურ-ბოლშევიკური საბჭოთა ლიტერატურა, რაც პრაგმატულად არის დასაბუთებული - სამეგრელოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მშობლიური, პირველი ენა მეგრულიაო. მიუხედავად იმისა, სრულყოფილად ფლობენ თუ არა ქართულ ენას, მეგრელები თავს ქართველებად და საქართველოს ნაწილად თვლიან. საბჭოთა სისტემისთვის ეს არის საფრთხე და აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ ადამიანს მაქსიმალურად მარტივად გააგებინოს პროპაგანდა, ამიტომ მის პირველ, მშობლიურ ენაზე უნდა უთხრას სათქმელი. ეს იყო დეზინტეგრაციის ხელშეწყობა, კულტურასა და მეცნიერებაში დიქტატი, ეროვნულის მაქსიმალურად შეზღუდვა.
სისტემამ ნაციონალური განსხვავებების გაქრობა ვერ მოახერხა
- 50-იანი წლების დასაწყისისთვის სისტემა ფიქრობს, რომ ახლა სხვა მოცემულობა და სხვა თაობაა, მოსახლეობამ სხვა იდენტობა უკვე შეითვისა, ამიტომ იწყება ის, რაც ახასიათებს ტოტალიტარულ რეჟიმებსა და ამ ტიპის აქტორებს - ცნებების მითვისება, მაგალითად, როგორიცაა დემოკრატია.
საბჭოთა პროპაგანდა ყველას არწმუნებს, ეს ის დემოკრატია კი არაა, რაც დასავლეთშია, რეალური დემოკრატია ჩვენ გვაქვსო. როგორც ახლა ჩვენთან მიდის საუბარი, “ეს ის ევროპა არაა, ჩვენ რომ გვინდაო. სისტემა ხედავს, რომ მან მოახერხა ეროვნული ნაციონალური იდენტობის გარკვეული ნაწილის გადამუშავება და უკვე მუშაობს იმაზე, რომ იზოლირებული, უპირატესობის შეგრძნება გაუჩინოს ცალკე ქართველებს, ცალკე სომხებს, ცალკე ნებისმიერ სხვა ერებს, ყველაზე მეტად კი რუსებს და ასე იწყება მეხსიერების კორექცია, ისტორიის მოდელის გადასინჯვა. ოფიციალურად მიდის სსრკ ისტორიის სწავლება სკოლებსა (მთელი წლების განმავლობაში ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი რამდენიმე კლასში) და უმაღლეს სასწავლებლებში. ნებისმიერი გამოცემა რუსეთის ისტორიაა. რატომ უნდა ესწავლა მოსწავლეს სსრკ (რომელიც 1922 წელს იქმნება) ისტორიაში ივანე მრისხანეს პერიოდი, როგორც საბჭოთა კავშირის ისტორიის სახელმძღვანელოს ნაწილი? ესეც ტიპური კოლონიური რუსიფიკაციული კურსის ნაწილი იყო.ამის შედეგს ახლაც ვხედავთ - სისტემამ ნაციონალური განსხვავებების გაქრობა ვერ მოახერხა, მართალია, დაამახინჯა და სხვა კალაპოტი მისცა, მაგრამ ის არსებობს. ამიტომ არარუსი ხალხის უმრავლესობას რუსეთის ისტორია თავის ისტორიად არ გაუთავისებია, მაგრამ ამასობაში ვერც თავისი ისტორია ისწავლა - ისწავლა, რაც შესთავაზეს, ისიც იმ ფორმით, რაც სისტემას მისთვის სასარგებლოდ მიაჩნდა.
"ეს იყო იდენტობის უპრეცედენტო აფეთქება"
- რუსიფიკაციის კურსის ბოლო ფაზა ძალიან კარგად ახსოვს წინა თაობის საზოგადოებას. ის ემთხვევა სტაგნაციასა და სისტემის კრიზისის მოახლოებას. ეს არის 70-იანი წლების დასასრული.
იმხანად ცენტრალურ, ზედა დონის სახელმწიფო ბიუროკრატიასა და აპარატში, სახელმწიფო სტრუქტურებში თუ სამეცნიერო დაწესებულებებში რუსული ენა იყო გაბატონებული. სამეცნიერო ხარისხის დასაცავად სამეცნიერო ნაშრომის მშობლიურ ენაზე მომზადება არ იყო საკმარისი, რუსულ ენაზეც უნდა მომზადებულიყო და შემდეგ უკვე ცენტრიდან მიეღო დასტური. ამ რეალობაში უკვე არსებობს საზოგადოება, რომელსაც ახლებურად აქვს გათავისებული და შენარჩუნებული ეროვნული იდენტობა და კონსტიტუციაში ენის შესახებ ფორმალური ჩანაწერის უმტკივნეულოდ ამოღებას ადვილად მოახერხებენ. გასაგებია, რომ საბჭოთა კონსტიტუცია ორსიტყვიანი ანეკდოტია - არც ერთი მუხლი არაფერს ანიჭებდა მოქალაქეს და თუკი რამეს ანიჭებდა, ისიც, პრაქტიკაში სხვანაირად მუშაობდა.
1978 წლის აპრილში ენის სტატუსის დაცვას კონკრეტულ პირებს უნდა ვუმადლოდეთ, მათ შორის ყველაზე მეტად აკაკი ბაქრაძეს, რომელმაც მიაქცია ყურადღება, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამ ნაწილში რაღაც იყო განსხვავებული. მან ატეხა განგაში და არ შეუშინდა მუქარასაც კი. შემდეგ ამან მიიღო შეუქცევადი სახე და ქართულ ენას სტატუსი შეუნარჩუნდა.
იდენტობის ამ ემოციურმა აფეთქებამ გამოიწვია სრულიად გაუთვალისწინებელი უკურეაქცია, რომელიც იმდენად სწრაფი აღმოჩნდა, რომ რეჟიმმა უკან დაიხია. ტოტალიტარული რეჟიმი, რა თქმა უნდა, არ შეუშინდებოდა ძალის გამოყენებას, მაგრამ ეს არის დრო, როდესაც საბჭოეთი ცდილობს საგარეო არენაზე კომპრომისული სიგნალები გაუშვას და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის შესაბამისი რესურსები მოიპოვოს (შემდეგ უერთდება ჰელსინკის აქტს და ა.შ.). ამიტომაც მას უკან დახევამ მოუწია.
"არსად გამქრალა მოსკოვის მარადიული ტაქტიკა - დააპირისპირე, გათიშე და იბატონე"
- 80-იანი წლებიდან სსრკ-ის დაშლამდე იწყება ანტისაბჭოთა, ეროვნული და თავისუფლების იდეის გარშემო მასობრივი დიდი საპროტესტო მოძრაობები. ამ პროცესების ჩასაშლელად მოსკოვი იყენებს ტაქტიკას "დააპირისპირე, გათიშე და იბატონე" და იწყებს მოკავშირე რესპუბლიკების უმრავლესობების წინააღმდეგ ეროვნული უმცირესობების "განმათავისუფლებელი მოძრაობის" ინვესტირებას, კერძოდ, სეპარატიზმის წახალისებით. 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში რა მდგომარეობასაც ქმნის საქართველოში, შედეგებს დღემდე ვიმკით. ფაქტობრივად, საბჭოეთის დაშლის შემდეგ დღემდე არც ერთი მისი ტაქტიკა არ გამქრალა. თანამედროვე რუსეთი ყველას მუდმივად იყენებს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოში. ოკუპირებულ აფხაზეთშიც, გალის რაიონში, ფაქტობრივად იგივე მიდგომა აქვს - ადამიანებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას უკრძალავენ და აიძულებენ სხვა ენაზე ისწავლონ. კოლონიურ მოდელში, რა თქმა უნდა, არც აფხაზურის წახალისება ხდება. როდესაც საოკუპაციო რეჟიმი მოსახლეობის დიდ წინააღმდეგობას აწყდება, ცდილობს გამოიყენოს ისევ იმპერიული მიდგომა, მაშინ თქვენს მშობლიურ ენაზე, ვთქვათ, მეგრულად უნდა მიიღოთ განათლებაო. ეს არის არსენალი, რომელიც რუსულ იმპერიულ მონსტრს ჰქონდა საუკუნეების განმავლობაში. ამით ცდილობს არ დაუშვას პრეცედენტი, რომ იმპერიის მსხვერპლი ნებისმიერი ქვეყანა, ერი, საზოგადოება ამ სივრცეს დაუსხლტეს და შექმნას სხვა, დასავლური, ჰუმანური, ცივილიზებული სახელმწიფოებრიობა. ეს რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამიტომაც ანადგურებს და ასამარებს ამის ცდებს, სადამდეც ხელი მიუწვდება.