როგორ დაინგრა პუტინის გაზის იმპერია - "ბარიგა" რუსეთის პრეზიდენტი და "შავი ოქროს" რუხი სქემები - კვირის პალიტრა

როგორ დაინგრა პუტინის გაზის იმპერია - "ბარიგა" რუსეთის პრეზიდენტი და "შავი ოქროს" რუხი სქემები

ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ (The Daily Telegraph) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „როგორ დაინგრა ვლადიმერ პუტინის გაზის იმპერია: „იყო დრო, როცა „გაზპრომი“ ევროპის ბაზარს აკონტროლებდა, დღეს კი მხოლოდ წაგებას განიცდის“ (ავტორი - ტიმ უოლესი). მასალაში მიმოხილული და გაანალიზებულია რუსული ენერგეტიკული გიგანტის „გაზპრომის“ დღევანდელი არასახარბიელო მდგომარეობა.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

თუ მოსკოვის მონაცემებს დავუჯერებთ, რუსეთის ეკონომიკა იმ დროს, როცა ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება და მას დასავლეთისაგან სანქციები აქვს გამოცხადებული, უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე უნდა იყოს. იმის ნაცვლად, რომ წარმოება შენელებულიყო ან სულაც შეჩერებულიყო, ანუ აყვავებისგან შორს ყოფილიყო, სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამხედრო მრეწველობა სწრაფი ტემპით იზრდება - სულ უფრო მეტი იარაღი მზადდება აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული „ხორცსაკეპისათვის“.

საიდან აქვს რუსეთს რესურსები სამხედრო მრეწველობის სწრაფი ზრდისათვის? პირველ რიგში, ეს არის ენერგომატარებლების ექსპორტით, უპირველესად კი ნავთობის გაყიდვით მიღებული ფული, რომელიც ძირითადად სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას ხმარდება. ნავთობზე მომატებულ ფასებს კრემლის ხაზინისათვის დიდი ნაღდი შემოსავლები მოაქვს - „შავ ოქროს“ რუსეთი მეტწილად არალეგალურად ჰყიდის, ემბარგოს დარღვევით, „ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების“ მეშვეობით, მყიდველები კი - ძირითადად მიუმხრობელი ქვეყნები - მორალურად სინდისის ქენჯნას არ განიცდიან.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ვლადიმერ პუტინის ფინანსური ძლიერება, ადრინდელისაგან განსხვავებით, აღარ გულისხმობს ნაღდი ფულის შემოსავლების წყაროს - ბუნებრივი გაზის ექსპორტს, რომელიც წინა წლებში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო წყაროს წარმოადგენდა. „გაზპრომმა“, რუსეთის ენერგეტიკულმა გიგანტმა, რომლის აქციების უმეტეს ნაწილს სახელმწიფო ფლობს, ისტორიული ზარალი განიცადა, პირველად ბოლო 25 წლის - მეოთხედი საუკუნის განმავლობაში: გასულ წელს 629 მილიარდი რუბლი დაკარგა, რაც 5,5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს, ანუ 7 მილიარდამდე დოლარს უდრის.

გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლების შემცირება რუსული ბიზნესისათვის და კრემლის რეჟიმისათვის დამამცირებლად უნდა ჩაითვალოს. ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ მილსადენების ფართო ქსელმა, რომელთა მეშვეობითაც ციმბირის გაზი ევროპისაკენ მიდიოდა, ისეთი სიტუაცია შექმნა, რომლის გამოც რუსულ გაზზე დამოკიდებული დასავლელი ლიდერები უკან დაიხევდნენ და მას უკრაინის დაპყრობის ნებას მისცემდნენ.

ომამდე ეს საყოველთაოდ აღიარებულ თვალსაზრისს წარმოადგენდა. დონბასში გაჩაღებული ომისა და ყირიმის მიტაცების შემდეგაც კი დიდი ხნის განმავლობაში გერმანია კვლავ ცდილობდა რუსეთთან გაზის მიწოდების კონტრაქტების დადებას და ხელშეწყობას ახალი მილსადენების მშენებლობისათვის - გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ჩათვლით, რომელსაც გაზის მიწოდება იმ დროისთვის უნდა დაეწყო, როცა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა.

გერჰარდ შრედერმა, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, კარიერა რუსეთის ენერგეტიკის დარგში გაიკეთა მას შემდეგ, რაც მან პოსტი დატოვა - იგი, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგაც კი, თითქმის სამი თვის განმავლობაში, რუსული სანავთობო გიგანტის „როსნეფტის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სტატუსს ინარჩუნებდა.

მაგრამ როცა ევროპელი ლიდერები კრემლს არ დაემორჩილნენ, ვლადიმერ პუტინმა მათ გაზის მიწოდება შეუწყვიტა - იმედი ჰქონდა, რომ თავიანთი მოსახლეობის ცხოვრების გაძვირების გამო ისინი მოსკოვის დიქტატს დათანხმდებოდნენ. პუტინმა აქაც ვერ გათვალა - ევროპელებმა გაზის ალტერნატიული წყარო სხვაგან მოძებნეს.

გერმანიამ, რომელმაც თავისი სამრეწველო ძლიერებას იაფი რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარებით მიაღწია, უარი თქვა რუსულ ენერგომატარებლებზე. ოლაფ შოლცმა, გერმანიის კანცლერმა, დაიფიცა, რომ მისი ქვეყანა არასოდეს არა იქნებოდა დამოკიდებული გაზის მტრულ მიმწოდებელზე - რუსეთზე.

2021 წელს ევროკავშირის მიერ იმპორტირებული გაზის 40% რუსეთზე მოდიოდა, გასულ წელს კი, ევროკომისიის მონაცემებით, რუსული გაზის წილი ევროკავშირის იმპორტში 8%-მდე შემცირდა.

მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში, გაზის მიწოდების კონტრაქტების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ისინი აღარ განახლდება და, შესაბამისად, რუსული გაზის მოცულობა ევროკავშირის იმპორტში კიდევ უფრო შემცირდება.

დღეისათვის ევროკავშირში გაზის უდიდეს მიმწოდებელს ნორვეგია წარმოადგენს, რომელმაც ბოლო ორ წელიწადში გაზის გაყიდვა 79,5 მილიარდი კუბმეტრიდან 87,8 მილიარდ კუბმეტრამდე გაზარდა.

ომამდე დიდ ბრიტანეთს რუსეთიდან არასტაბილურად ძალიან მცირე მოცულობის გაზი შემოჰქონდა - ინგლისის ძირითადი მიმწოდებლები არიან ნორვეგია, კატარი და აშშ - ომის დაწყების შემდეგ კი რუსეთიდან გაზის იმპორტი საერთოდ აიკრძალა.

2023 წლის დასაწყისიდან „გაზპრომმა“ შეწყვიტა გაზის ექსპორტის შესახებ მონაცემების გამოქვეყნება, თუმცა ცნობილია, რომ გასულ წელს საზღვარგარეთული გაყიდვების მოცულობა თითქმის განახევრდა. ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპამ რუსული გაზის სხვა ალტერნატიული წყაროებით ჩანცვლება დიდი დანახარჯების წყალობით განახორციელა, მაგრამ სამაგიეროდ, მოსკოვმა სამუდამოდ დაკარგა კონტროლი ევროპის ბაზარზე.

გაიზარდა თხევადი გაზის მნიშვნელობა ევროპისათვის, რომლის მიწოდება ტანკერებით ხდება. გასულ წელს ევროკავშირმა დამატებით 40 მილიარდი კუბმეტრი თხევადი გაზის მისაღებად ახალი ტერმინალები ააგო, ხოლო მიმდინარე წელს კიდევ 30 მილიარდის მიღებას გეგმავს.

ბილ უზერბერნი, კომპანია Capital Economics-ის სპეციალისტი, ევროკავშირის მხრიდან რუსული გაზის ჩანაცვლების მცდელობას ძალიან წარმატებულად აფასებს: „ცხადია, ადრე იაფ რუსულ გაზს მილსადენებით ვიღებდით, ახლა კი ჩვენ შევძელით და თხევადი გაზის მისაღებად შესაბამისი ინფრასტრუქტურა შევქმენით“.

თხევადი გაზის დიდ ნაწილს ევროპა აშშ-დან იღებს - ფიქლების გაზის მოპოვების გაზრდის წყალობით: 2021 წლის 19 მილიარდი კუბმეტრიდან ამერიკული გაზის იმპორტმა 2023 წელს 56,2 მილიარდ კუბმეტრამდე მოიმატა. გასულ წელს კატარმაც გაუზარდა თხევადი გაზის მიწოდება ევროკავშირს - 15,5 მილიარდ კუბმეტრამდე.

ამჟამად გაზით უზრუნველყოფა ევროკავშირში სტაბილურია - იმის გათვალისწინებით, რომ სამომავლოდ აშშ ფიქლების გაზის მოპოვებას მნიშვნელოვნად გაზრდის, მაგრამ უახლოეს თვეებში გაზის ფასი შეიძლება მაინც უპროგნოზო გახდეს. გაზის ფასზე მსოფლიოში მომხდარი მრავალი მოვლენა და ფაქტორი მოქმედებს. უკვე დაფიქსირდა სიტუაცია, როცა ავსტრალიაში მომხდარი გაფიცვების გამო, გაზის ფასმა ევროპაშიც მოიმატა და ეს ხდება იმ დროს, როცა ევროპა ავსტრალიურ გაზს არ იღებს.

ამასობაში კი „გაზპრომი“ ახალი კლიენტების ძიებით არის დაკავებული. ისევე როგორც რუსულ ნავთობთან დაკავშირებით, არიან მყიდველები, რომლებიც სიამოვნებით იძენენ რუსულ გაზს და უკრაინის ამბები მაინცდამაინც დიდად არ ადარდებთ.

რუსული გაზის ექსპორტის მიმართულება შეიცვალა: დასავლეთის ნაცვლად აღმოსავლეთისაკენ - ჩინეთისაკენ და სამხრეთისაკენ - უზბეკეთში, საიდანაც, ადგილობრივ გაზთან ერთად, ახლო-მახლო ქვეყნებში ნაწილდება. ცხადია, იმდენი მოცულობით არა, როგორც ევროპაში, მაგრამ მაინც. როგორც ჯეიმს უოდელი, კომპანია Energy Aspects-ის ექსპერტი ამბობს, ევროპის გაზის ბაზრიდან წასვლის შემდეგ რუსეთი, პრაქტიკულად, გაზის გაყიდვის ბაზრის გარეშე დარჩა. „ქვანახშირთან და ნავთობთან შედარებით, გაზის ტრანსპორტირება უფრო რთულია. აუცილებელი ხდება როგორც ძვირადღირებული და გრძელი მილსადენების, ასევე თხევადი გაზის ექსპორტ-იმპორტისათვის დიდი ტერმინალების აშენება, რასაც წლები ჭირდება“, - ამბობს ჯეიმს უოდელი.

რუსეთის პრეზიდენტი სარგებლობს ერთ-ერთი ე.წ.„შავი გასასვლელით“: კრემლმა გააფართოვა თავისი ქიმიური საწარმოები, რომლებიც ნედლეულად ბუნებრივ გაზს იყენებენ, მაგალითად, გაზარდა კარბამიდის - აზოტის შემცველი სასუქის - წარმოება, რომელიც საკმაოდ მომგებიანია და რომელსაც ევროკავშირი დიდი რაოდენობით ყიდულობს. თუმცა, რა თქმა უნდა, კარბამიდით მიღებული შემოსავლები გაზის გაყიდვით მიღებულ შემოსავლებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

ასეთია ვლადიმერ პუტინის ოდესღაც უძლიერესი გაზის მოპოვება-გაყიდვის იმპერიის დღევანდელი ნარჩენები.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო