კრემლის "ქართული კულუარები" - როგორ "იბრუნებდა" შევარდნაძე აფხაზეთს და რას სწერდა სააკაშვილი პუტინს საიდუმლო წერილში - კვირის პალიტრა

კრემლის "ქართული კულუარები" - როგორ "იბრუნებდა" შევარდნაძე აფხაზეთს და რას სწერდა სააკაშვილი პუტინს საიდუმლო წერილში

საქართველოსთვის ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მთავარი პრობლემაა. ისიც ფაქტია, რომ ვინც აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ის სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს საქართველოს ისტორიაში. ყველა ხელისუფლების დროს დროგამოშვებით “ამოტივტივდება“ ხოლმე სადისკუსიო თემა - არის თუ არა შანსი, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის რაიმე ისეთი გარიგება დაიდოს, რომ რუსეთი აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თბილისის შესაბამისი დათმობების სანაცვლოდ. თუმცა, ამ დისკუსიებისას, როგორც წესი, უკანა პლანზე ინაცვლებს მთავარი კითხვა - არის თუ არა სანდო პარტნიორი რუსეთი და მის დაპირება-შეპირებას(თუ ასეთი არსებობს), აქვს თუ არა რაიმეს ფასი. პასუხები უნდა ვიპოვოთ საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

როგორ მოატყუეს რუსებმა შევარდნაძე

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ასოცირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნასთან და საქართველოს დასავლური კურსის დასაწყისთან. ეს ასეც არის. თუმცა ეს შევარდნაძემ გააკეთა მაშინ, როდესაც ყოველგვარი იმედი გადაეწურა, რომ რუსეთთან რაიმე შეთანხმებას მიაღწევდა. არადა, რუსეთი მაშინ დემოკრატიულ ქვეყნად ინიღბებოდა, სცნობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და და მისი „სამშვიდობო“ ჯარები იდგნენ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში.

შევარდნაძე რუსებმა პირველად მაშინ მოატყუეს, როდესაც აფხაზეთის ომის დროს სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმებინეს და მძიმე ტექნიკა გამოყვანინეს სოხუმიდან და თან სადმე ახლომახლო კი არა(რომ ქართულ მხარეს საჭიროების შემთხვევაში რეაგირება მოესწრო, არამედ ფოთში). შემდეგ კი იყო შეტევა სოხუმზე, რომელიც თავიდან ბოლომდე რუსი სამხედროების მიერ იყო დაგეგმილი.

აფხაზეთის ომის შემდეგ, შევარდნაძე იყო ყველაზე პრორუსული მმართველი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. სამ საკვანძო უწყებას(თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების უწყება) რუსების მიერ დანიშნული მინისტრები აკონტროლებდნენ. თავად შევარდნაძე მზად იყო, რომ საქართველოში რუსების სამხედრო ბაზები 25 წლით დაეკანონებინა. მეტიც, თბილისი მზად იყო, უარი ეთქვა ეროვნულ ვალუტაზე და საქართველო რუბლის ზონაში შესულიყო. რა თქმა უნდა, შევარდნაძე იმედოვნებდა, რომ კმაყოფილი კრემლი აფხაზეთს დააბრუნებდა.

ელემენტალურად, მეტი რაღა უნდა დაეთმო საქართველოს ხელისუფლებას? იმის იქით უკვე აღარაფერი იყო. რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები თბილისში უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე თათარსტანში ან რუსეთის სხვა რომელიმე ნაციონალურ რესპუბლიკაში.

თუმცა აფხაზეთი კი არა, კრემლს გალის რაიონის ერთი სოფელი არ დაუბრუნებია. ამ თემას კი მუდმივად იყენებდა პროვოკაციებისთვის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ შეეტყუებინა ხაფანგში, რაც ქვეყანას საბოლოოდ დაშლიდა. ასე მოხდა 1998 წელს, როდესაც კრემლმა „აჭამა“ საქართველოს ხელისუფლებას და მისცა „გარანტია“, რომ თუ ქართული ჯარი აფხაზეთში შევიდოდა, რუსი სამშვიდობოები „გაიწეოდნენ“. ამ წელს გალში გაიმართა მარულა ქართული დროშებით, სიტუაცია დაიძაბა და...რა თქმა უნდა, რუსი სამშვიდობოები არსად გაწეულან. გალის მოსახლეობა კი მეორედ იქცა დევნილად. შევარდნაძე გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა, როგორ „აჭამეს“ რუსებმა და ჯარი არ შეიყვანა გალში, თორემ 1998 წელსვე მოხდებოდა ის, რაც 2008 წელს მოხდა.

მეორედ რუსებმა საქართველოს ხაფანგში შეტყუება გადაწყვიტეს 2001 წელს. ქართულმა მხარემ პანკისში მყოფი რუსლან გილაევის რაზმი კოდორის ხეობაში გადაისროლა და გააფთრებული ბრძოლები დაიწყო. თუმცა რუსებმა მეორედ „გადააგდეს“ შევარდნაძე და ქვეყანა ბეწვზე გადარჩა, რომ უფრო უარესი სცენარით არ განვითარებულიყო მოვლენები.

წერილის მედვედევს ანუ რას სთავაზობდა სააკაშვილი პუტინს?!

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ახალი ხელისუფლება ავითარებდა ნარატივს, რომ თითქოს თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში მთავარი პრობლემა შევარდნაძე იყო. აქაოდა, შევარდნაძეს რუსები იმდენჯერ ჰყავს „გადაგდებული“, რომ მას აღარ ენდობოდნენო. სააკაშვილის ხელისუფლებას პუტინთან „დალაგების“ იმედი, სავარაუდოდ, გაუმყარა „აჭარის რევოლუციამ“, როდესაც აჭარაში იმ დროს მყოფი რუსული სამხედრო ბაზა არ ჩაერია დაპირისპირებაში და ასლან აბაშიძე რუსული თვითმფრინავით მოსკოვში გაამგზავრეს. „პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს“ - ამბობდა მაშინ სააკაშვილი გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

2008 წლის გაზაფხულზე რუსულმა გაზეთმა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა სკანდალური მასალა, რომლის მიხედვით, ქართულმა მხარემ მოსკოვს ნატოში გაწერებაზე უარის თქმის სანაცვლოდ, ოჩამჩირისა და გალის რაიონების დაბრუნება მოსთხოვა. წერილის მიხედვით, თბილისის რუსეთს ფაქტობრივად, აფხაზეთის ორად გაყოფას სთავაზობდა - ოჩამჩირესა და გალს ქართველები აკონტროლებდნენ, კოდორის იქით ტერიტორიას კი დე ფაქტოდ რუსები.

სააკაშვილის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო „კომერსანტში“ გავრცელებული ინფორმაცია. თუმცა მოგვიანებით, თავად მიშამ ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ...

სააკაშვილმა 2013 წელს „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წლის აპრილში მან წერილი მისწერა პუტინს, რომელიც მაშინ რუსეთის პრემიერი იყო(თუმცა რეალური მმართველი რომ პუტინი იყო, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა).

“ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვართ, ვთქვათ ნატოზე უარი, ჩვენ ხელშეკრულებით ვართ მზად, ვთქვათ უარი ამერიკასთან უფრო წინწასულ ურთიერთობებზე, თუ თქვენ, თავის მხრივ, დაგვეხმარებით ტერიტორიებზე პროგრესზე, ოღონდ ეს ხელშეკრულებით დავაფიქსიროთ. ამაზე პუტინი არც დაფიქრებულა, შემოგვხედა, გაიღიმა და თქვა: ბიჭებო, ჩვენ თქვენს ტერიტორიებს თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე არ ვცვლით, რაც რას ნიშნავდა, რომ ტერიტორიებს ისედაც წაგართმევთ…” - აცხადებდა სააკაშვილი 2013 წელს.

სააკაშვილის თქმით, 2008 წლის მაისში მან წერილი უკვე რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს მისწერა.

„მივწერე, რომ ვიცი, გაქვთ ინტერესები კურორტებზე, ბაზებზე… ჩვენ ლტოლვილები ვერ შეგვყავს, გადაინაცვლეთ კოდორის ჩრდილოეთით და შევიყვანოთ ლტოლვილები, სანაცვლოდ, დაგიკანონებთ სოხუმის აეროპორტით, რკინიგზით სარგებლობას, დაგიკანონებთ ყველაფერს, რაც თქვენ გინდათ. პრაქტიკულად ყველაფერს გაგიკეთებთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ არ გინდათ ომი, ომი არ მიხსენებია, მაგრამ რაც შეიძლება მოვიფიქრო, თუ მათ მართლა ომი არ უნდათ, ყველაფერი მივცეთ და დაწყნარდნენ. ბევრმა უცხოელმა თქვა მაშინ, პრაქტიკულად ამით აფხაზეთის გაყოფას თავაზობთო. რა თქმა უნდა, ეს არ იყო აფხაზეთის გაყოფა, იმიტომ, რომ სუვერენიტეტი ჩვენი რჩებოდა, მაგრამ დე ფაქტო ვაკანონებდით გრძელვადიანად მათ ინტერესებს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში”.

მხოლოდ შეგახსენებთ - როდესაც სააკაშვილი წერილებს სწერდა პუტინსა და მედვედევს და ნატოზე უარის თქმას ჰპირდებოდა, საქართველოში უკვე ჩატარებული იყო პლებისციტი(2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად), რომლის თანახმად, ამომრჩეველთა 77%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრებას.

შევარდნაძის არ იყოს, მეტი რაღა უნდა შეეთავაზებინა სააკაშვილს რუსეთისთვის? ფაქტობრივად, ყველაფერს უკანონებდა, რასაც პუტინი ხელს დაადებდა, თუმცა...რამდენიმე თვეში იყო 2008 წლის აგვისტოს ომი.

თავად განსაჯეთ, აქვს თუ რაიმე საფუძველი ზოგიერთის იმედს, რომ მოსკოვთან რაიმე გარიგება-მორიგება შეიძლება.