აფხაზური შიშები:"არიქა, ქართველები მოდიან!" - "არძინბას კაბინეტში შეუცვივდნენ, უკანასკნელი სიტყვებით აგინეს და ხელითაც შეეხნენ" - კვირის პალიტრა

აფხაზური შიშები:"არიქა, ქართველები მოდიან!" - "არძინბას კაბინეტში შეუცვივდნენ, უკანასკნელი სიტყვებით აგინეს და ხელითაც შეეხნენ"

"რუსეთი ჩვენს მიწებს იტაცებს... აფხაზეთი სუვერენიტეტს კარგავს", - ეს არის ყველაზე ხისტი განცხადება, რაც გასული წლის დეკემბერში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შემდეგ სოხუმში გაისმა. აფხაზები სოციალურ ქსელებში რუსეთის გამო უკმაყოფილებას არცთუ იშვიათად გამოხატავენ, თუმცა უშუალოდ რუსეთს კი არ აკრიტიკებენ, არამედ დე ფაქტო ხელისუფლებას ადანაშაულებენ აფხაზთა ინტერესების გაყიდვაში.

გავლენიანმა რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკედონოვმა აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგთან ინტერვიუში "შეახსენა" აფხაზებს, რომ რუსეთი მათი უსაფრთხოების გარანტიაა, ერთადერთი გასასვლელი მსოფლიოში, რუსეთის გარეშე აფხაზეთი ჩაიკეტება და აღარ განვითარდება. რუსეთიდან მოდის დოტაციები, ინვესტიციები და მოსკოვმა სანაცვლოდ რაღაც ხომ უნდა მოითხოვოს? ამგვარი პოლიტიკა რუსეთის მოგონილი არ არის, ყველა ასე იქცევაო, უკვირს მარკედონოვს.

"აფხაზებმა დაინახეს, რომ უსაფრთხოების გარანტია არ ყოფილა უფასო“

ალექსანდრე კვახაძე, ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტი: - აფხაზები ხედავდნენ, რომ რუსეთისთვის აფხაზეთი არ იყო პრიორიტეტული, ამიტომ ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდნენ, თუნდაც რუსი ტურისტების დამცირებაზე, რაც აფხაზეთში ლამის ყოველდღიურად ხდება, რუსი ბიზნესმენების რეკეტზე. გარდა ამისა, წლებია რუსები ითხოვენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ამ შემთხვევაში რუსებისთვის, უძრავი ქონების ყიდვის დაკანონებას, რასაც აფხაზები ეწინააღმდეგებიან. თუმცა, ბოლო პერიოდში კრემლის მოთხოვნები გამკაცრდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დაინიშნა, კრემლის ერთ-ერთი იდეოლოგის, სურკოვის "მოსწავლე". ახლა აფხაზებმა დაინახეს, რომ რუსეთი უფასო უსაფრთხოების გარანტია არ ყოფილა, ის კი არა, ახლა კრემლი საფასურს ითხოვს.

უკმაყოფილებას იწვევს „ე.წ. უცხოური აგენტის“შესახებ კანონიც, რომელიც რუსეთის მოთხოვნითაა ინიცირებული. აფხაზების ეროვნული იდეის ერთ-ერთი ფუნდამენტია დემოგრაფია და თურქეთიდან აფხაზური დიასპორის დაბრუნება. თურქეთში დაახლოებით 200 000 აფხაზი ცხოვრობს და დაბრუნების შემთხვევაში ყველა პოტენციურად უცხოური აგენტი იქნება. ამიტომ ეს კანონი რეპატრიაციის პერსპექტივებსაც ჯვარს უსვამს. ყველა ეს ფაქტორი ამიტომაც ბადებს შიშს და ნეგატიურ განწყობას აფხაზებში.

ტელეგრამარხებზე თუ სხვა სოციალურ ქსელებში ძალზე უარყოფითად მოიხსენიებენ ინალ არძინბას, პირდაპირ წერენ, რუსეთიდან დასმული, რუსეთიდან მოვლენილი იუმორისტიო. რუსეთზე პირდაპირ აგრესიულ კომენტარებს ერიდებიან, მხოლოდ ირიბად წერენ. მოჰყავთ ასეთი მაგალითიც, რომ პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ რუსეთის დიდ ზეწოლას გაუძლო, პრინციპული უარი უთხრა რუსეთს, და ის დიდი პოლიტი­კოსი იყო, ხოლო დღევანდელი ელიტა­ აფხაზთა ინტერესებს ყიდისო. რუსეთ­თან პრეტენზიები აქვთ, რომ ის სუვერენიტეტის დათმობას ითხოვს, მაგრამ ამაში უმეტესად თავიანთ დე ფაქტო ხელისუფლებას ადანაშაულებენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოზე "გული მოუბრუნდათ". ქართველების დაბრუნება აფხაზებისთვის უდიდესი კოშმარი იქნება. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში რუსების წინააღმდეგნი არიან, ქართულ საფრთხეს ეს ვერ გადაწონის.

"როცა აფხაზები რუსეთს აკრიტიკებენ, ეს უბრალოდ პატრონით უკმაყოფილებაა“

პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - რუსეთით უკმაყოფილება ჯერ კიდევ 2011 წელს გაჩნდა, როდესაც აფხაზეთში საეკლესიო კვაზიწარმონაქმნი, ახალი ათონის ე.წ. მიტროპოლია შეიქმნა.­ რუსეთი აფხაზურ ეკლესიასაც თავის საკუთრებად თვლიდა და ამ მიტროპოლიის შექმნამ განარისხა, თუმცა აფხაზმა საზოგადოებამ დაიცვა ეს ეკლესიური წარმონაქმნი. ამის შემდეგ ეს დამოკიდებულება არ შენელებულა.

რუსეთი აფხაზებს სულ უფრო ხშირად სთავაზობს მიუღებელ წინადადებებს­ და უკმაყოფილებაც არ ნელდება. მაგალითად, წლებია მოსკოვი უშედეგოდ ცდილობს აფხაზეთში მიწის პრივატიზაციას, რომ ბინების შეძენა ნებადართული იყოს რუსებისთვის. რადგან რუსებმა ბინები ვერ ჩაიგდეს ხელში, ახლა მოიგონეს აპარტ-ოტელების აშენება. ბოლო დროს ამას დაემატა„აგენტების შესახებ კანონის მიღების სურვილი, მაგრამ აფხაზები წინააღმდეგობას უწევენ. თუმცა ჩემმა ჩამონათვალმა არ მინდა შექმნას განცდა, რომ აფხაზები რუსებს ყველაფერში ეწინააღმდეგებიან. მაგალითად, ეთანხმებიან მის საგარეო პოლიტიკას უსაფრთხოების საკითხებში, ბაზების განლაგებაში, სამხედროების განთავსებაში, აეროპორტის რეკონსტრუქციაში და ასე შემდეგ.

ამის მიუხედავად, ბიჭვინთის აგარაკების გამო მიტინგები გაიმართა. აპარტამენტების აშენებაზე განხილვები არ დაწყებულა, ამიტომ ხალხი ჯერ ქუჩაში არ გამოსულა. პრესა აჭრელებულია, დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ. ბიჭვინთის აგარაკების გადაცემისას პირდაპირ ამბობდნენ, რომ რუსეთი აფხაზეთის­ ტერიტორიის მითვისებას ცდილობს, ჯერ ცალი ხელით დაიცვა მათი სუვერენიტეტი, მაგრამ ახლა მეორე ხელით ართმევს. რუსეთს აფხაზეთის ანექსია სურსო. ერთმა ოკუპაციაც ახსენა, მაგრამ სხვებმა გააჩუმეს, ეგ ქართული ნარატივიაო... აფხაზები როცა რუსეთს აკრიტიკებენ, ეს პატრონით უკმაყოფილებაა. გაბრაზებულები არიან, მართალია, რუსეთი მათი "მფარველი", "უსაფრთხოების გარანტიაა", მაგრამ სამართლიანად არ იქცევა. პატრონის შეცვლა კი არ უნდათ, პატრონის გამოკეთება სურთ. არა მგონია, აფხაზებმა კრემლის კრიტიკა გაამძაფრონ. თუმცა შესაძლოა აპარტამენტების საკითხი გახდეს გადამწყვეტი. თუ რუსეთმა "პარლამენტში" გაათრია აპარტამენტების თემა და მშენებლობა დაიწყო, შეიძლება ამან აფხაზი საზოგადოების ტონალობა შეცვალოს.

"რუსეთმა ბევრი რამ გააკეთა ისეთი, რაც აფხაზეთის დღევანდელ ფსევდოდამოუკიდებლობას ფიქციად აქცევს“

მამუკა არეშიძე, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი: - 1993-94 წლების ამბავს თუ მოვყვებით, რუსეთის მიმართ უზარმაზარი მოწიწება და კეთილგანწყობა იყო. 2008 წელსაც, როდესაც "დამოუკიდებლად" აღიარეს, მოსკოვი იყო მათთვის მთავარი ხატება. გაიძახოდნენ, რუსულ ზღვაში დახრჩობა გვირჩევნია, ვიდრე ქართულ ჭაობშიო, და ამით რუსეთის სიდიდის უპირატესობას მიანიშნებდნენ.

2008 წლის შემდეგ მდგომარეობა თანდათან შეიცვალა. წლების განმავლობაში ისეთ დოკუმენტებზე მოაწერინეს აფხაზებს ხელი, რომ უამრავი ფუნქცია მოსკოვზე გადავიდა. მაგალითად, თავდაცვის ფუნქციები რუსეთს აქვს გადაბარებული, გაიხსნა სამხედრო ბაზები, შეიქმნა ერთიანი სამართლებრივი სივრცე, რისი მიხედვითაც აფხაზური კანონები რუსულ კანონებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. რუსეთმა ბევრი რამ გააკეთა ისეთი, რაც აფხაზეთის დღევანდელ ფსევდოდამოუკიდებლობას ფიქციად აქცევს.

დღეს აფხაზეთში ამბობენ, რომ სერგეი ბაღაფში სწორედ რუსეთთან წინააღმდეგობას შეეწირა. ის რუსეთის კლინიკაში მოულოდნელად გარდაიცვალა და სოხუმში დღემდე მიაჩნიათ, რომ მოწამლეს. 2010 წლის შემდეგ რუსეთმა თავისი სურვილების დემონსტრირება დაიწყო და ამისთვის თავისი ხალხიც გამოგზავნა. კრემლში გამოზრდილი ინალ არძინბა დაანიშნინეს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად. აფხაზეთში ყველამ იცის, რომ არძინბა რუსული პოლიტიკის გამტარებელი და მომავალი დე ფაქტო პრეზიდენტია. ყველაზე მთავარი საკითხი მიწების გასხვისებას ეხება. აფხაზები მიწების გასხვისების აკრძალვას კბილებით იცავენ, რუსეთმა კი შანტაჟი დაიწყო - მაგალითად, რუსეთიდან მაისში გამოსაგზავნი ტრანში წლის ბოლომდე არ გამოგზავნა; აფხაზებს შეჰპირდა გაზიფიცირებას, თუმცა არ აკეთებს, რათა დაუმორჩილებელი აფხაზი საზოგადოება მუდმივად ენერგოკრიზისში ამყოფოს. ამ შანტაჟმა რომ არ გაჭრა, უკვე აგრესიაზეც გადავიდნენ - როცა უნდათ ჩაკეტავენ ფსოუზე საზღვარს, აფხაზ აქტივისტებს აკავებენ, ჩხრეკენ, დაკითხვაზე მიჰყავთ. მუდმივად მიუთითებენ, რომ ბიჭვინთის საკითხი "სწორად გადაწყვიტონ" და მესამე პირზე გასხვისება დაუშვან, აპარტ-ოტელების მშენებლობას დათანხმდნენ. ბოლოს ინალ არძინბა მოსკოვში დაიბარეს და მეტის გაკეთება მოსთხოვეს. მოსკოვიდან ჩამოსულმა არძინბამ აგენტების შესახებ კანონი შეატანინა დე ფაქტო პარლამენტში და არასამთავრობოებთან დაიწყო ომი. როგორც მითხრეს, ამ კანონის და მიწების საკითხზე ერთი კვირის წინ აფხაზები კაბინეტში არძინბას შეუცვივდნენ, უკანასკნელი სიტყვებით აგინეს და ხელითაც შეეხნენ.

წაიკითხე ვრცლად:„აფხაზებისთვის საქართველო #1 მტერია, რუსეთი კი - პრობლემა“