პუტინ-ბერლუსკონის ურთიერთობის სკანდალური ამბები - "ამის დანახვაზე ბერლუსკონი ცუდად გახდა და გული აერია" - კვირის პალიტრა

პუტინ-ბერლუსკონის ურთიერთობის სკანდალური ამბები - "ამის დანახვაზე ბერლუსკონი ცუდად გახდა და გული აერია"

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ვლადიმერ პუტინმა ირემს გული ამოაჭრა და სილვიო ბერლუსკონის საჩუქრად მიართვა, იტალიელი პრემიერი კი ამის დანახვაზე ცუდად გახდა და გული აერია“ (ავტორი - ნიკ სქვაირსი), რომელშიც გადმოცემულია რუსეთისა და იტალიის ლიდერების ახლო ურთიერთობის ამსახველი ეპიზოდები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აწ უკვე გარდაცვლილი სილვიო ბერლუსკონის თანაპარტიელი, ექსსენატორი ფაბრიციო ჩიჩიტო აცხადებს, ვლადიმერ პუტინს ნადირობის დროს ირემი მოუკლავს, მისთვის გული ამოუჭრია და საჩუქრად მიურთმევია იტალიის პრემიერისათვის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად იყო, სილვიო ბერლუსკონი კი ამ სცენის დანახვით ცუდად გამხდარა და გული არევია.

ფაბრიციო ჩიჩიტო სილვიო ბერლუსკონის მიერ დაარსებული მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის - „იტალიისათვის“ წევრი გახლავთ. მისი თქმით, სენიორ ბერლუსკონი ხშირად ამაყობდა ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობით და ერთხელაც მან გაიხსენა, თუ როგორ მონაწილეობდა 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ნადირობაში, ზამთრის პერიოდში, მის აგარაკთან ახლოს.

„ვლადიმერ პუტინმა ნადირობის დროს თავისი სახე ისეთი სასტიკი მხრით აჩვენა, რომ მე ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთ მოქმედებას, ერთი შეხედვით, კეთილი და რაციონალური ადამიანი გამოავლენდა“, - უთქვამს იტალიის პრემიერ-მინისტრს, როგორც ამას ფაბრიციო ჩიჩიტო იხსენებს, გაზეთ „კორიერე დელა სერასთვის“ (Corriere della Sera) მიცემულ ინტერვიუში, - „პუტინმა მითხრა, - მოდი, ვინადიროთო. მე ვუთხარი, - რა ნადირობა? ცხოვრებაში არასდროს ხელში თოფი და შაშხანა არ ამიღია-მეთქი. მან კი დაბეჯითებით მთხოვა და მეც იძულებული გავხდი, გავყოლოდი“.

იტალიის პრემიერ-მინისტრი და რუსეთის პრეზიდენტი ტყეში, თოვლში მიდიოდნენ, როცა ვლადიმერ პუტინმა ორი შველი დაინახა. მან სტუმარს მიანიშნა, რომ პირველი გასროლა მას განეხორციელებინა. და როცა სილვიო ბერლუსკონიმ უარის ნიშნად თავი გაიქნია (მას ხომ ნადირობა არ აინტერესებდა!), მაშინ კრემლის ლიდერმა გადმოიღო თავისი შაშხანა, დაუმიზნა, ესროლა და ორივე შველი მოკლა.

„ვლადიმერ პუტინმა კმაყოფილმა შემომხედა და მითხრა: „დღეს მე არაჩვეულებრივი კერძით გაგიმასპინძლდები“, - უყვება სილვიო ბერლუსკონი ფაბრიციო ჩიჩიტოს, - „იგი მოკლულ ირმებთან მივიდა, ამოიღო მონადირის დანა, ერთ-ერთი შველს მკერდი გაუჭრა, გული ამოიღო და მცველის მიერ მიტანილ ლანგარზე დადო, შემდეგ კი ლანგარი, სისხლიანი გულით, სილვიო ბერლუსკონის მიართვა: „აი, ამ ხორცისგან ძალიან გემრიელ საჭმელს მოგიმზადებ“. იტალიის პრემიერ-მინისტრი ამის დანახვაზე ცუდად გახდა: „მე უკან დავიხიე, ხესთან მივედი და გული ამერია“.

როგორც ცნობილია, სილვიო ბერლუსკონისა და ვლადიმერ პუტინის ახლო ურთიერთობა თითქმის ოცი წელს გრძელდებოდა. კრემლის ლიდერი ხშირად დადიოდა თავისი იტალიელი მეგობრის მიერ გამართულ წვეულებებზე და - პირიქით. არსებობს ფოტოსურათები, რომლებზეც ისინი ბურთს თამაშობენ, ბერლუსკონის პუდელთან ერთად, რომის რეზიდენციაში, აგრეთვე, ზამთარში, მოსკოვთან ახლოს, გრძელყურებიან ბეწვის ქუდებში გადაღებულნი. მათ ერთმანეთისათვის ბევრი სუვენირი აქვთ ნაჩუქარი.

როცა რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინასთან ომი დაიწყო, იტალიის ყოფილმა პრემიერმა რუსეთის ლიდერთან თავისი ახლო ურთიერთობის გამო თითქოს ბოდიში მოიხადა, მაგრამ იქვე გაიხსენა, რომ მან რუსეთის ლიდერისაგან, როცა 86 წელი შეუსრულდა, საჩუქრად 20 ბოთლი რუსული არაყი და „გულთბილი“ წერილი მიიღო.

სილვიო ბერლუსკონის ასეთმა ფამილარულმა გამონათქვამებმა უკრაინის მთავრობის აღშფოთება გამოიწვია, ხოლო უკრაინელმა დიპლომატებმა რომში განაცხადეს, რომ „20 ბოთლი უფასო არაყი არასაკმარისი საჩუქარია დამნაშავე და მკვლელ რუს დიქტატორთან მეგობრობის გასაგრძელებლად“. მოგვიანებით თვითონ სილვიო ბერლუსკონიმ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის მიზანი იყო კიევში „წესიერი ადამიანების“ მთავრობაში მოყვანა: „სავარაუდოდ, რუსეთის არმია კიევს ერთ კვირაში აიღებდა, კრემლი ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებას და მთავრობას ნორმალური, წესიერი ადამიანებით შეცვლიდა, ცოტა ხნის შემდეგ კი არმია რუსეთში დაბრუნდებოდა... მაგრამ ამის ნაცვლად რუსები მოულოდნელად უკრაინელთა წინააღმდეგობას წააწყდნენ, შემდეგ კი დასავლეთმა კიევისადმი ყველანაირი იარაღის მიწოდება დაიწყო...“.

სილვიო ბერლუსკონი 2023 წლის ივნისში გარდაიცვალა, რუსეთ-უკრაინის ომი კი დღემდე გრძელდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო