დოღურაშის ხეობის საოცრება - კვირის პალიტრა

დოღურაშის ხეობის საოცრება

დოღურაშის ხეობაში, ლეჩხუმის მუნიციპალიტეტში, არტემ ონიანს კარგად იცნობენ. მშრომელმა მეურნემ თავის საყვარელ კუთხეში მშვენიერი ფერმერული მეურნეობა ნულიდან განავითარა, ამისთვის კი ბევრი იწვალა. იმ ადგილას, რომელსაც ახლა ბევრი ადამიანი სტუმრობს, მათ შორის, უცხოელები, 10-15 წლის წინ ველური ბუნების გარდა არაფერი იყო; არც გზა და არც მეურნეობისთვის საჭირო პირობები. ტერიტორია ეკალბარდით იყო დაფარული. ბატონმა არტემმა ადგილი ჯერ აუქციონის წესით შეისყიდა, შემდეგ კი ტერიტორია მოასუფთავა. პრობლემების მიუხედავად, ჩანაფიქრი და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა.

არტემ ონიანი:

- ლეჩხუმში დავიბადე, ფეხი ავიდგი და რაც კი კარგი რამ ვისწავლე, მხოლოდ აქ... მიყვარს შრომა, ბუნება, სიახლის ძიება. ამ სიახლის ძიებითა და სიყვარულით სოფელ დოღურაშში, ლეჩხუმის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა მდინარე ჩამოედინება და საუკეთესო კალმახი იცის, 10 წლის წინ ეკოტურისტული ობიექტის შექმნა გადავწყვიტე. ჩემი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ულამაზესი ბუნება ნამდვილად მიწყობდა ხელს. ყველაფერთან ერთად, 100 მეტრში მდინარე ცხენისწყალიც ჩამოედინება. რაკი გადაწყვეტილი მქონდა ამ ტერიტორიის სამეურნეო და დასასვენებელ ადგილად გადაქცევა, ამიტომ თავიდან აქაურობა მოვასუფთავე. ჩავდგი კოტეჯები, ღვინის სადეგუსტაციო მარანი, საკალმახე აუზები და არაერთი ობიექტი გავმართე.

- ადგილობრივ კალმახს ზრდით?

- ჩვენი კალმახი საკვებს რომ უყრი, არ მოდის, იმალება, არ შინაურდება და ამიტომ ამერიკული კალმახი შემოვიყვანე. ამერიკული უკეთესია, შინაურდება, საჭმელზე მოდის, თავისი ქვირითით მრავლდება და სწრაფად იზრდება. ჩათვალეთ, რომ ჩვენს მდინარეში გაზრდილი ამერიკული კალმახი იგივე ბუნებრივი კალმახია ისეთ წყალსა და საუცხოო პირობებშია.

- ამ წყალს სასმლადაც ხომ არ იყენებს მოსახლეობა?

- კი, იყენებენ და კალმახისთვისაც საუკეთესო სასიცოცხლო პირობებს ქმნის. თევზი კარგად იზრდება და არანაირ დაავადებას არ იღებს. გამდინარე, სუფთა წყალია და შესაბამისად, გემრიელი. არსად არ გუბდება, სადაც წყალი თავის თვისებებს დაკარგავდა. ეს თევზის ზრდაზეც აისახება.

3de10f6e-64f7-456f-813e-2bdd61a9ee35-1715075371.jpg

- კალმახს თქვენი ტურისტული ობიექტისთვის იჭერთ თუ ყიდით კიდეც?

- ჩვენი ტურისტული ობიექტისთვის ვიყენებ. გარდა ამისა, გვაქვს ჩვენი ყურძენი, ღვინო. 5 ჰექტარზეა ვენახები გაშლილი, სადაც მოდის ოჯალეში, ცოლიკაური, ალექსანდროულ-მუჯურეთული - ხვანჭკარისთვის, უსახელოური, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არა ჰყავს, ძელშავი. ასევე გვაქვს ჩვენივე ხილი: ვაშლი (100 ძირი), ქლიავი (100 ძირი), კაკალი, კარგი ბაღები გვაქვს. ამ სეზონზე 50 ძირი ბალი დავრგე - ზოგი შავი, ზოგი თეთრი, ზოგი ლალისფერი. ამ ყველაფერს ვუვლი და სტუმრებს ამაში ფულს არ ვახდევინებ, შეუძლიათ ბაღში შევიდნენ, დაკრიფონ, მიირთვან და თანაც წაიღონ.

მოგვყავს ასევე სიმინდი და საკუთარი მჭადის ფქვილი გვაქვს - ყველაფერი ნატურალურია. რაც არა გვაქვს, აქაურ სოფლებში ვყიდულობ - ხბოს, გოჭს, დეკეულს.

ვენახის მოვლას აპრილის დასაწყისში ვიწყებთ და ოქტომბრის შუა რიცხვებში ვამთავრებთ. შრომატევადი საქმეა მისი მოვლა, ყურძნის მოყვანა, დაკრეფა. მთელი ციკლის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა შეწამლო, გასხლა, ააკრა. დიდი შრომის პარალელურად, ყველაფერი დიდ ხარჯთანაც არის დაკავშირებული. ღვინოს ოჯახურად ვაყენებთ... საფრანგეთშიც ვიყავით მიწვეული და წაღებული გვქონდა ჩვენი ცოლიკაური, თეთრი ღვინო, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა.

ასევე მაქვს საუკეთესო კონიაკი. ფრანგები და იტალიელები აქ რომ ჩამოდიან, ჩემს დაყენებულ კონიაკზე გიჟდებიან. ღვინის სპირტზე ვამზადებ. ვცდილობ ისეთი რაღაცები გავაკეთო, რასაც სხვაგან ვერ ნახავენ ან იშვიათად შეხვდებიან.

7a993e8e-47a2-4909-9121-dd4debc804f81-1715075370.jpg

- მაშ, თქვენს სადეგუსტაციო მარანში შემოსვლა ურიგო არ უნდა იყოს...

- ასეა. სადეგუსტაციო მარანში სტუმრები ჩურჩხელას თავად ავლებენ ხოლმე... თონეც გვაქვს. თონეში გოჭებიც იწვება.

- როგორი იყო დამოკიდებულება, როდესაც ამ საქმეს მოჰკიდეთ ხელი მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია ან ემიგრაციაშია. სჯეროდათ თქვენი წარმატების?

- იყო მომენტები, როცა ხელს ჩავიქნევდი, მაგრამ გავიდოდა 2-3 დღე და ენერგიას მოვიკრებდი, თანხებს მოვიძიებდი და კვლავ განვაგრძობდი შრომას. ამ ყველაფრის გამო, სანამ შვილები სტუდენტები მყავდა, ბევრი რამ აკლდებოდათ, მაგრამ ახლა კმაყოფილი არიან. ოჯახში არ მელაპარაკებოდნენ, მთელი ფული ამაში მიდიოდა, ეს რას ბოდავსო. ამგვარმა დამოკიდებულებამ მეტი სტიმული მომცა. როცა წვალობ და არ ჩერდები, შედეგს იღებ. ახლა ატრაქციონებისა და საბაგიროების მოწყობას ვაპირებ, რადგან ვითვალისწინებ ხოლმე სტუმრების რჩევას. ის კი არ მინდა აქ მხოლოდ ფული ვიშოვო. მინდა ჩემი ლეჩხუმი წარმოვაჩინო ჩემი ღვინით, ქცევით, მასპინძლობით.

დოღურაშის ხეობა ბავშვობიდან მიყვარს. აქ დავდიოდი სათევზაოდ, სოკოზე, სალაშქროდ, აქ არის ისტორიული მნიშვნელობის ტაძრები, ძეგლები. მიხარია, რომ ამას სხვებიც ნახულობენ.

9941d633-49ef-4dd8-845d-bb42fd5192bf-1715075370.jpg

- ამ სიყვარულმა განაპირობა აქ აგროტურისტული ბაზის აგება - გარდა იმისა, რომ თქვენი ჩანაფიქრი განახორციელეთ, სამუშაო ადგილებიც შექმენით. რამდენი კაცი გყავთ დასაქმებული?

- მუდმივად ხუთი, დანარჩენს სეზონისა და საჭიროების მიხედვით ვქირაობ, მაგალითად, კალმახის ამოსაყვანად, კალმახისა და ვენახის მოსავლელად, ყურძნის დასაკრეფად. დამხმარე ძალად, ალბათ, ასე, 20 კაცია ხოლმე.

მე თვითონაც ყოველდღიურად მიწევს შრომა. ყველაფერს ვამოწმებ. ტურისტები თუ ადგილობრივი სტუმრების ნაკადი სულ გვყავს.

- რაიმე გრანტით ხომ არ გისარგებლიათ?

- მოვიგე პროექტი "აწარმოე საქართველოში". დამიფინანსეს კალმახის საკვების დასამზადებელი. სპეციალური დანადგარებია, თევზისთვის საკვებს ამზადებს. ხორბალი, სიმინდი იფქვება, ირევა და გრანულატორის მეშვეობით თევზის საკვები მზადდება.

f9cfe744-38b7-44a0-b150-136651225ecb-1715075371.jpg

- ამ წლებისა და შრომის შემდეგ რა დასკვნა გამოიტანეთ?

- ამ ყველაფერზე სამეცნიერო შრომა და ხარისხი მაქვს ლამის დაცული - ბევრი რამ ვისწავლე. ბევრჯერ ვთქვი, გაჭირვებულს ვერ დავეხმარები-მეთქი, იმიტომ, რომ ვისაც ხელი გავუწოდე, ყველამ მაზარალა, გული მატკინა, მაგრამ ადამიანი რაც ხარ, ის იქნები სულ. არ იცვლები. ცუდი ცუდად რჩება, კარგი - კარგად.

საქართველოს ყველა მაღაზიაში მაქვს ღვინო შეტანილი, ალბათ, 100.000 ლარის პროდუქტი მაქვს დაკარგული. თანხა ვერ ამოვიღე. ვიღაც გაკოტრდა, ვიღაცამ ვერ გადაიხადა და ასე.

ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ღვინით აქ, ჩვენს ხეობაში მოსულ სტუმრებს გავუმასპინძლდე. ნატურალურ ღვინოს იმდენს ვაყენებ, რაც მჭირდება და აქ მეყიდება.

- გვარი კი სვანური გაქვთ, მაგრამ სვანეთში გიცხოვრიათ?

- ჩემი წინაპარი სვანეთიდან არის წამოსული. სახლი მაქვს იქ, სვანი კი ვარ წარმოშობით, მაგრამ სულით და გულით - ლეჩხუმელი. ამასთან, დედა მყავს ლეჩხუმელი. მერე კიდევ, რაშიც შრომას ჩადებ, ის ადგილი და საქმე განსაკუთრებულად გიყვარს.