სიყვარულით შთაგონებული სააღდგომო კომპოზიციები - კვირის პალიტრა

სიყვარულით შთაგონებული სააღდგომო კომპოზიციები

მსახიობი და რეჟისორი ციცინო კობიაშვილი ჩვენი სტუმარი ადრეც ყოფილა. ის მცენარეების დიდი მოყვარულია, სადაც უნდა ცხოვრობდეს, მის ირგვლივ ყვავილები სულ ხარობს. შარშან ზაფხულში, ფასანაურში, ოჯახის ეზო-კარში გასაოცარი ვარდების ბაღს უვლიდა. თითოეული საგანგებოდ აქვს შერჩეული. მცენარეებს უვლის თბილისშიც.

ამასთან, ბოლო წლებია, საზოგადოებას საკუთარი ხელით შექმნილი საშობაო და სააღდგომო სამშვენისებიც წარუდგინა. ეს მისი საყვარელი გატაცებაა. დღესასწაულების დღეებში ყოველწლიურად საახალწლო სათამაშოებს, დეკორის ნიმუშებს თუ სააღდგომო კვერცხებს ამზადებს.

სააღდგომო განწყობა ყველა მართლმადიდებლის სახლში იგრძნობა და ქალბატონი ციცინოც ამ დღესასწაულისთვის საგანგებოდ ემზადება.

cd248c2e-b6df-4ac5-81fd-f2403d52e159-1715076554.jpg

წლეულს კი, დღესასწაულის წინადღეებში, სპექტაკლის პრემიერა ჰქონდა - ამერიკელი დრამატურგის, ჯონ პატრიკის პიესა "უცნაური მისის სევიჯი" დადგა. "კარგი პიესაა, რაღაცები ცოტა გადავაადგილე, უფრო შეიკრა, დინამიკური გახდა. მაყურებელს მოეწონა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სპექტაკლს სათქმელი წამოეღო", - გვითხრა ქალბატონმა ციცინომ, სანამ დავიწყებდით საუბარს წინასააღდგომო სამზადისისა და საყვარელი გატაცების შესახებ..

ციცინო კობიაშვილი:

- როგორც ყველა ქრისტიანისთვის, აღდგომა და შობა ჩემთვისაც უმნიშვნელოვანესი დღესასწაულებია. წინასწარ ვყიდულობ ყველაფერს და ვემზადები. ვაცხობ პასქებს, რასაც თითქმის ორი დღე მაინც უნდა ხოლმე. ჯეჯილს ვთესავ, კვერცხებს ვღებავ. ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მთელ მარხვას ვერ ვინახავ და ბოლო კვირას დავიცავი.

- სააღდგომო სუფრას თქვენი კომპოზიციები, ხელით შექმნილი სააღდგომო კვერცხები ამშვენებს. მოგვიყევით ამის შესახებ...

- ეს ყველაფერი დეკუპაჟია, რასაც მხატვრობასთან ნაკლებად აქვს კავშირი. დეკუპაჟი არის ნახატის გადატანა რაღაც ნივთზე - თეფშზე, ჭიქაზე, ბოთლზე, ფიცარზე, ზარდახშაზე, ავეჯზე, მერე კი გადაყვანილი ნახატი მუშავდება. ყველაფერი მაინც შენს ხედვასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. ვისაც ამასთან ერთად ხატვაც ეხერხება, რა თქმა უნდა, ბედნიერებაა, ოღონდ ეს უკვე მხოლოდ დეკუპაჟი კი არა, მხატვრული ტილო იქნება.

ფერების დაყენების ტექნოლოგია ვისწავლე და ვცდილობ ფერები შევახამო. თუკი გაინტერესებს, ყველაფრის სწავლა შეიძლება. დიდი ხანია მაინტერესებდა და 10 წელია, რაც სერიოზულად ჩავუჯექი. ბევრი რამ ინტერნეტით ვისწავლე. მერე მოვსინჯე და წლების განმავლობაში გამოცდილება მომემატა. თავიდან პატარა რაღაცებით დავიწყე. მეტად შრომატევადი, მაგრამ საინტერესო საქმეა...

შობისთვის ნაძვის ხეებსა და სათამაშოებს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ ახლობლებს ვჩუქნი, ვაბარებ და იყიდება კიდეც. კვერცხებს ჩემი ხელითაც ვქმნი, თაბაშირითაც ვასხამ. ათასნაირი ფორმა მაქვს, მერე კი მოვხატავ ხოლმე. ძალიან ლამაზი გამოდის. მათთვის სადგამების გაკეთებაც ვისწავლე.

ef93098b-ba0a-47d0-9ef0-84403ffd4de2-1715076553.jpg

- სადგამებს რისგან აკეთებთ?

- არ დაიჯერებთ, მაგრამ ღილებისგან, ბოთლის საცობებისგან... ყველაფერი იკინძება, იღებება, მუშავდება... სხვადასხვა მასალა არსებობს, რაც მთავარია, ძალიან ლამაზი გამოდის.

რაც შეეხება სამზარეულოს, ვამზადებ ყველაფერს, რისი საშუალებაც მეძლევა და რასაც ღმერთი მომცემს. მთავარი მაინც ისაა, რომ პასქას შინ ვაცხობ. თავიდან მეშინოდა, მერე ვცადე და გამომივიდა. ცხობის პროცესი ჩემთვის ერთგვარი საიდუმლოა, რაშიც მთელ ენერგიასა და სიყვარულს ვდებ. როცა ვაცხობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც კარგს ვაკეთებ.

- თქვენს სააღდგომო კომპოზიციებს დავუბრუნდეთ. როგორც ვხედავ, ხშირად იყენებთ თიხას. ამ საქმის დასაწყებად როდის იჭერთ თადარიგს?

- კი, ეს სპეციალური მოსაზელი თიხაა, რომელსაც თავისი სამუშაო ტექნიკა აქვს. როცა შრება, მშვენივრად ინარჩუნებს ფორმას, საღებავსაც იღებს და ყველაფერს, რასაც გაწყობისას გამოიყენებ. ადრე მასალას უკრაინიდან ვიწერდი, რადგან აქ არ იყო, ახლა რაღაცები შემოვიდა.

d21839e0-aa15-4e02-a395-ddaa3d6ab926-1715076554.jpg

- უკრაინიდან რას იწერდით?

- კვერცხის ფორმები გამოვაგზავნინე, რომლებიც იხსნებოდა კიდეც. მისგან ძალიან ლამაზი რაღაცები დამზადდა. არც ერთი არ დარჩენილა, ყველა გაიყიდა, უკვე დამუშავებული თვლებით ან სხვადასხვა მასალით. ბევრი ფორმა, ორნამენტი მაქვს, ათასი რამ შეიძლება მოიფიქრო. იდეა მუშაობის პროცესშიც მოდის... ეს საზელი თიხა მეტად პრაქტიკულია. ცარცითაც ვმუშაობ, რითაც შემიძლია რაღაცები დავგრუნტო. მასში წებოსაც ვურევ. ამ ყველაფრის შერევით ისეთი მოსაზელი მასალა კეთდება, რომელსაც შესაძლებელია ათასგვარი ფორმა მივცე. ცოტა ფანტაზიაც საჭიროა და სიხარულითაც უნდა აკეთო ეს ყველაფერი.

0a183310-0484-4c6e-881d-280e42c863e4-1715076553.jpg

- ანუ ამ ყველაფერს მუდამ ახლავს დადებითი ემოცია.

- როდესაც ამას ვაკეთებ, ვცდილობ სხვას არაფერს შევეხო, ოღონდ რეპეტიციებს ეს არ ეხება. ფანტაზიაც ათასგვარ რამეს მკარნახობს. მიხარია, რაღაც ლამაზს რომ ვქმნი. მერე ის ნივთი ვის სახლშიც შევა, ყველას გაახარებს.

9d108194-ae9a-4cfb-b691-8445b4f77f6d-1715076553.jpg

- წლეულს ფასანაურში რას გეგმავთ?

- ჯერ აქ ვაპირებ ბაღში გახარებული ვარდების შეწამვლას. აქამდე არ მეცალა ამისთვის და ბუგრი დაესია. ფასანაურშიც დამიგვიანდა პირველი შეწამვლა, არ მეცალა, - როგორც გითხარით, სამი თვე ლამის თეატრიდან თავი არ გამომიყვია. არადა, ბუნებისა და მცენარეების დაღალატება არ შეიძლება, მაგრამ არც თეატრისა. ძალიან ვდარდობ, მაგრამ ასეა. ჩემმა მსახიობებმა იციან, სულ იმას ვწუწუნებდი, ჩემი ვარდები შესაწამლია-მეთქი. ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ და ვნახავ. ვარდების 6-7 ნერგი მარტყოფში უნდა წავიღო. იქაც გვაქვს სახლი და ნააღდგომევს ეზოში უნდა დავრგო. საერთოდ, ნარგავებს მუდმივი ყურადღება უნდა. როგორც თეატრის ღალატი არ შეიძლება, ასევე ამ ყველაფრისა.