"მე ისევ მჯერა, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია"! მინდა, რომ ქართველებს ერთმანეთი უყვარდეთ - ნუთუ, ეს ასე ძნელია?!" - კვირის პალიტრა

"მე ისევ მჯერა, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია"! მინდა, რომ ქართველებს ერთმანეთი უყვარდეთ - ნუთუ, ეს ასე ძნელია?!"

"ჩემი უპირველესი ნატვრა და სურვილია, საქართველოც მალე დამშვიდდეს, ეს ჭიდილი და დაპირისპირება ქართველებს შორის, ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს?! ხომ შეიძლება ერთმანეთს გავუღიმოთ, ადამიანურად მოვექცეთ და მეორე ადამიანი იმის გამო არ გვძულდეს, რომ ჩვენგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს? მინდა, რომ ქართველებს ერთმანეთი უყვარდეთ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ - ნუთუ, ეს ასე ძნელია?!"

"ზღაპრის ბოლო კეთილია" - ნათქვამია სიმღერაში, რომელიც ახალგაზრდებში ძალზე პოპულარული გახდა, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში.

ამ სიმღერაზე მისი ავტორი, მუსიკოსი გია მაჭარაშვილი "კვირის პალიტრასთან" საუბრობს:

- ბატონო გია, ინტერვიუ თქვენი სიმღერით უნდა დავიწყოთ: ელოდით, რომ მას წლების შემდეგ ასე აიტაცებდნენ?

- ეს სიმღერა 1990 წელს დავწერე. თავდაპირველად, "იავნანად" იყო ჩაფიქრებული, ტექსტი ირმა სოხაძემ დაწერა და ტონალობაც შესაფერისი ჰქონდა, მაგრამ 8-9 წლის შემდეგ, მერაბ სეფაშვილმა სიმღერა გადააკეთა. ასე მივიღეთ უფრო ენერგიული, სწრაფი მელოდია, რომელსაც 26 მარტის თამაშის დროს, თითქმის მთელი სტადიონი მღეროდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 34 წელი გავიდოდა და სიმღერას ხალხი ასე აიტაცებდა. ალბათ, ეს იმიტომ მოხდა, რომ სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც ძალზე იმედიანი და პოზიტიურია. რაც მთავარია, იქ არის ერთი ჯადოსნური ფრაზა - "ზღაპრის ბოლო კეთილია". როგორც ჩანს, ჩვენი ნაკრების გულშემატკივრებს პოზიტიური ტექსტი და მუსიკა მოეწონათ და ფეხბურთელების გასამხნევებლად მღეროდნენ.

გამოგიტყდებით: არ მეგონა წლების შემდეგ, ამ სიმღერას ისევ თუ გაიხსენებდნენ. ახლა კონცერტი ვერ ჩატარდება, მერაბ სეფაშვილმა ის რომ არ იმღეროს. მიხარია, რომ ის გამარჯვების სიმბოლო გახდა.

- უდიდესი მართლმადიდებლური დღესასწაული ვიზეიმეთ, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო - აღდგომა. რას ნიშნავს თქვენთვის ეს დღესასწაული?

- აღდგომა ყველაზე დიდებული, ყველაზე ძვირფასი დღესასწაულია დედამიწის ზურგზე. რა თქმა უნდა, ის ჩემთვისაც განსაკუთრებული დღეა! მართალია, ყოველთვის სიხარულით ველოდები, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ამ დღეს იერუსალიმში ხვდები! მე რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება, რომ ამ დიდებულ დღესასწაულს ქრისტეს ნაკვალევზე შევხვედროდი. ეს ენით უთქმელი შეგრძნებაა. იერუსალიმში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და იქიდან ყოველთვის გაოცებული ვბრუნდები.

ბოლოს, ორი წლის წინ ვიყავი. აღდგომის დღეებში, ეს ქალაქი განსაკუთრებულია. ვერსად იმდენ ტურისტს ვერ ნახავთ, რამდენსაც იერუსალიმში, ვერც ამდენი ეროვნების წარმომადგენელს შეხვდებით ერთდროულად. უძველესი ძეგლების და ისტორიული ადგილების მოსანახულებლად მარტო ქრისტიანები კი არა, ყველა სარწმუნოების წარმომადგენლები ჩადიან. საოცრებაა ქრისტეს ტაძარში რომ შეაბიჯებ: იქ, თავისდა უნებურად, თვალებიდან ცრემლი მოგდის. იერუსალიმში ყოფნისას, გინდა ყველა კუთხე-კუნჭულს შეეხო და ემთხვიო, იქ, ნებისმიერ წმინდა ადგილთან დიდი რიგი დგას... შენც ელოდები, რომ ყველა წერტილი მოილოცო და წმინდა ადგილებს პატივი სცე. ამიტომ, იერუსალიმში რამდენჯერაც უნდა მოხვდე, ყოველთვის აღმოაჩენ რაღაც ახალს.

- ალბათ, წელს იქ ყოფნა ბევრმა მომლოცველმა ვერ მოახერხა...

- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ: იქ ახლა დაძაბული სიტუაციაა... ამის გამო გული მწყდება, რადგან ჩემს მეუღლესთან ერთად, თავისუფლად შემეძლო იერუსალიმის მონახულება. ქალაქ აშდოთში ჩემი ახლობლების ოჯახი ცხოვრობს და მათთან სტუმრობისას, იერუსალიმში ყოველთვის მივდიოდით. წელს იქ სულ სხვა სიტუაციაა და ებრაელების მიახლოება შეუძლებელია. ჩემი მეგობრები ქართველი ებრაელები არიან. ჩვენ გამო ყველაფერს აკეთებენ, იქ რომ ჩავდივართ, აღარ იციან, პატივი როგორ გვცენ, მაგრამ ახლა ათას ბოდიშს გვიხდიან - იერუსალიმში ვეღარ წაგიყვანთო... იმდენად დაძაბული სიტუაციაა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება სადმე ტერორისტული აქტი მოხდეს, ან რაღაც ხიფათს გადაეყარო.

- ბატონო გია, იერუსალიმის რომელიმე ტაძარში ქართველები თუ მსახურობენ?

- როგორ არა, იქ არის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სადაც სულ ქართველები მსახურობენ. საოცარი ადგილია და იქაც, როგორც მთელ იერუსალიმში, დრო ისე გადის, ვერც კი გრძნობ. ამ დიდებულ ქალაქში მარტო გოლგოთას და ქრისტეს საფლავს კი არა, ყველა წმინდა ადგილს ნახულობ, სადაც ქრისტე იზრდებოდა, სადაც დადიოდა და თავის მოწაფეებს ესაუბრებოდა... მე მქონდა ბედნიერება, ის ადგილიც მენახა, სადაც ღვთისმშობლის დედ-მამა ცხოვრობდა: ეს არის პატარა, მოკრძალებული გამოქვაბული, სადაც ღვთისმშობელი იზრდებოდა. როცა ამ უძველეს ქალაქში ხარ, თითქოს, სულ სხვა სამყაროში გადადიხარ. მე სულ ვამბობ: შეიძლება პარიზი, რომი, ან ლონდონი ვერ ნახო, მაგრამ იერუსალიმში ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩახვიდე და იქაურობა მოინახულო. ამ ქალაქში თითქოს, მაღლდები და ეს თავად უნდა გამოსცადო, ამას სხვისი მონაყოლით ვერ მიხვდები. რასაკვირველია, ვწუხვარ, რომ წელს ვერ წავედი, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ, რომ ჩემი აშდოთელი მეგობრები ჩამოდიან აქ - საქართველოში. მე და ჩემი მეუღლე დღე-დღეზე ველოდებით და ვფიქრობთ, სად წავიყვანოთ, რა ადგილი დავათვალიერებინოთ. ისინი, როგორც სხვა ქართველი ებრაელები, საქართველოდან სკოლის ასაკში წავიდნენ და აქაურობა ძალიან უყვართ. საერთოდ, ქართველი ებრაელები სულ სხვანაირი, თბილი და გულიანი ხალხია. ძალიან მინდა, ამ ხალხმა მშვიდ ქვეყანაში იცხოვროს და მეზობლებთან დაძაბული ურთიერთობა აღარ ჰქონდეს.

- ჩვენს ქვეყანას და ხალხს რას უსურვებთ?

- მინდა ჩვენს საქართველოს და მთელ ქრისტიანულ სამყაროს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ქრისტე იმიტომ ეწამა, რომ ადამიანებს სიკეთის ძალა ეგრძნოთ და ერთმანეთი ჰყვარებოდათ. ჩემი უპირველესი ნატვრა და სურვილია, საქართველოც მალე დამშვიდდეს, ეს ჭიდილი და დაპირისპირება ქართველებს შორის, ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს?! 33 წლის ვიყავი ეს არეულობა რომ დაიწყო, ახლა 68 წლის კაცი ვარ და მთელი ცხოვრება დავიდარაბას ვუყურებ! აღარ შემიძლია, დავიღალე... დალაგებულ, მშვიდ ქვეყანაში ცხოვრება მენატრება. ხომ შეიძლება ერთმანეთს გავუღიმოთ, ადამიანურად მოვექცეთ და მეორე ადამიანი იმის გამო არ გვძულდეს, რომ ჩვენგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს? მინდა, რომ ქართველებს ერთმანეთი უყვარდეთ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ - ნუთუ, ეს ასე ძნელია?! წლები გადის, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ სიკეთით და სიმშვიდით სავსე ქვეყანაში ვიცხოვრებ, წლები გადის და მაინც მჯერა, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია."

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)